Wednesday, February 2, 2011

ძაღლი ძაღლის ტყავს არ ხევს(?)

დედაჩემი ექიმია. უფრო ზუსტად - თერაპევტი.
რატომ არ ვიცი, მაგრამ მათ სისტემაში ასეა: ყველა მოხელე ექიმია.

ბავშვობაში ავად ხშირად ვხდებოდი. შესაბამისად, ყოველ ზამთარს, საავადმყოფოდან საავადმყოფოში წოწიალი გამოწერილი მქონდა. მექცეოდნენ ისე, როგორც რიგით პაციენტს, მაგრამ როცა იგებდნენ, რომ დედაჩემი ექიმი იყო, უფრო მეტ ყურადღებას ვგრძნობდი.

ბოლო დროს ექიმებს, არასწორი დიაგნოზისა თუ მკურნალობის გამო, ხშირად იჭერენ. მაშინ, როცა ექიმის მიმართ სიძულვილით აღსავსე ვმჯდარვარ ეკრანთან, არ მახსოვს, დედაჩემს როდესმე თავისი კოლეგა გაემტყუნებინოს. ის ყოველთვის მათ მხარეს იცავს.

ალბათ ყველასთვის ასეა. შენი პროფესიის ადამიანს რომ ხედავ, მის მიმართ უფრო მეტი სიმპათიით იმსჭვალები, იმიტომ, რომ მას ესმის შენი საქმის სირთულე, დეტალები, რაც სხვისთვის გაუგებარია და ათასჯერ ახსნა-განმარტება გიწევს.

ჟურნალისტიკა, ერთი შეხედვით, მცონარობის განსახიერებაა. აბა რა, დარბიხარ მიკროფონით, ჩანხარ ტელევიზორში, ხალხი გცნობს.. სამოთხეა. სინამდვილეში კი სამწუთიანი სიუჟეტის მიღმა, უდიდესი შრომა, ნერვები და ენერგია იმალება.
.. თუმცა, ვისთვის როგორ.

ნებისმიერ დიდ ორგანიზაციაში არსებობს სპეციალური განყოფილება, რომელსაც პრესსამსახური ჰქვია.
ამ განყოფილების ძირითადი მოვალეობა, ჟურნალისტებთან ურთიერთობა, მათი დახმარება, დაკვალიანებაა. ასე ხდება ყველგან, მაგრამ არა საქართველოში. ჩემი კრიტიკა, გულისტკივილი თუ გაბრაზება, ძირითადად, სამინისტროებს ეხება.

განათლების სამინისტროს, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პრესსამსახურის დიდი, მაგრამ უმოქმედო განყოფილება აქვს. ელემენტარულ ინფორმაციაზეც კი, მათ შეფს - ნინო პოტრჟებსკაიას უნდა დაუკავშირდე. თუ რომელიმე ფავორიტი ტელევიზიიდან არ ხარ, ინფორმაციის მოპოვება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. პასუხი მოკლე და კონკრეტულია: სამინისტრო ამ თემაზე კომენტარს არ გააკეთებს.
თუ სკოლაში გადაღება დაგჭირდათ, ამაზეც პოტრჟებსკაიას თანხმობაა საჭირო. ამ უწყინარ პროცედურას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსიც კი ვერ ჭრის. მწარედ მახსოვს სიუჟეტი, სადაც, გაკვეთილის პროცესში, მენტორ-მასწავლებლის გადაღება მინდოდა. სულ 10 წუთის საქმე იყო: 10-12 კადრი. პოტრჟებსკაია ტელეფონს არ პასუხობდა, მისი ნებართვის გარეშე ვერაფერს გადავიღებდი, დილის ცხრა საათიდან ორ საათამდე, სკოლაში, დირექტორთან ერთად ვიჯექი და უშედეგოდ ველოდი მესიჯსა თუ ზარზე პასუხს.

განათლების თემასთან დაკავშირებული მრავალი სიუჟეტიდან, ვერც ეს გავაკეთე.

იგივე პრობლემა აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. პრესსამსახურში რომც დარეკო, შეფის - გიორგი ჩადუნელის ნომერს მოგცემენ. ჩადუნელი ტელეფონს ყოველთვის პასუხობს, თუმცა რა თემაზეც არ უნდა სთხოვო დახმარება, გიპასუხებს, რომ მინისტრიდან დაწყებული დაცვით დამთავრებული, მთელი უწყება მინდორ-ველადაა გაკრეფილი და ხელებდაკაპიწებული, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაშია ჩაბმული. ამ პასუხს მოისმენთ ყოველთვის, დილით, შუადღეს, საღამოს, შუაღამეს. და, საერთოდ, წლის ნებისმიერ დროს.

ჯანდაცვის სამინისტროში საქმე გაცილებით რთულადაა. პრესსამსახურის უფროსი, სოფო გვალია, პირველ ორ ზარს უპრობლემოდ პასუხობს, აი მერე, სულ რომ გასკდე რეკვით, ტელეფონის ამღები არაა. იმედი მაქვს, სასიამოვნო მელოდია მაინც აქვს მობილურზე და ტკბება.

ჟურნალისტების მრავალმხრივი უკმაყოფილების მიუხედავად, სუბელიანის უწყების (იმხელა სათაურის დაწერა მეზარება) პრეს სამსახურის შეფთან - ეკა გულუასთან ორჯერ მქონდა შეხება. ერთხელ, საკმაოდ მწვავე თემაზე, ჩემი ცდა წარმატებული აღმოჩნდა (სინქრონი ჩავწერე არაჩვეულებრივი). მეორედ კი მითხრა, ეკომიგრანტებზე სამინისტრო მუშაობს და ჯერ ვერაფერს გეტყვითო (თავიდან მოშორების ზრდილობიანი ხერხი).

შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის მოპოვება არის უდიდესი ზ ღ ა პ ა რ ი.
ამ ზღაპარში მოხვედრის ზედაპირული შანსი მხოლოდ ერთეულთა ხვედრია (არ დავკონკრეტდები).

ოფიციალური უწყებებიდან ჩემი დიდი პატივისცემა გარემოს დაცვის სამინისტროს. სიმწვავის მიუხედავად, ნებისმიერ თემაზე, პრესსამსახურის ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია დაგაკვალიანოს, შეგითანხმოს, დაგიგეგმოს ინტერვიუ და თვითონ გადმოგირეკოს: ყველაფერი მზად არისო.

პრესსამსახურების მიერ გართულებულ ინტერვიუებს რაც შეეხება, პარადოკსული ის არის, რომ როცა რესპოდენტს მათი გავლით კი არა, პირდაპირ უკავშირდები, ის შესაძლოა, უპრობლემოდ დაგთანხმდეს. :)

არაფერი განსაკუთრებული. ჩემი ძვირფასი კოლეგებისთვის მხოლოდ ის მინდოდა მეთქვა, რომ ყველაფერი წარმავალია: ახალგაზრდობაც და შანსებიც, შუბლის ძარღვიცა და პრინციპებიც, ცხოვრების სტილიც და შეხედულებებიც, ხელისუფლებებიც და თანამდებობებიც. რა დარჩა? ადამიანური და პროფესიული ურთიერთობები, რომლებიც ვაზელინზე მაგრად ჭრის. თან უხერხულიც არაა.

6 comments:

ან ნა said...

ჰაჰ, სიტუაცია მეცნობა ^^
ბებია მყავდა ღრმადპატივცემული მასწავლებელი და შენსავით მქონდა საქმე ჩაწყობილი... სკოლაში :დ

Tjorven said...

isa me me shexeba sportis da ragacis saministrostan mqonda da sxvatashoris eseigi orjerve zalian gulitadad damexmarenen nu cota operatiulobashi uchirt magram ar gadagadeben nagdad

vasasi said...

Tjorven: თემას გააჩნია, რაზე უკავშირდები..
მაგრამ როცა ერთხელ მოწვავენ, რომ სიფუმფულეებს არაკეთებ, მერე სულ ელემენტარული კომენტარი რომ დაგჭირდეს, შანსი არაა..

ეს იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ დიდი თანხა არამიზნობრივად იხარჯება: პრესსამსახურები არ ასრულებენ თავის რეალურ ფუნქციას,დავალებებს კი ზედმიწევნით ზუსტად ასრულებენ.

Katiee.Ge said...

უსტიციას ველოდი გაფაციცებული :)))
არქივთან ხომ არგქონია შეხება? იქ კარგები არიან :) ან სამოქალაქო რეესტრი?

vasasi said...

სამოქალაქო რეესტრში ძალიან კარგი პრესსამსახური ჰყავთ. ასევე საჯარო რეესტრში..

სახალხო დამცველსაც კარგი პრესსამსახური ჰყავს, ნინო.. <3

იუსტიციასთან არ მქონია შეხება და ჯერ ვერაფერს ვიტყვი (სავარაუდოდ, მურაბა და შაქარი, ჩემთან მიმართებით, არც ეგენი იქნებიან).. :)

არც არქივთან მქონია შეხება, ჯერჯერობით.. :)

ვინც გამაწამა და მაცვა ჯვარს, კი გამოვჭიმე აგერ.. :)

Anonymous said...

iusticiasac sakmaod kargi pressamsaxuri hyavs, piradi gamocdilebit vici :)

kargi posti iyo vasasi, gulwrfeli :) :)

agata

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger