Tuesday, February 15, 2011

ღია მიმართვა გაზეთ "კვირის პალიტრას"

ბლოგზე საკმაოდ ძვირფას ადგილს არ დავუთმობდი ამ თემას, რომ არა "კვირის პალიტრა"
ორი კვირის წინ, მისაქციელში დატრიალებულ ტრაგედიას საზოგადოებაში ადეკვატური გამოხმაურება მოჰყვა. ინტრიგისა და სკანდალის მაძიებელმა ქართულმა მედიამ, ძირისძირობამდე გააშუქა ინციდენტის ყველა დეტალი.

იყვნენ ტელევიზიები, რომელთა ჟურნალისტები ბოდიშს უხდიდნენ მაყურებელს, რადგან ბავშვის ფოტო ვერ იპოვეს, იყვნენ ცნობისმოყვარეები, იყვნენ კეთილისმსურველნიც, აღშფოთებულნი, შეშფოთებულნი და დამგმობიც მრავლად იყვნენ.

მეც ისევე, როგორც ნებისმიერი რიგითი მოქალაქე, შემძრა ამ ფაქტმა. მაგრამ უფრო მეტად, მედიის გამოხმაურებამ იმოქმედა ჩემზე. განსაკუთრებით, ისეთი გამომცემლობების, რომლებიც პუბლიკაციებში, დაბალანსებული ინფორმაციით და უემოციობით გამოირჩევიან.

საკუთარ თვალებს ვერ დავუჯერე, როდესაც სამსახურისკენ მიმავალმა, გაზეთის გამყიდველთან "კვირის პალიტრის" გარეკანი დავინახე. მთავარ გვერდზე გარდაცვლილი ბავშვის ფოტო იყო გამოტანილი. მართალია, ამით კანონი არ დარღვეულა (დაზარალებულს მეტი ზიანი ნამდვილად ვეღარ მიადგება), მაგრამ მორალური სტანდარტების დარღვევამ, გაბრაზებაზე მეტად, უსიამოვნოდ გაოცებული დამტოვა. ეს ნაბიჯი მოულოდნელი იყო ისეთი გამოცემისგან, როგორიც "კვირის პალიტრაა".
 ბუნებრივია, პუბლიკაციასაც გავეცანი.
სამწუხაროდ, ჭორებზე დაყრდნობილი ინფორმაციის გარდა, ვერაფერი აღმოვაჩინე.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ამ კვირის ნომერში ჩვენ ტრაგედიის გაგრძელებას ვიხილავთ. ვისი შვილი იყო სინამდვილეში გარდაცვლილი, მკვლელი დედის რომელ ქმარს აქვს ბავშვის დაბადების მოწმობა, როგორ ცხოვრობს პირველი ქმარი, როდის გაიქცა ქალი სახლიდან, რატომ არ ატანდა შვილს პირველი ქმრის ოჯახს, რას ფიქრობს ამ ყველაფერზე გარდაცვილი ბავშვის მამიდა, რომელიც, შესაძლოა, სულაც არ აღმოჩნდეს მამიდა და ა.შ.


ძვირფასო პალიტრავ!
  1. მაინტერესებს, რისი მომტანი შეიძლება იყოს ეს კვლევა-ძიება გარდა იმისა, რომ შაკოს ოჯახის წევრებს უფრი მეტი ტკივილი მიადგებათ?
  2. მარკეტინგს რომ თავი დავანებოთ, რამდენად ეთიკურად მიგაჩნიათ ბავშვის ფოტოს დაბეჭდვა?
  3. რისი მომტანი შეიძლება იყოს საზოგადოებისათვის ინფორმაცია მკვლელი დედის გენეალოგიისა თუ ცხოვრების წესზე?
  4. რისი მიღწევა გსურთ ამ ყველაფრის გაგრძელებით?
  5. თქვენი აზრით, ეს მორალურია?
  6. საზოგადოებისათვის რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მსგავს ინფორმაციას?
  7. გარდაცვლილის ოჯახისთვის?

და ბოლოს, სტატიის მეორე ნაწილის დასასრულით თუ ვიმსჯელებთ, ჟურნალისტი კიდევ აპირებს გამოძიების გაგრძელებას.
 მოდი, არ გინდათ. ამ შემზარავ თემაზე გამოქვეყნებული, არაფრისმომცემი სტატიების ციკლით,  ნუ დაიმხობთ თავს ამ ათი წლის მანძილზე შექმნილ იმიჯს - გულდასაწყვეტი იქნება.

P.S. თუ რამე მეშლება (გაშუქების დეტალები და ა.შ.), ახსნას სიამოვნებით მივიღებ. ასევე თავის მართლებას გამოქვეყნებული პუბლიკაციების გამო.

პატივისცემით, რიგითი მკითხველი.

5 comments:

ნან said...

ვასასი, მთლად ვერ დაგეთანხმები, იმის მიუხედავად რომ პალიტრა ჩემი საყვარელი გაზეთი არ არის და მის ადვოკატობას არ ვაპირებ. არ წამიკითხავს, შესაბამისად როგორი მომზადებული იყო სტატია ამ ნაწილში ვერ შეგეკამათები, მაგრამ ასეთ ფაქტებს პრესა ნამდვილად უნდა აშუქებდეს. ძალიან დიდია საზოგადოებრივი ინტერესი, შესაძლოა ეს ინფორმაცია სხვა უბედურ ოჯახს დაეხმაროს და მისი მეზობლები დაფიქრდნენ იმაზე, რომ უნდა ჩაერიონ, რომ ეს მხოლოდ ოჯახის საქმე არ არის და ბავშვის ცემა-ტყეპა არ შეიძლება.
ფოტოს დაბეჭდვა კი მართლა საჭოჭმანო ამბავია, არ ვიცი, რა არგუმენტები აქვს რედაქციას.
საგანგებოდ ვსწავლობდი უცხოურ პრესაში ასეთ თემებზე მომზადებულ სტატიებს, მთელი გვერდები ეთმობა, მოგონებები, ფსიქოლოგები, მინიმუმ 20 რესპოდენტიანი სტატიებია. დაკრძალვის ფოტოებსაც კი დებენ, რაც მართლა მზარავს.
მოკლედ ვთვლი, რომ უნდა გაშუქდეს და რაც შეიძლება ამომწურავად, ეთიკურად და ა.შ. რომ საზოგადოებას ჰქონდეს რეაქცია. უნდა ჰქონდეს. არ შეიძლება ამის მიჩქმალვა. დანარჩენი კი ბატონო, პროფესიონალიზმის ამბავია და ამაზე შეიძლება და აუცილებელია კამათი.

vasasi said...

ნან, მე არ ვამბობ, რომ არ უნდა გაშუქდეს.
უბრალოდ,ჭორებზე დაყრდნობილი პუბლიკაცია არ არის ჟურნალისტიკა.

გარდა ამისა, არაფრისმომცემია ბავშვის გენეალოგიის კვლევა. სულ არ მაინტერესებს ვისი შვილი იყო სინამდვილეში.

რაც შეეხება უცხოურ მედიას..
იქ ექსპერტები არ სხედან..
ყველგან არის შეცდომები..

ჩემთვის მიუღებელია არა ამ ტრაგედიაზე წერა, არამედ ის, თუ როგორც იქნა დაწერილი.
ის მოვიდა, ამან ეს თქვა, ყური მოვკარი, მაღაზიაში ამბობდნენ..

ნან said...

მანდ გეთანხმები აბსოლუტურად. წავიკითხო უნდა ერთი ეგ სტატია.

siyvarulovna said...

ვაიმე ესეთ რაღაცეებზე როგორ ვღიზიანდები ხოლმე :|

ნებისმიერი მედიის გათვლა მხოლოდ რეიტინგია და ადამიანობა ავიწყდებათ :|

prodigycow said...

ვინ ჰკითხავს ჟურნალისტს ეთიკას ჩვენთან? კარგით რა, ცალ ფეხზე ჰკიდიათ! ისეთი შეგრძნება მაქვს, მაგათთვის ეგ ყველაფერი უბრალო იდეალიზმია. არადა მარკესმა თქვა ჟურნალისტი და ეთიკა, იგივეა რაც ბუზი და ბზუილიო.
ღმერთო, ღმერთო ურო ჩამცხე!

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger