Thursday, September 29, 2011

გუგულის ბუდე, სისტემა და "იგი"

ძალიან ბევრისგან მომისმენია, რომ " One flew over the cuckoo's nest"-ის შემთხვევა, სხვა რომანების ეკრანიზაციებისაგან განსხვავებით, ზედმეტად წარმატებით შედგა, თუმცა ვერ დავეთანხმები.

გამომდინარე იქიდან, რომ კინოს სფეროში სრული "ჩაინიკი" ვარ, ექსპერტულ შეფასებას კინომცოდნეთა არცთუ მცირერიცხოვან სექტას დავუთმობ. მე, უბრალოდ, რომანში/ფილმში აღწერილ სიტუაციაზე მინდოდა ორიოდე სიტყვის თქმა.

ძალიან ბევრ ნაწარმოებში ტანჯვის, წამების, ამბოხის, ინდივიდის ბრბოსთან დაპირისპირების შედეგად, ყველაფერი კარგად მთავრდება რაც, ძირითადად, რეალობისგან აცდენილია. ამ ნაწარმოებში კი ზუსტად არის ნაჩვენები ის, რაც ათიდან 9,9 შემთხვევაში ხდება: რომ სისტემა სისტემაა და მასთან დაპირისპირება, უმეტესად, ფატალური შედეგით სრულდება; რომ სიმართლე იმის მხარეზეა, ვისაც ძალაუფლების ბერკეტები აქვს და ადამიანებიც, მათი გამოყენების შიშით, სისტემას ემორჩილებიან. შემდეგ კი მორჩილება ჩვევაში გადადის (ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თვისება ხომ შემგუებლობაა)...

ასეთ დროს ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სისტემას უპირისპირდებიან და ბრბოს გამოფხიზლებას ცდილობენ. მოცემულ შემთხვევაში მაკმერფი, რომელიც ფსიქიატრიულის ზომბებში ადამიანური თვისებების გაღვიძებას მოახერხებს. სხვათაშორის, საინტერესოა, რომ წიგნში თითოეული პაციენტის საავადმყოფოსგარეთა ცხოვრებაზე რაღაც დეტალები არის მოთხრობილი, მაკმერფის შესახებ კი, ფაქტობრივად, არაფერი ვიცით.

თუმცა, ერთგვარი გამოცოცხლების მიუხედავად, მაკმერფი მაინც მარცხდება: ორგიის შემდეგ, როცა ბიბეტის თვითმკვლელობა ბრალდება არა ექთანს, რომელმაც ბიჭი ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა, არამედ, მაკმერფის.

ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, როცა ელექტროშოკითა და ოპერაციით გამოთაყვანებულ მაკმერფის ბელადი კლავს იმიტომ, რომ სხვებმა ასეთ უბედურ მდგომარეობაში არ ნახონ. შემდეგ, სისტემისგან თავს მაკმერფის მიერ ოდესღაც ნაჩვენები გზით ცდილობს.

თქვენი არ ვიცი, მაგრამ რაღაცნაირად, პარალელი ქარჩხაძის "იგისთან" გავავლე: იგის შემთხვევაში ზუა, რომელიც, მისი სიკვდილისთანავე წელში იმართება, მაკმერფის შემთხვევაში კი - ბელადი, რომელიც საავადმყოფოდან გარბის. გარბის ყველას, მათ შორის, მაკმერფის მაგივრადაც.

ჰო, ორივე შემთხვევაში წამომწყებები იღუპებიან, მაგრამ იდეას გამგრძელებელი უჩნდება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ არც სისტემა რჩება ერთ ადგილზე გაყინული. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, როგორც იზრდება წინააღმდეგობა, ასევე იზრდება და იხვეწება მასთან ბრძოლის მეთოდებიც და, მივდივართ დასკვნამდე, რომ "რა აზრი აქვს, მაინც ყველანი დავიხოცებით".

P.S. ორგზის მაპატიეთ:
1. რეცენზიების დაწერა რომ მოვინდომე;
2. ნაწარმოების განხილვა, მთელი 40 წლით რომ დავაგვიანე. :)


6 comments:

litterator said...

პ.ს მაგარი იყო :D :D

ბაჩო said...

"შემდეგ, სისტემისგან თავს მაკმერფის მიერ ოდესღაც ნაჩვენები გზით ცდილობს."
აქ მოქმედება ჩაამატე :)

tamara said...

ბანალურია, მაგრამ... მომეწონა :)

Anonymous said...

tamara
1. თქვენი მოწონებაა ბანალური?
თუ
2. ბანალური პოსტები მოგწონთ?

Anonymous said...

momewona,dzalian saintereso iyo :)

vasasi said...

გმადლობ, ანონიმო. :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger