Tuesday, June 14, 2011

პროტესტი "აგვისტოს 5 დღეს"


ჭკვიანმა ხალხმა დაასკვნა, რომ როცა რაღაცაზე ბევრს წერ, ე.ი. ის "რაღაც" ძალიან გაწუხებს მიუხედავად იმისა, გათვიცნობიერებული გაქვს თუ არა. რუსეთ-საქართველოს ომის ჰოლივუდურ ვერსიაზე საკმაოდ ბევრი მაქვს დაწერილი (არა ამ ბლოგზე) და რაკი კიდევ ერთხელ ვაპირებ, მიზეზი ჩემი ცნობიერისთვისაც აშკარაა.

მე პროტესტს ვუცხადებ ამ ფილმს და არ ვაპირებ ნახვას. ალბათ, ამის წაკითხვის შემდეგ, ბევრი ადამიანისათვის არაპატრიოტი ვიქნები, მაგრამ
არ შემიძლია ვუყურო შოუდ ქცეულ ტრაგედიას, გაურკვეველ პიარს რომ ემსახურება;


ფილმის გადაღების წინააღმდეგი, ბუნებრივია, არ ვყოფილვარ (თანხების ამბავი დღემდე მაწუხებს), მაგრამ პრემიერით თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი. ეს იყო ტინგიცობისა და ტაკიმასხარობის ზეიმი და, მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე ნებისმიერი მოვლენის შესახებ შემიძლია ღადაობა, აგვისტოს ომი ერთადერთია, რომელზეც არ მეღადავება და გართობად ქცეულ ერთი ადგილის თამაშს პირად დაცინვად ვიღებ.

მიუხედავად იმისა, რომ გადაღება 20 მლნ-ზე მეტი დაჯდა (ვინ გადაიხადა, საკუთარი ნებით თუ შეაწერეს და ა.შ. ეს სხვა თემაა), პირადად მე, ამ ფილმის მსოფლიო მომავალს ვერ ვხედავ. დარწმუნებლი ვარ, ვერც შემოსავალს მოიტანს, რადგან ხალხი "სიცოცხლის ხის" სანახავად უფრო წავა, ვიდრე ქართულ-რუსულ ომზე აგებული ფილმისა, რომელმაც აქტუალობა ორი წლის წინ დაკარგა.

აქედან გამომდინარე, ფილმი, ფაქტობრივად, ქართველებისთვის არის გაკეთებული და, მე ვერ ვხვდები, რა საჭირო იყო ამდენი წვალება და ფულის ჩაყრა, როცა ნებისმიერი ქართველი რეჟისორი გაცილებით იაფად გადაიღებდა?

რაც შეეხება პრემიერის ორგანიზებას, აღარ დავწვრილმანდები, რამდენი ფული დაჯდა ეს ტაკიმასხარობა იმ სოციალურ ფონზე, რაც ჩვენს ქვეყანაშია. მე არ გამოვდივარ დედა ტერეზა, მაგრამ გული ორმაგად მტკივა. არ ვიცი, რას გრძნობს შერონ სტოუნის, ენდი გარსიას, მოხტუნავე რენე ჰარლენისა თუ საღამოს კაბებში გამოწყობილი ქართული წიწკვი ელიტის დანახვაზე აგვისტოს ომის დროს დაზარალებული, სადღაც, გორის გარეუბანში შესახლებული დევნილი, რომელსაც არც მიწა აქვს დასამუშავებლად, არც სამსახური და ღვთისა და 22 ლარიანი დახმარების იმედზეა, თუმცა საყოველთაო ეიფორიას, შესაძლოა, ისიც ჩაეგდო ერთიან, ეროვნულ ტრანსში. ეს შეურაცხყოფაა.
საქველმოქმედო ვახშამზე იტყვით, მილიონ-ნახევარი შეგროვდაო.. რამდენი დაჯდა მისი ორგანიზება ვინ იკითხა? მსოფლიოში სახელგანთქმული ფრანგი მზარეულის მოწვევა რა დაჯდა? დაინტერესდა ვინმე? არავინ.
ჰოდა, როდესაც ქვეყნის უახლოეს წარსულში მომხდარ მოვლენას შოუდ აქცევ, ან ძალიან ცინიკოსი ხარ, ან გეგმა გაქვს. მე გეგმებს ვერ ვხედავ.

7 comments:

გიო said...

მომეწონა "წიწკვი ელიტა".. :) ეს ის ხალხია, ვინც ომის დროს თბილისიდან გარბოდა და წითელ ხიდზე რიგში იდგა აზერბაიჯანში გადასასვლელად..
მე კი ვიკითხე ორგანიზება რა დაჯდა მეთქი, მაგრამ სამწუხაროდ იმ პირებიდან არავის უკითავს, ვინც 15 წლის მერე გამობერილი ტუჩებით და ძუძუებმომარჯვებული გვეტყვის, რომ ის ჟურნალისტია და ამ სფეროში ბევრი (არ) აქვს გაკეთებული..
ფილმი არ არის კარგად გადაღებული, ვერც მსოფლიო აღიარებას ვერ მოიპოვებს, თუმცა იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ცნობილი მსახიობების სახელი მეტ-ნაკლებად მაინც გაყიდის მას..
რეალობა უფრო მძიმე იყო, ეს ფილმში არ ჩანს..

1weli said...

ფილმის ნახვის შემდეგ არაფერი მითქვამს და დღეს რატომრაც მომინდა დამეწერა...

gijmaj said...

რაღაცეებში გეთანხმები, მაგრამ მე რომ დამეწერა, ბოლო ნაწილში აქცენტს გადავუნაცვლებდი პოსტს. საქმე იმაშია, რომ საქველმოქმედო ვახშამი მსოფლიოში გავრცელებული ფანდრაიზინგის, ანუ თანხების მოძიების ერთ-ერთი ფორმაა. და მათი ორგანიზებისათვის დანახარჯების გაღებაც მიღებულია. ის კი არაა მნიშვნელოვანი, თუ რამდენს გადაუხდიან ფრანგ მზარეულს ან ზიმბაბველ მოცეკვავეს, არამედ - საბოლოო ჯამში დადებითი ბალანსი. შემოსავალი თუ დანახარჯებს არ აჭარბებს, მსგავსი ღონისძიება არ გაიმართება. მე ალბათ უფრო იმას ვიკითხავდი, რამდენად მიზანმიმართულად დაიხარჯა შემოსული თანხები და რა გაკეთდა დევნილებისთვის. იმიტომ რომ მათი კონტროლი უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე მოპოვების საშუალება.

ბაჩო said...

ვასას, ლტოლვილი უცხო ქვეყნიდან შემოსულ იგივე პირს ნიშნავს რაც დევნილია შენი ქვეყნისთვის. ეგ ჩაასწორე რა, გეხვეწები, არ მიყვარს მაგ ადამიანების ლტოლვილებად წოდება, ცხინვალიც და სოხუმიც საქართველოს ტერიტორიებია და მანდედან იძულებით გადაადგილებული პირები დევნილები არიან. შენც დევნილი იყავი ცოტა ხნით მგონი :*

vasasi said...

gijmaj: ჰოდა, მე ეჭვი მეპარება, შემოვიდა თუ არა მაგდენი..

შენიშვნები მიღებულია, მეგობრებო. :)

Anonymous said...

სამწუხაროდ მართალი ხარ:)))

მოლი ბლუმი said...

ამ პოსტზე ხელის მოწერა არსად შეიძლება?

უპირობოდ ვეთანხმები ყველა დასკვნას.

ტერიტორიების დაკარგვა ერთია, ღირსებაც დავკარგეთ :(

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger