Monday, August 22, 2011

სექტანტური კლუბები

წარმოიდგინეთ, მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნის ლონდონი. სიტი. ბუნებრივია, წვიმს ან ღრუბლიანი ამინდია. ქოლგიანი და შლაპიანი ჯენტლმენები საქმიანად დადიან. დროდადრო საათზე იყურებიან: პირველ საათზე საკუთარ კლუბებში უნდა ისადილონ.

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ კლუბებში არის რაღაც მისტიკური. გამიგია, რომ ლონდონის კლუბებში მისაღებად მსურველებს რიგი პირობები უნდა დაეკმაყოფილებინა, ზოგიერთს, შეიძლება, რამდენიმე წელი დასჭირვებოდა რიგში დგომა, ზოგიერთი კი საერთოდ კლუბს მიღმა რჩებოდა. სხვათაშორის, მასონებიც კლუბებში ერთიანდებიან.

კლუბები ინგლისში დღესაც არსებობს და მათი წევრობა ერთგვარი პრესტიჟია. არსებობს ელიტური, გლამურული, გამურული და ა.შ. კლუბები.

კლუბების შექმნა გარდაცვილი ადამიანებისათვის არცთუ დიდი ხნის წინ დაიბადა. საინტერესოა, ვის მოუვიდა თავში ასეთი  იდეა, მაგრამ არსებობს და ერთობ მისტიკურიც. დიახ, კლუბი 27. მასში ერთიანდება ყველა ის მომღერალი, რომელმაც ამ ასაკში დაასრულა სიცოცხლე (ემი ვაინჰაუსის გარდაცვალებამ ეს კლუბი კიდევ ერთხელ გახადა აქტიური).

საინტერესოა, რას აკეთებენ გარდაცვლილები კლუბებში? ალბათ, "27"-ის წევრები, სხედან, ეწევიან მარიხუანას, სიგარას, სვამენ განუსაზღვრელი რაოდენობით ალკოჰოლს და, ზემოქმედების ქვეშ მყოფნი, შედევრებს ქმნიან.

ისე, ამ ბოლო დროს იდეა მომივიდა: რატომ არ შეიძლება, ერთსა და იმავე დღეს გარდაცვლილი მწერლების, პოეტების და ა.შ. კლუბი რომ შეიქმნას? მაგალითად, სერვანტესის და შექსპირის. საოცარია, რომ ეს ორივე ადამიანი ერთსა და იმავე რიცხვში გარდაიცვალა (1616 წლის 23 აპრილი).

რას გააკეთებენ ასეთი კლუბის წევრები? შეჭამენ სუპს (ღმერთო ჩემო, რატომ მაინცდამაინც სუპს?), ერთმანეთის ნაშრომებს შეაფასებენ, ურჩევენ ერთმანეთს მელანს და ბატის ფრთებს. საღამოობით აივანზე დასხდებიან და აყვავებულ ატმებს გადმოხედავენ (ამ კლუბის წევრებისთვის ხომ ყოველთვის 23 აპრილი იქნება).

შექსპირის "ჰამლეტი" დიდი ხანია გამოვიდა, დღეს კი, "კვირის პალიტრასთან" ერთად, 50 წიგნის ფარგლებში, მიგელ დე სერვანტესის "დონ კიხოტის" მეორე ნაწილი გამოდის.

2 comments:

Rode said...

სექტა :*

Anonymous said...

კაი, ვტყვლიპოთ ერთი კომენტარი:

რა არის საოცარი იმაში, რომ ეს ორივე ადამიანი ერთსა და იმავე რიცხვში გარდაიცვალა? 365 დღეა სულ წელიწადში.

ნუ, ხანდახან 366 :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger