Monday, May 9, 2011

ნუ წავართმევთ მათ დღესასწაულს

ბევრი თქვენი წინაპრისაგან განსხვავებით, ბაბუაჩემი მეორე მსოფლიო ომში არ ყოფილა. ზუსტი მიზეზი არ ვიცი. სავარაუდოდ იმიტომ, რომ მილიციონერი იყო და აქ უფრო სჭირდებოდათ (?). თუმცა ზუსტად ვიცი, რომ დეზერტირი არ ყოფილა.

ორი წლისაც არ ვიყავი ბაბუა რომ გარდაიცვალა. მისგან მსოფლიო ომში მიღებული გმირობის ორდენები არა, მაგრამ საბჭოთა მილიციაში მიღებული უამრავი, არანაკლებ საპატიო მედალი დაგვრჩა, რომლებითაც მე და ჩემი ძმა ხან რას ვთამაშობდით, ხან რას და კიდევ კარგი, ორდენებისადმი ასეთ აგდებულ დამოკიდებულებას, მათი პატრონი ვერ მოესწრო. ორდენებისადმი, რომელიც მთელ მის ცხოვრებას იტევდა.

ალბათ, 80 წლის ასაკში მთელ შენს ცხოვრებას ის ფარატინა ფურცლები, შრომის წიგნაკი (რომელიც ახლა აღარც არსებობს) თუ სუვენირებია, რომლებიც შენი ქმედითობის დროს გახსენებს. დროს, როცა გაზაფხულის ცივ მზეს, ჯოხზე დაყრდნობილი კი არ ეფიცხებოდი, საქმეს აკეთებდი, საჭირო, გამოსადეგი და პატივსაცემი ადამიანი იყავი ყველასათვის. ალბათ, სწორედ ამიტომ უფრთხილდებიან ადამიანები ყველაფერს, რაც მათ შრომას მოიცავს. და მაშინ, როცა ჩვენი საქმიანობის დამადასტურებელი ნივთების ისტერიულ შეგროვებასა და გაფრთილებას ვიწყებთ, ე.ი. სიბერე მოვიდა.

მეორე მსოფლიო ომის ცოცხალი მოსწრენი, მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ ასიოდე კაციღა იქნება. და მაშინ, როცა ჩვენთვის, მესამე თაობის ადამიანებისათვის სამამულო ომი მხოლოდ ისტორიის წიგნის ნახევარ გვერდზე დატეული ამბავია და მეტი არაფერი. მათთვის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი დეტალია. დეტალი, რომლითაც ისინი თავს განსაკუთრებულ ადამიანებად მიიჩნევენ. მათ მსოფლიო ფაშიზმისგან გაათავისუფლეს.

ბავშვობაში მეგონა, რომ მარტო მე მყავდა მეგობრები. მარტო მე შემეძლო მათთან გართობა, სისულელეებზე სიცილი. და როცა გავიზრდებოდი, მე მეგობრები არ მეყოლებოდა. იმიტომ, რომ დიდებს მეგობრები არ ჰყავდათ და არც ტკბილეულს ჭამდნენ. როცა გავიზარდე, მივხვდი, რომ ადამიანები არასოდეს, არც ერთ ასაკში იცვლებიან და 90 წლისებსაც ისევე უხარიათ თავისი ტოლების ნახვა, როგორც მე მეჩქარება მეგობრებთან ერთად უაზრო სიცილი თუ ღრმააზროვანი მსჯელობა.

მოხუცებსა და ბავშვებს ერთი რამ აერთიანებთ: ბავშვებს ხშირად არ ჰყავთ მეგობარი იმიტომ, რომ ჯერ არ დაბადებულა, მოხუცებს კი იმიტომ, რომ მისი ნაცნობები გარდაცვლილები არიან. ალბათ ესეც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ასეთი კონტრასტული ადამიანები ერთმანეთთან საერთოდ ადვილად პოულობენ. თუმცა ალბათ თქვენც დაგწყვეტიათ გული, ბებოსთან ხელჩაჭიდებულს სხვა ბებო რომ შემოგხვედრიათ გზაზე და მათ ისეთი გულიანი საუბარი გაუბამთ, რომ შენი არსებობაც დავიწყებიათ. 2-3 წლის ასაკში არც ერთი ჩვენთაგანი ფიქრობს, რომ მოხუცები ერთმანეთს ისე ეჭიდებიან, როგორც წარსულთან დამაკავშირებელ ძაფებს, რადგან რეალურად ისინი მართლა ძაფები არიან. ძაფები, რომლებიც ახალგაზრდობისა და სიგიჟის წლებს აგონებენ.

სიგიჟის რა მოგახსენოთ, მაგრამ ცხრა მაისი ომის, გმირობისა და ერთიანობის, ერთად ყოფნის პერიოდს ნამდვილად აგონებს 90-ს გადაცილებულ ომის ვეტერანებს, წლიდან წლამდე რომ ემზადებიან ამ დღისთვის. საგულდაგულოდ გასუფთავებული ტანსაცმლით, დაბნეული ორდენებით ამაყად მიდიან ვაკის პარკში, ნახულობენ ერთმანეთს და უკან, 40-იანებში ბრუნდებიან.

მათთვის ცხრა მაისი იყო 45-შიც და ყველა მომდევნო წელსაც. ცხრა მაისია დღე, როცა ყველასაგან დავიწყებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ცოტა ხნით მაინც ახსენდებათ. მოხუცებს კი, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, ყურადღება ბავშვივით ახარებს.

რატომ ვსაუბრობთ დღეს ფაშიზმზე დამარცხების აღმნიშვნელი თარიღის გადმოტანაზე? რატომ არ ვიფიქრეთ უფრო ადრე. არა ორი ან სამი, არამედ, 21 წლის წინ. მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა? რატომ გახდა მაინცდამაინც დღეს ეს თარიღი აქტუალური? რუსეთის ფაქტორის გამო? კი მაგრამ, რატომ მანამდე არ გაგვახსენდა?
თარიღების ცვლის მოდად ქცევა თუ გვინდა, მოდი ფაშიზმზე გამარჯვება 2 სექტემბერს აღვნიშნოთ - ხომ სწორედ 1945 წლის 2 სექტემბერს, იაპონიის კაპიტულაციით დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი?.

მაგრამ მანამ საკუთარ ბებია-ბაბუებს შევხედოთ. ვისაც არ გვყავს, გავიხსენოთ გარდაცვლილების მონაყოლი და, მოდი ნუ წავართმევთ 90 წელს გადაცილებულ ვეტერანებს ცხრა მაისს, რადგან დღესასწაული ხშირად მხოლოდ თარიღია და მისი გაუქმებით თუ გადანაცვლებით განწყობა ქრება. განწყობა, რომელიც დღესასწაულისას ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციაა.

3 comments:

მოლი ბლუმი said...

მითუმეტეს, რომ ყოველ 9 მაისს, ვაკის პარკში სულ უფრო ცოტა ვეტერანი იკრიბება... რამდენიმე წელიწადიც და იქნებ, არც არავინ მივიდეს :(

tamaRa said...

და ის შეკრებილებიც ფორმალური მილოცვით კმაყოფილდებიან :(

Keti said...

კარგი წერილია.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger