Saturday, April 2, 2011

სერიალები გარდასულ დღეთა...

90-იანები ყველას გამოვლილი გვაქვს. ზოგს ცხადად გვახსოვს, ზოგს ბუნდოვნად. მეხსიერების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, პურის რიგშიც ყველა ვმდგარვართ, ზამთარში უშუქობის გამო საღამოს შვიდ საათზეც ყველას დაგვიძინია და ასე გადიოდა დრო მანამ, სანამ ერთ მშვენიერ დღეს, ნახევარი საათით გამშვებული დენის დროს ფუნქციადაკარგულ ტელევიზორში ეს ჰანგები არ გაისმა:


საღამოობით ხშირად ითიშებოდა სინათლე. მახსოვს, დილაობით მოდიოდა მარტო და ხალხი სერიალის გამეორებას უყურებდა, მე კი, გამომდინარე იქიდან, რომ მაგ დროს ჩემი მშობლები სახლში არ იყვნენ, იძულებული გახლდით, კლასელების მონაყოლს დავჯერებოდი (თან მორცხვი და გასაცოდავებული ბავშვი ვიყავი და კითხვებს არ ვსვამდი. ისინი რომ ლაპარაკობდნენ იმას ვუგდებდი ყურს).

ამ სერიალში მახოვს მონიკას და, რომელიც ძალიან მომწონდა (თმები ჰქონდა უცნაურად დახვეული და ყოველთვის ფუმფულა კაბები ეცვა, რაზეც ჭკუა მეკეტებოდა), სამწუხაროდ, სახელი არ მახსოვს რა ერქვა. კიდევ, მსუქანი კაცი, ბაუტისტა ერქვა და ჩემს ძმას ვაბრაზებდი ხოლმე, რადგან ფუმფულა და საყვარელი იყო (ნუ, ახლაც ასეთია, მაგრამ ბავშვობაში უფრო ფუმფულა ძმა მყავდა.. <3).

ერთი პერიოდი, ხალხი ჭკუიდან გადაიყვანა ამ სერიალმა. მახსოვს, რამდენს ლაპარაკობდნენ ქალზე, რომელმაც შვილს ხუანი დაარქვა (მთავარი გმირის პატივსაცემად).

სერიალი რომ მთავრდებოდა, მთელმა ერმა სადღაც დიადი წერილი გაგზავნა, რომ საფინალო სერიების დროს შუქი ყოფილიყო. მახსოვს დიქტორი (დიახ, მე დიქტორებსაც მოვესწარი), რომელმაც გვაუწყა, ახლა "ველური გულის" სერიებს გთავაზობთ, სამწუხაროდ, ბოლოსო.

"ველური გულის" გაციება არ გვაცალეს და მაშინვე ახალი სერიალი გვტყვლიპეს, შანსი არაა არ იცოდეთ "კასანდრა".


კასანდრა ძალიან მომწონდა გარეგნობით, თან სპილოზე იჯდა ხოლმე, თან ჭრელი კაბები ეცვა და ლამაზი ბიჭი უყვარდა (ახლა რომ ვუყურებ ამ ვიდეოს, სირცხვილისგან სად დავიმალო, არ ვიცი, მაგრამ რას ვიზამ, ეს ჩემი წარსულია). სხვათაშორის, პირველი შოკი ამ სერიალში მივიღე, როცა ტიპები ახალ წელს ზაფხულის ტანსაცმლით ზეიმობდნენ და მაშინ გავაცნობიერე, რომ სამყარო ძალიან დიდი იყო და რომ ეს ყველაფერი საქართველოში კი არ ხდებოდა, არამედ სადღაც ქვეყნის დასალიერში.

სერიალი ბოშებსა და მოხეტიალე ცირკზე იყო. ერთი ინვალიდი გოგო მახსოვს, მოსამსახურე ქალი, რომელსაც ოფელია ერქვა. დარიდა (თუ დარინდა), კასანდრას ბებია, რომელიც მკითხავი იყო და მეტი არავინ. ცხოველები კიდევ.. :)

შემდეგი სერიალი "დინასტია" იყო. აქაც ერთი გოგო მომწონდა, მაგრამ ვინ იყო არ მახსოვს, მგონი, ჭაღარა კაცის შვილი იყო, მერე უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს თუ რაღაც, მოკლედ...

ბოლო ლათინოამერიკული სერიალი რაც ვნახე, ეს იყო "კლონი".


მახოვს ამ სერიალის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟიც. სხვათაშორის, "კვირის პალიტრაში" დაბეჭდილი პუბლიკაციაც, რომ ეს სერიალი ქრისტიანობას გვართმევდა. და ახლა ვხვდები, რომ ძალიან ცუდი და არაფრისმომცემი სტატია იყო. ეს რომ გადიოდა, ერთი 14-15 წლის კი ვიქნებოდი უკვე.

მას შემდეგ არაფერი მინახავს მანამ, სანამ ერთ მშვენიერ ღამეს ბუზღუნა და საზიზღარი ექიმი არ აღმოვაჩინე.

პრინციპში, რატომ არ უნდა იყოს ეს ტეგ-თამაში? მე ძალიან მაინტერესებს თქვენი სერიალები და მოგონებები მათზე. გთხოვთ, მომიყევით თქვენი ნამდვილი ამბავი და ლინკების მოცემა არ დაგავიწყდეთ.


14 comments:

Unknown said...

ჰე ჰეე რა დრო იყოო :))) იმ სერიალს რა ერქვა 8 წელი რომ გადიოდაა? სანტა ბარბარა მგონი თაობები გაიზარდნენ მაგაზე :)))

vasasi said...

სანტა ბარბარას, პროსტა მარიას და კიდევ რაღაცებს, სამწუხაროდ, ვერ მოვესწარი საპატიო მიზეზის გამო: მაშინ ფიზიკურად არ ვარსებობდი მგონი.. :))

ჰოდა, დაწრეთ თქვენც, მე ყველაფერი მაინტერესებს. ეგ სერიალებიც კი.. :))

tamaRa said...

რას ამბობთ, სანტა–ბარბარაზე ლეგენდები დადიოდა, თურმე ერთმა მოხუცმა ქალმა ტელევიზიაში დარეკა, მე მაგის დასასრულს ვერ მოვესწრები და გეხვეწებით, მითხარით, როგორ მთავრდებაო :)
მონიკას დას ჰაიმე ერქვა :) მე ანდრესის დედის – სოფიას ნაწნავშემოხვეული პრიჩო მომწონდა :)
"უბრალოდ მარიაც" მახსოვს და საზიზღარი ლორენაც :)
აი, "ველური გული" სხვანაირად იწყებოდა თავიდან, ეს ჩვენი ხუანჩო კაპიტნის ბოგურაზე იდგა, თმა უფრიალებდა და რაღაც ისეთი მუსიკა ედო, საგმირო საქმეებს რომ გასდევს ხოლმე ფონად :)
მე "ნარჩიტაც" მიყვარდა, თურქული სერიალი; წიგნი მერე წავიკითხე...
რა ცინცხალი მეხსიერება მქონდა, სულ დავჩლუნგდი :(

vasasi said...

ვაიჰ, შევრცხვი ძვირფასო მკითხველებო..

რამდენი რამე არ მცოდნია.. :(


ნარჩიტა არ ვიცი, სანტა მარიასა და ბებოზე რაღაცა გაგებული მაქვს.. :)

ნათია said...

მე ეს სერიალები მიყვარს: Универ,папины дочки. ახლა "gossip girl" ყურება დავიწყე და ძალიან მომწონს :))
P.S კლონი ჩემ ბავშვობაში გადიოდა :D

tamaRa said...

დავწეროო, არ დავწერო :ჭოჭმან:

vasasi said...

დაწერე, თამარა!..

LiLaC said...

ავტომატურად ვითაგავ თავს, იმიტომ რომ ძალიან ”სერიალა” ბავშვი ვიყავი
:))

vasasi said...

გამაგებინე მერე რომ დაწერ, მაინტერესებს.. :)

ბუშკა said...

ა ბატონო, ჩემი სამარცხვინო წარსული და მგონი აწმყოც :DDD http://bushka-bushka.blogspot.com/2011/04/blog-post_02.html
სანტა ბარბარაზე თაობები გამოიზარდნენ, მეც მახსოვს ბუნდოვნად :)

Andy said...

მე ამაზე ვიყავი მაგარი შემჯდარი http://www.youtube.com/watch?v=w5V8pu4Y7xM ისე საკმაოდ კარგი ტვნოველა იყო მაშინ.

tamaRa said...

აი, თუ არ დავწერე :P :P :P :P
http://dinamiti.wordpress.com/2011/04/03/telenovelas/

მოლი ბლუმი said...

იზაურათი დავიწყე. მერე სანტა-ბარბარა, კასტროს და ლოპესის მექსიკური სერიალები, მერე რაღაც ვენესუელური მახსოვს, ასუსენა ერქვა მთავარ გმირს, ველური გული და კასანდრა... ამ ბოლო ორზე, ძირითადად, გადმოცემით ვიცი. აღარ მინახავს. კლონი, ჰაუსი და სიცრუის თეორია წინამორბედებს ათასგზის ჯობია, მაგრამ ნტვ+-ის კინოარხებთან კონკურენციას მაინც ვერ უძლებს.

ბოლო სერიალი მეგობარმა მირჩია. ახალი "შერლოკი". სულ სამი სერიაა გადაღებული. გადმოვწერე და შაბათ-კვირას ვუყურებდი. ძალიან მომეწონა.

დიქტორებს მეც მოვესწარი. მოვესწარი კი არა, გვარებიც მახსოვს. ჩვენებიც და რუსებიც და ხანდახან ის ძველი ტელევიზიაც მენატრება.

ნინო said...

მონიკას დას ერქვა "ჰაიმე" :) უარყოფითი პერსონაჟი იყო და როგორც ხდება ხოლმე,ყველა პრობლემა რომ მოგვარებულიყო, საბრალო ჰაიმე ცხენიდან გადმოვარდა და ტრაგიკულად დაიღუპა.
მე ისიც მახსოვს, კასანდრას ფოტოებით რვეულები რომ გამოუშვეს და როგორი ბედნიერები ვიყავით, სასკოლო დავალებებისთვის ხომ არ გავაფუჭებდით, მეგობრობის დღიურებისთვის ვინახავდით სათუთად.
ვაიმე რა მძიმე ბავშვობა გვქონდა :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger