Friday, June 17, 2011

კარგი მამის შვილი ერის გულის ვარდიაო

- რას ანიჭებს ადამიანში უპირატესობას ესა თუ ის ერი?

ამ კითხვის მიხედვით, მსოფლიოს რომელიმე სოციალური კვლევის ცენტრს რომ ექსპერიმენტი ჩაეტარებინა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა დიდი ნაწილი დეზოქსორიბონუკლეინის (დნმ) მჟავის სახელს გაუმართავადაც ვერ წარმოთქვამს, ქართველების პასუხი გენი იქნებოდა.

მაგალითად, თუ მამა ვარგა, შვილიც გადასარევი უნდა იყოს და პირიქით. უფრო კონკრეტულად: სამსახურში კადრის აყვანის დროს, ანდაზების მოყვარულ ქართველებს ხშირად ავიწყდებათ, რომ რაც ბრწყინავს ყველაფერი ოქრო არ არის და უპირატესობას არა ნიჭს, პროფესიონალიზმსა თუ გონიერებას, არამედ, წარმომავლობას ანიჭებენ. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ქვეყნის ისედაც მწირი ინტელექტი საზღვრებს გარეთ გაედინება, აქ კი ქვეყანა გვექცევა თავზე.
ქართველმა უფროსებმა, თოვლის ბაბუის არსებობა მას შემდეგ დაიჯერეს, რაც სხვადასხვა დიდი, საზოგადოებრივი პროექტების განხორციელება, როგორც იტყვიან, ცამოწმენდილზე დაიწყო. თეატრის რეაბილიტაცია, კინოს აღდგენა, ახალი ატრაქციონები, ეკლესიები და ასე, ნელ-ნელა შეიქმნა ლეგენდ. ლეგენდ, რომელშიც, ერთი შოკოლადის რეკლამისა არ იყოს, ვერ ვიგებთ, სად მთავრდება რეალობა და იწყება ოცნება (ჩვენს შემთხვევაში მითი), თუმცა ისევე, როგორც მითების უმრავლესობას, ამასაც რეალური ამბავი უდევს საფუძვლად. ამბავი თოვლის ბაბუისა, რომელიც ნატვრებს ასრულებს.

თოვლის ბაბუა არასოდეს ჩანს. მაგრამ უფროსებს მის შესახებ ყველაფერი აინეტრესებთ. ვინც ეძებს, ის პოულობსო და ქართველმა ერმაც გაიგო, რომ სინამდვილეში თოვლის ბაბუა ლაპლანდიიდან კი არა, საჩხერედან ყოფილა, და რომ მას ჰყავს შვილები და რომ უფროსი შვილი მღერის, და...

და, ერთ მშვენიერ დღეს, ყველაზე ექსკლუზიურ შოუში, ყველაზე ექსკლუზიურად, ყველაზე ორიგინალურად და ყველაზე პირველად მსოფლიოში, შედგა ინტერვიუ ადამიანთან, რომელიც, როგორც ექსკლუზიურად გვითხრეს, ჟურნალისტებთან ხშირად არ გამოდის კონტაქტზე...

იმ დღიდან მოყოლებული, ბერა ივანიშვილის სახელსა და გვარს მთელი საქართველო იმეორებს, ფეისბუქზე მისი ფან-გვერდის მომხმარებელთა რაოდენობა სინათლის წლის სიჩქარით იზრდება, ახალგაზრდა რეპერის შემოქმედებით მოხიბლულნი არიან ყველა თაობის წარმომადგენლები, ტელევიზიები სიუჟეტებს უძღვნიან მის კლიპებს და ..

მედიაში არსებობს ფრთოსანი გამონათქვამი (ჟურნალისტთა ქართულ ჯიშს პირდაპირი მნიშვნელობით რომ ესმის): თუ კარიდან ვერ შედიხარ, ფანჯრიდან უნდა გადაძვრეო. ჰოდა, რადგან ხალხისთვის კარი დახურულია, ყველა ფანჯარაში გადაძვრომას ცდილობს. ფანჯარა, ამ შემთხვევაში, ახალგაზრდა რეპერია, რომელსაც, ჯასტინ ბიბერთან შედარებით, ორი უპირატესობა აქვს: შეყვარებული არ არის და ქართველია (ამ უკანასკნელი პუნქტით, ორ კურდღელი ებმება მახეში. ერთი, ინგლისურის სწავლა საჭირო არ არის, მეორე: ვინც კურდღელს დაიჭერს, ის მსოფლიოში ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი იქნება, ვინც ძალიან ძვირად გაყიდის თავის საგანძურს).

სიმართლე რომ ვთქვათ, პირველი კლიპისა და სიმღერის მიხედვით (კიდევ ერთი მითის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ყველა მღერის), ბერას მუსიკის განსაკუთრებული მონაცემი არ აქვს, თუმცა ეს ქართველებს (მიუხედავად იმისა, რომ მათ თვალსა და ყურს არაფერი გამოეპარება) ხელს არ უშლის, რომ ბერა თუ-ფაქის ღირსეულ მემკვიდრედ მიიჩნიონ.

- ბერა, მე მინდა, რომ ჩემმა შვილებმა შენთან იმეგობრონ, - წერს ერთი შუახნის ქალბატონი რეპერის ფან-გვერდზე და ჩვენ უკვე ვხვდებით, რაოდენი სიყალბე და პირადი სურვილები დევს მზრუნველი დედის ამ მესიჯში. დედისა, რომელიც, სავარაუდოდ, ფლობს ქალ-ვაჟსა და, ახალგაზრდა რეპერის ხელში ჩაგდების ორ შანსს - თუნდაც, ოცნების დონეზე.

ვიცი, ბევრი თქვენგანი კომენტარებში ბოღმიანს, შურიანსა და უზრდელს მიწოდებს, მაგრამ მე ბერას მომავალი მაღელვებს (ქართველთა დეზიქსორიბონუკლეინის მჟავას უკვე შევეჩვიე, ან რა იყო შესაჩვევი, მეც ხომ იგივე დნმ მაქვს?!): ხომ შეიძლება, ამ ადამიანმა მართლა დაიჯეროს თავისი განსაკუთრებული მონაცმისა და ნიჭის, ფართო ასპარეზის დაპყრობა სცადოს და, რომ არ გამოუვიდეს, ძალიან დაწყდეს გული?

P.S. გულწრფელად ვწუხვარ, რომ ჩემსა და ბერას შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობაა და, თან ჩამოყალიბებული მამაკაცები მომწონს. ასე რომ არ იყოს, თხა თხაზე ნაკლების პრინციპით, ერთიან, ეროვნულ, საყოველთაო ნადირობაში, მეც ხალისით ჩავებმებოდი. ნადირობაში ბერაზე.

P.P.S. პოსტი „კვირის პალიტრის“ ვებ-გვერდისთვის დაიწერა. ორი საათის განმავლობაში იდო კიდეც, მაგრამ მერე ახსნა-განმარტების გარეშე აიღეს. ვფიქრობ, მიზეზი არა (ჩემი ვარაუდით) დნმ-ს სწორი დასახელება, არამედ, პოსტში გაკრიტიკებული უცნაურობები იყო - იქნებ ვინმემ საკუთარი თავი ამოიცნო?!


11 comments:

Rode said...

ჰმმ, ეს ის პონტია რა "5 დღე " რომ დაბლოკეს საიტებიან–ტორენტებიანად. აქ ხომ მიუჩინე ადგილი და ეხლა ქნან რამე აბა ;)

Anonymous said...

და დარწმუნებული ხარ რომ პოსტის წაშლაში ფული არ არის გადახდილი??? კვირის პალიტრაც ფულზე და უფულობაზეა დამოკიდებული.. დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა მანდ არაფერ შუაში არაა.. :))

გიო

vasasi said...

არა, გიო.. შანსი არაა..
ჯერ ერთი, ამ პოსტში ბერას შეურაცხყოფას არ ვაყენებ (საერთოდაც, არ ვეხები), მეორედაც, არამგონია.. :)

გავიგებ, მეტყვიან, კაცო. :)

makine said...

ერთიანი ეროვნული საყოველთაო ნადირობაააააა :)))))
ჰაჰაჰაჰაჰაააა
ეს რა ამბები ყოფილა ატეხილი :))

tamara said...

ამ პოსტში ყველაფერია ბერას შეურაცხყოფის გარდა...
დანარჩენზე კი რა ვთქვა, მაგ ყველაფერს თვალს ვადევნებ უკვე რამდენი ხანია :)

lasharela said...

მაიცა, მაიცა...და შენ თავად ანთავსებ კვირის პალიტრაზე სტატიებს? (ანუ ეგ ერთგვარი ბლოგია?)

ფულს არ გიხდიან კაცო ამ სტატიეში? რედაკტორთან არ თანხმდება წინასწარ?

საკაიფო იყო, მე მოვასწარი და კვირისპალიტრაზევე წავიკითხე :))

vasasi said...

არა, ლაშ.. მე არ ვდებ.. მე ვაგზავნი და მერე დებენ..
კი, მიხდიან, რა თქმა უნდა.. :)

რაღაცა იყო, გეტყვი მერე, მეც არ ვიცი ზუსტად, გარკვევის პროცესში ვარ.. :)

პ.ს. მიხარია, რომ მოგეწონა..

გურამი said...

"ჰმმ, ეს ის პონტია რა "5 დღე " რომ დაბლოკეს საიტებიან–ტორენტებიანად" - დიდი ხანია იცის ქართულმა ინტერნეტმა, რომ ქაართული სამამულო პროდუქცია ააღარ (აღარ!!!) დაიდება უფასოდ არსად (არსად თქო!) რაც არ უნდა ნაგავი იყოს. ყველამ იცოდა, რომ თუ დადებდა ამ ფილმს სადმე, იქვე მიბლოკავდნენ და დააჯარიმებდნენ, მარა არ ეჯერათ ალბათ.

ბერას რაც შეეხება, მე "ფუუ"-ც კი გავაკეთე, ყველგან ბერა იდო ქართულ ინტერნეტში. ის გამახსენდა, ბეზძელუშკები რომ იყიდებოდა ხოლმე 90-იანებში, ყველას რომ ედო სახლში, იმიტომ რომ ყველგან იყო. :)

ბაჩო said...

ფული ჯოჯოხეთს ანათებს. ადრე ქრთამი იყო, მაგრამ იმდენი დაიჭირეს ამ ქთამზე, ხომ ხედავ უკვე ფული ანათებს.
ჩემი დეიდაშვილები იმ 2 ოჯახს შორის არიან, ჭორვილაში ბიძინას ღობის მეზობლები რომ არიან. ერთხელ ვიღაც ვაი ჭორვილელი მიმტკიცებდა რომ ჩემი დეიდაშვილის ადგილზე ცხოვრობდა, არადა გავარკვიე და აღმოჩნდა, რომ ეს ადამანი ჭორვილაში საერთოდ არ ცხოვრობდა. ასეა, ყველა ჩემულობს ბიძინას სიახლოვეს. რა გასაკვირია რომ მათ შორის ნანუკა ჟორჟოლიანი და ის ხნიერი ქალბატონიც იყოს.
პ.ს. ნანუკას ქმარი რომ დღეში 7–ჯერ ბიძინასთვის ფულის ახევას ჩალიჩობდა, ეგ არაფერია უკვე?

soney said...

ვააა რა საინტერესოა. ერთხელ ვნახე სარეკლამო რგოლში ბერაზე სიუჟეტს ამზადებდნენ და გადამავიწყდა ყურება. ისიც ბიძინას ხათრით მაინტერესებდა როგორი შვილი ჰყავდა და თურმე ერთი ამბავი ამტყდარა?
ისე რას ერჩით თავისას ისწორებს ბავშვი რასაც უნდა აკეთებს ვისი რა საქმეა?

santy said...

არა რაა. მართლა ვერ არის ჩვენი საქმე სახარბიელოდ. ცდუნებას ვერ გავუძელი, ცნობისმოყვარეობამ მძლია და ფეისბუკზე ვნახე ამ ბიჭის გვერდი,რომელიც თურმე უკვე 300 ზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. ფრიად საინტერესოა ეს ქართული ფენომენი

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger