Monday, April 4, 2011

ჩემი 90-იანები

პირველი, რაც 90-იანების გახსენებაზე მომდის თავში, ეს სიბნელეა, სიბნელე და სიცივე, რომლის ფონზეც ნელ-ნელა ტივტივდება ლამპის შუქით განათებული მოგონებები.

მახსოვს ზამთარი, ფანჯრის მინაზე ცხვირაკრული მე. გაციების შიშით გარეთ არ მიშვებდნენ და იძულებული გახლდით, ასე ვმჯდარიყავი. ცა ჭუჭყიანი ჩანდა, რადგან ფანტელები მტვერივით ცვიოდა. ოთახში ტელევიზორი იყო ჩართული, "ალიონი" ჭუბერზე გაყინულ დედა-შვილსა და ნაომარ რუსთაველის გამზირს აჩვენებდა;

მახსოვს პურის რიგი. მიყვარდა იქ დგომა, რადგან ჩემი მეგობრის ბებოს ვხვდებოდით. ხანდახან მაკაც მასთან ერთად იყო და ვერთობოდით;

მახსოვს პურის სხვადასხვა რიგებში ჩამდგარი ოჯახის წევრები, ღამე სახლში მარტო დატოვებული, მძინარე ჩემი ძმა. იმ დღეს მე და დედა პურის რიგში წავედით;

მახსოვს, დედა სულ მენატრებოდა. გორში არ მუშაობდა მაშინ. მატარებლით დადიოდა (სხვა ტრანსპორტი არ იყო), რომელზეც ხშირად ითიშებოდა დენი და საათობით იდგა გაჩერებული. დედა დილით რომ მიდიოდა გვეძინა და ხშირად დაბრუნებულს დაძინებულები ვხვდებოდით;

მახსოვს, როგორ მეზიზღებოდა ბაღი და ყველაფერი, რაც ბაღში მშობელთა კრებასთან იყო დაკავშირებული. დედაჩემს არ ეცალა. ამიტომ, ხანდახან მამა მოდიოდა, ხანდახან მამიდა, რამდენჯერმე ბებოც იყო. მე კიდევ, დედა მინდოდა მოსულიყო იმიტომ, რომ სხვების დედები იყვნენ ირგვლივ;

სკოლაშიც მახსოვს მშობელთა კრებები: სხვების მშობლები ხშირად დადიოდნენ, კრებებზე ბევრს ლაპარაკობდნენ, ერთმანეთთან დაქალობდნენ. დედაჩემი მოდიოდა, ჯდებოდა, ისმენდა, მიდიოდა. სულ ვბრაზობდი. მინდოდა, ჩემი კლასელების მშობლებთან ემეგობრა, მასწავლებელს მილაქუცებოდა, ეაქტიურა. ამდენი წლის შემდეგ ვხვდები, რომ დედაჩემი თუნდაც სკოლის კრებების გამო, ძალიან მაგარი ქალია და მშობლებისგან ჩვენს განსხვავებაზე რაც არ უნდა ვიქაჩებოდეთ, მაინც მათნაირები ვართ და ეს სულაც არ არის ცუდი; :)

მახსოვს, ჩემი ძმა და ჭიდაობა. მისი ლოდინის დროს, სპორტსკოლაში წაკითხული პინოქიოსა და ლურსმანას თავგადასავალი;

მახსოვს, ადრეულ ასაკში, ლამფისა და სანთლის შუქზე წაკითხული "დონ კიხოტი", "გულივერი" თუ "ოდისევსი";

მახსოვს თვეში ერთხელ, ნახევარი საათით მოულოდნელად მოსული სინათლე, რომელიც გაუცხოვების გრძნობას მიჩენდა;

მახსოვს ძალიან ლამაზი და საინტერესო ზღაპრები, რომლებსაც 90-იანების გრძელ ზამთრებში მამა ძილის წინ გვიყვებოდა;

მახსოვს კონცერტები, რომლებსაც ზაფხულობით ვდგამდით მე, დათო, სოსო და თეონა;

მახსოვს, ნაწილობრივ რომ გავიგე, როგორ ჩნდებიან ბავშვები; :))

მახსოვს ჭიქის ჩამოსასხმელი ნაყინი, რომელიც ჭავჭავაძის ქუჩის კუთხეში იყიდებოდა და ძალიან მაგარი გემო ჰქონდა;

მახსოვს ვაფლები და პეჩენიები, რომლებსაც ცეცხლი ეკიდებოდა; :))

მახსოვს ლამფები; კერასინკები, წიწიბურა, მაკარონი, ბრინჯი;

მახსოვს ყველაზე დიდი სასჯელი დედაჩემისგან: გაბუტვა (ხელი არასოდეს დაუკარებია არც ჩემთვის და არც ჩემი ძმისთვის);

მახსოვს მამას სამსახურში გატარებული დღეები (ერთი პერიოდი, რატომღაც, ყველა საბავშვო ბაღი დაიკეტა გორში და გავაწამეთ მშობლები), მბეჭდავი ქალი, საბეჭდი მანქანა, მასზე კაკუნი და ჩემი საყვარელი ასო-ბგერა "ჭ";

მახსოვს ჩემი პირველი ზღაპრების წიგნი: დიდი, ფერადი და ნახატებიანი;

მახსოვს ჩემი დაწერილი პირველი და უკანასკნელი ლექსი (არცთუ ურიგო, სხვათაშორის);

მახსოვს ლამაზი კაბები და დედაჩემის პარფიუმერიის გემო (ვგიჟდებოდი ფერად რაღაცებზე და ყველაფერს ვჭამდი);

მახსოვს ჩემი დაბადების დღეები, რომლებზეც ყოველთვის ვგიჟდებოდი;

მახსოვს ადამიანები, რომლებიც ჩემ გარშემო იყვნენ და ახლა აღარ არიან;

მახსოვს დღე, როცა მამა წავიდა მოსკოვში;

მახსოვს დეპრესიის ის რამდენიმე თვე სანამ ჩამოვიდოდა, იმიტომ, რომ ძალიან მენატრებოდა, იმიტომ, რომ მამაჩემი მსოფლიოში ყველა ადამიანზე მეტად მიყვარდა მაშინ, მიყვარს ახლა და მერეც ასე მეყვარება. :)

მახსოვს ჩემს კლასელის დედის გაკეთებული კატლეტების გემო (ყოველთვის კატლეტი რატომ ჰქონდათ საჭმელად, დღემდე არ ვიცი);

მახსოვს ჩემი მეათე დაბადების დღე, რომელიც 90-იანებში მოჰყვა და რომელზეც, ჩემთვის ავტორიტეტმა ადამიანებმა, პირველად მითხრეს, შენი დიდი იმედი გვაქვს მომავალშიო. ისიც მახსოვს, რამხელა პასუხისმგებლობა ვიგრძენი ამ სიტყვებზე (ახლაც რომ მიმეორებენ, სულ იგივე შეგრძნება მიჩნდება რაც ათი წლის წინ და ისევ მაშინდელივით მიპყრობს შიში იმისა, ვაითუ, ვერ გავამართლო იმედები);

სიბნელეში გამოკრთალ, ლამფის შუქით განათებულ მოგონებებს ისევ სიბნელე ფარავს. არ ვიცი, შეიძლება საკმარისზე მეტი გიამბეთ ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ. დარწმუნებული ვარ, ხვალ რომ თვალს გადავავლებ, შემრცხვება და საკუთარ თავზე გავბრაზდები. ალბათ, რამდენ თქვენგანს გავუცრუვებ იმედს, სათაურის ნახვისას სარკასტულ-იუმორისტულ-კრიტიკული პოსტის მოლოდინში, ეს უცნაური ნაბოდვარი რომ დაგხვდებათ. თუმცა არის ცხოვრებაში მომენტები, როდესაც გინდა, მითები დაამსხვრიო და საჯაროდ აღიარო:

მე არასოდეს ვყოფილვარ ინდიგო ბავშვი მე 90-იანების თაობა ვარ.


12 comments:

Unknown said...

sweet-თქო, როგორ ვთქვა მაგრამ მაინც ჩვენი 90-იანები, აუ საგაზაფხულო კონცერტები რომ მახსენდება, მთელ აფიშას ვაკეთებდით და კორპუსის ყველა სართულზე ვაკრავდით :)) ე.წ. ,,სიგუას" ნამცხვარი არ გახსოვს? :))

vasasi said...

არა, სიგუას ნამცხვარი არ მახსოვს, სამწუხაროდ.. :(

აფიშებს ჩვენც ვაკეთებდით და სხვადასხვა ქუჩზე ვაკრავდით ახლომახლო..
ბანდებად ვიყავით დაყოფილები ქუჩების მიხედვით ბავშვები და ჩვენი ქუჩა ყოველთვის იჩაგრებოდა: ოთხი ბავშვი ვიყავით მარტო.
ზოგიერთ ქუჩაზე კი მთელი ჯოგი იყო.. :დ

Ilya said...

არ ვიცი, შეიძლება საკმარისზე მეტი დაწერე, მაგრამ ძალიან დიდ პატივს გცემ ამ პოსტისთვის!

Da-v-iD said...

მშვენიერია :)მე მგონი 60-იანებიც რომ ყოფილიყო მაინც ასე მოვიგონებდით... რაღაცნაირი სითბოთი... ბავშვობა ალამაზებს ყველაფერს :) ისევე როგორც ჩემს 90-იანებს :)
http://www.mtvarisklubi.com/2010/06/90.html

მოლი ბლუმი said...

ოთხმოცდაათიანები ჩემთვის მთლად ბავშვობის დრო არ ყოფილა, სკოლა 95-ში დავამთავრე, ამიტომ პურის რიგები, უშუქობა, პირველი არხის პროგრამა, ნაცრისფერი და დაცარიელებული ქუჩები, სიცივე,მხედრიონი და ლტოლვილები კარგად მახსოვს.

ჩემი ბავშვობა ამასთან შედარებით, ბევრად მშვიდი და ნათელი იყო - პატარა მყუდრო ქალაქი, კვირაობით - საბავშვო კინოთეატრის (ასეთიც იყო!) სეანსები, პლომბირის ნაყინი ყვითელ მაღაზიაში,რძის კოქტეილი, ხურდა ფულით ნაყიდი წიგნები, ბულვარის ატრაქციონები, შაბათ საღამოს - "ილუზიონი" და არდადეგებზე - სატელევიზიო კინოდარბაზი "ცისკარა"...

ცუდი ბავშვობა ნამდვილად არ მქონია :)

Taknatuna said...

კრებებზე რომ დაწერე დედა გამახსენდა მეც უცბად, ძალიან იშვიათად დადიოდა ხოლმე სკოლაში,იცოდა რომ კარგად ვსწავლობდი, მასწავლებლებს შენიშვნები არ ჰქონდათ ჩემთა და ა.შ და ამიტომაც ძალიან იშვიათად გამოანათებდა ხოლმე. ბოლოზარზე რომ მოვიდა ძალიან გამიკვირდა, ქამდე არ უვლია და ახლა რამ მოიყვანა თქო. მეც ბევრი მოგონებები მაქვს 90იან წლებთან. რა დამავიწყებს შეძახილებს, (ურა , ურა ცხვირი გაგემურა) როცა შუქი მოვიდოდა, ან კიდევ სანთლის შუქზე მეცადინეობას, ან თჲნდაც იასაამნისფერ ბუშტებს, რომელიც იმდენად იშვიათობა იყო, რომ ერთხელ ერთ მაღაზიაში ბევრი იასამნისფერი ბუშტი მიიღეს, მთელი უბანი იასამნისფრად ანათებდა :))) ყველა ერთმანეთს ვახარბებდით,

tamaRa said...

ვაჰ, ვაჰ, რა ნოსტალგიური პოსტები გაქვს ამ ბოლო დროს :)
დედაჩემის პარფიუმერიას მეც ვემტერებოდი, მაგრამ არ მიჭამია, სახეზე ვიგლესდი განურჩევლად ყველაფერს...
ბაღიც არ მახსენდება ცუდად, პირიქით, მიყვარდა იქ სიარული. სულ რამდენიმე დღის წინ მეგობრები ვიხსენებდით ბაღის პერიოდს და გაუკვირდათ, რომ ვუთხარი, რომ ჩემი ბაღის სუპს კარტოფილიც ჰქონდა და მაკარონიც :)
დაგიმეზობლებივარ! დიდი მადლობა! :) :*

vasasi said...

@Ilya: დიდი მადლობა.. :)

დავით, წაკითხული მაქვს შენი ეგ პოსტი.. :*

მოლი ბლუმი: უი, შენ კარგი ათი წლით დიდი მაინც უნდა იყო ჩემზე.. 95-ში სკოლაშიც კი არ დავდიოდი მე.. :))

Taknatuna: სკოლაში მეც გადასარევი ვიყავი, მაგრამ დედაჩემს არ ეცალა და იშვიათად მოდიოდა ხოლმე. როცა დედა არ იყო კრებაზე, ტავი ობოლი მეგონა.. ;დ

tamaRa: რისი მადლობა.. :შ

Anonymous said...

გუშინ ელვისში გნახე :))

vasasi said...

ეჰ, ადამიანს ორი პორცია მექსიკური ვერმიშელი და სამი ნაჭერი ნამცხვარი ისე ვერ გიჭამია, ვინმემ არ შეგნიშნოს.. :ღორმუცელა:ა

კი არა, რატომ არ მოხვედი და არ შემანჯღრიე, ანონიმუსო?

გამიხარდებოდა შენი ნახვა/გაცნობა.. :))

ankusi said...

მეგონა ჩემს ნაწერს ვკითხულობდი. განსაკუთრებით დედაზე, დაბადების დღეებზე, შუქთან გაუცხოებაზე,ლამფაზე, წიგნებზე,ყველაფერზე... რაღაცნაირები ვართ ეს 90-იანების ხალხი და ძალიან განვსხვავდებით ახლანდელი ბავშვებისაგან.

1weli said...

რამდენი რამე გამახსენა ამ ერთმა უწყინარმა პოსტმა.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger