Friday, March 11, 2011

ზაფხულის ამბები ტოსკანიდან

ალბათ იცით, რომ იტალიაში სახლი მაქვს. თუმცა, საიდან გეცოდინებათ. მოკლედ, ტოსკანაში მაქვს სახლი. მზიან და ზეთისხილიან ტოსკანაში.


გიყვართ ზეთისხილი? მე ძალიან მიყვარს და ყოველ საღამოს, როცა რამე სასუსნავი მომინდება, ჩამოვჯდები ხისგან მოწნულ სავარძელში, ზეთისხილით სავსე პატარა თასს გვერდით მოვიდგამ და მზის ჩასვლას ვუყურებ. მზე კი მართლა საოცრად ჩადის აქ. ჰორიზონტს ცეცხლი ეკიდება ხოლმე და რამდენიმე წუთი ასე ანთია. მერე კი ნელ-ნელა ქრება.

ჰო, საღამოები ძირითადად სულ ასეთი ერთფეროვანი მაქვს - დიდი რაოდენობით ზეთისხილი და მზის ჩასვლა. დილებიც ერთმანეთს გავს და შუადღეებიც. აი, შუადღეები ძალიან გავს ერთმანეთს - აუტანლად ცხელა და მოჭრიჭინო კალიების ხმაც კი წყდება ცოტა ხნით. სულის მოსათქმელად საძინებელში შევდივარ, ფანჯრებზე ფარდებს ჩამოვუშვებ და საწოლზე მივეგდები. ჰაერი ჩახუთულია, სუნთქვა ჭირს.. როცა მგონია, რომ მორჩა, აღარასდროს აგრილდება და მთელი ცხოვრება ასე, საწოლზე უნდა ვეგდო არაქათგამოცლილი, პირველი კალია იწყება ჭრიჭინს და მეც ჰაერს ბოლომდე ვისუნთქავ. მერე საღამოც მოდის.

ცხადია ხვდებით, რომ მე მხოლოდ ზაფხულში მიწევს აქ ჩამოსვლა. ამიტომ ზამთრის ტოსკანის ამბებში არ ვარ გაწაფული.

ერთხელ, მორიგი შუადღე რომ გადავაგორე და მორიგი მაისური გამოვიცვალე, ვასასი მესტუმრა. ამოვიდა ვერანდაზე, შემოაღო კარი და ჩანთა შუა ოთახში დააგდო. ისე, ვითომ არაფერიაო. ვითომ იმას ძალიან არ გახარებოდეს იტალიის ხილვა და მე კიდევ ვასასის დანახვა. თითქოს ყოველდღე ხდებოდეს ასეთი რამ - ვასასი დგებოდეს და იტალიაში ჩამოდიოდეს. თან ჩემს სახლში.

კიდევ კარგი, ცივი ანანასის წვენი მქონდა. კიდევ კარგი რა, ანანასის და ვაშლის წვენი სულ მაქვს. დავსხედით და დავლიეთ. მერე ვიფიქრე, რამე გემრიელს მოვუმზადებ-მეთქი, თან საღამო ახლოვდებოდა და აგრილებასთან ერთად, მადაც მატულობდა. სალათა გავაკეთე - ყველაზე იოლი, გემრიელი და საზაფხულო. თან ვასასი საქართველოს ამბებს მიყვებოდა [ტუღუში ისევ ფუმფულა და საყვარელიაო, მითხრა].

ვახშმის შემდეგ, ვასასიმ დანაპირები შემახსენა - შოკოლადის ტორტის გამოცხობა უნდა მასწავლოო. ჰოდა სახელდახელოდ ისეთი ტორტი გამოვაცხვეთ, შოკოლადი სულ ლაპლაპებდა. ამასობაში მოსაღამოვდა და მზის ჩასვლის დროც დადგა. სათანადოდ მოვემზადეთ - თითო ნაჭერი შოკოლადის ტორტი და ფინჯანი ყავა მოვიმარაგეთ და ვერანდაზე გავედით. ვისხედით და ვყვებოდით ამბებს, მთისა და ბარის..

ასე ვატარებთ მე და ვასასი ტოსკანის ერთფეროვან დღეებს - დილებს, შუადღეებს და საღამოებს.
მერე კი, ისევ საქართველოში დავბრუნდებით. ზუსტად იმ დროს, როცა ამ პოსტის კითხვას დაასრულებთ :)

პ.ს მე ნატალია ვარ და სანამ აქ შემოვიდოდი, ძალიან, ძალიან ბევრი ვინერვიულე. მეტისმეტად საპასუხისმგებლო რამე ყოფილა ეს სტუმარ-ბლოგერობა.

7 comments:

ჰექსე said...

მივხვდი რომ შენ იყავი :)

Greenmar said...

სათაურზევე მივხვდი, რომ ნატალიას პოსტი იქნებოდა :D
მიყვარს ზეთისხილი, ტოსკანა და ყველაფერი, რაც აქ წერია <3 <3 <3 აუ, მეც წამიყვანეთ რა... სულ არ შეგაწუხებთ, ჩემთვის ვივლი აქეთ-იქით, გაღიმებული :)

vasasi said...

ოოო./.. <3

გურამი said...

:) საინტერესო იყო. მე მარტო იმას მივხვდი, რომ სტუმარი იყო, მაგრამ მერე რომ ეწერა ვასასი მოვიდა ჩემთანო.. ისა.. :)

სიყვარულოვნა said...

პირველი წინადადება, რომ წავიკითხე ორჯერ გადავამოწმე მართლა ვასასითან ვიყავი თუ არა :დ და მერე მოვვწვი რომ გესტ პოსტი იქნებოდა <3

vasasi said...

უკვე მომენატრა წერა..
ჰოდა, გესთპოსტების კვირეულს ჩემს ბლოგზე წარსულს ვაბარებ მანამ, სანამ ისა..

:)))

Natalia said...

ვასასი, მეც ეგრე ვიყავი, შარშან გესტ-პოსტების კვირეული კი არა თან, თვეული რომ მქონდა :D წერა მომენატრა. მაშინ ვიფიქრე, რომ თუ რამეა, ერთ სტუმარს მოვიწვევ ხოლმე. მოკლე დროში ბევრი გესტ-პოსტი, არც თუ ისე კარგი იდეაა :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger