Wednesday, May 4, 2011

ქართული პამპერსის გარეშე დარჩენილი სამეფო წყვილი

შესავალი: ზუსტად მაშინ, დიდ ბრიტანეთში უინძორების გვარის შთამომავალი პრინცი უილიამი რომ სამუდამო ერთგულებას ეფიცებოდა პროლეტარ ქეით მიდლტონს, ქართველი ჟურნალისტებით გამოტენილი სამარშრუტო, ფრიად სახიფათო გზით, დამეწყრილ და ყველასაგან მიტოვებულ სოფელ შარახევისაკენ მიემართებოდა. მარშრუტკაში მსხდომნი, დანგრეული გზის გამო, თავს ფრიად შეუძლოდ გრძნობდნენ და (ვერ ვიტყვი, რომ მთლად ამ მიზეზის გამო) სულაც ფეხებზე ეკიდათ სამეფო ქორწილი.

წინასაქორწინო, ქორწილისა და ქორწილის შემდეგ მომხდარ ამბებზე თქვენი ყურადღების შეჩერებას არ ვაპირებ. მართალია სიტყვა "ექსკლუზივი" ნანუკა ჟორჟოლიანს აქვს დაპატენტებული, ხოლო "ბედნიერება" "ნესტლეს", მაგრამ ეს სულაც არ მიშლის ხელს ვიყო ისეთი, როგორიც ყოველთვის.

ქორწილებისადმი ჩემი დამოკიდებულება ბლოგის აქტიურმა მკითხველმა კარგად იცის. მე პირადად თავს შეურაცხყოფილად ვიგრძნობდი, ჩემი ქორწილით რომ ვიღაცას ფული გაეკეთებინა (სამეფო ქორწილის დეტალებით გაფორმებული საკონდიტრო, საკანცელარიო და სხვა ნაწარმი), მაგრამ მეფე ხალხის კეთილდღეობაზე უნდა ზრუნავდესო და სხვა რა შეუძლია ბუტაფორიად ქცეულ სამეფო კარს პირადი რაღაცების მარკეტინგულ დეტალებად ქცევის გარდა?

არ მესმის სამეფო ქორწილზე წინასწარდაკავებული რიგების, არც ქუჩაში კარვის დაცემის, არც ჭყივილ-კივილის, არც ცრემლის მოწმენდის (მომესწრნენ ბაღნებიო), არც სპეციალურად ამ დღისთვის აღებული შვებულების და არც ხუთი თვით ადრე, ნიუ-იორკი-ლონდონის ფრენაზე დაჯავშნული ბილეთის.

ყველამ ვიცით სტუმრების შესახებ:

ელტონ ჯონი მეუღლითურთ;
დევიდ ბექჰემი ცოლითურთ;
სიის პირველი ნომერი სერ პოლ მაკარტნი (ვისითურთ არ ვიცი ეგ);
ერთადერთი, ობამებს ვერ მოვკარი თვალი და გავიგე, არც მოწვევა მიუღიათ. რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციას ხომ არ ჰქონდა ნეტავ ადგილი?

რაც შეეხება ქორწილის მუსიკალურ გაფორმებას..
ახალდაქორწინებული მტრედებისათვის, ხალხი რომ დამსხდარა და თითო ჭიქა სიდრიც გადაუხუხავს, სერ პოლ მაკარტნის უმღერია და მაშინვე დამაინტერესა, ნეტა რამდენს იღებს ქორწილებში - მეზობლის გოგო თხოვდება, კარგ მომღერალს ეძებენ და იქნებ, დარდიმანდულები იმღეროს;

ნეფე-დედოფალი კოსმოსიდან უცხოპლანეტელებმა და ჩერჩილის სულმა დალოცა, ხოლო ჯორდანო ბრუნომ მათ მეფე არტური წარუდგინა და ამცნო: ის მართლა არსებობს!

მონარქთა წყვილის კეთილდღეობისათვის მთელმა ბოლივიელმა ხალხმა ილოცა, ხოლო მექსიკაში 30-მდე თეთრკანიანი მსხვერპლი შესწირეს ომის ღმერთ უიცილოპოჩტლის (სამწუხაროდ, ამ კეთილი საქმის მქმნელები დააპატიმრეს).

რაც შეეხება ჩემს მეზობელ ემზარის, სპეციალურად ამ დღის პატივსაცემად, თავის 21 წლის გურამს საზეიმოდ დასწერა ჯვარი.

ნოსტალგიით შეპყრობილმა ქართველებმა (ჩვენ რომ არაფერი გამოგვივდა სამეფო ტახტის მსგავსი), შორეულ ინგლისელებს უძღვნეს საქორწინო სიმღერა. (ვიღაცა თვალცრემლიან გიორგაძეს ჩაუბარებია საელჩოში, გადაეცით ახალგაბედნიერებულებსო). ვნერვიულობ, კომპოზიტორის შრომამ ფუჭად არ ჩაიაროს: არ ვარ დარწმუნებული, რომ ტკბილხმოვან ქართულს ინგლისელი ცისფერსისხლიანები გაიგებენ და იქნებ უმჯობესი იყო, ქართული პამპერსი გვეჩუქებინა ინგლისელი მტრედებისთვის?

მანამ, სანამ მთელი მსოფლიო უილიამითა და ქეითით იყო დაკავებული, კადაფიმ იტალიას გამაფრთხილებელი ნოტა გაუგზავნა, სომხეთის ოპოზიციამ მიტინგი გამართა, თურქეთმა ბოსფორის პარალელური არხის გაჭრა გადაწყვიტა, თუმცა ეს ნიუსები ყურადღების მიღმა დარჩა.




4 comments:

bookworm said...

სადაც ახალი წლის ღამეს, ყველაზე თბილ, ოჯახურ და მეგობრულ დღესასწაულზე, შუაღამისას თავისუფლების მოედანზე დადის ხალხი ქართული მუტანტი "ესტრადის" მოსასმენად, იქ აღარაფერია გასაკვირი :)

tamaRa said...

გურამს თუ გურამის? :) ბრავო ემზარის, ფრიად დასამახსოვრებელი თარიღი შეურჩევია :)

vasasi said...

გურამის. უფრო შინაურულად ჟღერს. აი, დაახლოებით, ისე, ხაჭაპურს რომ ხელით ჭამ და არა ჩანგლით (საჭმელთან შედარებას ნუ შეიმჩნევთ).. :))

motetro said...

au, ise ra magrad texavs maset korcilshi dapatijeba. an ra unda chaicva da an ra unda achuko? magas sjobs, cadi, perovze igulave, datveri da tavi gind korcilshi gegonos da gind gakraze

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger