Wednesday, April 6, 2011

აქსიომა: ვანო მაგარია (?)

შესავალი მათთვის, ვისაც მათემატიკა არ ესმის: აქსიომა - ის, რასაც დამტკიცება არ სჭირდება; თეორემა - ის, რასაც დამტკიცება სჭირდება, დამტკიცება - პროცესი, რომლის დროსაც მოგყავს არგუმენტები შენი აზრის განსამტკიცებლად:

მახსოვს, გეომეტრიაში ვისწავლე რა იყო აქსიომა, თეორემა და დამტკიცება.
ისიც მახსოვს, როგორ განმარტა ქალბატონმა მარინამ: აქსიომა ისეთი რაღაცაა, რასაც დამტკიცება არ სჭირდება და, ალბათ, ხშირად გაგიგონიათ გამონათქვამი, ეს ხომ აქსიომააო.

ყველა ადამიანს, საზოგადოებას, ქვეყანას თუ მოდგმას, საკუთარი აქსიომა აქვს, რომელსაც ტრადიცია ჰქვია. მაგალითად, ინგლისელისთვის აქსიომა სამეფო კარის აუცილებლობაა, გერმანელისთვის ფაშიზმისა და ჰიტლერის ზიზღი, აფრიკული ქვეყნებისათვის კვირაში ერთი სისხლიანი რევოლუციის მოწყობა, ქართველებისთვის კი ვიღაცის "გაუმარ"-ზე ინერციით "ჯოს" ძახილი.

ერთი პატარა აქსიომა გამოჩნდა. აქსიომა, რომელიც ნელ-ნელა გაიზარდა, გაივსო და ჭეშმარიტებად იქცა: ვანო მაგარია.

პირველად ამ აქსიომის ჭეშმარიტებაში აგვისტოს ომის დროს, დაზვერვის მუშაობისა და კიბერუსაფრთხოების შემხედვარე დავეჭვდი. ეჭვები კი პოლიციისადმი მიძღვნილმა პროპაგანდულმა სიმღერებმა გამიღრმავა და დიდი ძალისხმევის ფასად გამოვუტყდი ჩემს თავს, რომ უკან, მომავალში ვბრუნდებოდით (იმ კეთილ დროს ვგულისხმობ, ჩემმა თაობამ რომ გამოასწრო).

აქსიომაში ეჭვი, როგორც აღმოჩნდა, მარტო მე არ შემპარვია. ალბათ, პროპაგანდული კლიპების გამოჩენის ერთ-ერთი მიზეზი ესეც გახლდათ, თუმცა კულმინაციად მე მაინც ბავშვების მონაწილეობით გადაღებულ კლიპს მივიჩნევ.

აღიარებული ფაქტია, რომ ფილმში, ფოტოსა თუ კლიპში ბავშვის გამოყენება ყველაზე მომგებიანია, რადგან ის არასოდეს თამაშობს და იტყუება. გარდა ამისა, ყველამ ვიცით, რომ პატარები დასამუშავებლად გადასარევი მასალაა.

არცთუ დიდი ხნის წინ კომპიუტერული თამაში გამოჩნდა ქართულ პოლიციაზე. მართალია, თამაშზე უარს არც დიდები ამბობენ, მაგრამ ის, ძირითადად, ბავშვებზეა გათვლილი. დღეს კი, სრულიად შემთხვევით, ერთ საინტერესო ნიუსს წავაწყდი: თურმე 3-დან 13 წლამდე ბავშვებისთვის ქართული პოლიციის საიტი იხსნება, სადაც პატარებს მარტივ ჭეშმარიტებებში გაცნობა შეეძლებათ.

მე ვიცი, რომ აქსიომას დამტკიცება არ სჭირდება, მაგრამ მიმდინარე პროპაგანდისა თუ ძალოვანების ფორმებში გამოწყობილი ათიდან ხუთი ადამიანის შემხედვარეს მიჩნდება ეჭვი, რომ აქსიომა ვანოს სიძლიერეზე ისეთივეა, როგორიც ჩვენი ქვეყნის პირველობა მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის, ინვესტიციების მოზიდვისა თუ სხვა ტკბილი ზღაპრების მხრივ. ჰოდა, მე ვეღარ ვხვდები, თუ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, ამდენი ძალოვანი ან პოლიციის ბავშვებზე გათვლილი პროპაგანდა რად გვინდა?!

ნებისმიერ შემთხვევაში, მე კი მიხარია, ქუჩაში ღამე თამამად რომ დავდივარ, მაგრამ მაინც ეჭვი მღრღნის, რომ სამშობლოზე ფიქრი დილიდან იწყება კი არა ისა.


3 comments:

კატიე said...

ბევრ რამეში გეთანხმები, მაგრამ ის ბოლო იდეა - საბავშვო საიტის, მომეწონა.

იდეაში კარგია, ბავშვობიდანვე კანონმორჩილებისკენ თუ გაუჩენ ბავშვს მიდრეკილებას და არა ხოცვა-ჟლეტისკენ, 20 წლის მერე უკეთეს შედეგს გამოიღებს. უბრალოდ ჩვენთან ამას ძალიან უხეშად აკეთებენ, განსხვავებით, მაგ. ჰოლივუდისგან, რომელიც იდეოლოგიისა და პროპაგანდის საუკეთესო ნიმუშია, მაგრამ კარგად შეფუთული.

ეს საიტი შსს-ს რომ შეეკვეთა, მაგრამ არ გაებაზრებინა და ჩუმად, როგორც კომერციული პროექტი დაედო, ჩემი აზრით, ალბათ უკეთესი იქნებოდა და ვნებათაღელვასაც ნაკლებს გამოიწვევდა. მაგრამ მაშინ უკვე პიარი არ გამოვიდოდა და ალბათ ამიტომ დაენანათ.

პ.ს. ის კლიპი მართლა საშინელებაა, ედიტ პიაფის :|

გურამი said...

ზედმეტად პოლიციური ქვეყანა გავხდით.. თვითონ თამაში "პოლიციაც" შეიძლება ვცდები მარა გულის კუნჭულში ეჭვს მიწვევს: ის უნდა ჩამოქაჩო. ანუ ინტერნეტი უნდა გქონდეს. ანუ პოლიციის საიტიდან იწერ რაღაცას და რა გარანტიაა, რომ მათ პროგრამულ ჯაშუშს არა?

მოლი ბლუმი said...

ათიდან ხუთის შემხედვარე ეჭვები რომ გიჩნდება, დანარჩენმა ხუთმა რა დააშავა? იქნებ ისინი მართლა რაღაცაზე ფიქრობენ და რაღაცას აკეთებენ?

პროპაგანდა ზედმეტად პირდაპირი, ხისტი და ზუსტად ამიტომ, გამაღიზიანებელი რომ არის, ცხადია, მაგრამ არც მთლად უმაგისობა იქნება.დამტკიცებები აქსიომებსაც სჭირდება. ქუჩაში მოძრაობის წესების დაცვის აუცილებლობას მაგალითად. ან ღვედების გამოყენების საჭიროებას. ან იმას, რომ კანონიერი ქურდობა ცუდია და ბავშვმა სკოლის მერხიდან ამაზე არ უნდა იოცნებოს.

პოლიციასთან ყოფით დონეზე ურთიერთობას ბავშვებს ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასწავლიან (მათ შორის - პრ ხერხებით)მაგრამ იმ ქვეყნებში სხვა რაღაცებია წესრიგში და ასე გამაღიზიანებლად არ ჩანს.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger