Monday, August 1, 2011

ქვეყანა იყოს კარგად და..


საქართველო პატარა ქვეყანაა. იმდენად პატარა, რომ ბუნებრივი წიაღისეულის,
წყლის თუ სუფთა ჰაერის უზარმაზარ მარაგზე მითების თავად ქართველებსაც არ
სჯერათ.

საქართველო უნიკალური ქვეყანაც არის. ქართველებს უდაბნოც გვაქვს, ტყეც,
სტეპიც, ზღვაც, მთაც, ბარიც. კიდევ ათასწლოვანი კულტურა, ჯვარი, ალავერდი
და პრეზიდენტის რეზიდენცია ავლაბარში და, რადგან საქართველოს ბუნებრივი
რესურსების ქართველებსაც არ სჯერათ, გადაწყდა, რომ პატარა ქვეყნების
მთავარი იარაღი ტურიზმია.

ტურისტების მოსაზიდად მარტო სიღნაღის, ქუთაისის, ბორჯომის რეაბილიტაცია
არ კმარა. არც მესტიაში ახალი სათხილამურო ტრასის გაშენება და ბათუმის
აღმშენებლობაა საკმარისი. იმისათვის, რომ საქართველო მთელმა მსოფლიომ
უკეთ გაიცნოს, საჭიროა, ყველასთვის ცნობილმა ადამიანებმა გაუწიონ
რეკომენდაცია.

პირველად იყო რუსლანა, შემდეგ ტოტო კუტუნიო (ორჯერ) და კრის დებიურგიც.
ანდრეა ბოჩელი და ოპერის სხვადასხვა ვარსკვლავები. რადგან ქართველები
გემოვნებიანი მსმენელები არიან, ქვეყანა არც ჯაზ-კონცერტების ნაკლებობას
განიცდის. პიარში საკმაოდ კვალიფიციურ მავანთ კი, ქვეყნის პოპულარიზაციის
მოტივით, არც ბოლო დროის ყველაზე მძიმე ამბის (მართალია უნიჭო, მაგრამ
მაინც) შოუდ ქცევა უჭირთ. სამაგიეროდ, შერონ სტოუნმა „რედისონში“ ორი
ღამე გაატარა და დადგმული შოუ გრანდიოზული თანხა დაჯდა, თუმცა ფილმის
რეჟისორმა ბათუმში ბინა იყიდა და, იქაური ფასს თუ მივიღებთ მხედველობაში,
გასაკვირი არ იქნება, მავანთა მტკიცება, რომ ჰარლენის მიერ შეძენილი ბინის
ფასით, ფაქტობრივად, ფილმზე გაწეული ყველა ხარჯი განულებულია.

93 წლის მოვლენებისას სანაპირო ზოლის მკვეთრად შემცირების შემდეგ,
ზაფხულობით ქართველებს აფხაზეთიდან აჭარისკენ ჩამონაცვლებამ მოუხდათ.
თუმცა მას შემდეგ, რაც ბათუმი საქართველოს პირველი ტურისტული ქალაქი
გახდა, იქ ცხოვრებასა და დასვენებასაც ფასი აეწია. თან იმდენად, რომ
შესაძლოა, აჭარაში, მშობლიურ პლაჟზე ნებივრობა თურქეთში დასვენებაზე
ძვირი დაგიჯდეს. ამიტომ, ისინი, ვისაც ბათუმში დასვენების მატერიალური
შესაძლებლობა აქვთ, გადაწყვეტილებას თურქეთის სასარგებლოდ იღებენ და
თან იმაშიც დარწმუნებულები არიან, რომ აჭარისაგან განსხვავებით, თურქეთში
დასვენებისას სუფთა ზღვაში იბანავებენ. ბათუმი კი უცხოელი ტურისტების
ამარაა დარჩენილი და, ახალი ქართული ხუმრობის არ იყოს, ენობრივი ბარიერის
მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იქ დასვენება დასავლეთის ქვეყნებში დასვენებას
არაფრით ჩამოუვარდება.

აღმშენებლობის პარალელურად, ბათუმს, ბებერი თუ მეორეხარისხოვანი
ვარსკვლავების ნაცვლად, კაშკაშა მომღერლებიც სტუმრობენ. მიუხედავად
იმისა, რომ მათ კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი, ხშირ შემთხვევაში

რიგითი მოქალაქის ხელფასზე დიდია, ბომონდისა და მთავრობის ხარჯზე,
ბილეთები გასაყიდი არ რჩება, ადგილობრივ მცხოვრებლებსა თუ სხვადასხვა
რეგიონებიდან ჩამოსულთ კი, ორგანიზატორებისაგან სიურპრიზი მაინც
ელოდებათ: ბათუმის დიდ მოედანზე უზარმაზარი ეკრანია დამონტაჟებული და
ვარსკვლავების ხილვა ყველას უ ფ ა ს ო დ შეუძლია!.

მანამ, სანამ ტურისტთა მორიგი ნაკადი სტინგისა და კრის ბოტის ჩამოყვანის
ხარჯს სრულად დაფარავს, ამ ხარჯის ანაზღაურება მოსახლეობას არაპირდაპირი
გზებით უწევს. სხვა ეჭვი ნაკლებსავარაუდოა ადამიანს გაუჩნდეს, როცა
სტინგის ჩამოსვლამდე მცირე ხნით ადრე, ნაგვის გადასახადი დენისას მიება.
არა, მართალია, მთავრობამ ამით სოციალურად დაუცველი ფენის საკმაოდ დიდი
ნაწილის უზრუნველყოფა გათვალა, მაგრამ ეჭვიან ადამიანებს რა გამოლევს?
აგვისტოში კიდევ ერთი კაშკაშა ვარსკვლავი, ენრიკე იგლესიასი ეწვევა ბათუმს.
მის ჩამოსვლამდე ორი კვირით ადრე კი თბილისში მგზავრობა თითქმის 70%-ით
გაძვირდა.

გაძვირებისა და ვარსკვლავების ჩამოსვლის უცნაურ კავშირზე დაკვირვებულ
ადამიანებს შიშით გული უსკდებათ, ალბათ, როცა გასაძვირებელი არაფერი
დარჩება, ჰაერზეც დაწესდება რამე ტიპის გადასახადი (ერთ კაცზე 1.76 თეთრის
მსგავსი), მაგრამ „ჩაკრულოსა“ თუ „შენ ხარ ვენახზე“ ატირებული ვარსკვლავის
სანახავად თუ მტრის ჯინაზე, რას არ აიტანს ქართველი კაცი?!

ეჰ, როგორც უკვე ერთხელ თქვეს, ქვეყანა იყოს კარგად და...

2 comments:

ბაჩო said...

აბა სმარტ ბარათის ბუკლეტში ეწერა "კუს ტბის ჰაერი უფასოო"? მოგვატყუეს? :)

მეანდერძე said...

i like this post

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger