Sunday, July 10, 2011

ტომ!

- ტომ!
პასუხი არ არის.
- ტომ!
პასუხი  არ არის,
- სად დაიკარგა ეს ბიჭი? ტომ!

არ შეიძლებოდა, ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი კეთილ, ჭაღარა, გაჩეჩილ, ჩიბუხიან და ულვაშებიან ბაბუას გარდა, სხვა ვინმეს დაეწერა.

გახსოვთ საბავშვო ბიბლიოთეკის ტომები? ერთ-ერთი ასეთი ტომი, მარკ ტვენს ეთმობოდა. ჯერ ტომის, შემდეგ კი ჰეკის თავგადასავალი იყო.

ბავშვობაში ყოველთვის მეგონა, რომ მოთხრობების გმირები ქართველები იყვნენ და მოქმედებები ჩემთვის ნაცნობ გარემოში ხდებოდა. ასე, მაგალითად, ტომ სოიერი ბნავისელი იყო (ჩემი სოფელია ატენის ხეობაში). ბნავისელი იმიტომ, რომ სოფელი ჩემთვის თავისუფლებასთან ასოცირდებოდა. გორში თუ სახლში ყოფნა მქონდა მოსჯილი, სოფელში შემეძლო მეზობლებთან განუსაზღვრელი დროით მეთამაშა, მეჭამა ახალგამომცხვარი პური, გადამეტყავებინა მუხლები, მერბინა ჭალაში, წყაროზე, დავსველებულიყავი, ხეებზე მეძრომიალა და არავინ მიბრაზდებოდა.

ტომ სოიერი კიდევ, ბნავისელი იმიტომ იყო, რომ ყველაფრის გაფუჭება შეეძლო და მაქსიმალურად ერთობოდა. მაგალითად, როცა მოთხრობის დასაწყისში ტომი საკუთარი სახლის ჭიშკარს ღებავს (თუ მეზობელ დოყლაპია ბავშვს აღებინებს), სულ მეგონა, რომ სოფელში ჩემი სახლის მსგავსი ჭიშკარი ჰქონდა და მეცოდებოდა, იმ სიცხეში რომ უნდა ეღება.

ბავშვობაში, ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი უფრო მიყვარდა. აი, ტომს, თითქმის, ყველაფერი ჰქონდა: დილით ბებო საუზმეს ახვედრებდა, სუფთად ჩაცმული დადიოდა, სუფთა და თბილი ლოგინი ჰქონდა სახლში. საწყალ ჰეკს კი დაფლეთილი ტანსაცმლის გარდა, არაფერი გააჩნდა. სულ მიკვირდა, რატომ მეგობრობდა ასეთ ადამიანთან ტომ სოიერი და ამ პოსტის წერისას მივხვდი, რომ, ბევრი რამის მიუხედავად, ის კეთილი ბიჭი იყო.

საკმაოდ გვიან გავიგე, რომ ტომისა და ჰეკის გარდა, მარკ ტვენს სხვა, გაცილებით საინტერესო რაღაცები ჰქონდა დაწერილი. მაგრამ ზოგადად, ასეა: შემოქმედი ადამიანების ცხოვრებაში არსებობს მწვერვალები, რომლებსაც ერთ რომელიმე კონკრეტულ ნაწარმოებში აღწევენ. აი, მარკ ტვენის მწვერვალად ტომ სოიერი მიიჩნია ხალხმა.

- ტომ!
პასუხი არ არის.
-ტომ!.
პასუხი არ არის.
- სად დაიკარგა ეს ბიჭი? ტომ!.

არცთუ დიდი ხნის წინ, ერთ-ერთ საუკეთესო წიგნის დასაწყისად, სწორედ ეს პატრა და დამაინტრიგებელი შესავალი დასახელდა.

დღეს, "კვირის პალიტრასთან" ერთად, მარკ ტვენის "ტომ სოიერის თავგადასავალი" გამოვიდა.

9 comments:

Katiée.Ge said...

ისევ იგივე კითხვა: ახალი თარგმანია თუ ძველია ხელახლა გამოცემული?

vasasi said...

ახალი.. იმჰო.

mata said...

arada heklberi fini mark tvenis shedevria!

tamara said...

არ მიყვარს მარკ ტვენი :(

მოლი ბლუმი said...

ხელახლა თარგმნა მოესწრო?

ტვენის ბევრი რამ მომწონს, მოთხრობებიდან დაწყებული, "კონექტიკუტელი იანკის თავგადასავლის" ჩათვლით, მაგრამ ტომი და ფინი მაინც მწვერვალია.

50 წიგნი - www.50books.ge said...

@Katiée.Ge, ძველი, გრიგოლ ყიფშიძისთარგმანია.

გურამი said...

უი, მეც მაგას მივეცი ხმა. :) მარკ ტვენისა ყველაზე მეტად მომწონს "ადმის დღიური" და ჟურნალისტად რომ აპირებს მუშაობის დაწყებას და რომ სცემენ, გაამათრახებენ და ფანჯრიდან გადააგდებენ. ვაიმე, პირველად რომ წავიკითხე, ნაპირზე ამოგდებული თევზივით ვისუნთქავდი ჰაერს და ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა სიცილისაგან.

Deneb said...

"როგორ დავიცვათ ძაღლები აგვისტოში გაცოფებისგან ?
ივლისშივე დავაყრევინოთ თავები!!"
ციტატა 18?? წლის გაზეთიდან..

Indian said...

მარკ ტვენი ნოდარ დუმბაძის ამერიკული ვერსიაა : ))

ძალიან მაგარი იუმორით წერდა საკმაოდ სერიოზულ თემებზე : ))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger