Monday, January 3, 2011

შევბღალოთ სიწმინდეები

"არ არის გამორიცხული, წერის დროს რაღაცები ამერიოს და ამის გამო ნუ მაცვამთ ჯვარს: ის ერთი მსხვერპლიც საკმარისია თქვენი დამპალი ცოდვებისათვის" (c) თხუთმეტი წუთის წინ მოგონილი სიბრძნე
დაკომპლექსებული ადამიანი ვარ.
აბა დაკომპელქსებული ადამიანის გარდა სხვა ვინ ინერვიულებს, კითხვასა და წაკითხულ წიგნებზე წერა პოზირებად არ ჩამეთვალოსო (საერთოდაც, არ მიყვარს ჩემში არსებულ სიწმინდეებს რომ ვეხები. ასე მგონია, ვბღალავ).
თან დროა ისეთი..
რაღაცნაირი.
ახალგაზრდობას არც ჩაისი სწამს რამე, არც ბაღის, არც კრიოლინის და არც ფერუმარილის.
ჯანდაბა, ცვაიგის ცრემლისმომგვრელი ბოდვებიც ტანსაცმლის საკიდზე ჰკიდიათ.

მიყვარს ჰიუგო, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს" არასოდეს მოვკიდებ ხელს.
არ მიყვარს დიუმა, მაგრამ ყველაფერი წაკითხული მაქვს.

  • ძვირფასო მეგობრებო: ყოველთვის ერთმანეთში მერეოდა, რომელი იყო მამა და რომელი შვილი. ასე რომ, ნუ შემეკითხებით, რომელმა მიჰქარა ასეო. მართალია, ერთ-ერთმა სრულიად უწყინარი "ქალი კამელიებით" დაწერა, მაგრამ გენეტიკის მემკვიდრეობითობაში ისევე დარწმუნებული ვარ, როგორც იმაში, რომ ვაშლი მნიშვნელოვან აღმოჩენებში მთავარ როლს თამაშობს (ამიტომ მიყვარს სიგიჟემდე).
ჰოდა, იმას გეუბნებოდით, რომ არ მიყვარს დიუმა.

მიზეზი: რაც არ უნდა კარგი შეფუთული იყოს, ვერ ვიტან ტყუილს.
დიუმას უყვარდა ტყუილი. თან მისი უბადლო შემფუთველი იყო.
(მგონი, მუსიე ალექსანდრეს შეფასებაში ზედმეტად რადიკალური ვარ).

დღემდე ვფიქრობ, რომ მისი საუკეთესო ნაწარმოები "გრაფი მონტე კრისტოა". ადრე დროულ წაკითხვას ვაბრალებდი, სამი წუთის წინ კი მივხვდი, საუკეთესო იმიტომაა, რომ ისტორიულ ფაქტებს არ ეხება და თვალსა და ხელს შუა არ მატყუებს.

"სამი მუშკეტერი" 17 წლისამ წავიკითხე (ჰო, რა იყო, სამაგიეროდ, 12 წლის ასაკში, "ბიბლია" მაქვს გადაბულბულებული (რა გავიგე ეგ ცალკე თემაა)). მართალია, რატომ უნდა მომწონებოდა ათი წლის ბავშვისთვის განკუთვნილი ნაწარმოები სადაც თავის დასაწყისში უკვე ხვდები, ფინალი როგორი იქნება.

სოციალისტები ვერ იტანენ დიუმას (ახლა რომელიმე შემომივარდება: ვაფრენ მასზე, შენ, საერთოდ, რამის აზრზე თუ ხარ და შეცდომაში ნუ შეგყავს ხალხიო, დამიწერს). მარგინალ მეფეს როგორ უწევს კუდს ამ რომანითო.

მე ვეთანხმები სოციალისტებს (დანარჩენს, პირისპირ რომ შევხვდებით, მაშინ მოგიყვებით, წერა მეზარება).

ვიცი, ზოგიერთი მეტყვის, დიუმა ამ რომანით ერთგულებას, რწმენას, პატივისცემას და მსგავს (ამ შემთხვევაში) თითიდან გამოწოვილ იდიოტობებს ქადაგებსო, მაგრამ მე მონური სულის მქონე ადამიანები არასოდეს მომწონდა, ვერც იმათ ვიტან, ვინც მონურობას ქადაგებს, იმათ ხომ საერთოდ, ავტორიტეტების აზრის მონები რომ ხდებიან.

ხადახან ვფიქრობ, დიუმა იმიტომ არ მიყვარს, რომ რაღაცით მგავს. მასაც ჩემსავით უნდა, ირგვლივ ყველაფერი ისე იყოს, როგორც მას სურს და თან გარშემომყოფებმა ეს ბრმად და გემრიელად უნდა მიირთვან (მაცალეთ, მე ჯერ ახალგაზრდა ვარ).

ჰო, "სამი მუშკეტერი" არაფერშუაშია.
არც "დედოფალი მარგო".
ალბათ, იმიტომ არ მიყვარს დიუმა, რომ კონკურენტს ვხედავ მასში.

P.S. დღეს, "კვირის პალიტრასთან" ერთად დღეს ალექსანდრე დიუმას "სამი მუშკეტერის" მეორე ნაწილი გამოვიდა.

13 comments:

mecmikvarkhar said...

არც დიუმა მიყვარს და არც ჰიუგოზე ვაფრენ, თუმცა ორივესი თითქმის ყველაფერი მაქვს წაკითხული მგონი. დიუმასი "დედოფალი მარგო" მომეწონა ყველაზე მეტად, ასე მახსოვს ყოველშემთხვევაში, ჰიუგოს "საბრალონი", თუმცა ჩემი საზიზღარი ხასიათის გამო (ვერ ვიტან, როცა წიგნში ძალიან დიდი ადგილი აქვს დათმობილი პერსონაჟის აღწერას, ფეხსაცმლის თასმიდან თმის ღერამდე :) ) ვაღიარებ რომ გვერდებს ვტოვებდი :)
ვთვლი, რომ "სამი მუშკეტერი" არაა ის წიგნი, რომელიც 50-ეულში უნდა შედიოდეს, და საერთოდაც წაკითხული თუ არ გექნება არაა დიდი დანაკლისი :)

პ.ს. უკვე დამდგარ ახალ წელს გილოცავ შენ და შენს ბლოგს! მრავალს დაესწარით :*

NIcole said...

ახლა, ისედაც არაფერი დაშავდება, თუ კურტ ვონეგუტი ან კნუტ ჰამსუნი არ გაქვს წაკითხული და არც იმით დაშავდება, თუ საერთოდ არაფერი წაგიკითხავს. რა პრობლემაა?

vasasi said...

mecmikvarkhar გმადლობ, მეც გილოცავ.. :))

NIcole: აქ უხერხულია, გარეთ გამოდი, ჩავიცუცქოთ და ვიმსჯელოთ.. :)))

სიყვარულოვნა said...

არა და როგორ მიყვარს სამი მუშკეტერი <3 <3

მომტანი said...

დიუმა - რულს

სამ მუშკეტერს 2 გაგრძელებაც აქვს (თუმცა ცოტამ იცის) 20 წლის შემდეგ და 10 წლის შემდეგ.

vasasi said...

მომტანი: კი, ჯერ ოცი წლის შემდეგ და მერე ათი წლის შემდეგ..

რომელიღაცა არაა ნათარგმნი, სამაგიეროდ, ფილმი მაქვს ნანახი..

სადღაც, 15 წლამდე კარგი საკითხავი იქნება უდავოდ, მაგრამ დიუმას ნაწარმოებს, ზოგადად მე სხვანაირად ვუდგები და ამიტომ არ მიყვარს ეს კაცი..

სიყვარულოვნა said...

ნათარგმნია ორივე, დაჟე რკინის ნიღაბიც ნათარგმნია. ნუ მე მაქვს და ^_^ 10–წლის მერე–ს რომ ვკითხულობდი მანდ გავიჭედე. ვერ დავასრულე, აღარ მომწონდა. ისეი შემართებით ვეღარ ვკითხულობდი როგორც სულ პირველს

vasasi said...

ჰო, ეგ რკინის ნიღაბი არ მაქვს წაკითხული..

ეტყობა, ახალი თარგმანია (?)..

Michael said...

მე მიყვარს მუშკეტერები, ალბათ იმიტომ რომ ჩემი ბავშვობის წიგნია და მაშინ მომეწონა რათქმაუნდა,

Michael said...

20 წლის შემდეგაც მაქვს და 10 წლის შემდეგაც ორივე ნათარგმნია... მარა არ წამიკითხავს, მახსოვს სამი მუშკეტერი რომ დავამთავრე გული დამწყდა, მაგრამ თავი დავიიმედე რომ გაგრძელება ქონდა, 20 წლის შემდეგ დაწყებული მაქვს მაგრამ შუამდე არც მივსულვარ მგონი

mecmikvarkhar said...

@NIcole დიუმა არც კურტ ვონეგუტია და არც კნუტ ჰამსუნი... "სამი მუშკეტერი" არ არის დიუმას საუკეთესო ნაწარმოები ეს ერთი და მეორე ის, რომ ყველას აქვს სახლში თითქმის

ანინა said...

არ ვიცი, რას გულისხმობს მონური სულის ადამიანობა., მაგრამ თუ ისეთი ნაწარმოებები არ მოგწონს, სადაც მეფეს კუდს უწევენ (თუ როგორცაა), პირველ რიგში რუსთაველი არ უნდა გევასებოდეს :დ

vasasi said...

ეს ორი სრულიად სხვადასხვა შემთხვევაა.
გაიხსენე, რა პერიოდში მოღვაწეობდა რუსთაველი და რა პერიოდში დიუმა..

დიუმას დროს საფრანგეთი რადიკალური გარდატეხის პერიოდშია, აბსოლუტურად სხვა სახელმწიფო წეს-წყობილება იქმნება საყოველთაო მღელვარების ფონზე და ა.შ (ეს ცოტა დიდი თემაა, მე წერა მეზარება და შენ, სავარაუდოდ, წაკითხვა)..

ჰოდა, არასწორი შედარებაა..

პ.ს. რა დასამალია და, რუსთაველი არ მიყვარს.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger