Monday, March 14, 2011

ორჰან ფამუქი და მარიო ვარგას ლიოსა

პოსტი, რომელიც არ იქნება პოპულარული

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა აღმაშენებელზე, წიგნების ერთ-ერთ მაღაზიას ჩავუარე გვერდით.
ვიტრინაში ახალი წიგნები იდო.
უფრო სწორად, წიგნი, რომელმაც მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება.
ორჰან ფამუქი: "ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები" - ეწერა წიგნს.
მწერლის სახელი პირველად გავიგე. შესაბამისად, წიგნისაც. მაგრამ, რატომღაც, ვიფიქრე, რომ, ის, სხვა, უმეტესი თანამედროვე მწერლების ნაწარმოებებისაგან გასხვავებით, ცარიელი არ უნდა ყოფილიყო.

წიგნი მაშინ ვერ წავიკითხე, თუმცა მხოლოდ გარეკანზე თვალის ერთი შევლება საკმარისი გახდა, რომ გონებაში ჩამრჩენოდა.

გავიდა ერთი ან ორი წელი და ფამუქის სხვა წიგნი წავიკითხე. წიგნი, რომელმაც, სხვების მსგავსად, ლიტერატურულ წრეებში დიდი გამოხმაურება მოიპოვა.

ასე დიდი ხნის განმავლობაში, მხოლოდ "ახალ ელოიზას" ვკითხულობდი. მაშინ პროცესი, წიგნის უინტერესობის გამო გავწელე. "მე წითელი მქვიას" დამთავრებას სამი თვე მოვუნდი. მქონდა შემთხვევა, როცა რამდენიმე დღე ერთი თავის გადასახარშად დამჭირდა და ზუსტად ვიცი, რომ სამი ან ხუთი წლის შემდეგ, კიდევ მივუბრუნდები.


მერე დაბნეულობის პერიოდი მქონდა, ამ პროცესში, მისი ყველა თარგმანი წავიკითხე. მანამდე კი იყო ზაფხული და კიდევ ერთი ავტორი, რომელმაც ისევე მარტივად შეძლო ჩემი ჭკუიდან გადაყვანა, როგორც ეს, თავის დროზე, ჰაინრიხ ბიოლმა მოახერხა.

ყოველთვის ვგიჟდებოდი სასიამოვნო მოულოდნელობებზე. ასე აღმოჩნდა ზაფხულის იმ დღესაც, როცა ცხვირაბზუებულმა გადავშალე "დეიდა ხულია" და წარბაწეული შევუდექი კითხვას.

ლიოსა წერს მარტივი, გასაგები, იუმორით სავსე ენით. რომანში ცხოვრებისეული მოვლენების მიღმა, ჩვენ 50-იანების პერუს ვხედავთ. ვხედავთ ტრადიციებს, მათ დამრღვევებს, საზოგადოების აზრს. ცხოვრების საერთო ფონს, მაშინდელი პერუელების სულიერ მოთხოვნებს, კულტურას, განათლებას...

საერთოდ, მიმაჩნია, რომ რაც არ უნდა კარგად წერდეს, თუ სათქმელი არ აქვს, მწერლის ფასი ნულის ტოლია. კარგი მწერალი კი ვერასოდეს გახდები, თუ კომპლექსი არ გაწუხებს იმიტომ, რომ კომპლექსი აჩენს სათქმელს. ყოველთვის ვამბობ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანული მწერლობა ერთ-ერთი საუკეთესო ეტაპია ლიტერატურაში, რაც სწორედ იმ კომპლექსის ბრალია, გერმანელებს დღემდე რომ მოჰყვებათ.


ჩემი აზრით, თანამედროვე მსოფლიო მწერლობა ცარიელი და, ამავდროულად, დეპრესიულია. თუმცა, გამოვარჩევ რამდენიმე მწერალს, რომლებიც საერთო დეპრესიულ ფონზე, ნებით თუ უნებლიედ, იმ სულერ კრიზისზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც დასავლეთის "სენი" გახდა (პოსტს, პროექტის ფარგლებში, მოგვიანებით შემოგთავაზებთ).

ამ ფონზე, ვფიქრობ, ეს ორი მწერალი გამორჩეულია, რადგან ისინი ნაწარმოებებში აქცენტს საკუთარი ქვეყნების ყოფაზე აკეთებენ. წერენ იმ პრობლემატურ საკითხებზე, რაც მათ ქვეყნებს აწუხებს, სულიერ კრიზისსა თუ ძალადშექმნილ მორალურ ჩარჩოებზე.

არ ვიცი, სხვა რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ ფამუქსა და ლიოსას, გარდა იმისა, რომ, ორივეს აქვს ნობელის პრემია, მათი სანობელო ლექციები, პათოსითა და შინაარსით, საოცრად ჰგავს ერთმანეთს, თავისი ქვეყნის მთავრობებთან ორივეს პრობლემები აქვს (ლიოსას, მგონი, ახლა უშვებენ პერუში, ერთი პერიოდი კი პერსონა ნონ გრატა იყო), ორივე არასასურველი განცხადებების გამო (აქვე: ფამუქის მოსაზრებას, თურქების მიერ სომეხთა გენოციდთან დაკავშირებით, აბსოლუტურად არ ვიზიარებ), ორივეს აქვს ცივილიზირებულ სამყაროში თავიანთ ქვეყნებზე შექმნილი სტერეოტიპების გამო კომპლექსი, ორივე მათ წაშლას ცდილობს და, ამავდროულად, ნაწარმოებებში, თავისი ქვეყნების სუსტ წერტილებს ზუსტად ურტყამენ.

"სტამბოლი" წაკითხული არ მაქვს, თუმცა ჯევდეთ ბეისა და "წითელის" ფონზე, თავისი მიყრუებული ქუჩებით, ხმაურიანი დღესასწაულებით, ნიშანთაშითა და 50-იანებში მოსიარულე ტრამვაით, სტამბოლი შემიყვარდა: ორჰან ფამუქის სტამბოლი...

ის რადიოც მიყვარს, სადაც მარიტო მუშაობს. დადგმები, რომელთა წერამაც სახელგანთქმული ბოლივიელი მეკალმე - პედრო კამაჩო ჭკუიდან გადაიყვანა. პათოსი, რომლითაც მისი რადიოსერიალების შინაარსს აღწერს ავტორი - ნეტავ, თუ იცოდა ლიოსამ, რომ რადიოდადგმები იმ ტელესერიალებად გარდაიქმნებოდა, რომლებიც ათეულობით წლის შემდეგ, ქართულ ტელეეთერს ამოავსებდნენ?!
მიყვარს მირაფლორესი – ლიმას პრესტიჟული უბანი, ძველებური მანქანებით, პლაჟით, მეწამული საღამოებით და ადგილობრივი ახალგაზრდობით.

როგორ შეიძლება, გულგრილი დარჩე, როცა მეათედ კითხულობ სადღესასწაულო სუფრის აღწერას: ბრინჯში ჩაჭრილ ხორცისა თუ ფორთოხლის ქადაფზე სულწასული ადამიანების მზერას გრძნობ. როცა ხედავ, რომ იქ, თეთრ ციხესიმაგრეში, ერთი მეორეს უპირატესობის დასამტკიდებლად ეჯიბრება, სინამდვილეში კი ორივე ერთმანეთზე უარყოფითი გმირია. როგორ შეიძლება, არ შეგძრას საზოგადოებამ, რომელსაც, კვირიდან კვირამდე რადიოთი მოყოლილი უგემოვნო ზღაპრები ასულდგმულებს, კადეტებმა, რომლებსაც სამხედრო სასწავლებელში ცხოვრების ხუთ წელიწადში მთლიანად დაუკარგავთ ადამიანის სახე და თვითგადარჩენის ინსტიქტზე დაყრდნობილ ცხოველებად ქცეულან, ანდა სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებიც ჩინის გადასარჩენად, კადეტის მიერ კადეტის მკვლელობაზე თვალს ხუჭავენ?! როგორ უნდა დარჩე გულგრილი მხატვრებზე, რომლებიც ტრადიციების გადამრჩენის ნიღბებს ამოფარებულნი, დასავლური ელემენტების შეძენას ფარულად ცდილობდნენ და ამისათვის არც მკვლელობის ჩადენას ერიდებიან? ან ბიჭზე, რომელსაც ძაღლის ერთმა კბენამ მთელი ცხოვრება დაუმახინჯა?

ცალკეული შემთხვევები ერთ დიდ, საერთო სახეს ქმნის. სახეს, რომელიც გზარავს.

ყველა ქვეყანას აქვს გარდამავალი პერიოდი. პერიოდი, რომელიც რთული და მტკივნეულია. ლიოსა და ფამუქი სწორედ მასზე წერენ, სტერეოტიპების დანგრევასა და სრულიად ახალი, განსხვავებული და ორიგინალური შეხედულების ჩამოყალიბებას ცდილობენ.

ჰო, როგორც ერთი ბებერი, გერმანელი გენიოსი იტყოდა, აღმოსავლეთი აღმოსავლეთია და, დასავლეთი - დასავლეთი. თუმცა, ორივეს რაღაც აერთიანებს. ეს "რაღაც" იდეაა: თავისუფლებისა თუ შემდგარი სამოქალაქო საზოგადოების იდეა.

P.S. დღეს "კვირის პალიტრასთან" ერთად, დიკენსის "დევიდ კოპერფილდი" გამოვიდა. გადაღეჭილი წიგნების კითხვას კი, ახალი და საინტერესო მწერლების გაცნობა სჯობს, ასე რომ შეავსეთ ბმულები და წაიკითხეთ ძალიან საინტერესო თანამედროვე კლასიკოსები.

ხმა მიეცით თქვენს წიგნს;
აირჩიეთ საუკეთესო.

10 comments:

Jupaaaao said...

სერია "მსოფლიო ლიტერატურის შედევრები და ბესტსელერები" მეც ძალიან მომწონს, განსაკუთრებით ჰარუკი მურაკამის "ნადირობა ცხვარზე" (ტომი III); მეთერთმეტე ტომის გამოცემის შემდეგ რატომღაც შეწყვიტეს ბეჭდვა :/

mecmikvarkhar said...

ლაიქი :) ძალიან კარგადაა ნაწერი

vasasi said...

Jupaaaao: როგორც ვიცი, მურაკამის ტრილოგია აქვს დაწერილი და "ნადირობა ცხვარზე" ბოლო ნაწილია. სიმართლე გითხრა გაუგებარი აღმოჩნდა ჩემთვის, თუმცა იაპონური ლიტერატურისთვის (რომელიც ძალიან მიყვარს) დამახასიათებელი სიმშვიდე აქვს.. :)

mecmikvarkhar: გმადლობ..:)

Natalia said...

აი, ზუსტად - თანამედროვე მწერლების უმეტესობა ცარიელია. ბოლოს არაფერს მიტოვებს და ამიტომ, ეჭვის თვალით ვუყურებ უკვე ყველას. ეს ორი არ მაქვს წაკითხული და ისედაც ძალიან მაინტერესებდა, ახლა უფრო მეტად :)

datoch said...

ra saintereso iko,

მკითხველი said...

არც "მე მქვია წითელი მაქვს" წაკითხული და არც "დეიდა ხულია". ფამუქისგან დასვენება რომ მინდა ზუსტად ვიცი, ლიოსა კი რატომღაც ზაფხულისთვის გადავდე.

ისე ამ ბოლო დროს თანამედროვე მწერლებმა (რამდენიმემ) ისე აღმაფრთოვანა, ჯერ ისევ ვფრინავ :)

vasasi said...

დასვენება რატომ გინდა? :)

არ მოგეწონა თუ საფიქრალი გაქვს? :)

რომელმა მწერლებმა აღგაფრთოვანეს, მითხარი რა.. :))

წავიკითხავ თუ არ ვიცი. მე უელბეკმა გადამიყვანა ჭკუიდან (ბეგბედერზე არაფერს ვამბობ)..

anosmagazine said...

ფამუქი ქვეყნიდან გამოდევნილი არ არის და სტამბულში ცხოვრობს და უმანკოების მუზეუმზე მუშაობს. ჩუქურჯუმას ქუჩაზე, სადაც მუზეუმია განთავსებული, ხშირად ჩნდება ხოლმე. ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები მემგონი მის ოჯახზეა და ძალიან მინდა რომ წავიკითხო. კარგი დაწერილი პოსტია. ძალიან მომეწონა!

Lord Vader said...

სამი თვეო? მე ზედიზედ ვშთანთქი რამდენიმე რომანი.

აქამდე, ალბათ სტამბოლიც წაიკითხე თუ არა?

vasasi said...

კი, სტამბული, სანამ ითარგმნებოდა, მანამ წავიკითხე.
შავი წიგნიც წაკითხული მაქვს. :)

სამი თვე იმიტომ ვკითხულობდი, ჯერ ვიზოგავდი, მერეც, არ მქონდა ადვილი პერიოდი და ვერც გულს ვუდებდი. :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger