Thursday, May 12, 2011

უბერტო ეკოს "ვარდის სახელი"

1980 წელს, მაშინ, როდესაც უმბერტო ეკომ "ვარდის სახელი" პირველად დაბეჭდა, ლიტერატურაში პოსტმოდერნისტული ჟანრი, კლასიკას ითხოვდა და შემთხვევით თუ გამიზნულად, სწორედ "ვარდის სახელი" აღმოჩნდა ამ ამპლუაში.

შუასაუკუნეებივით პირქუში, მძიმე და, ამასთან, ხატოვანი თხრობის მანერა თავიდანვე იზიდავს მძაფრი შეგრძნებებისა და რომაული ეკლესიის საიდუმლოებების მოყვარულ მკითხველს. იზიდავს და, ამავდროულად, შარში ხვევს. შარში, რომელიც ადამიანთა ნაწილს აღიზიანებს, ნაწილი კი ყურადღებას არ აქცევს შემდეგ ხალხში სათქმელი მოტივით: მე ეს წაკითხული მაქვს.

"ვარდის სახელის" გარშემო პოლემიკა არ წყდება. ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ წიგნს, დღემდე აქტიურად კითხულობენ, განიხილავენ, მსჯელობენ. ხშირად მისი ზეგავლენით რომანებსაც კი წერენ.

იდუმალი ლაბირინთები, აკრძალული ბიბლიოთეკები და საიდუმლო, რომელსაც ადამიანები ეწირებიან - ეს თემა ფართოდ აქვს გაშლილი გახმაურებული "და ვინჩის კოდის" ავტორ დენ ბრაუნსაც. ფანტაზიის გამოყენებით მან მშვენიერი მსუბუქი საკითხავი წიგნი შექმნა. ხელშეუხებელი თემით მანიპულირება კი არნახული პოპულარობის მოტანის წინაპირობა გახდა. ემოციით, თხრობის დეტექტიური სტილით, ეკლესიის თემით, ბრაუნის ეს რომანი ძალიან ჰგავს "ვარდის სახელს", თუმცა ნაწარმოებების გაცნობის შემდეგ მივხვდებით, რომ ეკო გაცილებით უკეთ ერკვევა შუასაუკუნეების და, არამხოლოდ შუასაუკუნეების, ეკლესიის ისტორიაში. ის ცდილობს რეალური ფაქტების საშუალებით დახატოს საერთო სურათი მაშინ, როცა დენ ბრაუნის მთავარი მიზანი სკანდალია.

გაგიგიათ ლეგენდა ვატიკანის ბიბლიოთეკის სადუმლო საცავებზე? ამბობენ, იქ წარმართული ხანის უნიკალური, გამოუქვეყნებელი შედევრები და ისეთი ლიტერატურა ინახება, რომელსაც ქრისტიანობის ყურებზე დაყენება შეუძლიაო, თუმცა ოფიციალური ვატიკანი ამ მოსაზრებას ჭორს უწოდებს და საიდუმლო საცავის არსებობას კატეგორიულად უარყოფს (მე კიდევ დაინტერესებულ მხარეს არასოდეს ვენდობი და ამიტომ, როცა შუა საუკუნეების ეკლესიაზე ვკითხულობ, ყოველთვის მიჩნდება ვატიკანის ბიბლიოთეკაში ძრომიალის სურვილი).

დარწმუნებული ვარ, ბევრმა თქვენგანმა იცის შუასაუკუნეების ევროპაში ქალებთან დამოკიდებულების შესახებ, თუმცა "ვარდის სახელში" ნაჩვენებმა პრობლემამ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი, მაჰმადიანი მწერლის ნაწარმოები გამახსენა და, სიმართლე რომ ვთქვა, ერთობ გაკვირვებული დავრჩი აღმოჩენით.

როგორც ვიცით, მანამ, სანამ მეცხრამეტე საუკუნის ინგლისში უცნაური დედაკაცები გამოჩნდებოდნენ, ქალის მიმართ არაადამიანური დამოკიდებულება არსებობდა. ქალი იყო ყველაზე დისკრედიტირებული არსება დედამიწის ზურგზე. ბინძური, მაცდური და სატანა. ის იყო ყოველგვარი ბოროტების სათავე, ღმერთთან დაშორების წინაპირობა და ა.შ. და ა.შ. ზუსტად ასეთი წარმოდგენა აქვს "ვარდის სახელის" პერსონაჟების უმეტესობას. თითქმის ასევე ჰყავს აღწერილი ორჰან ფამუქს მდედრობითი სქესი "მე წითელი მქვიაში". ქალი მუსლიმანურ სამყაროშიც ცდუნების თემაა, მაგრამ შუასაუკუნეების ქრისტიანული მოძღვრებისაგან განსხვავებით, გაცილებით ლოიალურად უყურებენ მის როლს.

თუმცა, "ვარდის სახელის" მთავარი მოქმედი გმირი - უილიამი, რომელიც შერლოკ ჰოლმსის როლს ითავსებს, პროგრესულად აზროვნებს და დამკვირდებულ დოგმებს ეწინააღმდეგება, თავის მოწაფე ადსოს ერთგან ქალის უპირატესობას უხსნის. უილიამი ამბობს, რომ ღმერთმა კაცი ტალხისგან გამოძერწა, ქალი კი კეთილშობილი ადამიანური მასალისგან (ნეკნი), ქვეყნად ქალის საშოდან მოევლინა და აღდგომის შემდეგაც ქალს გამოეცხადა, რაც თავისთავად მდედრობითი სქესის უპირატესობაზე მეტყველებსო.

საინტერესოა მამათმავლობისადმი დამოკიდებულება მუსლიმანურ და ქრისტიანულ სამყაროშიც. ადათის მიხედვით, მაჰმადიანები უმანკოები ქორწინდებიან. კაცის შემთხვევაში უმანკო ქალთან ინტიმური კავშირის არქონას ნიშნავს, თუმცა, "მე წითელი მქვიას" მიხედვით, მასტურბაცია თუ მამათმავლობა ცოდვად არ მიიჩნევა. პირიქით, ლამაზ ბიჭებთან ურთიერთობა ისეთივე ჩვეული მოვლენა იყო, როგორც დღევანდელ საქართველოში ცოლის პარალელურად საყვარლის ყოლაა. ურთიერთობა ყმაწვილებთან ქორწინების შემდეგაც გრძელდებოდა.

მამათმავლობის შემთხვევები ეკლესიაშიც ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ წმნიდა ბერს უბიწოების აღთქმა აქვს დადებული, ფარული ინტიმური კავშირი მონასტრის ბერებს ადგილობრივი სოფლის მცხოვრებლებთან მაინც აკავშირებთ. თუმცა რადგან ქალი ყველაზე ამაზრზენი არსებაა დედამიწაზე და თანაც სოფლიდან მათი ამოყვანა რთულია, ბერებისათვის ალტერნატივა ახალგაზრდა მორჩილებთან ურთიერთობაა. ყველაზე საოცარი რაც არის, დანარჩენი ბერები ამ ფაქტს მშვიდად იღებენ. ეგ კი არა, ერთმანეთისათვის საყვარლების წართმევა და ეჭვიანობის სცენებიც უცხო არაა მონასტრისათვის. თუმცა ავტორი რამდენიმეგან საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, როცა ერთგან მამათმავლობას სოდომის ცოდვას უწოდებს, მეორეგან კი აღწერს, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას..

ფრაზა, რომელიც ამ წიგნიდან დამრჩა და არასოდეს დამავიწყდება: ის, რაც ადამიანის გონებისათვის დაშვებულია, არ შეიძლება დაუშვებელი იყოს ღმერთისთვის, რადგან ჩვენ მისი ქმნილებები ვართ.

"ვარდის სახელი" არ არის ტიპური, გასართობი რომანი. ბოლომდე არც შემეცნებითს ჰგავს. განმარტებების მიუხედავად, რითაც წიგნი უხვადაა დახუნძლული, შინაარსში აღწერილი ვითარების ზუსტად წარმოსადგენად, მკითხველი გარკვეულ დონეზე აუცილებლად უნდა იცნობდეს ევროპის მაშინდელ რელიგიურ და პოლიტიკურ ვითარებას. ჩემი აზრით, სწორედ აქ შეცდა მწერალი, რასაც, ნაწილობრივ, აღიარებს:

წიგნის ბოლოს დართულ პუბლიკაციაში, უმბერტო ეკო წერს, რომ გარკვეული ბეგრაუნდის გარეშე, ნაწარმოები რთული წასაკითხია და აქვე ამატებს, რომ გამოძიების ასპექტში, ძალიან ბევრი ადამიანი ჩაითრია. ჩვენში რომ დარჩეს, მეეჭვება, ეკოსნაირმა განათლებულმა, ჭკვიანმა და კარგმა ტიპმა არ იცოდეს, რომ რაც უფრო ჩახლართულია ტექსტი, მით უფრო იზიდავს მკითხველს და რაც უფრო ვერ იგებს, მით უფრო აღფრთოვანებული რჩება. ეს კი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მკითველმა ტექსტი კარგად გაიაზრა.

"ვარდის სახელს" ეტყობა, რომ შუასაუკუნეების მკვლევარის დაწერილია და უფრო სპეციალისტებისა და ამ თემით დაინტრესებული ადამიანებისათვის განკუთვნილის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუ გაინტერესებთ რომის ეკლესიის ინტრიგები და პასუხები წინააღმდეგობრივ კითხვებზე, ეს წიგნი აუცილებლად უნდა ნახოთ.

შანსი რომ მქონდეს, დიდი სიამოვნებით გავესაუბრებოდი უმბერტო ეკოს. ფაქტია, რომ უაღრესად განათლებული კაცია, თან იმ სფეროში ერკვევა, მე რომ ბავშვობიდან მაინტერესებს.



3 comments:

mecmikvarkhar said...

ძალიან დიდი ხნის წინ მაქვს ნანახი ფილმი, იმდენად რომ შინაარსი ბუნდოვნად მახსოვს. წიგნის წაკითხვა დაგეგმილი მქონდა, შენმა პოსტმა კიდევ უფრო მომანდომა :) ზაფხულში მაქვს დაგეგმილი :)

tamaRa said...

რატომ არ მაქვს წაკითხული, რააატოოომ :( :(

მკითხველი said...

მე მისი პუბლიცისტური წერილები მიყვარს,განსაკუთრებით პოლიტკორექტულობაზე, თავისებური წერის სტილი აქვს, რასაც ყველა მწერალში პირველ რიგში ვაფასებ ხოლმე.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger