Tuesday, January 25, 2011

ჩემო პრეზიდენტო

განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ჩემო პრეზიდენტო. ირგვლივ ზოგი ყველასათვის უწყინარი, ზოგიც მრგვალი ჟურნალისტი ტრიალებდა. ერთი სასიამოვნო გარეგნობის გოგონა კი მომხიბვლელად იღიმოდა თქვენს ყველა გამონათქვამზე - თვალებში შემოგციცინებდათ.


კონტექსტიდან ამოვარდნილი შენიშვნა

რვა კითხვა ჟურნალისტებისგან.
მწვავე მხოლოდ ორი:
მერაბ მეტრეველი: რატომ არ გაუჩნდა სურვილი პრეზიდენტს, შეხვედროდა გამოსახლებულ დევნილებს (ამ თემაზევე, ფაბულა საინტერესოდ ჩამოაყალიბა ჯაფიაშვილმა თუმცა კითხვა დიდი ვერაფერი იყო)?
ნათია როყვა: როცა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება სადღესასწაულო კონცერტებზე, თუ არის ან იგეგმება თანხების გამოყოფა იმ მეზღვაურების გასათავისუფლებლად, რომლებიც სომალელი მეკობრეების ტყვეობაში არიან?

რეალურად, პასუხი არც ერთ კითხვას არ გასცემია.

X X X

მე ვიცი, ტელეხიდის დროს როგორ სულწასული ელოდებოდი ჩემს კითხვას, მაგრამ ირგვლივ არსებული ფსევდოპრობლემებით ისე გამომეტენა თავი, რომ წერისა და სწორი აზროვნების უნარი დავკარგე. მაგრამ მე, ამ უბადრუკი ბლოგიდან, მაინც გულწრფელად, ზოგან კითხვით, ზოგან კი რჩევით მოგმართავ, ჩემო პრეზიდენტო.

• მე ვიცი, როგორი ალალი ხარ მაშინაც კი, როცა პურის ათი თეთრით გაძვირების დღეს, სპეციალურ შეხვედრას მართავ და სააშკარაოზე გამოგაქვს შენი კუთხის მაღაზიის დაბალი ფასები. მაგრამ მისამართი რატომ არ გვითხარი, ჩემო პრეზიდენტო?

• მე ვიცი, გლეხებში გარევა და მათი მომსახურება რომ გიყვარს. სულ გინდა, ხალხს ასიამოვნო, ფეხქვეშ გაეგო, ყურძენი დაუწურო, ბაზრამდე საკუთარი მანქანით ჩაუტანო. ქართველი გლეხი მიწის დამუშავების სტრუქტურაში რომ გაარკვიო, 40 ათასი (ჰმ) ბურის ჩამოსახლებას გეგმავ. ნუ ამოწმებ პერიოდულად ისტორიის წიგნებს. იმ მეფისა არაფერი ვიცით, მაგრამ სტალინი დაიბადა მაგ დღეს, ჩემო პრეზიდენტო!

• ამბობ, სელჩუკები აღმაშენებლის დროს ჩამოიშალნენო. რუსეთი ახლა მათნაირ მდგომარეობაშიაო. მაგრამ დათვი რომ საშიში მაშინ ხდება, როცა საფრთხის მოახლოებას გრძნობს, ჩემო პრეზიდენტო?

• მე ვიცი, გულით გინდა, ქართული ეკონომიკა ააყვავო და მსოფლიო ბაზარი ვაკონტროლოთ. იტალია და საფრანგეთი ქართული ღვინით, მექსიკა - ჭოპორტის პომიდვრით, ჩინეთი კი - ქართული ჩაით დავიპყროთ. აკი მიზნებს კიდეც ახორციელებთ და, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ქართულ ეკონომიკას ედემის ბაღივით მომხიბვლელს ხდით. ამის თვალნათლივი დასტური ხომ მებაღეც არის, ჩემო პრეზიდენტო?

• მე ისიც ვიცი, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი ვითომ - ვითომ არის. ჰოდა, ზუსტად ასევე ჩამოგვტირის ცხვირ-პირი გაძვირებული საკვების, დაკარგული სამსახურებისა თუ გაზრდილი საშემოსავლოს გამო. ვითომ-ვითომ ვკარგავთ ადამიანის სახეს და, ინსტიქტებზე დაყრდნობილები, ვითომ-ვითომ ვდგავართ გასამმაგებული ფასის მქონე შაქრის რიგში. ჩვენ გვჯერა თქვენი გამოსვლების, მიმართვების, ბრიფინგებისა და ვიზიტების, ჩემო პრეზიდენტო. ისიც, ვითომ-ვითომ.

• ვიცი, დაუზარელი ხარ. მართალია, ჩვენთვის - ქართველი ჟურნალისტებისათვის, გონებაჩლუნგობა და სულიერი სიბეცე უხვად დაუმადლებია განგებას, მაგრამ ჩემს მიყრუებულ, ცხრა მთას იქით გადაკარგულ სოფელშიც კი სწუხან, რომ ყველა სატელევიზიო არხზე ერთნაირი სიუჟეტი გადის: სინქრონებით, გმირებითა და პათოსით. ვიცი შენი დაუშრეტელი ენერგიისა და შემართების ამბავი. ჰოდა, არ შეიძლება, სხვადასხვა ტვ კამერისათვის, სხვადასხვა გლეხთან რომ იმგზავრო მანქანით, სხვადასხვა მძღოლთან ერთად შეხვიდე ტერმინალში, სხვადასხვა ოჯახში რომ აანთო გაზი, ან ამ უკანასკნელში, ”იმედისათვის”, სანთებელას მაგივრად ასანთი რომ იხმარო, ჩემო პრეზიდენტო?

• ვიცი, დედაქალაქი განსატვირთია. განსაკუთრებით, დევნილებისაგან. ამბობთ, სადაც სამუშაო ადგილები იქმნება, ამ ხალხს იქ ვუშენებთ და ვურემონტებთ საცხოვრებლებსო. აბა, ფოცხოეწერი რა არის თუ არა დასახლება, რომელიც სოკოსავით ამოზრდილა ტყეში. არც მაღაზიაა, არც ამბულატორია. უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე შვიდი კილომეტრია, ავტობუსი კი დღეში მხოლოდ ერთხელ დადის. აქ არათუ სამუშაო, საერთოდ, არაფერია, ჩემო პრეზიდენტო.

• ვიცი, ვეტერანებმა უკადრებელი იკადრეს. რა თქმა უნდა, სამშობლოს დაცვა ყველა ჩვენგანის ვალია. იდეისგან ვერაფერს ითხოვ. სამშობლო იდეაა. მაგრამ როცა ადამიანთა გარკვეული ნაწილი ჩემი, ჩემი მეზობლების, გარებიძაშვილების, მინისტრებისა და, ასე განსაჯეთ, პრეზიდენტის ერთი ადგილის სითბოს მაშინ იცავდა, როცა ჩვენ სადღაც სოროში ვისხედით და შიშისგან ქვეშ გაგვდიოდა, მადლობასა და პატივისცემას იმსახურებს. აი, რას მოითხოვდნენ მოშიმშილე ვეტერანები სახელმწიფოსგან (და არა სამშობლოსგან), ჩემო პრეზიდენტო.

• ვიცი, ტურიზმის აყვავება გულში გაქვს ამოჭრილი. მიუხედავად იმისა, რომ გამოკვლევებით მესტიაში სველი და სასრიალოდ გამოუსადეგარი თოვლია, ჯერ არნახული სათხილამურო კურორტის გაკეთებას აპირებ. თითქმის ასე დაიწყო რამდენიმე წლის წინაც და, შემთხვევით, სვანეთის კოდორზე მიყოლებას ხომ არ აპირებ, გამოტყდი, ჩვენ ხომ გულწრფელი და სინანულით აცრემლებული გვიყვარხარ, ჩემო პრეზიდენტო?

• ჯანდაცვის ძალიან ჰუმანური და მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსება ბიუჯეტში ძალიან შემცირდა. სამაგიეროდ, ბიუროკრატიული ხარჯებია გაზრდილი. გაზაფხულზე სოციალურ დახმარებებს, დაზღვევასა და პენსიებს ერთ პაკეტში მოვაქცევთ და ჯამში ასი დოლარი კი გამოვა. ჯანდაცვის პროგრამები არა, მაგრამ ვხედავ, რომ ხელოვნებაში ჩაწვდომა, ჩვენი ერისათვის შინაგანი კულტურის გამომუშავება და გემოვნების განვითარებაა პრიორიტეტი. მაგრამ ამის მიღწევა მშიერ კუჭსა და ავადმყოფ ორგანიზმზე არ ხდება, ჩემო პრეზიდენტო.

• ვიცი, როგორც ყველა ჭეშმარიტ ქართველს, თუ სამწყსო სულს ღაფავს, შენც გეუხერხულება. გინდა, იმიჯი გამოგვისწორო და, საცა ჯერ არს, ისე გვაპიარებ, რომ ჩვენს ქვეყანაში ახალ პროექტების დაწყებას მსხვილი ფონდები აღარ აპირებენ: თქვენთან ყველაფერი კარგად არის და ახლა აფრიკას მივხედავთ, თქვენი ნებართვითო. ეს ნამდვილად კეთილი გულითა და მეტისმეტი მონდომებით მოგდის, ჩემო პრეზიდენტო.

• ვიცი, სკამსაც უფრთხილდები და ქვეყანასაც. ამიტომ იშორებ ძლიერ კონკურენტებს. გაიხედ-გამოიხედავ და, ზოგს სად უპყრია ელჩის ფირმანი და ზოგს სად. თან, სუბიექტი რაც უფრო ძლიერია, გალაკტიონის ლექსისა არ იყოს, უფრო შორიდან ”გვატკბობს”. ახლაც რაღაცები გავიგე და, გთხოვთ, ნიკა გილაურს ძალიან შორს ნუ გაუშვებთ, ჩემო პრეზიდენტო.

• სადღაც გამიგია, დიქტატურული რეჟიმები ძალოვან სტრუქტურებზე დამყარებული რეჟიმებიაო. პოლიციის გაძლიერება, მათი რიცხვის გაორმაგება, ჰიმნები პოლიციაზე (ბავშვების ნამღერი იუნისეფამდე ჯერ არ მისულა, ბატონო პრეზიდენტო?), ლეგენდა შინაგან საქმეთა მინისტრზე, მანდატურები სკოლებში, სათვალთვალო კამერები ყველგან... მითხარი, რომ ჩვენს შემთხვევაში, ყველაფერი სხვანაირად იქნება, ჩემო პრეზიდენტო.

• ვიცი, ჭკვიანი და განათლებული ხარ, დარწმუნებული ვარ, ზუსტად იცი, რითი განსხვავდება მიკი მაუსი ჩვეულებრივი თაგვისგან, ისიც ვიცი, რომ შეხსენება არ გჭირდება, მაგრამ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ამიტომ, შენი და ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ცოტა გავთამამდები: ხალხის დაბოლების მეთოდები არ დააძველო, თორემ მერე შენც კარგად იცი, ჩემო პრეზიდენტო.

8 comments:

Gasto said...

ყოჩაღ, გესმის რაა, არ ვიცი რა დავამატო !

makine said...

პა–ვასასსკი ;))))

tamaRa said...

დამბურძგლა! :) მაგარი ხარ...

Anonymous said...

es dzalian dzalian seriozuli postia, miuxedavar imisa rom dashaqrul ironiashia sheyujuli, mainc zustad chans ra ginda!
cota grdzelia, magram asatani!
sruli seriozulobit : aseti posti ar dagiweria jer!

kalatozik said...

ძალიან კარგი პოსტია და ძალიან კარგი კრიტიკული შემჩნევები.

ibzzz said...

ყოფილი პოლიტ-ავადმყოფისა და ამჯერად ს-ავ-სებით аპოლიტიcure ადამიანისგან დიდი სიმპატიები შენ, ჩემო ვასასი! <3

indefinite said...

miyvars shennairebi !

გურამი said...

ერიჰაა... რაღაც ახალი უბედურება მოხდა სატელევიზიო სივრცეში?

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger