Thursday, June 2, 2011

სერგეი ბაღაფშის ამბავზედ


დღეს სერგეი ბაღაფში დაკრძალეს.

რა კარგი იქნებოდა, ოფიციალური სამძიმარი გვეთქვა აფხაზებისთვის, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის. ისინი ხომ რეალურად საქართველოს მოქალაქეები არიან? მათთვის ბაღაფში პრეზიდენტი იყო, ჩვენთვის დე ფაქტო ლიდერი. ეს გვიშლიდა ხელს ოფიციალურ სამძიმარში?

სერგეი ბაღაფში აფხაზების არჩევანი იყო და არა რუსების.

ვფიქრობ, ეს ნაბიჯი, ერთ ქულას მაინც დაგვიწერდა აფხაზების თვალში.

ვწუხვარ, მისი გარდაცვალების გამო ფეისბუქში გავრცელებულ არაეთიკურ კომენტარებზე. ბაღაფშის სიკვდილი არ უნდა გვიხაროდეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოსთვის მისი არსებობა-არარსებობით არაფერი იცვლება.

იქ ბაღაფში ხალხს ძალიან უყვარდა.

ზოგჯერ აფერისტობაც კარგია.

10 comments:

REZIBUTA said...

ვასასი მესმის შენი კაცთმყვარე პოზიცია, მაგრამ არსებობს მცნება "სამშობლოს მტერი".
ბაღაფში ჩემი და შენი სამშობლოს დაუძინებელი მტერი იყო. სამძიმარზე ლაპარაკიც ზედმეტია.
არა და ასეთი ჰუმანიზმი ჩემს თვალში დამატებით ღირსებას გმატებს. :)

Mary Poppins said...

ჩემთვის არაფერი იცვლება ბაღაფშის სიკვდილით... ბედნიერი მაშინ ვიქნებოდი, რომ ეცოცხლა და მოსწრებოდა, როგორ დავბრუნდებოდით ქართველები აფხაზეთში.

vasasi said...

REZIBUTA: კი ბატონო,მტერი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში მე პოლიტიკაზე მაქვს საუბარი და არა პირად დამოკიდებულებებზე.

ისე,სამწუხაროა,რომ როგორც ჩვენ აღვიქვამთ აფხაზებს მტრებად, ორმაგად საძულველები ვართ მათთვის.

თან თაობები იცვლება და უფრო ვშორდებით აფხაზებსაც და აფხაზეთსაც...

REZIBUTA said...

მართალი ხარ, მაგრამ აფხაზეთს და ოსეთს მთავრობების უნიათო პოლიტიკის გამო დავშორდით ( რამდენადაც ვიცი , უფროსების გადმოცემით არც ადერე "ვეხატებოდით" მაგ გადმოსახლებულ აფსუებს გულზე) არ მძულს ნამდვილად, როგორც კაცთმოყვარე ადამიანს მეზობელი, რომელიც შეიკედლა და ეხლა საკუთარი სახლის ოთახს ვეღარ იბრუნებს. ეს სიძულვილი უსამართლობის განცდის პირმშოა და რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ტოლერანტობაზე და მეგობრობაზე ტყუილია ეს ამბავი, სანამ თვითონ არ მიხვდებიან (და რაღა დროს მიხვედრაზეა საუბარი). მოკლედ ვიცი რომ აფხაზეთი საქართველოა როგორც ერთ დროს კასპიის ზღვამდე გადაჭიმული ტერიტორიები, ოღონდ წარსული დროის რუქაზე და არა დღეს. მომავალი თაობების ცვლა ისევე მარტივად გაიხსენებს ამ ამბავს , როგორც ჩვენ აღმასენებლის დროინდელ დიდებას. :)

vasasi said...

ჰო, მაგრამ მისამძიმრება ჩვენი მხრიდან კარგი ჟესტი იმიტომ იქნებოდა, რომ ბაღაფში აფხაზების არჩეული იყო და არა რუსების მიერ შეტენილი (რაულ ხაჯინბას აჯობა ხმების რაოდენობით). ატარებდა არარუსულ პოლიტიკას (ცდილობდა, ყოველშემთხვევაში).
ზოგადად, აფახაზები ოსებისაგან ძალიან განსხვავდებიან. ის, რაც ცხინვალში მოხდა, იყო თითიდან გამოწოვილი, სპეციალურად გაკეთებული ჩვენი მაშინდელი ხელისუფლებიდან, აფხაზეთში კი ეგ ამბავი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა (ნუ, იცი, რომ გადმოსახლების დღიდან ეგენი დასანახად დიდად ვერ გვიტანდნენ ისედაც)..
ამ შემთხვევაში სამძიმრით ძალიან ბევრ რამეს მოვიგებდით აფხაზების თვალში. მით უმეტეს, უკვე არსებობს იქ ვარაუდი, რომ ბაღაფში შეეწირა რუსულ ინტერესებს.

მე არ ვამბობ, რომ ისინი ჩემი მეგობრები არიან. ეს არის სისულელე. ისინი ცხოვრობენ ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზე და მინდა, რომ იცხოვრონ ისევ, არ ვუშლი არაფერს, უბრალოდ, ჩემს ქვეყანას ჩემი ქვეყანა ერქვას.

ეს პოსტი არ არის აფხაზებსა და ქართველებს შორის ძმობის ღაღადი. რა სისულელეა.
უბრალოდ, საქმე პოლიტიკას ეხება და პოლიტიკა სხვა არაფერია, ტუ არა დიპლომატია.

ბაჩო said...

არ შემიძლია არ აღვნიშნო ერთი ფაქტი:
მტერი არ არის აფხაზი. მტერი სხვა არის, აფხაზი ხალხი კი სამწუხაროდ იარაღად გამოიყენეს

ვასასი, ეკასაც იგივეს ვეუბნები და შენც. ეს სიტყვა ცოტა სხვა რამეს ნიშნავს და სხვა ვიღაცეები მართავენ პროცესებს.

აქვე განვმარტავ ერთს (ძალიან პატარები იყავით და არ გემახსოვრებათ): სერგეი ბაღაფში აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და გადადგა პოსტიდან 1993 წლის 27 სექტემბერს. ამით მან პროტესტი გამოხატა ქართველი ხალხის გენოციდის მიმართ. ის რომ იგი პრეზიდენტი გახდა, არ ამბობს იმას რომ იგი ბოლომდე იზიარებდა ვითომ აფხაზი ხალხის აზრს აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ. ვფიქრობ ამიტომაც რუსებმა მოსკოვის მიტროპოლიტივით მოიშორეს.

REZIBUTA said...

ჰეჰ...! პირველი რეალურად საინტერესო ბლოგია სადაც ჯანსაღი აზროვნების ხალხთან მიწევს კამათი. პარადოქსია, მაგრამ მივხვდი, რომ ბოლომდე გეთანხმები ვასასი. ცუდი ის არის რომ პოლიტიკის და დიპლომატიის ნათესაობა თუ იდენტურობა, თანამედროვე მთავრობას "ნაპოლეონის სინდრომმა" დაავიწყა.
ქართული დიპლომატია რამდენიმე წლის წინ დავკრძალეთ. :(

ბაჩო said...

რა გამახსენდა კიდევ :რაჭველიღიმილაკი:

ბაღაფშის ცოლი აფხაზი არ არის, საქართველოს სხვა კუთხის წარმომადგენელია და დიდხანს თბილისში ცხოვრობდა

მოლი ბლუმი said...

ოფიციალური სამძიმარი აღიარებას არ ნიშნავს?

vasasi said...

კი, ბაჩო.. ვიცი ეგ ყველაფერი..

მოლი, არა, არ ნიშნავს. ფორმას გააჩნია, რა თქმა უნდა.
თუ ვიტყოდით, რომ ვწუხვართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქის გარდაცვალების გამო და ვიზიარებთ აფხაზების ვარამს (უფრო დახვეწილად და დიპლომატიურად, ბუნებრივია), ამ შემთხვევაში, ყველაფერი რიგზე იქნებოდა.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger