Saturday, October 8, 2011

პერო - ის არა ოღონდ

მე სამი ენა ვიცი: რუსული, გერმანული და ინგლისური.

თუმცა სამწუხარო ის არის, რომ სრულყოფილად არც ერთს ვფლობ: მესმის, შემიძლია კითხვა, მაგრამ ვერ ვლაპარაკობ.

(ანუ, არ ვიცი)

მართალია, ამ მხრივ (და არამხოლოდ) ჯერ ყველაფერი წინ მაქვს, მაგრამ ის, რომ ენები არ ვიცი, გულის სიღრმეში მაკომპლექსებს, გული მეთანაღრება და ა.შ. ამიტომ ჩემთვის, კუთხეში ვზივარ. ვკითხულობ (ხანდახან ხმამაღლაც)/ვუსმენ/ვუყურებ.. ნუ, ეს არ არის მნიშვნელოვანი.

ამ უზარმაზარი ნაკლის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ არც ისეთი ცუდი ტიპი ვარ.

კომპლექსი, ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა, მრავლისმომცველი სიტყვაა. მის არქონაზე ბევრი დებს თავს, თუმცა, მარტივი მიზეზის გამო, სრულიად უკომპლექსო ადამიანი არ არსებობს: უბრალოდ, ის არ იქნება საზოგადოების წევრი. თუმცა არსებობს კომპლექსები, რომლებიც, ჩემი აზრით, უსარგებლოა.

არ ვიცი რატომ, მაგრამ ყოველთვის მაღიზიანებს თვითკმაყოფილი ადამიანები. განსაკუთრებით ისეთები, ვინც საკუთარი ღირსებების ხაზგასმას 24/7-ზე ცდილობენ.

მართალია, ყოველდღიურ ცხოვრებაში ამდენი უსარგებლო, ინგლისური ბარბარიზმის ხსენება კარგა ხანია პეროს სიგრძის საზომად აღარ გამოდგება, თუმცა ჯიუტად ვაგრძელებთ მათ გამოყენებას (მეც ვაღიარებ, რომ ცუდად მაქვს ამოჩემებული გერმანული სიტყვა "მენშენ" ანუ "ადამიანები" და მიმართვის დროს ვხმარობ ხოლმე). წინადადებაში რაც უფრო მეტ ინგლისურ სიტყვას ჩავურთავთ, მით უფრო განათლებულები თუ ნიჭიერები ვჩანვართ და საკუთარ თავს დემაგოგობის უფლებასაც ავტომატურად ვანიჭებთ.
რა თქმა უნდა!
ჩვენ ხომ ათი თავით მაღლა ვდგავართ დანარჩენებზე... :)

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მსგავს ადამიანებთან შეხვედრის/ურთიერთობის დროს, ძალიან მრცხვენია მათ მაგივრად (გეგონება ჩემი ნაკლთა ნაკრები არ მეყოფა სასირცხვილოდ). ვფიქრობ, გარკვეული ცოდნის აფიშირება არანაკლები კომპლექსია, ვიდრე არცოდნა.


7 comments:

miau said...

მახსოვს, ადრე ერთმა ფორუმზე დაპოსტა - ინვოლვირებული ვარ ამ საკითხშიო... კინოს პრობლემებზე ვსაუბრობდით.

სწორედ ეს ინვოლვირებულობა, დაპრომოუშენება, ივენთები და კრეატიულობა ისეთივე სასაცილოდ მეჩვენება, როგორც რუსული ბარბარიზმებით გაჟღენთილი XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის ქართული მეტყველება. ეს ბოლო - კრეატიული, რომლის მშვენიერი ქართული შესატყვისი, შემოქმედებითი სულ მივივიწყეთ ძალიან მაღიზიანებს. არადა, არ არის სიყტვა შემოქმედება მკვდარი ენის ნაწილი და არ მესმის, ასე რატომ ხდება. :)
გვაქვს სიტყვა მოზარდი, რომელიც ამ ასაკის ადამიანს გაცილებით კარგად გამოხატავს ვიდრე თინეიჯერი.
მიმბაძველობა განსწავლულობის დასამტკიცებლად! - ეს არის ჩვენი სლოგანი.

გიო ლი said...

ერთი დაგავიწყდა.. ქართულიც იცი, ანუ რამდენი ენა იცი? :)

vasasi said...

გიო ლი: ჰო, აი, ქართულზე მართლა შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგად ვიცი (მარტო წერა/კითხვა/ლაპარაკს არ ვგულისხმობ).. :))

ანუ, რამდენი ვიცი და მარტო ქართული ვიცი.. :დ
სანახევროდ ცოდნა არ ითვლება (აი, კალკი ჩავაკვეხე).. :))

Katiée.Ge said...

ეგ არ არის ცოდნის აფიშირება, ეგ არის სიტყვათა მარაგის არქონის აფიშირება.

მეც გამიჭედავს (რეალურადაც და ვირტუალურადაც) და ჩამინაცვლებია ინგლისური სიტყვით, მცხვენია, მაგრამ რა ვქნა, არ მაქვს ქართული შესატყვისი ტვინში გამჯდარი და საჭირო დროს ვერ ვიხსენებ, ამიტომ ვამბობ ისე, როგორც შემიძლია.

miau said...

ეგ არ არის ცოდნის აფიშირება, ეგ არის სიტყვათა მარაგის არქონის აფიშირება.

ზოგ შემთხვევაში ასეა, მაგრამ საუბრის მიხედვით შესამჩნევია, ვინ ვინ არის და რა ამოძრავებს. :)

yviteli said...

ხოო, ეგ ნამდვილად პრობლემაა დღეს, განსაკუთრებით ტელევიზიიდან მესმის ინგლისური ჩართული სიტყვები. ამ დროს მეორე თაობის წარმომადგენლებს ერთი თარჯიმანი ჭირდებათ, რომ გაიგონ, რას იუწყება ტელევიზია :)) Scheisse-ა! ;)

yviteli said...

"კრეატიულობაზე" ვერ დავეთანხმები (ქალ)ბატონ miau-ს, იმიტომ, რომ ეს ენამ მიიღო. ანუ, ენაში რაღაცეები იცვლება და ან იღებს ენა, ან არ იღებს. "კრეატიული" ყურსაც არ ხვდება ცუდათ, მეტიც, "შემოქმედებითი" ცოტა მოძველებულიც კია და როცა მისი გაარსებითებული ვარიანტის დასახელება გვიწევს, პრობლემას ვაწყდებით("ვერ ვიტყვით-"შემოქმედებითობა"). ამიტომ, "კრეატიულობა" აქ დამხმარე საშუალებაა. :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger