Saturday, February 19, 2011

ადამიანები, რომელთა გამოც გული მწყდება

მინდა, დავწერო ადამიანებზე, რომელთა გარდაცვალების გამოც ძალიან მწყდება გული.
დიდი ხანია, ამ პოსტის დაწერა მინდა. ჯერ რაოდენობის გამო ვიკავებდი თავს, მაგრამ მერე მივხვდი, რომ რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს.

მე არასოდეს მჯერა გამონათქვამის: იქნებ იმდენ ხანს იცოცხლა, რამდენიც საჭირო იყოო. აბა დაფიქრდით, რამდენი კარგი რამის მოსწრებას შეძლებდნენ ეს ადამიანები კიდევ 50 წელი რომ ეცოცხლათ.

ნუმერაცია, რა თქმა უნდა, პირობითია.

1. ლადო ასათიანი: 


ლექსები არ მიყვარს. მაგრამ ლადო ასათიანი ერთადერთია, რომლის კრებულიც თავიდან ბოლომდე მაქვს წაკითხული და არაერთხელ. ახალგაზრდა იყო და ჰქონდა ფანატიზმი საკუთარი ქვეყნის მიმართ. ეს თითქმის ყველა ლექსში იგრძნობა. ერთ-ერთ ჩანაწერში აქვს ნათქვამი:  ”რა იქნებოდა ტოლსტოისა და გოეთეს ხნის ბაირონი, პუშკინი, ბარათაშვილი ან ლერმონტოვი?..” (ლადოზე პოსტი ვრცლად იხილეთ აქ)

არ შემიძლია სიტყვებით გადმოვცე ის, რასაც ლადოს მიმართ ვგრძნობ. ძალიან ჩემია.

გარდაიცვალა 1943 წლის 23 ივნისს. თბილისში. 26 წლისა. ტუბერკულოზით.



2. ლევან აბაშიძე
პირველად 8 წლის წინ, ”ფესვებში” ვნახე, შემდეგ ”ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობაში”. ძალიან მომეწონა და ვიკითხე, ახლა რას აკეთებს, რატომ არ ჩანს-მეთქი. მახსოვს, რომ მითხრეს, აფხაზეთის ომში დაიღუპაო. ისიც მახსოვს, ყელში რომ რაღაც მომაწვა. მას შემდეგ ძალიან ხშირად ვფიქრობ, რა მოხდებოდა, ლევანს რომ ეცოცხლა, რას გააკეთებდა, როგორ დაიხვეწებოდა, როგორც მსახიობი. ბევრი არაფერი ვიცი მის შესახებ. რაც ვიცი, აქედან ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ლევან აბაშიძე გმირია. გმირი, რომელმაც, დარწმუნებული ვარ, მისი ასაკის ძალიან ბევრ გოგოს დასწყვიტა გული.

დაიღუპა 1992 წლის 7 სექტემბერს, აფხაზეთის ომში. 29 წლისა. სოფელ ეშერასთან. 


3. გურამ რჩეულიშვილი



”ნელი ტანგო”..

გურამის მოთხრობებს რომ ვკითხულობ, ასე მგონია, საკუთარ თავზე გვიყვება. ამ ადამიანს შეუძლია ნათლად დაგანახოს ის, რაზეც წერს. მისი მოთხრობები ძალიან პოზიტიურია.

 გული მწყდება, რომ წარმოვიდგენ, რამდენის მოსწრება შეეძლო. რამდენ მაგარ რომანს დაწერდა, თავისი 26 წლიანი სიცოცხლის მანძილზე ხომ რომანი არ დაუწერია. წაგიკითხავთ მისი ”მე ბედნიერი კაცი ვარ”? ასე მგონია,  მისი ოცნება იყო. უყვარდა ზღვა, მზე, მთაში ხეტიალი. მწვერვალების დალაშქვრა.

დაიღუპა 1960 წლის 23 აგვისტოს. 26 წლისა. გაგრაში. მაშინ, როცა რუსი ტურისტის გადარჩენას ცდილობდა. 

4. გოდერძი ჩოხელი
პირველად მისი კრებული - ”თევზის წერილები” წავიკითხე. მერე იყო ფილმები.. გოდერძი ჩოხელი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალი და რეჟისორია. მისი შემოქმედების გაცნობიდან დღემდე (და, ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე) მაქვს აზრი, რომ ეს იყო გენიოსი, რომელსაც ვერავინ უგებდა, რომელიც ვერ მოხვდა იქ, სადაც მისნაირ ადამიანებს გაუგებდნენ და მიმაჩნია, რომ ჩოხელმა ვერ მოახერხა ბოლომდე გახსნა. თუმცა, არ ვიცი.. იქნებ, ჩვენ დაგვინდო. დაგვინდო, რომ იმ დიდ რაღაცას, რისი გაკეთებაც შეეძლო, არ შევეშინებინეთ, არ დავეთრგუნეთ..

12 ფილმის სცენარი დატოვა. ხშირად ვფიქრობ იმ გადაუღებელ 12 ფილმზე.

გარდაიცვალა 2007 წლის 16 ნოემბერს. 52 წლისა. გულის შეტევით.


5. ჯონ ლენონი 
ჩოხელისაგან განსხვავებით, მან გახსნა შეძლო. დიახ, არ ვიცი, რამდენად სრულად, მაგრამ იოკომ გახსნა ის და, მართლაც, თუ დააკვირდებით, ამ ქალის გამოჩენის შემდეგ ჩვენ ვხედავთ არა ლენონს, რომელიც ელვის პრესლის გავლენიდან ვერ გამოდის, არამედ, ჯონ ლენონს - სახელსა და გვარს, რომლითაც, უკვე ყველაფერია ნათქვამი.

სიცოცხლის ბოლო ხუთი წლის მანძილზე, შემოქმედებითი თვალსაზრისით, ჯონს თითიც კი არ გაუნძრევია. ბითლომანების დიდი ნაწილი ამ ჩავარდნას იოკოს უკავშირებს (მათ უმეტესობას ასევე მიაჩნია, რომ ამ ქალმა დაღუპა ლენონი),  თუმცა, ნებისმიერ შემოქმედს პაუზა სჭირდება და ჩავარდნაც ხშირად აქვს. არცთუ იშვიათად ვფიქრობ, თუ ამ 30 წლის მანძილზე კიდევ რას დაწერდა "Imagine"-ს, "Mind games"-ის, "love"-ს, "God"-ის ავტორი. ვფიქრობ, და ბოღმა მახრჩობს.

დაიღუპა 1980 წლის 8 დეკემბერს. 40 წლისა. ნიუ იორკში. საკუთარი სახლის წინ. შიზოიდი ფანის - მარკ ჩეპმენის მიერ ნასროლი ექვსი ტყვიით ზურგში.


6. ამადეო მოდილიანი


შარიანი, ჩხუბისთავი, ლოთი, ხელიდან წასული, მაგრამ ერთადერთი და განუმეორებელი ამადეო მოდილიანი.

ამადეოს შესახებ პირველად როდის გავიგე, ვერ ვიხსენებ. მასზე ამოვქექე ყველაფერი, წავიკითხე წიგნები, ბიოგრაფია, მოგონებები, გამონათქვამები.. არა, ფილმის გავლენა არ ყოფილა. ფილმი რამდენიმე თვის წინ ვნახე პირველად და უკანასკნელად. შთამბეჭდავია. განსაკუთრებული ინტერესი მას შემდეგ აღმეძრა, რაც გავიგე, რომ დიდოს როლის შესრულებისას ენდი გარსია ისე შეიჭრა როლში, რომ რამდენიმე თვე ფსიქიატრიულში მკურნალობდა.

მოდილიანის საფლავის ქვაზე წერია, დიდების კართან წამოეწია სიკვდილიო. ამაზე დიდი უსამართლობა, ჩემი აზრით, არ არსებობს.

გარდაიცვალა 1920 წლის 24 იანვარს. 36 წლისა. ჭლექისა და მფრინავი მენინგიტის დიაგნოზით.

7. ბრიუს ლი

 ალბათ, ბევრი თქვენგანი იყო შეყვარებული მაგარ ბიჭზე. მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი. მერე როცა გავაცნობიერე, მივხვდი, რომ ბრიუს ლი ნოვატორი იყო, რომელმაც აღმოსავლეთსა და დასავლეთში რაღაცების გაერთიანება შეძლო არამხოლოდ სპორტში, არამედ, ხელოვნებაშიც და მარტო ამისთვისაა დასაფასებელი. ბრიუს ლი, აღმოსავლური ორთაბრძოლის ეტალონად დღემდე რჩება. ლეგენდადაა ქცეული და, ვფიქრობ, სამართლიანადაც.
ძალიან მწყდება გული, რომ მისნაირი ადამიანი ასე უცნაურად და უბრალო სიკვდილით მოკვდა. შეიძლება ითქვას, უბედურადაც.
გარდაიცვალა 1973 წლის 21 ივლისს. 33 წლისა. ოფიციალური ვერსიით, სიკვდილამდე ათი წუთით ადრე თავის ტკივილის გამაყუჩებელი წამლის მიღებით. 


8. ქაზიმ ქოინჯუ
ლაზეთის ბულბული.

მის შესახებ პირველად გიორგი კალანდიას ფილებიდან გავიგე. აქვე მოვისმინე ქაზიმის სიმღერები. ეს იყო ადამიანი, რომელიც ლაზურ სიმღერებს აგროვებდა და შემდეგ თანამედროვე ინტერპრეტაციას აძლევდა (ისე, რომ სიმღერის თავისთავადობა არ დაკარგულიყო). ქაზიმი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მომღერალი იყო თურქეთში. ამას მისი დაკრძალვის კადრებიც მოწმობს, როცა ხალხის ზღვა ტირილით მიაცილებს განსასვენებლამდე. საქართველოში გახლდათ ჩამოსული ფესტივალის ეგიდით, ძალიან ბედნიერი იყო ისტორიულ სამშობლოში სტუმრობით. ოცნებობდა, კიდევ მოხვედრილიყო აქ.. მართლა ძალიან, ძალიან ბევრი რამის მოსწრება შეეძლო.

გარდაიცვალა 2005 წლის 25 ივნისს. 34 წლისა. ფილტვის კიბოთი. 


9. ნოდარ ქუმარიტაშვილი



ზოგადად, ძალიან მწყდება გული, როცა ახალგაზრდა ადამიანები იღუპებიან. ნოდარის შესახებ არავინ არაფერი ვიცოდით მანამ, სანამ არ დაიღუპა. ჯერ ყველაფერი მართლა წინ ჰქონდა. იქნებ კიდეც ყოფილიყო წარმატებული, ან არ ყოფილიყო. ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ის არის, რომ აღარ არის. მართლა ძალიან მწყდება გული.

გარდაიცვალა 2010 წლის 12 თებერვალს. 21 წლისა. ვან კუვერში. ტრასის გაუმართაობის გამო, რაში დამნაშავენიც დღემდე არ არიან დასჯილნი.


10. 



  ამ ადამიანის შესახებ არაფერი ვიცი. ერთი მხოლოდ ისაა ჩემთვის ცნობილი, რომ, დაახლოებით, ორი ათეული წლის წინ, (ჩემთვის) ანონიმმა სტუდენტმა ბილ გეითსს სულ რაღაც 20 ათას ამერიკულ დოლარად მიჰყიდა მის მიერ შექმნილი ვინდოუსის პროგრამა.
იქნებ, თქვენ იცოდეთ, ვინ არის ეს ადამიანი?

19 comments:

mecmikvarkhar said...

ლევან აბაშიძის გარდაცვალება ძალიან კარგად მახსოვს, 14 წლის ვიყავი მაშინ, აფხაზეთის ომი იყო და ყოველდღე ვიგებდით ვიღაცის სიკვდილს... მაგრამ ლევანი სულ სხვა ტკივილი იყო, პირველ რიგშჳ იმიტომ რომ მისი ადგილი იქ არ იყო, ბრძოლა არც კი დასცალდა ისე გარდაიცვალა ჩასვლიდან რამდენიმე დღეში...სახლიდან ჩუმად წავიდა ისე რომ არაფერი უთქვამსო ამბობდნენ...

ძალიან ნიჭიერი მსახიობი იყო, იმას რომ თავი დავანებოთ რომ უსიმპატიურესი ახალგაზრდა და ძალიან კარიგ ადამიანი იყო :(

ფეხმძიმე მთვარე said...

johny kaiah kaiiih

Anonymous said...

შემიყვარდი <3 ძალიან კარგია, ძალიან. რა უნდა ვთქვა მეტი არ ვიცი. "დავტიე" კვალი და სულებიც აღარ დამწყევლიან

Natalia said...

ბრიუს ლის დანახვამ გამაოცა, მოულოდნელი იყო :)) ქაზიმ ქოიუნჯუ მეც კალანდიას რეპორტაჟებიდან ვიცი და დაკრძალვის ცერემონიალზე მინდოდა ხმამაღლა მებღავლა. საოცრად კეთილი და თბილი თვალები აქვს, ხმაც, და საერთოდ, მგონია რომ კარგი ადამიანი იყო.
გურამ რჩეულიშვილზე ჩემი ლექტორი გვიყვებოდა ხოლმე, როგორც თავისუფლებისმოყვარე ადამიანზე. მისი რაღაც მაქვს წაკითხული, მაგრამ აღარ მახსოვს - რა :/

prodigycow said...

ასეთ ხალხზე სიკვდილი არ უნდა ვრცელდებოდეს.
ყველაზე მეტად რჩეულიშვილზე მწყდება გული. ფაქტობრივად ვერაფერი მოასწრო.

"ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში."

nick_el_son said...

ბრიუსლიიიიი :))))))))))))))))

Social Drinker said...

#10-s rac sheexeba
Windows ar miukidia
DOS mikida geitss

Windows Michrosoftis produqtia :) chesnad gaaketes:)

vasasi said...

აჰა, ახლა გასაგებია..
და ვინაობა ხომ არ იცი, ვინ იყო?

:)

prodigycow said...

კაი რამე გამახსენდა,
ნაიკის ლოგო გაყიდა ერთმა სტუდენტმა
35 დოლარად :დ

vasasi said...

ვაჰ, ეგ ნამდვილად არ ვიცოდი..

ნაიკზე ის ვიცი, რომ ორსულების ტანსაცმელს უშვებდა თავიდან და ეგ ხაზი სწორედ ორსულის მუცელს ნიშნავს.. :)

salomeaa said...

გურამ რჩეულიშვილი ძალიან მიყვარს ,,ნელი ტანგო", ,,ირინა და მე" განსაკუთრებით...
გოდერძი ჩოხელიც ნაწყენი წავიდა ადამიანებზე, საქართველოზე. სიცოცხლე მისთვის ტკბილი სევდა არ ყოფილა
ლევან აბაშიძეზე არ ვიცოდი და გული დამწყდა
ლადო ასათიანთან ერთად მირზა გელოვანიც უნდა ვახსენოთ
ტერენტი გრანელი?

vasasi said...

სალომე, ტერენტი ახალგაზრდა გარდაიცვალა?

არ ვიცი მე..
მისი ერთი ლექსი ვიცი მარტო, ის, რომელიც ყველამ იცის.. :)

ზოგადად, მე და პოეზია ცოტა შორს ვართ ერთმანეთჱისგან,. :))

ბაჩო said...

ვინდოუსი მოიპარეს ეფლიდან :) რის გამოც მოუწიათ ახალი სისტემის შექმნა და გრაფიკაზე ააწყვეს ძირითადად კომპიუტერები. შესაბამისად ეფლი უფრო გამოიყენებოდა დიზაინებში და ტელევიზიებში.


რაც შეეხება წასულ ბუმბერაზებს:
გამიკვირდა მირზა გელოვანის აქ არ დანახვა. დანარჩენზე თანახმა ვარ და ეს კიდევ არ არის სრული სია :(

Dv0rsky said...

ერთი გამოგრჩა - იესო ქრისტე, გარდაიცვალა 33 წლის ასაკში, 33 წელს. წამებით - ჯვარზე აცვეს :)
ბევრი რამე გააკეთა/თქვა, ასევე ბევრი რამის მოსწრება შეეძლო ;)

Anonymous said...

ბლეზ პასკალი..

ninucaelectro said...

შენ მიერ ჩამოთვლილთაგან ბევრი მათგანი ჩემთვის ძალიან მისაბაძი და სამაგალითო პიროვნება არის.. ძალიან მწყდება გული რჩეულიშვილზე, მოდილიანზე, ქუმარიტაშვილზე, აბაშიძეზე..... მოკლედ ეს ის ხალხია, რომლებიც შთამაგონებენ. ნამდვილად ძალიან დასაფასებელი, იშვიათი და უაზროდ ნიჭიერი ხალხი არიან.. ;((

Anonymous said...

chems gulshi zixar )))) viktor cois davamatebdi da jim morissons ((

Anonymous said...

madloba chemo zmao, me gamoviyene tqveni masala da am casts tqven gizgvnit
gaumargos yvela qartvels qartuli genisa da jishis matarebels
http://www.playcast.ru/view/1862245/b2c62afd0e43253a7ac97d2955b69671c47be16dpl

neandertalely said...

აი ზუსტად ჩემია ეს "სია" :/:/ განსაკუთრებით აბაშიძეზე დღემდე ვარ გადარეული. პოსტის დალინკვა მის შესახებ ჩემი მხრიდან თავხედობა და სპამი იქნება... გომელაურს დავამატებდი... და კიდევ რამოდენიმეს უბრალოდ ახლაა ძალიან შორს წავალ ჩამოთვლა რომ დავიწყო

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger