Monday, January 24, 2011

ჩამოქცეული ლომისის მთა და სიცოცხლე რისკის ქვეშ - რეპორტაჟი ზემო მლეთიდან

მთიულეთი ის ადგილია, სადაც უზარმაზარი მთები, წინაპართა სულები და თეთრი არაგვი მეძახის.სადაც, ანანურიდან მლეთამდე, ჩემში სისხლი, ინსტიქტი და გენი ერთდროულად იღვიძებს. ადგილი, სადაც თავს დიდი ხნის მოგზაურობიდან, სახლში დაბრუნებულად ვგრძნობ.

ადრე ზამთარში აქ არასოდეს ვყოფილვარ. თუმცა, ზამთარი პირობითია: თოვლი ალაგ-ალაგ, თითქოს, ზრდილობის გულისთვის დევს.




2003-2005 წლებიდან, საქართველოში მწყერები განსაკუთრებით აქტიურდება. მათგან მიყენებული ზარალი ოთხჯერ აღემატება სახელმწიფოსგან პრევენციული ზომებისათვის გამოყოფილ ხარჯებს. ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის განკუთვნილი ბიუჯეტი უფრო და უფრო მცირდება. წელს ის, დაახლოებით, 1 მლნ. ლარს შეადგენს მაშინ, როცა 2009 წელს, 10 მლნ. გახლდათ. ახალი ცვლილებების მიხედვით, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გარემოს დაცვიდან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს კომპეტენციაში გადავიდა.

ოდესღაც, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხიდი გადავიარეთ, რომელიც ახლა ასე გამოიყურება:


ქვემოთ არაგვის პირზე გაშენებული ზემო მლეთის ნაწილი მოჩანს. თუმცა, ესეც პირობითი გახლავთ:



ბოლო რამდენიმე გაზაფხულია, არაგვი ადგილობრივების საცხოვრებლის ხშირი სტუმარი გახლავთ. დასამახსოვრებელ კვალს კი ყოველთვის ტოვებს. ასე გამოიყურება სახლები, სადაც გასული წლის აპრილამდე, მოსახლეობა მშვიდად ცხოვრობდა:









- თხუთმეტი წუთი არ დასჭირდა არაგვს, რომ სახლები დაეტბორა. აქედან აღარც ერთი გამოდგება, - გვეუბნება ჯიმი. ის მეუღლესა და ცხრა თვის ელენესთან ერთად, დატბორილი სახლის მეორე სართულზე ცხოვრობს. რამდენიმე მეტრში ლომისის ჩამოშლილი მთა მოჩანს - მიზეზი, რომელმაც წინა გაზფხულს არაგვის დაგუბება გამოიწვია.



ჩაკეტილი არაგვი, გასასვლელის ძებნაში, ორი თვე თავზე უვლიდა სოფელს. როცა ვინტერესდები, არის თუ არა მლეთის პრობლემებში ადგილობრივი ხელისუფლება გარკვეული, ჯერ ჩუმდებიან, შემდეგ კი, ახლანდელმა გუბერნატორმა ისიც კი არ იცის, მლეთა სად არისო, მეუბნებიან.

- აგერ, ხიდიდან გადმოგვხედავენ ათასში ერთხელ, წაგვიღო თუ არა წყალმა და მერე უკან ბრუნდებიან, - გაჯავრებული ამბობს ერთ-ერთი მოხუცი.

ღვარცოფული მოვლენების შეჩერება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. რისკის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა, დაუყოვნებლივ განსახლებას ექვემდებარება, განსახლებაზე პასუხისმგებელი, წესით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და სუბელიანის უწყებაა, თუმცა პირველში პასუხისმგებლობას მეორეს აბარებენ, ამ უკანასკნელის პრესსამსახურის უფროსის თქმით კი, ეკომიგრანტების სტატუსზე მუშაობა მიმდინარეობს და სამინისტრო კომენტარს არ გააკეთებს.
 
ლტოლვილის სტატუსის რეგულირებისათვის, საქართველოს ხელისუფლება, კონსტიტუციასთან ერთად, იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებითაც მოქმედებს. ეს უკანასკნელი ეხება სახელმწიფოს ბალდებულებებს საფრთხის ქვეშ მყოფი ოჯახების გადაადგილებამდე და გადაადგილების შემდეგ.
თუმცა, საქართველოს კანონმდებლობა და პოლიტიკა, გაეროს პრინციპებს ეწინააღმდეგება. საერთაშორისო ნორმებით, იძულებით გადაადგილებულ პირად მიიჩნევა ყველა, ვინც სამხედრო კონფლიქტის, ძალადობის, ადამიანის უფლებათა ხელყოფისა თუ ბუნებრივი კატასტროფების გამო, იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა. საქართველოს კანონი განმარტავს, რომ ლტოლვილად მიიჩნევა ის მოქალაქე, რომელიც იძულებული გახდა, დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი უცხო ქვყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტის ან ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის გამო.
გარდა ამისა, უწყება, რომელზეც ძირითადი პასუხისმგებლბოა მოდის, უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდ მოიხსენიება. ახალი კანონმდებლობითა და სტრატეგიით კი, ეკომიგრანტები კანონს მიღმა რჩებიან.

- არაგვმა წელს ჩემი მარტო შვიდი ძროხა წაიღო, - ამბობს ჯოხზე დაყრდნობილი მოხუცი და, ოდესღაც მაღლა, ახლა კი მდინარის პირზე მდგას სახლს გაჰყურებს, საიდანაც ქალი არაგვის წყლის ასაღებად, სათლებით ჩამოდის.

- ეგეც მიაწერე, ზოგი ჭირი მარგებელიაო. ადრე იმხელა გზის გავლა უწევდა, ახლა აგერ, აქვე აქვს არაგვი, - ნაძალადევად იცინის გურამი.

მთიულებს მთა უყვართ. ისინი ბარს ვერასოდეს შეეგუებიან. ლომისის მთის პირდაპირ ნაკვეთები აქვთ. ნიადაგი მყარია. აქ ითხოვენ დასახლებას. აბა მთის კაცი კახეთში როგორ გაძლებსო? მეკითხება ჯიმი.

ზემო მლეთის ამ ნაწილში თხუთმეტი ოჯახი ცხოვრობს. მათ შორის რვა მცირეწლოვანი ბავშვია. კლიმატური ზონიდან გამომდინარე, აქ ტყე არ არის. არც შეშა. მიუხედავად იმისა, რომ სოფელს, რომელზეც ცენტრალური გაზსადენი გადის, გაზი არ აქვს.

- შეშას ვყიდულობთ. ახლა, საარჩევნოდ ჩააწყვეს მილები და ზუსტად სამი დღე გვქონდა გაზი. მერე გათიშეს. შევარდნაძის დროს, აირის პრობლემა არ გვქონია, - გვეუბნება გურამი.

მთავრობის ტრაქტორები წინასაარჩევნო პერიოდში არაგვს, დღეში ორი-სამი საათის მანძილზე წმენდდნენ. როგორც სოფლელები ამბობენ, საწვავს საკუთარი ფულით უსხამდნენ..

აქ არც სამუშაოა, არც დასამუშავებლად საკმარისი მიწის ფართობი. მლეთაში თავს, ძირითადად, მესაქონლეობით ირჩენენ. სეზონზე გუდაურში დადიან: ხალხს თხილამურზე დგომას ასწავლიან. წელს თოვლი არ არის. თუმცა გზა გუდაურამდე უკვე მოჭრილია - ინსტრუქტორები უკრაინიდან ჩამოიყვანეს, ადგილობრივებისათვის კი სათხილამურო ტრასაზე შესვლა ფასიანი გახდა. აქ მოსახვედრად ან დღიური 50, ან სეზონური 300 ლარი უნდა გადავიხადოთო, ამბობენ მლეთელები.

ისევ ჩამოშლილ მთას გავყურებთ. ნაშალმა, სულ რაღაც, 15 წუთში, არაგვი ას მეტრზე ჩაკეტა.



არადა, შარშან მთიულებს გაუმართლათ: დატბორვა დღისით მოხდა და გაასწრეს. გაზაფხულზე, ღვარცოფების პერიოდში, მდინარე ერთიც რომ ადიდდეს, მთის ნაშალს არც დარჩენილი რამდენიმე მეტრის ჩაკეტვა გაუჭირდება, თუმცა, შარშანდელივით გაუმართლებთ თუ არა ადგილობრივებს, არავინ იცის.

ახალ წელს ბათუმში ანდრეა ბოჩელიმ გვიმღერა, მესტიაში კი - უკრაინელმა ვარსკვლავებმა. ჯერ კიდევ შარშანდელი მონაცემებით, საახალწლო კონცერტზე ქართველი მომღერლები ერთ სიმღერაში 1 000-დან 5 000 ლარამდე იღებდნენ. არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, სახელმწიფო უარს აცხადებს საახალწლო ღონისძიებების ბიუჯეტის გამოქვეყნებაზე (რაც, წესით, საჯარო ინფორმაციაა).

ზემო მლეთის საშიშ ზონაში მცხოვრები, უპატრონოდ მიტოვებული თხუთმეტი ოჯახის მსგავსი კი, რაჭაში, აჭარაში, იმერეთსა და სვანეთშიც მრავლად არის.

4 comments:

Nina Gorecki said...

მთიული ხარ? მეც :))
თუმცა ეგ ხეობა ჩემთვის ზედმეტად დასახლებულია, მე უფრო ტყიური მთიულების შთამომავალი ვარ :)))

არ აშუქებს ამ მოვლენებს ტვ?

vasasi said...

კი, წარმოშობით.

აშუქებს, როგორ არა..

ჩვენი გადაცემა აშუქებს მაგასაც და სხვა ისეთ თემებსაც, რომლებიც ცენტრალურ ტელევიზიაში არ გადის..

აქ შეგიძლია ნახო სიუჟეტები მლეთაზეც და სხვა რეგიონებზეც..:)

http://garbge.wordpress.com/

Anonymous said...

momewona postia,ufro sworad is emocia da sinamdvile rac davinaxe, kardag gaqvs dawerili :)
boloswina abzaci mainc mezedmeta, vtvili isedac gasagebia sarchuli am postism, mtlianobashi martla kargia, martalia ver gaxdeba isetive popularuli, rogoric gvancas qorwilis postebi, magram me ase vxedav sauketeso vasasis :)

vasasi said...

მადლობა, ანონიმო..

ახლა მეც ზედმეტი მეჩვენა ეგ აბზაცი,მაგრამ იყოს, აღარ ჩავასწორებ..

:)

პ.ს.რომელი ხარ?:)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger