Wednesday, May 25, 2011

მე რომ მთავრობაში მოვალ...

ახალგაზრდობაში ამბიციები ბევრი გვაქვს. ამ მოსაზრებაში ისეთი ასაკოვანი ხალხიც დამეთანხმება, რომლებმაც 25 წელს უკვე გადააბიჯეს და რა აღარ უნახავთ ქვეყანაზე.

თუ თქვენ ჯერ არ იცით, მაშინ გაცნობებთ: მთელი ჩემი ოცდაერთწლიანი ცხოვრება ხელისუფლებაში მოსვლაზე ვოცნებობ.

"გეშინოდეთ თქვენი ოცნებების, რადგან შეიძლება ისინი ახდესო", თქვა ვიღაცამ, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მე კი არა, თქვენ უნდა გეშინოდეთ ჩემი ოცნებების ახდენის, რადგან როცა მთავრობაში მოვალ:


  • მესოამერიკული კულტურით გატაცებული აღვადგენ აცტეკურ მსხვერპლშეწირვის ტრადიციებს, ეგვიპტის პატივსაცემად კი უკლებლივ ყველა მიცვალებული მუმიფიცირებას დაექვემდებარება;

  • ზოგ-ზოგიერთებისაგან გასხვავებით, აქვე, ღიად გიცხადებთ: სათვალთვალო კამერები დამონტაჟებული იქნება ყველგან: ქუჩაში, ბანკში, მაღაზიაში, სახლებში, საძინებელში და, ასე განსაჯეთ, ტუალეტებშიც კი - მე ხომ ყველაფერი მაინტერესებს?!

  • ვიღაც-ვიღაც ხელისუფლებები ადამიანებს ინფორმაციის მიღების საშუალებას უზღუდავენ. მე ახლავე გიცხადებთ, რომ ჩემი მმართველობის დროს, უსაზღვრო ინფორმაციულ თავისუფლებას მოგანიჭებთ - ვგიჟდები, როცა ვუყურებ, როგორ შტერდება და იბნევა ადამიანი ინფორმაციულ აბლაბუდაში;

  • დედაქალაქს, სუფთა სტრატეგიული თვალსაზრისით, თბილისიდან ბათუმში გადავიტან - ბოლო დროს, სიზმრებს ვხედავ სასწაულს და თან თურქეთთან სავიზო რეჟიმის სრული გაუქმებაც საეჭვოდ დაემთხვა;

  • გადარეული მელომანი რომ ვარ კი იცით. ამოჩემებული და, აწ აღარარსებული ჯგუფი რომ მყავს, ეგეც იცით. ამ ჯგუფის ერთ-ერთ ნაშთზე რომ მეკეტება, ამაზე აღარ მოვყვები, უკვე ყველამ ყველაფერი იცის. ჰოდა, სერ პოლ მაკარტნის დავასახლებ ავლაბრის რეზიდენციაში და ყოველთვის, როდესაც ისეთი წარმატებული და ცნობილი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ლელა წურწუმია, "სამი გოგო", ანრი ჯოხაძე, სტეფანე, "მგზავრები" და სხვები კონცერტის გამართვას დააპირებენ, ჩემი სპეციალური ბრძანებულებით, მათ ვალდებულება ექნებათ, რომ თავისი ყველაზე ცნობილი სიმღერები, სერ პოლთან დუეტში იმღერონ;

  • თბილისი ხომ ტოლერატნული ქალაქია: მეჩეთი და ეკლესია ერთად გვაქვს მეიდანზე (აღარ დავწვრილმანდები, რომ შიიტები და სუიტები ერთ მეჩეთში ლოცულობენ და ეს მსოფლიოში ერთადერთი შემთხვევაა), აქვეა სინაგოგაც, ახლა ბუდა ბარი შენდება და ბუდას ქანდაკებასაც დგამენ კუთხეში. მე, შარდ(მ)დენის ქუჩაზე ავაშენებინებ აცტეკურ პირამიდას და ზედ ჩემს ძეგლს ზურაბ წერეთელს დავადგმევინებ (ყველა ესპანელი მოქანდაკე და არქიტექტორი ხომ სააკაშვილის დროს გასისინდა, ჰოდა, მეც რომ მათ დავუკვეთო რამე, ჩემს ხალხს რა პირით შევხედო თვალებში?), რომელიც ოქროთი იქნება დაფერილი და მზის მიმართულებით იბრუნებს (არის რაღაც თურქმენული ჩემშიც);

  • მეყოლება რაციონალურ გონებაზე დაყრდნობილი ოპოზიცია, რომელიც ჩემი ემოციური მმართველობის ხანას კარელიძის პირსისხლიან რეჟიმს უწოდებს.
ჯერჯერობით, სულ ეს არის. მერე, ასაკის მატებასა და ჩემს კარიერულ წინსვლასთან ერთად, ტვინიც რომ გამეზრდება, იდეებიც ამომიტივტივდება და დანარჩენს უკვე საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის რანგში გამცნობთ.

2 comments:

ლევანი said...

შენ ამ ყველაფერს თუ მოახერხებ... მე მთაში ვიცხოვრებ საკუთარ ვილაში და საკუთარი კანონები მექნება ხოდა შეგიძლია მესტუმრო ხოლმე და ახალ ახალი იდეები გამიზიარო სიამოვნებით მოგისმენ :)

Anonymous said...

"რომელიც ოქროთი იქნება დაფერილი და მზის მიმართულებით იბრუნებს (არის რაღაც თურქმენული ჩემშიც" -> :D :D :D :D :D :D

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger