Monday, September 5, 2011

მოდი, აღმოვაჩინოთ ამერიკა!

როგორც იქნა!..

დღეს, "კვირის პალიტრას" პროექტის ფარგლებში, გამოვიდა ავტორი, რომლის შემოქმედებასაც არ ვიცნობ, მაგრამ, მისი ცხოვრების პერიოდიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ორშაბათიდან დიდი კანფეტი უნდა მელოდეს.


გარდატეხის პერიოდი ნებისმიერ ქვეყანაში საინტერესოდ მიმდინარეობს (ეს ჩვენი არ გვეშველა არაფერი, თორემ..). როგორც წესი, ამ დროს განსაკუთრებით პროდუქტიული საზოგადოების შემოქმედებითი ნაწილი ხდება. ჩემი აზრით, ეს იმიტომ ხდება, რომ ბევრი სათქმელი გროვდება, რომელიც, რაღაც ფორმით უნდა გამოიხატოს.  


მაგალითად ისევ ჩემს საყვარელ გერმანულ ლიტერატურას მოვიყვან. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანელებს რამდენიმე ძალიან კარგი მწერალი ჰყავდათ, რომელთა შემოქმედებაშიც კარგად არის ასახული მათი თანამედროვე გერმანიის პრობლემა/დილემა/კომპლექსი (რომელიც, სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოიშორეს) და ის ფონი, რაც მათ ქვეყანაში არსებობდა. იტალიური ნეორეალიზმიც მეორე მსოფლიო ომის გამოძახილია, რომელიც, ჩემი აზრით კინოსგან განსხვავებით, ძალიან სუსტად აისახა ლიტერატურაში...


XIX - XX სს-ის ამერიკული ლიტერატურა იმიტომ მაინტერესებს, რომ მინდა ვიცოდე, საიდან დაიწყო ქვეყანამ, რომელიც მსოფლიო ლიდერობაზე აცხადებს პრეტენზიას. მეტყვით, აბა როგორ გაინტერესებს, ო'ჰენრი არ გაქვს წაკითხულიო მე კიდევ გიპასუხებთ, რომ დღევანდელ გამოცემას ველოდებოდი. ))


რატომღაც მგონია, რომ ო'ჰენრი დრაიზერს უფრო უნდა ჰგავდეს ვიდრე ჰემინგუეის (ბატონი ერნესტი, მგონი, იმ პერიოდის კონტექსტიდან ამოვარდნილი ფიგურაა): კაპიტალიზმის ჩამოყალიბების პერიოდი, პიროვნული ტრაგედიები, რომლებიც ამ კაპიტალიზმთან არის კავშირში, ბირჟა, აქციები, ფული.. და ბაც!.. შენ თვალწინ აშშ-ს აშშ-ობის პირველი წლები ჩნდება.


ძალიან მაგარია!.. :))


არ ვიცი, მართლა არ ვიცი, რა მელოდება ო'ჰენრის მოთხრობებში, მაგრამ გამართლება თუ არა ჩემი მოლოდინი, მოგვიანებით გაგიზიარებთ. აგერ, ახლა კარზე ზარია, ეტყობა, ჩემი წიგნი მომიტანა იმან.. <3


P.S. ამ ბოლო დროს ჩემს თავს შევამჩნიე, რომ ძალიან კდემამოსილი საუბარი და წერის მანერა გამიხდა და ძალიან ნუ დამცინებთ.. :))

3 comments:

მოლი ბლუმი said...

ჯერ არ წაგიკითხავს ო'ჰენრი?

რა მაგრობაა... არ იცი, მართლა არ იცი, რა სიამოვნება გელოდება წინ.

მაგ კრებულში რომელი მოთხრობებია თარგმნილი, ვერ გეტყვი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, 'წითელკანიანთა ბელადი", "მოგვთა საჩუქრები" და "უკანასკნელი ფოთოლი" აუცილებლად იქნება და ეს სამი საუკეთესო ო'ჰენრი მგონია მე. კიდევ, "გზები, რომლებსაც ვირჩევთ"...

აშშ-ობის პირველ წლებზეც ბევრს წაიკითხავ - მოკლე, იუმორისტულ-ავანტიურისტული მოთხრობების მთელი ციკლი აქვს.

Sophie שרה Golden said...

ძალიან კარგი პოსტი იყო, თამო, ყოჩაღ!

გერმანელებს რაც შეეხება, ვერასოდეს მოიშორებენ ამ კომპლექსს და საერთოდაც, კომპლექსი კი არა, ეროვნული უტვინობა ჰქვია იმას, რასაც მთელი ისტორიის მანძილზე აკეთებდნენ და ჭკუას ვერასოდეს სწავლობდნენ.

დრაიზერი არ წამიკითხავს და ო'ჰენრი კი არავის ჰგავს. ჰემინგუეი რამ გაგახსენა ო'ჰენრისთან, ისე განსხვავდებიან, როგორც ცა და დედამიწა.
ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, მე ცა მირჩევნია – ჰემინგუეი ანუ ;) :დ

წარმატებები და გააგრძელე კდემამოსილი წერა, არცთუ ისე ცუდად გამოგდის :)

vasasi said...

:))) სოფ... <3 :*

დრაიზერი რაღაცნაირია, აი, დაუნდობელი... კაპიტალიზმია, ფაქტობრივად.. :))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger