Sunday, March 20, 2011

"პროფილი", ალტერნატივა და რეალური ვირტუალური სამყარო

ნანუკა ჟორჟოლიანისაგან განსხვავებით, მაია ასათიანზე ერთადერთი პოსტი მაქვს დაწერილი. პოსტი, რომელიც ერთი წელია, ტოპათეულშია.

მოდი, შევთანხმდეთ, რომ სოციალურ ქსელში დაფიქსირებულ, აქტიური მოქალაქეების, დაახლოებით, 90%-ს, ინტელექტუალობაზე პრეტენზია აქვს. უყვარს დარიგებებისა და რჩევების ფრქვევა, თავით ეშვება კამათში და ზოგჯერ საინტერესო აზრებსაც აფრქვევს..

ჩვენ, 90%, დეკლარაციის მიღებისა და ზედ ავტოგრაფის აღბეჭდვის გარეშე შემდეგზე ჩამოვყალიბდით:

1. ქართული ტელევიზია არის ნაგავი;
2. ქართველი ჟურნალისტები არიან ნაგვები;
3. "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ" არის ნაგავი;
4. "პროფილი" არის ნაგავი.

ამ ფრაზებს ვიმეორებთ ყოველთვის, როცა ეს გადაცემები ეთერში გადის. ამ დროს, ჩვენი ნერვების დასაცავად, ვირტუალური მეგობრები სხვადასხვა ალტერნატივას გვთავაზობენ:

  • "რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები..." (c) ის გალაკტიონი.
არ ვუყუროთ გადაცემას. საღამოს ათ საათზე წავიკითხოთ წიგნი, ვეჩეთაოთ მეგობრებს, დავურეკოთ ნათესავებს, პატივი ვცეთ ჟურნალისტის შრომას, რომელმაც მთელი კვირა ტვინი (თუ ასეთი რამ თავში მოეპოვება), ენერგია, დრო და ნერვები დახარჯა და შექმნა "პროფილი" თავისი ლირიკული გადასვლებით.

შედეგი: ნერვები გვაქვს წესრიგში, არ გვაქვს აგრესია მაია ასათიანის მიმართ. პირიქით: ზოგჯერ შეიძლება კიდეც გავიფიქროთ: ღმერთო ჩემო, რა საყვარელი, სუსტი და დაუცველია ეს ქალი?

  • უყურე, გაერთე, იხალისე, დასცინე
რა თქმა უნდა, ღიმილის გარეშე ვერ უყურებ, როგორ დაჯლაგუნობს სქელ ქუსლებზე შემდგარი, მოკუზული და გაძვალტყავებული მაია ასათიანი სტუდიაში;
 აუცილებლად გაგეცინება მის არაამქვეყნიურ, სლოკინისმაგვარ სიცილზე;
 როდესაც ჟურნალისტიკაში მთავარ კითხვა "რატომს?" უადგილო და შეუფერებელ მომენტში დასვამს, რა თქმა უნდა, იტყვი, რომ ეს ქალი იდიოტია და ან გადაბჟირდები, ან ლანძღვა-გინების კორიანტელს დაფრქვევ.

შედეგი: მთელი დღის ან კვირის განმავლობაში დაგროვილ უარყოფით ემოციებს, გადაცემის მსვლელობის დროს, გამოვთქვამთ, დავიცლებით და შვებას ვიგრძნობთ. მეორე დღეს კი ენერგიით შევეჭიდებით საქმეებს. 
  • პულტი
ეს არაჩვეულებრივი გამოგონება ყველაზე მეტად იცავს ჩვენს ნერვებს. ოღონდ არა ყველას შემთხვევაში. მოგეხსენებათ, ქართულ ტელესივრცეში არცთუ დიდი არჩევანი გვაქვს. არ ვუყუროთ "პროფილს", მაშინ უნდა ვუყუროთ "შუა ქალაქს", სოციალურ რეკლამებს სსმ-ზე, აქუს "კავკასიაზე", ან, უკეთეს ვარიანტში, ტელევიზორი გამოვრთოთ და "დავყრუვდეთ ვითარცა ყრუნი" (ც) ამ წუთას მოგონილი სიბრძნე.

უფრო ინტელექტუალური ადამიანები უცხოურ არხებს გვირჩევენ. მაგალითად, "დისქავერის", "BBC"-ს, "NBC"-ს, "ZDF"-ს და ა.შ. მაგრამ რა ვქნათ ჩვენ, მდაბიოთ, როცა არც ინგლისური ვიცით (კომპუტერი კიდევ ჰო, ვცოდვილობთ), არც გერმანული, არც კაბელური ტელევიზია გვაქვს და არც მულტფილმები გულის გადასაყოლებლად?

შედეგი: ამდენი გადართვა-გადმორთვა-ჩართვა-გამორთვით, პულტი ტელევიზორზე ადრე ფუჭდება და მერე სულ უტელევიზოროდ ვრჩებით. უკეთეს ვარიანტში - უპულტოდ.

მიუხედავად იმისა, რომ ვირტუალურ სამყაროში ნიკებს რეალური ადამიანები ვეფარებით, ეს ორი სხვადასხვა სივრცეა, სადაც სხვადასხვანაირად ვართ დაფიქსირებულები. დღეს ჩვენ ხშირად გვესმის, რომ სოციალური მედია დიდი ძალაა, რომ მას შეუძლია ბევრი რამის შეცვლა და ა.შ. მაგრამ როდესაც საქმე რეალურ სამყაროს ეხება, ძალიან ხშირად, ვირტუალური სამყაროს ე.წ. ნაღები საზოგადოება სუსტი და არაქმედითი ხდება.

რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როცა ჩვენ ჩვენი აზრის დაფიქსირებისა და გამოხატვის საშუალება სადღაც მაინც გვაქვს, მაგრამ საკითხავია, რამდენად ახდენს ეს საზოგადოებაზე გავლენას?

როდესაც მე ვაკრიტიკებ მაია ასათიანს, ნანუკა ჟორჟოლიანს, "რუსთავი 2-ს", "იმედს" თუ "BBC"-ს, ბლოგის მკითხველების სრული შემადგენლობა თავს მიქნევს და ჩემთან ერთად ვიშვიშებს.მეც, გამომდინარე იქიდან, რომ არ მიყვარს ერთი ადგილის ტკეპნა და ერთი და იმავეს 45345245-ჯერ გამეორება, ვცდილობ, აღარ ვწერო.

ამასთან ერთად, ბლოგებს კითხულობენ ზემოთმოყვანილი ადამიანები, რომლებიც არსებითად მეთანხმებიან და რომელთა ხვედრითი წილი, მოსახლეობის რაოდენობის ფონზე ძალიან ცოტაა. ჩემი აზრი გაუგებარი რჩება უმეტესობისათვის. ადამიანებისათვის, რომლებიც დაფიქრებას საჭიროებენ. შესაბამისად, ჩვენი წერა ბლოგებზე და ვიშვიში, არ არის ქმედითი.

ადამიანის ბუნება, ზოგადად, ასეთია. სწამს, სჯერა და შეიგრძნობს იმას, რაც ხელშესახებია. :ურწმუნოთომასსმაილი: უნდა დამეთანხმოთ, რომ კლავიატურას ამოფარებულები გაცილებით კომფორტულად ვგრძნობთ თავს კრიტიკისას, უფრო გაბედულად ვებმებით კამათში, ვიდრე პირისპირ.

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ პროტესტი ქართული ტელევიზიების მიმართ უნდა გასცდეს ვირტუალურ სამყაროს. არ არის აუცილებელი, დავდგეთ აქციაზე ან პანელზე. შეგვიძლია, დავბეჭდოთ სტიკერები, გავავრცელოთ ქალაქში, გავაკრათ ბოძებზე, გადავიღოთ ვიდეოები, გავავრცელოთ ინტერნეტით, ტელეფონებით, პერიოდულად მოვაწყოთ რაღაცა ტიპის აქციები რეალშიც.

თორემ ასე ენისა და გულის მოფხანა, ასევე, მაიასა და ნანუკაზე წერის ხარჯზე ბლოგის ვიზიტორების გაზრდა, არაქმედითი და, როგორც მინიმუმ, არაეთიკურია.

3 comments:

Katiee.Ge said...

love you Vassasiko,
შემპირდი , რომ ოდესმე დიდ ჟურნალისტიკაში მოხვალ :)

vasasi said...

გპირდები, ეკა.. me too..<3

Anonymous said...

ადამიანების უმრავლესობა, როგორც წესი, იჯერებენ მხოლოდ იმას რაც თვითონ უნდათ რომ მოხდეს (იყოს, ჰქონდეთ თუ ა.შ), ამიტომაც ერთი და იგივე ტყუილით შეგიძლია დღეში 3-ჯერ ატყუო... მთელი ცხოვრება, ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ არ უნდა რაც არ უნდა ანახო მაინც არ დაიჯერებს. ამიტომ ნურავის გამოსწორებას ნუ ვეცდებით, ნერვები დავიწყნაროთ, რომ ჩვენც "გამოუსწორებელთა" სიაში არ მოვხვდეთ. :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger