Monday, January 31, 2011

წიგნი, რომელიც არ წამიკითხავს

ადამიანები კომფორმისტები ვართ.
რასაც ვაკეთებთ, ყველაფერს საკუთარი სიამოვნებისათვის ვიქმთ.
ამ თემაზე მსჯელობა შორსაც წაგვიყვანს და თემასაც აგვაცდენს, ამიტომ თეზისს თეზისად დავტოვებ.

დიახ, მეც კომფორმისტი ვარ.
კომფორმისტი ვარ ყველაფერში: იქნება ეს ადამიანური ურთიერთობები, საქმიანობა, ასე განსაჯეთ, წიგნებიც კი.

ალბათ, ბევრ თქვენგანს იტაცებდა მაინ რიდის კითხვა. მის გმირებთან ერთად დადიოდით ამერიკის გაუვალ ტყეებში და ხან იანკები იყავით, ხანაც - ინდიელები. გამოტყდით, რამდენჯერ გიოცნებიათ, მუსტანგები გეჭენებინათ, ყოფილიყავით კუპერის უკანასკნელი მოჰიკანი და გაგეჟლიტათ ბოროტი დამპყრობლები, ოღონდ კი ცოცხალი გადარჩენილიყავით, მშვენიერი (რა ჰქვია იმას) შეგერთოთ ცოლად და იგუამში ბედნირად გეცხოვრათ.

ალბათ, დიდ სიამოვნებას გგვრიდათ "განძის კუნძულის" კითხვაც, რობიზონ კრუზოსთან ერთად უკაცრიელ კუნძულზე ყოფნასაც იოცნებებდით, პეპისთან ერთად ცოტა ხნით, მაგრამ სიამოვნებით დაუშენდით ბოროტებს ქოქოსის კაკლებს.

მე არასოდეს მიზიდავდა მსგავსი თემატიკის ნაწარმოებები. თავს დისკომფორტულად ვგრძნობდი და, უფრო მომხიბვლელად, ფუმფულა წიგნები მიყვარდა. სიუჟეტები რომ სახლში, სიმყუდროვეში ვითარდება, ისეთი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საყვარელი თაროებიდან ერთობ მომხიბვლელ სუპერში განთავსებული ჟიულ ვერნის "კაპიტან გრანტის შვილები" მოწყენილი იდო და მელოდა, ახლაც ასე დარჩა: დევს და მელის. უსაღვროა მისი მოლოდინი. ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ გადავშლი. ის გაცილებით მომთმენია, ვიდრე ჰიუგოს "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი."

საკმაოდ საინტერესო კლასელები მყავდა. მათ შორის ერთი არაჩვეულებრივი ბიჭიც იყო. თემო ჰქვია. ძალიან უყვარდა სათავგადასავლო წიგნების კითხვა. ერთხელ, სიტყვამ მოიტანა და წიგნებზე დავიწყეთ საუბარი. სიმართლე გითხრათ, სწორედ თემოს ემოციით დამამახსოვრდა რიდის მოთხრობები, "განძის კუნძული", "80 000 კილომეტრი წყალქვეშ"..
სხვათაშორის, ამ უკანაკნელის წაკითხვა ძალიან დიდი ხნის მანძილზე მინდოდა. სამწუხაროდ, თემოს ბიბლიოთეკიდან ჰქონდა გამოტანილი, მე რომ მოვიკითხე, დაკარგული აღმოჩნდა.

დღეიდან ჩემი დოგმების დარღვევას და ბავშვობის სურვილის ასრულებას ვაპირებ. ორმოცდაათი წიგნის ფარგლებში, ჟიულ ვერნის "80 000 კილომეტრი წყალქვეშ" გამოვიდა.

მანამდე კი ამ ბმულზე, საინტერესო რაღაცები შეგიძლიათ მოიმოქმედოთ.

4 comments:

Anonymous said...

uf ra tbili da fumfula postia myudrod mokalatebulma rom unda waikitxo iseti :)

vasasi said...

ვაი,მართლა?
:)

მე კიდევ, ისა..:)

ამ შინაარსის პოსტებში ძალიან გულწრფელი ვარ ხოლმე..:)

სიყვარულოვნა said...

წიგნს რომ ვყიდულობდი შენს პოსტზე ვფიქრობდი, ნეტა რას დაწერსთქო :)

Anonymous said...

ho :) rac namdvilad ici etyoba ,mteli gulit wer

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger