Friday, June 24, 2011

წერილი ორჰან ფამუქს

გამარჯობა, ორჰან ბეი. სიმართლე გითხრათ, დიდხანს ვარჩევდი ავტორს, ვისაც წერილს მივწერდი, თუმცა, რადგან მიწაზე მყარად ვდგავარ, თავიდანვე ვიცოდი, რომ ადრესატი აუცილებლად თანამედროვე უნდა ყოფილიყო. ბოლოს ორზე შევჩერდი, თუმცა მარიო ვარგას ლიოსასათვის მიწერას თქვენთან მოწერა ვამჯობინე.

რატომ?

თურქეთი აქვე, ყურისძირშია. პერუ კი დედამიწის მეორე მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ ლიოსას სამშობლოც არანაკლებ საოცნებოა ჩემთვის, თურქეთი უფრო ახლოსაა ახდენასთან. ისე, აშკარაა, რომ თქვენ გურჯისტანზე გაცილებით მეტი იცით, ვიდრე ვარგიტასმა (შეიძლება ამ უკანასკნელმა არც იცოდეს, სად არის საქართველო). ეგ კი არა, რამდენიმე ქართული სიტყვა რომ იცოდეთ, ეგეც არ გამიკვირდება.

ახლა ბევრ სისულელეს გწერთ, მაგრამ მართლა არ ვიცი საიდან დავიწყო, რა მოგწეროთ. უბრალოდ, თქვენ მე თურქეთის იმ სიღრმეებში შემიყვანეთ, რომელიც არ ვიცოდი. უფრო მეტიც: არასოდეს დამაინტერესებდა. წარმოიდგინეთ, შანსი რომ ყოფილიყო, ზღვაზე წასვლას ბათუმში ვარჩევდი, ვიდრე თურქეთის კურორტებზე (მიუხედავად უამრავი პლუსისა),სტამბულში კი სანახავი მარტო აია სოფია მეგონა...

ახლა ასე აღარ არის. თქვენი ნაწარმოებებიდან სტამბული შემიყვარდა. ოღონდ მარტო თქვენი სტამბული. იქ მოხვედრა ჩემთვის ძალიან მარტივია (მოგეხსენებათ, სავიზო რეჟიმი არ გვაქვს თურქეთთან). მარტივი და იაფი (ამ ეტაპზე ჯერ არა, მაგრამ შეიძლება ამ სექტემბერს ვეწვიო). ახლა ზუსტად ვიცი, რომ სტამბულში ჩასვლისას პირველს აია სოფიას კი არ მოვინახულებ, ნიშანთაშში გავვარდები და იმ ქუჩებს დავივლი, რომლებიც თქვენი წიგნებიდან მექნება ამოწერილი და მათზე ძალიან ბევრი გისეირნიათ.

ისევ სულ პირველ აბზაცს რომ დავუბრუნდეთ, მარიო ვარგას ლიოსას ძალიან გამსგავსებთ. ამაზე ერთხელ უკვე დავწერე და თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ, გაეცნოთ. გარდა იმისა, რომ მგონია, საკუთარ თავზე ჰყვებით, ძალიან გულწრფელი ხართ და ამიტომ უფრო მეტად გაფასებთ. თქვენი სულ ოთხი რომანი მაქვს წაკითხული (ერთს ახლა ვამთავრებ, აუცილებლად დავწერ და მერე, თუ დაგაინტერესებთ, ლინკს გადმოგიგზავნით,). კითხვის პროცესში სულ ვფიქრობ, რომ საქართველოზე ჰყვებით. თურქეთის 50 წლის წინანდელი პრობლემები, საქართველოში ახლაა აქტუალური. ცოტა სასაცილოა, არა? ეს ჩვენთვის, თორემ..

ცოტა ხანს ლიტერატურას შევეშვათ და, ჩვენში რომ დარჩეს, თქვენ მიერ აღიარებულ სომეხთა გენოციდს თურქეთში, არ ვეთანხმები. ამაზე, დაწვრილებით, პირადად რომ შეგხვდებით, მერე ვისაუბროთ. ისე, ცოტა ხნის წინ, ჩემი კარლსონები იყვნენ თურქეთში და თქვენი სახელი და გვარი იკითხეს. თურქებს არ ესიამოვნათ, თურმე. ვხვდები, რატომაც.

მგონი, ძალიან ბევრს ვლაპარაკობ, მაგრამ ვიმედოვნებ, ჩემს წერილს ბოლომდე ჩაიკითხავთ. სულ ერთხელ მქონდა მწერლისთვის მეილის მიწერის საშუალება. ახლა არ ველოდები, მაგრამ წარმოიდგინეთ, თქვენი შემოქმედების რიგითი თაყვანისმცემლისათვის რა ბედნიერება იქნება, პირველის მსგავსად, რუსთაველის თეატრის კუთხეში რომ შემხვდეთ და თქვენი წიგნები მაჩუქოთ. წიგნები, რომლებიც ჯერ წაკითხული არ მაქვს.

კიდევ, სულ მგონია, რომ სადღაც, ნიუ-იორკში შემთხვევით გადაგეყრებით. გეცმევათ გაცვეთილი კოსტუმი და პერანგი ("მე წითელი მქვიას" ქართული ვარიანტის ბოლო ყდაზე რომ გაცვიათ, აი ის), ხელში პატარა, ქსეროქსებით სავსე საქაღალდე გეკავებათ. მე დაგიძახებთ, თქვენ შემობრუნდებით. ხელს მაგრად ჩამოგართმევთ, გეტყვით, რომ გურჯისტანიდან ვარ და მადლობას გადაგიხდით. თქვენ ვერ მიხვდებით რატომ. შეიძლება, ძალიან ბევრიც იფიქროთ, მაგრამ მე მეცოდინება, რომ მადლობას ყველაფრისთვის გიხდით.

პატივისცემით თქვენი შემოქმედების რიგითი თაყვანისმცემელი საქართველოდან.

P.S. ორჰან ბეი, კოლუმბიის უნივერსიტეტში თქვენს ლექციას რომ დავესწრო, შეიძლება?


ვთაგავ: ეკა ონიანსლიტერატორსმთვარის კლუბს და დათო ლობჟანიძეს.

9 comments:

tamara said...

ჰაჰა, რა ძნელი მისახვედრი იყო, ვის მისწერდი შენ წერილს :)
" თურქეთის 50 წლის წინანდელი პრობლემები, საქართველოში ახლაა აქტუალური. ცოტა სასაცილოა, არა? ეს ჩვენთვის, თორემ.. - ჰო, ეს მე აშკარად მომხვდა თვალში, დავწერე კიდეც...
არ ესიამოვნათო? ეჰ, იქაც აქტუალურია სიცოცხლეში დაუფასებლობა? რატომ ვერ უნდა აფასებდე ამისთანა თანამემამულეს, მართლა არ მესმის...
როგორიც მოსალოდნელი იყო, სწორედ ისეთი პოსტია!
:)

მოლი ბლუმი said...

ვხვდებოდი, ვისაც მიწერდი, ვიცოდი, რომ ორიგინალური იქნებოდა და არც ერთი შემშლია და არც მეორე :)

nati kuda said...

აი, მე ჯერ სტამბული ვნახე, მერე ფამუქს გავეცანი და ნაცნობი ქუჩების და ადგილების ამოკითხვისას სიხარულისგან ვცქმუტავდი.

Rode said...

რა კარგი იყო :))

david lobzhanidze said...

ფამუქს მეც მივწერდი წერილს, სტამბულში 5-ჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ ფამუქის ქალაქის აღწერები ზოგჯერ უშუალოდ სტამბულზე უფრო გემრიელია.

vasasi said...

თამარა, მანდ, მგონი, სხვა ამბავია.. გენოციდის აღიარებას ვერ პატიობენ. თურქებისთვის ეგ პრინციპული ამბავია.. :)
პრინციპში, ისიც შეიძლება, რომ წიგნების დიდ მოყვარულებს არ შეხვდნენ, ჩემი ბავშვები.. :)

მოლი: მადლობა.. :)

ნათი კუდა: "უმანკოების მუზეუმში" სტალინის სახლმუზეუმის დარაჯი ქალის ამბები ამოვიკითხე და ვერ ვისვენებ, მაინტერესებს, როდის მოასწრო გორში ჩამოსვლა (არადა, ისე წერს, შანსი არ არის, არ ყოფილიყო).. :))

დათო, მიწერე შენც.. შენი ფამუქი, დარწმუნებული ვარ, სხვანაირი იქნება..

პ.ს. მშურხართ, ვინც სტამბოლში იყავით.. :))

ნინი said...

როგორც ვიცი ლიოსას აქვს ქართველებთან ურთიერთობა. მაგალითად, ლანა ღოღობერიძესთან და ალბათ საქართველოზეც ექნება ცოტაოდენი ინფორმაცია... :)

vasasi said...

მართლა, ნინი? არ ვიცოდი..
ავცქმუტდი ახლა..

ლიოსა ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია.

faifurisangelozi said...

უფ კარგი იყო,ცრემლი მომადგა.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger