Sunday, June 19, 2011

ორიოდე სიტყვა ცნება "ოპერატიულობაზე"

გუშინ ღამით რიკოთის უღელტეხილზე ჩამოწოლილმა მეწყერმა გზა ჩაკეტა. მაგისტრალზე მოძრავი მანქანების ნაწილი და რესტორანი ქვეშ მოიყოლა. ადიდებულმა მდინარე სურამულამ წაიღო ხიდები, სურამის ნაწილი დატბორილია. არის მსხვერპლი. არცთუ ცოტა.

თენდება დილა. ჩიტები არ ჭიკჭიკებენ და არც მზე ანათებს (მოღრუბლული ამინდია, უბრალოდ). საინფორმაციო სააგენტოებზე გუშინდელი ნიუსები დევს. ერთ-ერთი ცნობილი სააგენტო პირველ ტოპ ნიუსად სატელეფონო ინდექსის შეცვლასა და წმინდა კვირიაკეს შესახებ ინფორმაციას დებს. ერთი ტელევიზია მულტფილმს უშვებს, მეორე მუსიკალურ კლიპებს, მესამე ტელემარკეტს და ფეხის ფრჩხილის მოვლის ახალ ტექნოლოგიებზე მიყვება.

ამ დროს, რომელიღაცა სააგენტო წერს ნიუსს დაღუპულების შესახებ და, გამომდინარე იქიდან, რომ ნდობის ხარისხი მინუს უსასრულობა აქვს, არავინ იჯერებს. მერე თბილისის ფორუმზე იხსნება თემა, მერე თერთმეტსაათიანი "ქრონიკა" გადის ეთერში, რომელიც სტიქიის დროს კობა სუბელიანისა და სამაშველო სამსახურების გმირობის შესახებ ჰყვება და უკვე მერე იღვიძებს ყველაზე მძიმეწონიანი საინფორმაციო სააგენტო და ნიუსებს "ქრონიკის" მიხედვით ავსებს.

არა, ქართველები, ზოგადად, კი ვართ წესრიგის მოყვარული ადამიანები, მაგრამ როცა ასეთი რაღაც ხდება, მგონი, ტელემარკეტი და "ბემბი" უნდა გაწყვიტო (მადონას კლიპებზე რომ არაფერი ვთქვათ) და სპეცგამოშვება გააკეთო.

ამ საინფორმაციო სააგენტოებს რა დაემართათ კიდევ, არ ვიცი. მოკლედ, მე აღფრთოვანებული ვარ ქართული მედიის ოპერატიულობით.

გმადლობთ, ძვირფასო კოლეგებო.

3 comments:

ბუშკა said...

შერონ სთოუნი რომ მარცხენა დუნდულს იფხანს მაგაზე ხომ აკეთებენ სპეცგამოშვებებს :))

გურამი said...

აუ, გუშინ რა იწვიმაა! რომ დაიწყო წვიმა, ვიფიქრე რა კარგია აგრილდება თქო, მარა რომ გავიდა 2 საათი და მარტო მოიმატა და მოიმატა, გავიხედე გარეთ და.. სადღაა აღმაშენებლის გამზირი? კანოებით დაცურავდა ხალხი ქუჩაზე.

tamara said...

გუშინ ღამით ჩემი ახლობლები მგზავრობდნენ და რაღაც წუთებით ასცდნენ მაგ ამბებს...
რა უბედურებაა, თუ რამე ხდება, ის მაინც ვერ უნდა მოვახერხო, რომ დროზე გავარკვიო, სად არიან ჩემები, ცოცხლები არიან თუ მკვდრები??

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger