Thursday, March 31, 2011

"იმედი" მოერევა თუ პენტაგონი?


მართალია, მიკერძოება ჩემგან შორს არის, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით, ამ კვირაში "მრავალკუთხედის" თბილისის სიუჟეტს ჩემი მეწყვილე აკეთებს. რა თქმა უნდა ერთობლივად ვმუშაობთ, უბრალოდ, პროდუქტში უფრო მეტი დათოა, ვიდრე თამუნა.

სიუჟეტი ქართულ მედიაგარემოზეა. გადასაფარ კადრებად ტელევიზიების ხედები გვჭირდებოდა, ამიტომ დავრეკეთ შესაბამის სატრანსპორტო განყოფილებაში და ტელევიზიების დასალაშქრად გავემგზვრეთ.

თან გვაქვს კამერა, შტატივი და ვაითბალანსი, ჩვენი საყვარელი მძღოლი შეგვხვდა, რადიოში რაღაცებს ვუსმენთ და, მოკლედ, ვგულაობთ. პირველი გაჩერება სსმ იყო. შენობა ყველა კუთხიდან უპრობლემოდ გადავიღეთ, ასევე ერორის ყოფილი შენობა, რომელსაც ისევ ამაყად აწერია "რუსთავი 2" და დავიძარით შორეული დიღმისკენ.

2010 წლის ყველაზე რეიტინგული არხის თავზე წამოსკუპულმა ლოგომ შორიდანვე მოგვჭრა თვალი. მანქანა გავაჩერეთ, გადმოვედით და გადაღება დავიწყეთ. დავამთავრეთ კიდეც, როცა მანამდე დაცვის ჯიხურში მშვიდად მჯდომი თანამშრომელი აუჩქარებელი ნაბიჯითა და საქმიანი სახით მოგვიახლოვდა და ერთი წუთითო, ხელით გვანიშნა.

ვინაიდან ტელეკომპანია "იმედის" მიმართ ისეთი დამოკიდებულება გვაქვს, როგორც ნებისმიერ ჯანსაღ ადამიანს, ჩვენი რეაქცია ადეკვატური გახლდათ.

- ვინ ხართ, საიდან ხართ და რას იღებთ? - გვეკითხება დაცვის თანამშრომელი ისე, მეგონა, პენტაგონის ტერიტორიაზე დაუკითხავად შევიჭერი.

საკმაოდ გამომწვევი ტონით პატაკის ჩაბარების შემდეგ, ტიპმა პრესკარტები და პირადობის
მოწმობები არათუ ჩვენ, ტაქსის მძღოლსაც კი მოსთხოვა (ბედად, დათოს და მძღოლს პირადობის მოწმობები აღმოაჩნდათ, აი მე კი კინაღამ ტელევიზიის ტერიტორიაზე უკანონო შეჭრისთვის დამაკავეს. ბედად, მაგ არხზე, ჩემს სიცოცხლეში ფეხის შემდგმელი არ ვარ და ახლაც გარეთ ვიდექი). პირადი ნომრები მანამ არ ჩაიწერა, სანამ შენობის სიღრმიდან დაცვის უფროსი არ გამოვიდა ხუთი თანმხლები პირით.

არ ვიცი რამდენად შედის დაცვის თანამშრომლის კომპეტენციაში, რომ გაერკვეს, რა ტიპის სიუჟეტს იღებენ კეთილისმსურველები, მაგრამ ვფიქრობ, გაგვიმართლა, სარეჟისორო სცენარი რომ არ მოგთხოვეს (ლიტერატურული კი მოვუყევით ზეპირად).

ყველაფერი კი მშვიდობით დამთავრდა, მაგრამ "იმედის" არაპროფესიონალიზმი თუ დაცვაზეც ვრცელდებოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რადგან ჩვენ ტელევიზიის შენობაში არ შევსულვართ, შენობის გარედან კი რასაც მინდა იმას გადავიღებ და არავის აქვს აკრძალვის უფლება..

დღევანდელი შემთხვევის შემდეგ, კიდევ უფრო გამიმყარდა ეჭვი, რომ ეს ტელეკომპანია ერთი დიდი, ექსპერიმენტულ-სასწავლო ცენტრია, რომელიც პირველკურსელ ჟურნალისტებს აერთიანებს და სადაც სწავლების პროცესში ყველაფერი მოსულა, თუმცა პატარა ცდომილებით: პირველკურსელებისგან განსხვავებით, აქ ჟურნალისტები შეცდომებზე არ სწავლობენ.



3 comments:

Katiée.Ge said...

მდაჰ ...

taa said...

gagimartlat faqtiurad :D :D :D

მოლი ბლუმი said...

2007-ის შემდეგ არ მიყვარს ეგ ტელევიზია და როგორც ჩანს, სამართლიანად არ მიყვარს.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger