Thursday, June 23, 2011

მძინარე ჟურნალისტიკა

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აღმშენებლობა მიმდინარეობს, გზები სწრაფად
და ხარისხიანად იგება და წყალმომარაგების მხრივაც თითქმის ყველაფერი წესრიგშია,
დედაბუნებას არ სძინავს და, პერიოდულად, სტიქიურ უბედურებებს გვატეხს თავს.

საგანგებო მდგომარეობაში მუშაობა და ინფორმაციის სწრაფი გადაცემა, ჟურნალისტურ
საქმიანობაში ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა ქართულ ჟურნალისტიკაში სიტყვა “ოპერატიულობა”, პირდაპირი მნიშვნელობით მხოლოდ ისეთ განსაკუთრებულ
შემთხვევებში ესმით, როგორიც შერონ სტოუნის მიერ გარეცხილი ბლის კურკის, ან მისი
ნაკვალევის გაშუქებაა, მაგრამ ხანდახან ალოგიკური შემთხვევებიც ხდება. მაგალითად,
მეწყერის უეცარი ჩამოწოლა, მდინარის ადიდება, მოულოდნელი მსხვერპლი და მილიონობით ლარის ზარალი. ამ შემთხვევაში, რეპორტიორების ნომერ პირველი წესი უკანა
პლანზე ინაცვლებს და გასამართლებელი საბუთიც არსებობს: კვირა წმინდა დღეა და ამ
დღეს პურის საცხობებიც კი ისვენებენ.

რიკოთზე მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა, თუმცა ქართულ მედიას დილის თერთმეტ
საათამდე ეძინა, ტელეეთერი მულტფილმებს, კლიპებსა და ტელემარკეტს ეკავა. ინფორმაციას მხოლოდ ერთი სააგენტო ავრცელებდა მაშინ, როცა სხვა პორტალები “ქრონიკის” გამოშვებას ელოდებოდნენ.

ყველამ კარგად ვიცით, რომ ქართველებს ყველაფერში წესრიგი გვიყვარს. მათ შორის,
საინფორმაციო გამოშვებებშიც. წესრიგი და თანმიმდევრულობა ქართულ ჟურნალისტიკაში
მხოლოდ მაშინ ირღვევა, როცა საქართველოში ზემოაღნიშნული შემთხვევა ხდება და
ამ ღირსშესანიშნავ ფაქტს, შესაძლოა, მთელი დღის განმავლობაში, პირდაპირი ეთერი
დაეთმოს.

- დაღუპულია ათობით ადამიანი, - მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებული არ არის, ჯიუტად იუწყებიან რიგი საინფორმაციო პორტალები. ბუნებრივია, მთავარი ექსკლუზივია, ამასთან, მსხვერპლი და ვაიუშველებელი არავის სურს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ დროის ერთ მონაკვეთში გავრცელებულ, თითქმის იდენტურ ინფორმაციას, მერამდენიღაცედ გავიფიქრებთ, რომ ქართულ ჟურნალისტიკაში კონკურენცია არ არსებობს და აქ ვიბნევით. რა თქმა უნდა, ექსპერტები არჩევანის უფლებას გვაძლევენ და აქვე გვთავაზობენ: თუ არ მოგწონთ, გადართეთ, სხვაგან შედით, სხვა წაიკითხეთ, ან, უკეთეს შემთხვევაში, კარგი შენ გააკეთე, ჩემო ბატონოო. სამწუხაროა, რომ ჟურნალისტიკაში ეს პოზა ისეთივე თავდაცვის მექანიზმად იქცა, როგორც ნებისმიერი სახის, უკვე უმრავლესობად ქცეულ, უმცირესობაში თავის შეფარებაა.

ალბათ, სკეპტიკოსები კიდევ გამოჩნდებიან და იტყვიან, რომ ოპერატიულად მუშაობდნენ
და BBC-ს ქცევის კოდექსიც არ ავიწყდებოდათ. მძიმე კადრების პირდაპირ ეთერში ჩვენება
რომ არ შეიძლება და ასეთი მასალა დამონტაჟებას რომ საჭიროებს, აი, ის (ვეჭვობ, კოდექსში
ისიც უნდა ეწეროს, რომ ერთ დასახლებულ პუნქტზე საუბრისას მეორე არ უნდა აჩვენო
(მაგალითად, ზემო მლეთა) და ვინ მიხვდება რა კადრს ვადებთ ტექსტს პრინციპით არ

უნდა ვიდეზინფორმატოროთ). დამონტაჟებულ მასალაში კი, ყველაზე ხშირად, ადგილზე
შემთხვევით აღმოჩენილი მინისტრი ჩანდა, რომელმაც უბედურების ზონიდან ჯერ 300
მანქანა გამოატარა და ბოლოს თვითონ გამოვიდა.

ისე, პარადოკსია, მაგრამ ამ დღეებში ქვეყნის ერთი ნაწილი წყალს მიჰქონდა, მეორე კი
უწყლობით იტანჯებოდა. ამ უკანასკნელ შემთხვევაზე, საინფორმაციო საშუალებების
დიდი ნაწილი ისევე მრავლისმეტყველად სდუმდა, როგორც ათოსის მსახური გრიმო “სამი
მუშკეტერიდან”..

P.S. არადა, დუმილი ზოგჯერ ოქრო სულაც არ არის, განსაკუთრებით -
ჟურნალისტებისათვის.

3 comments:

გურამი said...

როგორც ერთი ჩემი ჭკვიანი ნაცნობი ამბობს ხოლმე "ყველაფერი რასაც ხედავ შენი სახლი, შენი სამშობლოოააა - საქართველოოოო"

Nina Gorecki said...

ისე უცნაურია, როგორც წესი ჩვენს ჟურნალისტებს უყვართ ხოლმე ასეთი დიდი ნეგატიური ამბების გაშუქება )

Zurriuss.Ge said...

ჟურნალისტიკა ჟურნალისტისგან ყველაფერ ცუდსს აიტანს, გარდა სიზარმაცისა, რადგან სიზარმაცეა ყველა დანარჩენის დასაწყისი - ჩემი ბოლო ტვიტი :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger