Saturday, May 28, 2011

აი, მე უკვე საჭიროზე დიდი გოგო ვარ

ჩემთვის ეს დღე არის მწვანე (რატომღაც და არა წითელი). ფოთლები შრიალებს, მათ შორის მზე იჭყიტება და ქარი ქრის..
არა, არ გავგიჟებულვარ. წარმოსახვის კარგი უნარი მაქვს. სიტყვებს, საგნებს, აბსტრაქციებს, თარიღებს.. ყველაფერს ფერს ან ფერად მათემატიკურ ციფრებს ვუკავშირებ. მერე ფერები ფორმებს იღებენ და..

ალბათ, ჩემი მშობლებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი 29 მაისია. იმიტომ, რომ ამ დღეს მათი პირველი, (მეზობლების აზრით) გადასარევი, არაჩვეულებრივი, ჭკვიანი, ნაკითხი და სხვა  უამრავი ღირსების მქონე შვილი დაიბადა. ადრე არასოდეს, მაგრამ ამ ბოლო დროს, ჩემთან მიმართებით, ერთგვარ სენტიმენტებს ვამჩნევ მშობლებს.

მე მიყვარს ჩემი მშობლები.
ძალიან.
ისე ძალიან, რომ ხანდახან, მეტისმეტი სიყვარულით, გულს ვტკენ.

ჰო, სიყვარულის გამოხატვის ათასი ხერხი არსებობს. არ ვიცი, ეს არსებულ ხერხებს შორის არის თუ არა უარესი, მაგრამ ყველაზე მეტად, ვისაც მეტისმეტი სიყვარულით ვტკენ - საკუთარი თავია.

 მე მიყვარს ჩემი დაბადების დღე. მიყვარს ისე ძალიან, რომ სიძულვილში გადამდის. არ ვიცი, თქვენ რას გრძნობთ საკუთარ დაბადების დღეზე, მე კი ყოველთვის იმ პასუხისმგებლობის გრძნობა მიათმაგდება, რომელიც სულ თან დამდევს.

ამ დღეს ყოველთვის ველოდები სასწაულს. სასწაულს, რომელიც არასოდეს ხდება. მე ისიც ვიცი, რომ სასწაულები არც სხვა დღეებში და არც 29 მაისობით ხდება, მაგრამ მაინც ჯიუტად ველოდები. ველოდები და ვფიქრობ:

აუ, იქნებ დარეკოს, დაამესიჯოს, დამილაიქოს, ბლოგზე კომენტარი დატოვოს, იმეილი მომწეროს და, ყველაზე მნიშნველოვანი - იქნებ მეწვიოს. მომაგნოს და მოულოდნელად დამადგეს თავს სადღაც, კუთხეში ჩამომჯდარს. მაგრამ მე ვიცი, რომ სასწაულებს ინტერნეტი იმ მარტივი მიზეზის გამო არ აქვთ, რომ არ სჭირდებათ. სასწაულები ხომ უსოციალურქსეუინტერნეტოდაც მაგარი ტიპები არიან..

სულ მგონია, რომ ჩემი მწვანე, ფოთლებიანი, მზიანი და ქარიანი დღე, უცებ ერთ დიდ ფეიერვეკრად გადაიქცევა. ფეიერვერკად, რომელიც, ლოდინის მიუხედავად, მოულოდნელად იფეთქებს და ეს იქნება ის სასწაული, რომელიც იმ რომელიღაცა წელს აუცილებლად ახდება და მე - მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიტყვი, რომ ამ 29 მაისისათვის ლოდინი ნამდვილად ღირდა.

 რაც არ უნდა ამპარტავნულად მოგეჩვენოთ, სულ მგონია, რომ ჩემნაირი ადამიანები 1989 წელიწადში ერთხელ იბადებიან. აი, ამ ფრაზაში კი საკუთარი თავისადმი მიმართული იმდენი ცინიზმი დევს, რამდენიც ბლოგის სათაურში - ბევრს რომ აღაფრთოვანებს, ბევრს კი თავიდანვე ჩემდამი ანტიპათიით, სკეპტიციზმით და, არცთუ იშვიათად, სიძულვილით განაწყობს.

დიახ, ჩემი მიზანიც ეს არის. ყოველთვის ვცდილობ, ადამიანებს თავი იმაზე ცუდ, უტვინო თუ არაადეკვატურ ადამიანად მოვაჩვენო თავი, ვიდრე ვარ და ამაყად მინდა განვაცხადო, რომ მე ამას ვახერხებ.

სინამდვილეში მე ძალიან კარგი ვარ. ჯანდაბა, იმაზე ბევრად კარგი, ვიდრე ოდესმე წარმოგიდგენიათ, მაგრამ ეს მარტო მე ვიცი და სწორედ ამიტომ მიყვარს საკუთარი თავი ასე ძალიან - სიძულვილამდე.

უანგაროდ მხოლოდ მშობლებს უყვარხარ. სხვა დანარჩენი ურთიერთობები საჭიროებებიდან მოდის. ქრება საჭიროება - ქრება ურთიერთობაც. მე არ ვიცი, რამდენი ადამიანისთვის ვარ საჭირო დედამიწაზე, რამდენი გრძნობს ჩემი არსებობის აუცილებლობას, რამდენი მაზოხისტი დადის, ვისაც ჩემნაირი არაადეკვატური ემოციების მქონე ადამიანთან ურთიერთობა სიამოვნებს, მაგრამ თუ ვინმე ასეთი ხართ, ორი ნაბიჯით წინ კი არა, მორცხვად მიხარია და მზად ვარ ვიტვირთო ყველა ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ადამიანები მაშინაც ვანიჭებთ ერთმანეთს, როცა არაფერს ვითხოვთ ერთურთისაგან.

დღეს მე 22 წლის გავხდი და, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, არც 22-ე დაბადების დღეს მოხდება სასწაული, მაინც ჯიუტად ველოდები და გულის სიღრმეში ვფიქრობ:

აუ, იქნებ...

11 comments:

მარი said...

აუ, რა საყვარელი ხარ :D :D უკვე სასაცილოა, რომ ყოველთვის ყველაფერში გეთანხმები.

გილოცავ დაბადების დღეს :*

Anonymous said...

გვახალისებს დღეს მზიანი დარიი (ამინდის პროგნოზი ამბობს ასე)
შენი დარი ჩემთვის მხოლოდ მზეაა (რითმაში ჯდება, ხომ ხვდები? :) )
მეგობრები გილოცავენ კარგოო (შანსი არაა პირიქით იყოს)
დღეს თამუნას დაბადების დღეააა! (ტაში, ტუშიი! ტორტი დაიდოოს!)
გურამი ვარ და ამ ბლოგერს მოუკვდა ტექნიკური მხარდამჭერი, დამტანჯა რა!

Mary Poppins said...

დაბადების დღეს გილოცავ, ვასასი :) შენნაირების საჭიროება არ გაქრება, სანამ ვარსებობთ ჩვენ, ვისაც უყვარს შენნაირები :)

Mary Poppins said...

აქამდე წინაპართა სულების ღაღადს არ ვუსმენდი და კვალის დაუტოვებლად ანუ უზრდელურად მივდიოდი შენი ბლოგიდან, ამიერიდან გამოვსწორდები :)

მოლი ბლუმი said...

ისეთი პოსტია, ამ ბლოგზე კი არა, სადმე, უმისამართლოდ, ხელმოწერის გარეშე დადებულს რომ გადააწყდე, მაინც მიხვდები, ვასასის დაწერილი რომ არის...

გილოცავ, თამუნა. ბლოგოსფეროს (და არა მარტო) შენნაირები ალამაზებენ.

mecmikvarkhar said...

გილოცავ! BBC-სთან დაკავშირებული ოცნების ასრულებას გისურვებ და ფამუქისთვის მადლობის გადახდას კი არა, პირადად გაცნობას! :* ♥

sophieee said...

gilocav dabadebis dges da gisurveb rom sascauli moxdes! :)

vasasi said...

გმადლობთ, მეგობრებო.. :)

მოხეტიალე said...

აქაც გილოცავ :*
კარგი გოგო ხარ, ამიტომაც მიყვარს შენნაირები:*

tamara said...

გილოცავ დაბადების დღეს! :*
გილოცავ, სულ ასეთი და უფრო ენერგიული და შემოქმედებითი ყოფილიყავი :*

vasasi said...

გმადლობთ, გოგოებო.. :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger