Friday, February 25, 2011

ქორწილის საოცნებო დღე

                                                                                                                 გოგოშკური პოსტი

არ დავიხარჯები მარტივ ჭეშმარიტებებში: ყველა ჩვენგანს ხომ უოცნებია ქორწილის დღეზე. ზოგს უზარმაზარი, ფუმფულა კაბა მოსწონს, ზიზილ-პიპილოებით გამოტენილი, ისეთი, კარებში რომ ვერ ეტევა და სამი მანქანა სჭირდება, ზოგს - ვიწრო, ზოგსაც სადა. ასევე თმის ვარცხნილობები და ათას სამი წვრილმანი.

სიმართლე გითხრათ, ბავშვობაში როგორ ქორწილზე ვოცნებობდი, ნაკლებად მახსოვს, რადგან 13-14 წლამდე ჩემი შეყვარებულებისა თუ სიმპათიების რაოდენობა და ვინაობა 15 წუთში ერთხელ იცვლებოდა.

აი, ცოტა თვალებში რომ გამოვიხედე, და თავში აზრებმა დაიწყეს ფუთფუთი, ვიფიქრე და დავასკვენი, რომ ქორწილზე დიდი სისულელე არ არსებობს.

მოდი, ვიმსჯელოთ: რა არის ქორწილი?! ყიდულობ/იკერავ რაღაც იდიოტურ კაბას, რომლის ნაჭერზეც მთელს მსოფლიოს დაარბენინებ. ნერვიულობ ფეხსაცმელზე, მაკიაჟზე, ვარცხნილობასა და ათას სისულელეზე.

და აი, დადგება ის დიადი, არაჩვეულებრივი და გადასარევი დღე: ადგები დილის ექვს საათზე, წახვალ სალონში, დაგაწიწკნიან თმებს, მოგიშლიან ნერვებს, სახეზე წაგათხაპნიან რაღაცებს და, სადღაც, 12-სთვის მოხვალ სახლში, ჩაიცვამ ფუმფულა/ვიწრო/სადა კაბას და დაელოდები იმ ერთადერთსა და განუმეორებელს, რომელთანაც (იდეაში) მთელი ცხოვრების გატარებას აპირებ.

და აი, მოვა ისიც. აღელვებული, ხელში ყვავილებით, მომღიმარი და დარცხვენილი. გვერდი-გვერდ რომ დადგებით, წავა იქ ტუტნი და ჭორაობა.

მერე ჩასხდებით მანქანებში და პიპინით წახვალთ ჯერ ეკლესიაში, შემდეგ - ქორწინების სახლში და ბოლოს რესტორანს ესტუმრებით.

5-6 ჭიქის შემდეგ ორკესტრი დასცხებს ”მაია მულატკას” ან ”ტაგანკას”. მთელი ამხელა საზოგადოება წამოიშლება და ყველაფერზე იცეკვებს. საფინალო ცეკვა, ბუნებრივია, ”ვაგონი მიჰქრის” გახლავთ, სადაც უკლებლივ ყველა მონაწილე ებმევა და კოლექტიურად მიდიან სახლში.

თუმცა, ერთობლივ ძიგძიგამდე, რა თქმა უნდა, ქართული, ტრადიციული, ეროვნული ცეკვა უნდა შეასრულოთ და თუ ის ერთადერთი და განუმეორებელი, ვისთანაც (იდეაში) მთელი ცხოვრების გატარებას აპირებთ, უხეში და მოუქნელია, ცეკვის დასრულებამდე შიში უნდა გტანჯავდეთ: ვაითუ, კაბაზე ფეხი დაგადგათ და ნაადრევად შემოგახიოთ ის.

ბოლოს უნდა გავჭრათ ტორტი და ისე ჩავატენოთ ერთმანეთს, თითქოს ჩვენ-ჩვენი ხელები არ გვქონდეს. უზარმაზარი ლუკმის გადაყლაპვის შემდეგ უნდა ვიზასაოთ. როცა ამ ოფიციალურ პროცედურას მოვითავებთ, სტუმრები ერთიანად დააწყდებიან ტორტს და ბრდღვნას გაადენენ.

  •  დაუწერელი კანონია, რომ საკუთარ ქორწილში არ უნდა ჭამო. რატომ - ეს ვერ გავაკრვიე, სავარაუდოდ, ქერტლი იცის.

ფინალისკენ თაიგულის სროლის დიად მომენტს ვაცხადებთ და ჩვენ გარშემო გაუთხოვარ/გასათხოვარი მეგობრები, ნათესავები და შემოსწრებულები დადგებიან. აუცილებლად ზურგიდან ვისვრით თაიგულს, რომლის დასაჭერადაც გამოპრანჭული, ქუსლიანებზე შემდგარი და საღამოსკაბიანი წიწკვები ერთმანეთს თმებს დააგლეჯენ. ამ აკორდის შემდეგ, ოფიციოზი მოთავებულია და სახლში წასვლის დროა. თუ თამადა ფხიზელია, რიხით გამოაცხადებს, რომ ნეფე-დედოფალი მიბრძანდება. და თქვენც ტაშის თანხლებით დატოვებთ დარბაზს.

ამ ზედმეტი დებილობების გამო, არ მიყვარს ტრადიციული ქორწილები, რომელთა ვიდეოებია ხოლმე განსაკუთრებით მარაზმული: რაღაცა, უცნაურ, არაამქვეყნიურ მუსიკაზე დგახართ შენ და შენი ერთადერთი და განუმეორებელი, ამოდის გულის ფორმა, შეშდება კადრი და ეწერება: "გელა პროდაქშენ" პრეზენტ: ვახტანგისა და ნათელას ქორწილი.კარგით რა, ადამიანებო. კარგით რა!.. :)

ქორწილში რა არის ძირითადი?!
1. ჯვრის დაწერა;
2. ხელის მოწერა.
რა საჭიროა გართულება ამდენი იდიოტობით?! გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი თავი ძალიან მიყვარს და გაპამპულებას არ ვაპირებ, არასოდეს მექნება ფუმფულა ქორწილი. ყველა ოფიციალური მხარე მოგვარდება წყნარად, მშვიდად და ზედმეტი გართულების გარეშე..

P.S. ნამდვილი ამბავი: ჩემი ძალიან ახლობლის კლასელი გათხოვდა. ჩემი ახლობელი ქორწილში მიდის და ეუბნება, გილოცავ, მრავალს დაესწარიო.
ის გოგო მართლა მრავალს დაესწრო: მას შემდეგ, როგორც მინუმუმ, ხუთჯერ გათხოვდა.

ისე, თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე?!

17 comments:

სიყვარულოვნა said...

ბავშვობაში ვოცნებობდი დიდ და ფუმფულა კაბაზე <3

შენი თქმისა არ იყოს როცა აზრებმა იწყეს ფუთფუთი ჩემს თავში მივხვდი, რომ სულაც არ მინდა მსგავსი ქორწილი როგორიც შენ აღწერე.
რატომღაც ჩემს ამ "წამოცანცარებაზე' (როგორც დედაჩემი ეძახის) ყველას საშინელი რეაქცია აქვს.
უბრალოდ არ ვაპირებ ათასობით ლარი ვხარჯო ამ ტაკი–მასხარაობაში როცა შემიძლია იმ თანხით გაცილებით უკეთესი თაფლობის თვე მოვიწყო <3

Tjorven said...

oh aq rom ar vwero amdeni getyvi rom blogze amaze ukve immdeni maqvs dacerili rom ravic :D sasurveli qorcilidan dacyebuli qartuli tradisiuli qorcilis marazmulobit dasrulebuli :D

Rode said...

ყოლიფერში გეთანხმები!
რა სჯობია მშვიდ, წყნარ ამბავს?
მხოლოდ შენ და შენი გულისწორი და რამდენიმე საუკეთესო მეგობარი :*

LiLaC said...

მე მინდა ქორწილი, ოღონდ ისეთი არა, როგორიც შენ აღწერე. დარბაზის გაფორმებიდან დაწყებული მუსიკით დამთავრებული ყველაფერზე მე ვიზრუნებ... მოკლედ, ოდესმე ალბათ შევქმნი ოჯახს და დავწერ ამაზეც ^_^

1weli said...

მეტი რაღა დავამატო?!
არა, ვყოფილვარ რამოდენიმე დიდ და ძალიან საოცნებო ქორწილშიც სადაც სუფრაზე ტრადიციული ცეკვის მერე პატარძალმაც გამოიცვალა და DJ-იც მოვიდა შეღამებულზე...

vasasi said...

LiLaC: ქორწილის წინააღმდეგი არ ვარ, უბრალოდ, რამდენიმე ახლობელი გარშემო კარგი მუსიკა და ჯიგრული პონტი.. :)

ჰოდა, კაბას რაც შეეხება, კაბა უნდა იყოს მოკლე, სადა და კონსერვატული.
:))

taa said...

ძალიან წყნარიო ქორწილი მქონდა

არა არც მქონია დაჟე
პიკნიკი მქონდა რომელსაც წინ ჯვრისწერა უსწრებდა ვიქტორია სეკრეტის ზოლებიან კაბაში :)

მარი ახსიაშვილი said...

"P.S. ნამდვილი ამბავი: ჩემი ძალიან ახლობლის კლასელი გათხოვდა. ჩემი ახლობელი ქორწილში მიდის და ეუბნება, გილოცავ, მრავალს დაესწარიო" - ერთი თვის წინ ჩემი ბიძაშვილი გაიპარა და მოაწერეს ხელი სიღნაღში. ჩემი მეორე ბიძაშვილი, მისი და ურეკავს და - შენი ნებით გაყევიო? - კიო. - მაშინ გილოცავ, მრავალს დაესწარიო :დ

ourlifegoeson said...

ra kai postia ^^

Michael said...

არც მე მიყვარს ტრადიციული ქორწილები, ჭამა სმის ზეიმებია. ქორწილის დღეს ჯობია რაიმე არაორდინალური მოიფიქრო, :))

Anonymous said...

ase memgoni imitom fiqrob, rom mxolod eset greoba-qorwilebi ginaxavs.
arsebobs civilizebuli, lamazi qorwilebic. nu albat esetshi shen verc moxvdebi.. samwuxarod.. :S

vasasi said...

ანონიმო, რადგან ვერ მოვხვდები გლიამურულ ქორწილებში, მომიყევი მაშინ. შენ გექნება ნანახი და მოგისმენ.. მიყვარს მოსმენა.. :))

13th Cinnamon said...

პოსტის გვერდით გათავსებ კომენტარების ფანჯარას და გაემზადე კრიტიკისთვის!

კაბა - დაგავიწყდა აღგეღნიშნა, რომ ათხლეშ სასწაულ თანხას, სადაქალოში ორჯერ მეტს იძახი და ქორწილის მერე, ასე წელიწადში ერთხელ გამოიღებ, ჩაიცმევ და გიხარია.

კაცი - მოვა ამალით და დაიწყება პატარძლამდე მიღწევის რაღაც (უაზრო) გამოსყიდვის რიტუალი.

გამორგჩა - ეკლესიასა და რესტორანს შორის სადღაც, აუცილებლად ადიხართ ჯვარზე/სვეტიცხოველში/ქალაქში კრუგებს არტყამთ, იმიტომ რომ time management არ იცით რა არის.

ტორტი - აუცილებლად სახეზე შეზელვით. სახის კანს უხდებაო.

როგორ გამოგრჩა ამდენი რამ!
:)

"(იდეაში)" ძალიან მომეწონა, ძალიან :)

Kate said...

" დაუწერელი კანონია, რომ საკუთარ ქორწილში არ უნდა ჭამო. რატომ - ეს ვერ გავაკრვიე, სავარაუდოდ, ქერტლი იცის.
"
– ვაიმეეეე, ცუდად გავხდი :დდდდდ


თუ ოდესმე გავთხოვდი:

მე მექნება მხოლოდ ჯვრის წერა. დანარჩენი არაფერი.
ან უკიდურეს შემთხვევაში ხელის მოწერაც. არანაირი ტაშ–ფანდური და "ვაგონი მიქრის"–ები. ეგღა მაკლია ამხელა ფული გადავყარო ერთი დღისთვის და დავპატიჟო ხალხი, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ.

Anonymous said...

სულხანი:
ქორწილი ძირითადად მშობლების სურვილების გათვალისწინებით ტარდება. და წინა თაობა ხომ ყოველ მომდევნოზე გოიმია... :)

გურამი said...

ვაიმე, ცუდად ვარ. ვახახახახახააააააააააა! :D :D :D :lol:

gijmaj said...

ქორწილი ჯერ სოციალური ღონისძიებაა და მერე სმა-ჭამა-და-ტაში-ტუშის ადგილი. უბრალოდ ახლა მიიღო არასწორი ფორმები. ადრე, როცა ინტერნეტი, ტელეფონი და კომუნიკაციის სხვა საშუალებები არ იყო, ქორწილები და დაკრძალვები ნათესაობის შეკრების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენდა. გარდა ამისა, ქორწილში მორთმეული საჩუქრები ახალი ოჯახისთვის ერთგვარი საწყისი კაპიტალიც იყო... და ა.შ. კიდევ ბევრის თქმა შეიძლება მაგრამ... ისიც მართალია, რომ ყველა იმას იღებს, რაც უნდა. ასე რომ თუ გინდა დიდი ქორწილი - ჰა ბურთი და მოედანი, თუ არადა არა მგონია ვინმე იყოს შენი დამძალებელი :)))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger