Monday, June 27, 2011

კიდევ ერთი მანი

ისტორიული რომანები გიყვართ?
მე ძალიან. მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ საქმე ქართულ ისტორიულ რომანებს არ ეხება.

ადრეულ ასაკში შემოტენვის გამო, არ წამიკითხავს "გმირთა ვარამი", არც გამსახურდიას "დავით აღმაშენებელი" მიყვარს (ამ ავტორისადმი ცუდი დამოკიდებულება მაქვს როგორც პიროვნების, ისე მისი წერის არქაული, გატყლარჭული და ზედმეტად პოეტური წერის სტილის გამო), ვერც ბარნოვისა და დადიანის მონათხრობზე ვგიჟდები. ერთადერთი, ქართველებიდან ვისი კითხვაც მიყვარდა, ლევან სანიკიძე იყო..

უფრო დიდი ინტერესით უცხოელი მწერლების ისტოიულ რომანებს ვკითხულობდი. თუნდაც გმირებზე არაფერი მცოდნოდა, მერე ენციკლოპედიებში ვიქექებოდი და სხვა ინფორმაციებსაც ვიგებდი.

ისტორიულ რომანებს შორის, ყველაზე მეტად ჰაინრიხ მანის ერთი რომანი დამამახსოვრდა. ჰო, სათაურმა რომ არ დაგაბნიოთ (უფრო სწორად შესავალმა), ჰაინრიხ მანი თომასას უფროსი ძმა და მწერალია.

არის რა.. იყო..

ზოგადად, ასეა ხოლმე, რომ ორ ძმას შორის ერთი უკეთესი მწერალი გამოდის, მეორე ვერა (ძმებ გონკურებს არ ვგულისხმობ, ბუნებრივია), მაგრამ ამ შემთხვევაში ასე ვერ ვიტყოდი.

ის რომანი, რომელზეც ვამბობ, ორ წიგნად არის გამოცემული. პირველს "მეფე ანრი IV-ს სიჭაბუკე", მეორეს კი - "მეფე ანრი IV-ის მოწიფულობა" ჰქვია. რომანში საფრანგეთის მეფე, ანრი IV-ს ცხოვრებას მოგვითხრობს: დაბადებიდან გარდაცვალებამდე. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, დედოფალი მარგო ყველას გვაქვს წაკითხული. ანრი ეკატერინე მედიჩის სიძე იყო.

ამ რომანის წაკითხვის შემდეგ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პირველივე ჯერზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როცა ალექსანდრე დიუმას უნდობლობა გამოვუცხადე. მანის ნაწარმოების ფონზე, ხვდებით, როგორი ტყუილით აქვს დიუმას თავისი რომანი გამოტენილი. გერმანელი ავტორი ისტორიულ ფაქტებს ეყრდნობა და ძალიან საინტერესო სახეებს ქმნის.

სამწუხარო ერთადერთი რამ არის: ამ წიგნის მხოლოდ პირველი, "მეფე ანრი IV-ს სიჭაბუკეა" ნათარგმნი. ინტერნეტში ვნახე რაღაც ვარიანტი არაქართულად, მაგრამ ნეტში ვერ ვკითხულობ და არც ამობეჭდვის საშუალება იყო. ერთი, ხუთი წლის წინ მაქვს წაკითხული და, ეს ნაწარმოები ერთადერთი წიგნია, რაზეც მოსვენება მაქვს დაკარგული, ისე მინდა მეორე ნაწილის წაკითხვა. ჰოდა, რადგან 50 წიგნი და რამე, იქნებ ჰაინრიხ მანზეც გვეფიქრა, მეგობრებო?

ამისათვის საჭიროა, შეავსოთ ეს ბმული, მაგრამ ვიცი, რომ ეს წიგნი 50-ეულში ვერ მოხვდება. ამიტომ, კითხვას ვსვამ: ვინმეს ეს მეორე ნაწილი ხომ არ გაქვთ (ინგლისური/გერმანული მოსულა)?

P.S. საერთოდაც, ეს პოსტი იმ შუაში იყო, რომ დღეს თომას მანის ლეგენდარული "ბუდენბროკების" მეორე ნაწილი გამოვიდა.

19 comments:

Rode said...

ჰაინრიხის მოთხრობების კრებული მიდევს სახლში და ამ ზაფხულს უნდა წავიკითხო :) ამ რომანებზე არაფერი მსმენია სამწუხაროდ ;(

Katiée.Ge said...

"ამ ავტორისადმი ცუდი დამოკიდებულება მაქვს როგორც პიროვნების, ისე მისი წერის არქაული, გატყლარჭული და ზედმეტად პოეტური წერის სტილის გამო"

:love: :love: :love:
ძლივს არ ვიპოვე ჩემნაირი :D

Anonymous said...

ანრი მე–4–ა თუ მე–8?

vasasi said...

მეოთხე, ანონიმო..

საიდან მოვიტანე ეს მერვე..:))

ჩასწორებულია, გმადლობ..:)

Zurriuss.Ge said...

ყველაფერი მიყვარს, რაც ისტორიას უკავშირდება. მიყვარს ისტორიული რომანებიც, რადგან ადვილად იკითხება, მაგრამ მერე ყველაფერს ენციკლოპედიაში ვამოწმებ, რადგან ჩუქურთმა რეალობისგან გავმიჯნო. ამას ძალით არ ვაკეთებ, თავისით მთხოვს :)
ჯერ კიდევ ბევრი ეგეთი წიგნი მიდგას რიგში :პ

ბაჩო said...

თამუნა, კაწიე :)
გამსახურდიაში გიერთდებით :)
და საერთოდ მაგის დინასტიაც არ მიყვარს :( სამწუხაროდ

13 said...

jer sheni unda daafaso,rom sxvisi gaigo,magram qartvelebs xo mainc yvelaferi sxvisi gviyvars,lado asatianis ar iyos "ragind kargi coli yavdes mainc enatreba sxvisa" morals ar vkitxulob, ubralod chemtvis ase vfiqrob:)rac sheexeba cigns araushavs,sichabuke wamikitxavs,mocipuloba ara:)

Keti said...

ჷმირთა ვარამი არ წაგიკითხავს? ეი არ ლურჯა იაბო არ იცი ... არც უკუღმად დაწერილის კითხვა )) გამსახურდია როგორ არ გიყვარს: '' ლამაზ ქალს და კარგ მწერალს მსგავსი ბედი აქვთ, თუ ვერ შესწვდებიან დევნიან'' , როგორ შეიძლება მსგავსად მოაზროვნე არ მოგწონდეს :p

a bao a ku said...

ერთი შენიშვნა, თუ არ მიწყენთ - ჰაინრიხი თომას მანის უფროსი ძმა იყო...
გამსახურდია არც მე მიყვარს მისი გადაპrანჭული სტილის გამო, ისევე როგორც სანიკიძე :)

Anonymous said...

ეს რომანები ბავშვობაში წავიკითხე და დღეს მართლაც ვერ მივუბრუნდები. მაშინ მომწონდა, დღეს კი ვხვდები, ისტორიულ რომანს არ ეკადრება ამდენი სიყალბე. ყველაზე ფაქიზად ისტორიულ სინსმდვილეს აკაკი ეპყრობოდა. სრულიად გეთანხმებით თქვენ და ბაჩოს გამსახურდიასა და დინასტიის შეფასებაში.

Anonymous said...

თქვენ მეგობრებო მგონი გერევათ რომანი და ისტორიული სინამდვილე ერთმანეთში. გამსახურდია წერის დიდოასტატი იყო და არ მოეთხოვებოდა ისტორიული სინამდვილის გადმოცემა ისტორიული სიზუსტით.სწორედ ეგ არის მწერლის გენიალუროდა და შემოქმედებიტი ნიჭი რომ შეძლო მაღალმხავრული ნაწარმოების შექმნა. თქვენ გირჩევნიათ ისტორიული წიგნები იკითხოთ და არ მხატვრული ლიტერატურა.

vasasi said...

მე მაქვს იმის უფლება, არ მიყვარდეს, ან ვერ ვიტანდე კონსტანტინე გამსახურდიას..

და ადამიანებს, ვინც გაოცებით მეკითხება, როგორ შეიძლება არ გიყვარდეს მისი არაჩვეულებრივი წერის სტილიო, კითხვას შემოგიბრუნებთ: და თქვენ როგორ შეგიძლიათ გიყვარდეთ მისი წერის სტილი?

Anonymous said...

sheni ar iyos istoriul romanebs arc me vcyalob da mitumetes qartuls:P momecona posti dzalian:)) samcuxarod eg cigni ar maqvs torem no problem!:)) zogadad kitxva dzalian miyvars da jer kidev imdeni cigni aqvs casakitxi rom ravici..:)) ise "dedopali margo" davicye magram guli ver davudevi da mivatove:P:)))

Keti said...

წერის სტილი არაფერშუაშია, არც შენ წერ გადასარევად , მაგრამ უბრალოდ გვესიმპატიურები :)) ადამიანი მარტო სტილით არ ფსდება , შეიძლება სხვა კრიტერიუმებიც ნახო ) აღმაშენებლისა და დიდოსტატის გარდა სხვა ბევრი რამ აქვს დაწერილი გამსახურდიას და იყო გენიალურად ძლიერი, იყო ბრძენი. მე პირადად გალქტიონი 1 ხაზით მიყვარს: '' მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი''- ეს რომ წავიკითხე გადავირიე. უნდა იცოდე რატომ დაწერა დიდოსტატი და აპატიებ მხატვრულობას და ცოტა გადაჭარბებებს. PS პრინციპში შენ ვერ გაიგებ მანი იყო მართალი თუ დიუმა. PPSS შეფასების დროს კი ფაქიზი იყავი, ერთხელ ლევან ბერძენიშვილმა თქვა, ილია ვინ იყო, ქართული გრამატია არ იცოდაო, ლექს ესე იწყებს '' სამშობლო მთებო'' არადა გამართულია ''სამშობლის მთებო'' - ო, იმის მერე ბერძენიშვილი ჩემს თვალში უსუსურად სასაციო გახდა. Dიუმა მარტო დედოფალი მარგო არაა , მარტო გრაფ მონტე კრისტო რომ დაეწერა დასხვა არაფერი, ეყოფოდა, ასე რომ ჩემო გოგო, ცოტა ფაქიზად შეეხე ბუმბერაზებს, თორემ ჩემზე რაც გინდა წერე, ეგ გეპატიება **

vasasi said...

Keti: ყოველთვის მკლავდა უსიტყვო შეთანხმებები კონკრეტული პირების თუ საგნებისადმი.
გამსახურდიასი "მთვარის მოტაცებაც" წაკითხული მაქვს, "დიონისეს ღიმილიც" და პატარა ნოველებიც. სამწუხაროდ, შთაბეჭდილება არ შემცვლია მასზე.
ძალიან კარგად ვხვდებით დიუმა იტყუება თუ მანი, რადგან, საბედნიეროდ, ისტორია გადამოწმების საშუალებას გვაძლევს. "მონტე კრისტოს" რაც შეეხება, ჩემი აზრით, დიუმას ყველაზე ძლიერი ნაწარმეობია და დღემდე ვაფრენ.
ლევან ბერძენიშვილს კი აქვს უფლება არ უყვარდეს ილია ჭავჭავაძე ისევე, როგორც შენ, მე და სხვებს გვაქვს უფლება, მეტანია ვუკეთოთ მის საქმეებს.

დიახ, მე ერთი რიგითი ვარ და, ბედნიერი ვარ, რომ გენიოსობაზე არ მაქვს პრეტენზია. აქვე, მიხარია, რომ გესიმპათიურებით, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი გოგო არ ვარ:)

პ.ს. კლიშე "ბუმბერაზი" ან სხვა სხვა პროტოტიპი რომ იქმნება და მას ეთაყვანებიან წინააღმდეგობების გარეშე, მაგიტომ არის ადამიანთა უმეტესობა ტვინგახსნილი (ბუნებრივია, მოვლენებისა და ადამიანების სხვაგვარად შეხედვაში მათ გიენბას არ ვგულისხმობ).

Anonymous said...

გამსახურდიას არქაულ წერაზე რა მოგახსენოთ მაგრამ პიროვნება არც მე არ მომწონს,კონსტანტინე გამსახურდია ადამანი რომელიც ნიცშეს ერთ–ერთი მიმდევარი იყო შემდეგ საქართველოში დიდ რეპრესიებს გადაურჩა...........

თავისუფლად შეგიძლია მოგწონდეს და შენში სიმპატიას იწვევდეს ნაწარმოები ამა თუ იმ მწერლისა, და სულაც არ მოგწონდეს პიროვნება. შესანიშნავი ისტორიული რომანი დიდოსტატის მარჯვენა მაგრამ დაწერილი არც თუ ისე შესანიშნავი მწერლის მიერ

keti said...

Anonumous გეთანხმები, სტალინი და ჰიტლერი გენიოსები იყვენენ, ვაღიარებ გონებას მიუხედავად ამისა მკვლელობებსა და რეპრესიებს არ ვამართლებ ))

Vasasi - ჩემი გოგო - მოფერებითი ფორმაა და ნუ ავარდი * სექტანტებს რომ გვეძახი, ესე არც იაღოველი ვარ , არც 50-იანელი და აშ და ვატარებთ ))
Bერძენიშვილი შენი აზრით ტვინგახსნილია? ბევრი წიგნის წაკითხვა განათლებულობას არ ნიშნავს, ისევე როგორც ისოტიის გადამოწმება შენს დონეზე - ზუსტი მასალების ''ამოქექვას''', ისტორიას გამარჯვებულები წერდნენ ყოველთვის და იმათაც ყავდათ კარის მეხოტბენი )) რა საკვორველია აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს, მაგრამ კნინობითშჲ არაა ლამაზი.

მე ბავშვობაშჲ ვერაფრით წავიკითხე - საიდუმლო კუნძული, ოკეანეშჲ დაკარგულები და კიდევ რამოდენიმე, ვერ ჩავამთავრე, მოსაბეძრებლად არასაინტერესოდ მეჩვენებოდა, კიდევ ოლივერ ტვისტი გარკვეული მიზეზით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნას რომ ავტორები ვერ წერდნენ კარგად, და აშ. უბრალოდ პატარაობიდან მძიმე წიგნები მიყვარდა, შხვადასხვა კუთხით გაშალე მოვლენები

vasasi said...

Keti: ბერძენიშვილზე საერთოდ არ მაქვს აზრი და, ვფიქრობ, ეს, რომ ვაგინებდე ან ვლოცავდე, მაგაზე უარესია.
რადგან ისტორიას გამარჯვებულები წერდნენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეკატერინე მედიჩი ულამაზესი ქალი იყო და მზეთუნახავი ქალიშვილი ჰყავდა.. ზოგადად, რამის გადამოწმებისას ერთ წყაროს არ უნდა ენდოს კაცი.. :)

აზრის გამოთქმის უფლებასთან ერთად,ფორმის არჩევის უფლებაც არსებობს (თუ შეურაცხყოფას არ აყენებ), მე არ მიმაჩნია, რომ კონსტანტინეს შეურაცხყოფას ვაყენებ. მე არ მომწონს არც მისი ნაწარმოებები და არც პიროვნება და, თუ გადახედავ, მწერლებს, რომლების შემოქმედებაც არ მომწონს, არ ვაგინებ და არ ვამბობ, რომ ისინი სუსტი მწერლები არიან.

ბავშვობაში, მოზრდილობაში და მერეც, არ წამიკითხავს "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი". ზუსტად ვიცი, ისე მოვკვდები, რომ არ დავამთავრებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჰიუგოს შემოქმედება არ მიყვარს. პირიქით.

;)

nukuna said...

ვიპოვე ადამიანები, ვინც არაა უაზროდ მოხიბლული განსახურდიათი-გამიხარდა რომ არსებობთ :)
ჰო, სანამ ჩავიქოლები :დ არ ვაკნინებ გამსახურდიას, არც უარვყოფ და არც მის დამხსახურებას ვუსვამ ხაზს.
მგონია, რომ გემოვნების ამბავია, ვინ მოგეწონება და ვინ არა :)
თუნდაც მე ნამდვილად დიდი სიამოვნება მივიღე, როცა დიუმას ვკითხულობდი, ვასასიმ არა, და ეს სულაც არ მგონია დიდი ტრაგედია :)
უბრალოდ ძალიან გამაღიზიანებელია, როდესაც გამსახურდიაზე ჩემი აზრის გამოთქმისას ძალიან ხშირად ვაწყდები გაოცებულ მზერას შიგ ჩაყოლებული აზრით "კრამიტი გაქვს დაცურებული???"
არამგონია, ვალდებული იყოს ვინმე, რომელიმე მწერალი მოსწონდეს

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger