Thursday, March 3, 2011

ქალაქი, რომელიც მოკლეს

Tenochtitlan' on my mind

კაქტუსზე ჩამომჯდარი არწივი მრისხანე თვალებით შეჰყურებს წინ აღმართულ უზარმაზარ გალავანს.

მზე ზენიტში დგას. გალავნის თავზე ორი გრძელკანჭიანი, შავგვრემანი ახალგაზრდა მეომარი სცემს ბოლთას. სწორი და აბრეშუმივით პრიალა თმა წელამდე სწვდებათ, თეძოზე შემორტყმული კანაფის თოკი და იაგუარის ტყავი აქსესუარის ფუნქციას უფრო ასრულებს.

არწივი ზანტად იქნევს ფრთებს. აშკარაა, არათუ გალავანზე გადაფრენა, კაქტუსიდან დაძვრაც ეზარება. არადა, გალავანიც მისია და ისიც, რაც კედლის მიღმა ხდება. ახლანდელ დიდებას ხომ მას უნდა უმადლოდეს ქალაქის მოსახლეობა?!

გუშაგები სიცხისგან შეწუხებულან. ერთს აშაიაკატლი ჰქვია, მეორეს - ტისოკი. კაქტუსებით დაფარულ ნახევარუდაბნოს წამით წყვეტენ თვალს და გალავანში იხედებიან. წინ უზარმაზარი ტბა მოჩანს. თითქოს ზღვის ქაფიაო, ზედ ისე ტივტივებს მცურავი ბოსტნები - ჩინამპები. აშაიაკატლიმ იცის, რომ ახლა ერთ-ერთზე დედამისი ფუსფუსებს: სიმინდს, ბადრიჯანსა და ყაბაყს კრეფს, ბოლო ორის კომბინაციას ცოტა ტომატლის გაურევს და იმ წიწაკით შეაზავებს, ამას წინათ უმცროსმა ვაჟმა - ტოლატიუმ რომ ჩამოუტანა კუსკოდან. დედამისის ნახელავის წარმოდგენისას, აშაიაკატლის ნერწყვი ერევა.

არწივი ქალაქის მთავარ ტაძარს - ტეოკალს ზანტად უახლოვდება. უიცილოპოჩტლის სისხლისგან გაშავებული ქანდაკების წინ ცოცხალი გული ფეთქავს. ირგვლივ გახრწნილი სისხლის აუტანელი სიმყრალე დგას. არწივი სამსხვერპლო ქვასთან ეშვება. გრძნობს, რომ დაბერდა, თუმცა მოთენთილობას მზის ღმერთ ტონატიუს აბრალებს: აშკარაა, მთვარის ღმერთ კოილმაუკს ეპრანჭება და ასე მაგიტომ აცხუნებს, თუმცა ამ უკანასკნელს ფეხებზე ჰკიდია.

ქვემოთ ყაყანი ისმის. ტეოკალიდან ოდნავ მოშორებით ბაზრობაა გაჩაღებული.დაპყრობილი ტერიტორიიდან ჩამოტანილი პროდუქტი და სხვადასხვა ნივთი იყიდება. აუტანელ ბუღში რამდენიმე ასხმულა კუსკოური წიწაკისა და ტლაშკალების მანგოს გამო, სამი ძონძროხა ქალი უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავს ერთმანეთს. ვერაფერს ეტყვი: ტესკატლიპოკას დღესასწაული ახლოვდება. უნდა იჩქარონ, რადგან ღვთაების განსახიერებამ, სანამ მის გულს ღმერთს არ მიართმევენ, შესაძლოა, ნებისმიერ ოჯახში შეიაროს.

შიჩოპილი გულგრილად უვლის მოჩხუბრებს. ხელში კალათი უჭირავს, რომელშიც სალათის ქორფა ფოთლები, რამდენიმე კარტოფილი და ყავის მარცვლები აწყვია. სიმინდის გამყიდველთან უზარმაზარი რიგი დგას. შიჩოპილიმ ამოიოხრა, ბოლო ბრძოლიდან ქმარი რომ ცოცხალი დაბრუნებოდა, ჩინამპას გაყიდვა არ მოუწევდა, არც ბაზარში სიარული. არადა, სახლში სამი ბავშვი ელოდება. ნეტავ, როგორ მოიქცევიან შილოლენთან? ეჰ, ქმარი რომ ცოცხალი დაბრუნებულიყო.. შიჩოპილიმ კიდევ ერთხელ ამოიოხრა და სიმინდის რიგში ჩადგა.

ბამბუკის საზაფხულო ქოხში გრილა. სიბნელეს თვალს თუ კარგად შეაჩვევთ, კაქტუსისგან დამზადებულ სკამებს შენიშნავთ, კანაფის თხელი ტილო რომ არის გადაფარებული. კუთხეში ბუერას ფოთოლში გახვეული ტომატლის წვენი დევს. პატარა ალქაჯების დედამ მორიდებით დატოვა მათი მოვლის სანაცვლოდ.

შილოლენი ობოლია. ის ბამბუკის ამ საზაფხულო ქოხისა და, ოდნავ მოშორებით, ალიზის ორსართულიანი, მოხატული სახლი რომ დგას, მისი მფლობელია. ახლა უკანა ეზოში სელს ართავს. დედა მასზე მშობიარობას გადაჰყვა, მამა კი ლოთობის გამო სიკვდილით დასაჯეს. სამი წლის წინ ცეცხლის ღმერთ შიუტეკუტლის დღესასწაულზე უგონოდ გამოთვრა. კანონმდებლობის მიხედვით, ძმებმა და მეგობრებმა ადგილზე, ტრადიციული ხერხით: ჯოხის ცემით მოკლეს. ისე, რომ ათი წლის ობოლი გოგონა არავის გახსენებია. რას ვიზამთ, ბიძებს ოჯახის ღირსება ადარდებდათ. შილოლენმა კაკაოს ფოთლებში მოკიაფე მზის სხივს გაუსწორა თვალი: მამა რომ 70 წელს ყოფილიყო გადაცილებული, ხმას ვერავინ გასცემდა, თუმცა უზენაესი კეცალკოატლი სამართლიანია: მოგვიანებით, შილოლენის უფროს ბიძას სიმინდის ქურდობის გამო, იმპერატორმა აუცოტლიმ, კანონის მიხედვით, ქვებით ჩაქოლვა მიუსაჯა.

სიცხისაგან მტვრიანი ქუჩებიდან შიჩოპილის შვილების ხმა ისმის. უბნის ბავშვები, თავის ჭკუაში, ტლაჩტლის თამაშობენ. კაუჩუკის ბურთების მაგივრად ქოქოსი აუღიათ, ქუჩაში ნაპოვნი უბრალო რგოლი სახელდახელოდ მიმაგრებულს ჰგავს მეზობლის ალიზის კედელზე. ბავშვები წესებს იცავენ და წვეტიან ქოქოსს მოხერხებულად ურტყამენ თეძოებს, მუცელსა თუ ფეხებს. ჯერჯერობით, ბურთი ვერაფრით გადის რკალში.

- შილოლენ, - ტონატიუ მეზობელი ქალია. შილოლენმა ზუსტად იცის, რომ სოიოს სათხოვნელად მოვიდა. ტონატიუ ხნიერია, ორი ვაჟი ჰყავს და გვერდით, ალიზის სახლში ცხოვრობს. შილოლენს, ფაქტობრივად, დედობას უწევს. ამ ბოლო დროს კი უცნაური ლაპარაკი დაიწყო. შილოლენი გასათხოვარია და იცის ქსოვა, კერვა, ქარგვა. ბეჯითია, სუფთა და მზრუნველი. ტონატიუს კი ორი ვაჟი ჰყავს. მან არ იცის, რომ სარძლოდ შეგულებულ გოგონას გალავნის მცველი ტისოკი ჩავარდნია გულში.

მზე შუბისტარიდან გადაიხარა.
"ყარს", - ფიქრობს არწივი და ტეოკალის ბოლო საფეხურიდან ზანტად დგება. გეზს იმპერატორის სასახლისკენ იღებს, თუმცა თვალი უიცილოპოჩტლის სამსხვერპლო ჯამისკენ გაურბის. გული გაჩერებულა. ცოტა ზემოდან ტეოკალის პირველი საფეხურიც მოჩანს, რომელზეც ქურუმები ახალ მსხვერპლს მოათრევენ. დააწვენენ სამსხვერპლო ქვა იაშპიდზე, ობსიდიანის რიტუალური დანით გაუპობენ მკერდს, მოფრთხიალე გულს უიცილოპოჩტლის მიუძღვნიან, ცხედარს - ხალხს.

"მე არავის ვახსოვარ," - გაბრაზებით ფიქრობს ბებერი არწივი და იმპერატორ მონტესუმას სასახლისკენ მიფრინავს.
ვახშმის დროა.

რიგითი აცტეკები ყაბაყისა და ბადრიჯნის შეჭამანდს შეექცევიან. შემწვარ და დატკბილულ სიმინდს, გოგრასა და ტკბილ კარტოფილს ტომატის წვენს აყოლებენ. იმპერატორი მონტესუმა დღეს მხოლოდ კუსკოდან ჩამოტანილი ცხარე წიწაკით შეგემებულ ცხელ ჩოკოლატლის მიირთმევს. მოგვიანებით, ტეკილას დააყოლებს არწივისგამოსახულებიანი ოქროს ჭიქით.

იმპერატორის ვახშმის დამთავრებას მალემსრბოლელი მოუთმენლად ელის: სანაპიროდან მნიშვნელოვანი ამბავი აქვს გადასაცემი.

- აქ აღარ ცხოვრობენ ღირსეული, ღვთისმოშიში ადამიანები, - ბრაზობს ბებერი, მშიერი არწივი და ქალაქის სამუდამოდ დატოვების გადაწყვეტილებას იღებს.

მზე ჩასასვლელად ემზადება. ბავშვები იმიტირებული ტლაჩტლის თამაშით დაიღალნენ, ქურუმი ზანტად იწმენდს მთრთოლვარე გულიდან სახეზე შეშხეფებულ სისხლის წვეთებს, უიცილოპოჩტლის საზარელი ქანდაკება კმაყოფილია ახალი მფეთქავი გულით. ბაზარში სიმყუდროვეს დაუსადგურებია: ჩინამპები ზღაპრულ კუნძულებს ჰგავს.

- კიდევ არ იწვიმებს, - სინანულით აქნევს თავს 75 წლის კისტეკატლი და მოზრდილი, ამოღრუტნული კაქტუსიდან ტეკილას მეთორმეტე პორციას სვამს.მეომრის დედა - სინეოტლი, ოცი წლის წინ სათუთად შენახულ შვილის ჭიპლარს ათვალიერებს. ალბათ, მალე, ტრადიციის მიხედვით, საომრად მიმავალი ერთადერთი შვილისთვის მისი გატანება მოუწევს. შილოლენმა სამკლაური მოუქსოვა ტისოკის, ტონატიუ და მისი უმცროსი ვაჟი კი დარწმუნებულები არიან, რომ ხვალ მათი ობოლი მეზობელი ბედნიერებისგან დამუნჯდება, ასეთი ღირსეული ოჯახი რომ გაუღებს კარს. ტისოკი გალავნის თავზე აშაიაკატლისთან ერთად სცემს ბოლთას და საყვარელ ქალზე ოცნებობს, ტისოკის მსგავსად, აშაიაკატლიც ფიქრობს, ოღონდ - დედის მომზადებულ ყაბაყისა და ბადრიჯნის შეჭამანდზე და გული სტკივა, უმისოდ რომ შეექცნენ ოჯახის წევრები. გალავნიდან ზღვა არ ჩანს. ის შორსაა, მაგრამ არც ისე შორს.

მზის უკანასკნელი სხივები ძალას კარგავდა, როცა მალემსრბოლელი იმპერატორ მონტესუმა მეორესთან შეუშვეს. სანამ მისი აღმატებულება უჩვეულოდ აღელვებულ დესპანს უსმენდა, სანაპიროს სამი ხომალდი მოადგა. ღუზა რომ ჩაუშვეს, სწორედ მაშინ, მთელი თავისი ბრწყინვალებით დადგა დაისი.

p.s. ისტორიული პოსტები:
აცტეკომანია
აცტეკომანია 2.

4 comments:

tamaRa said...

მეც სერიოზულად ვყავდი შეპყრობილი აცტეკომანიას, კუაუტემოკით აღფრთოვანებული ვიყავი... უვიცობამ დაღუპა ეგენი, უვიცობამ და ტიფმა... :(

Natalia said...

გაგრძელება არ ექნება ვასასი? ჰქონდეს რა..

ჩოკოლატლი მომინდა გამესინჯა, თან ცხარე წიწაკით :)

Anonymous said...

wow gotta love that

vasasi said...

თამარა,აბსოლუტურად გეთანხმები..
ძალიან მწყდება გული..

მესოამერიკულ კულტურაზე, მეკეტება ზოგადად..:))

ნატალია,არა, არ იქნება.. :(
ესეც ძლივს გამოვაქვეყნე (რა ვიცი,მოთხრობები არასოდეს გამომიჭენებია საჯაროდ და ისა..)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger