Friday, October 21, 2011

ფემინიზმი და შვედური ოჯახი

როცა საუბარი ფემინიზმზე იწყება, ვცდილობ, მაქსიმალურად ცინიკოსი ვიყო. ალბათ, გამომდის, რადგან ქალთა უფლებებზე დამწუხრებულ ადამიანებს უფრო მეტად ვუკლავ გულს. მე კიდევ, იმაზე მეტად არაფერი მსიამოვნებს, ვიღაცა ფეხებზე რომ მკიდია და ცივსისხლიანად ვაჭერ მაზოლზე ფეხს (აბა ვინმეს რომ ვუფრთხილდები, საკუთარი თავის დაცვაზე ვამბობ ხოლმე უარს).

ფემინიზმის თითიდან გამოწოვილი თემა მგონია. თემა, რომელზეც სკანდინავიურმა ქვეყნებმა უნდა ინერვიულონ მარტივი მიზეზით: მათ სადარდებელი სხვა არაფერი აქვთ. პირველად ამ დასკვნამდე ღრმა ბავშვობაში მივედი, როცა ნორვეგიელი მწერლის - ანა კატრინე ვესტლის "გოგონა ავრორა "ც" კორპუსიდან" წავიკითხე. მართალია, მაშინ არ ვიცოდი რა იყო ფემინიზმი, მაგრამ მახსოვს შეგრძნება, რომ წიგნში გაცილებით მეტი ხდებოდა, ვიდრე მამის მიერ მომზადებული სადილი თუ გამოცვილი პამპერსი იყო.

მე  მიყვარს სკანდინავიური ლიტერატურა. თანამედროვეც და ძველიც. მომწონს სიმშვიდე, რომელიც იაპონურს ვერ შეედრება, მაგრამ ზამთრის, ნისლის, ხუტორის, მაჭკატებისა და ყავის სუნი მოაქვს.

თანამედროვე სკანდინავიური ნაწარმოებებიდან, თუ არ ვცდები, ორი მაქვს წაკითხული: კატერინა მასეტის "ტიპი მეზობელი საფლავიდან" და სტიგ ლარსონის "გოგონა დრაკონის ტატუთი". ორივე ერთ პერიოდში, 2000-იან წლებშია დაწერილი. თანამედროვე ნერვული რიტმი ორივეში იგრძნობა, თუმცა ხუტორის, მაჭკატების, ყავისა და ნისლის სუნი მაინც გასდევს. ჩვენში რომ დარჩეს, სკანდინავია კულტურით, განვითარების დონით, ლიტერატურით და კიდევ ბევრი რაღაცით, დიდი ბრიტანეთისა არ იყოს, ევროპისგან მაინც შორს დგას. მაგალითად, იმავე პერიოდშია დაწერილი უელბეკის "პალტფორმა" თუ ბეგბედერის "99 ფრანკი", სადაც თანამედროვეობის კატასტროფულად ისტერიული რიტმი ჩანს. რიტმი, რომელიც გღლის, მაგრამ გაინტერესებს, იმიტომ, რომ შენია.

დეტექტივებს ადრე ვკითხულობდი. ბავშვობაში. ეს ჟანრი ყველაზე მარტივია ჟანრებს შორის (თუ რამდენიმე ავტორს არ მივიღებთ მხედველობაში). მათ კითხვას წიგნის შეყვარების პროცესში ვიწყებთ, შემდეგ ვვითარდებით, გემოვნება გვეხვეწება (არ მინდა, ვინმემ გამიგოს, რომ დეტექტივს დაბალი ხარისხის ნაწარმოებს ვუწოდებ).

მრავალწლიანი შესვენების შემდეგ, დეტექტივი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დავამთავრე, სტიგ ლარსონის "გოგონა დრაკონის ტატუთი" იყო. სიმართლე გითხრათ, ამ ნაწარმოებს კლასიკურ დეტექტივს ვერ ვუწოდებ, რადგან საგამოძიებო სიუჟეტის გარდა, რიგითი ცხოვრებისეული მოვლენები ვითარდება. მაგალითად, ვაწყდებით შვედური ოჯახის მაგალითს, ძალადობას ვიღაცაზე, ვიგებთ, რომ ცხონებული ჯობსის პროდუქცია შვედეში პოპულარულია დ ა.შ.

ვერ ვიტყვი, რომ ნაწარმოებში დეტექტიური მიმართულება ორიგინალურად ვითარდება. მსგავსი სიუჟეტები სადღაც-სადღაც გამიგონია (ადამიანი რომ მკვდარი ეგონათ, ის კი ჯანმრთელი და ბედნიერი 50 წლის მანძილზე სადღაც ცხოვრობდა), მაგრამ რამდენიმე რაღაცაზე გავამახვილებ ყურადღებას, რის გამოც ამ წიგნის წაკითხვა აუცილებლად ღირს:


  •  გამომძიებელი არის ჟურნალისტი, რომელიც, ამავდროულად ვიღაც თაღლით მილიარდერზე მუშაობისას ჩაფლავდა (ჟურნალისტებისათვის პროფესიული კუთხით საინტერესოდ არის რაღაცები ნაჩვენები);
  • ნაწარმოებში იგრძნობა თანამედროვე რიტმი (საუბარია ეკონომიკაზე, მაქინაციებზე, ბიზნესზე, მის მართვაზე, დეტალებზე), მაგრამ სტოკჰოლმურ ქაოსს კუნძულის სიმშვიდე აბალანსებს;
  • ნაწარმოებს აქვს რაღაც გოლზოურთის "ფორსაიტების საგისა" და თომას მანის "ბუდენბროკებისეული": მისი ერთ-ერთი მთავარი გმირი საოჯახო ბიზნესის მფლობელი ვანგერების საკმაოდ მდიდარი ოჯახია. ახლოს ვეცნობით თაობებსაც და მათ გახრწნასაც ვადევნებთ თვალს;
  • სკანდინავიური წიგნი როგორ შეიძლება ფემინისტური წიაღსვლების გარეშე და, გარდა იმისა, რომ წიგნის ორიგინალური სახელწოდება "ქალთმოძულე მამაკაცები" ყოფილა, ყველა თავს გასდევს სტატისტიკა, თუ რა ტიპის ძალადობა ემუქრებათ ქალებს კაცებისგან. გარდა ამისა, ნაწარმოების მთავარ გმირ - ლიზბეთზე, მისი მეურვე სოციალური მუშაკი სექსუალურ ძალადობას ახორციელებს, ნაწარმოებში შემოდის სერიული მკვლელიც, რომელიც თავიდან ფუმფულა, საყვარელი და გადასარევი იყო და რომლის კისერზეც, თითქმის, ასამდე ქალის მკვლელობაა;
  • ნაწარმოებში გვაქვს შვედური ოჯახიც: ჟურნალის რედაქტორი ერიკა, თანარედაქტორი მიქაელი და ერიკას ქმარი;
ნაწარმოები საინტერესოდ მთავრდება: ლიზბეთი და მიქაელი, ისევე, როგორც უხუცესი ვანგერი და ვანგერის ადვოკატი, საიდუმლოდ ინახავენ კიდევ ერთი ვანგერის "გმირობებს", თუმცა დაღუპული ქალების ოჯახებისათვის, ვანგერები სერიოზული კომპენსაციის გადახდას გეგმავენ. ჩემი აზრით, ამით მწერალს უნდოდა ეთქვა, რომ კომპენსაციების მიუხედავად, დანაშაული დაუსჯელი რჩება. მანიაკს შერჩა ასი სადისტურად მოკლული ქალის სისხლი, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც სისხლით გამოისყიდა.

მე რეკომენდაციას ვუწევ ამ წიგნს. არა როგორც დეტექტივს, არამედ, როგორც თანამედროვე მსოფლიოს კიდევ ერთ, საკმაოდ საინტერესო ლიტერატურულ გამოძახილს.

6 comments:

გურამი said...

მშურს, რომ კითხვას ახერხებ.. :( და მიხარია, რომ გიცნობ და შენს ბლოგს ვკითხულობ.

Katiee.ge said...

"ფემინიზმის თითიდან გამოწოვილი თემა მგონია. თემა, რომელზეც სკანდინავიურმა ქვეყნებმა უნდა ინერვიულონ მარტივი მიზეზით: მათ სადარდებელი სხვა არაფერი აქვთ. "

შენგან მიკვირს, თუმცა მეორეს მხრივ, 3 წლის წინ, სკანდინავიელ მეგობარს მეც ზუსტად ამ ტექსტით დავცინოდი, როცა მეუბნებოდა - საქართველოში რომ დაბრუნდები ქალის უფლებებზე უნდა იზრუნოო ;)

მაგრამ ეს 3 წლის წინ იყო და ახლა სულ სხვანაირად ვფიქრობ :)

Anonymous said...

1. like ღილაკი რომ ყოფილიყო აქ ..

GIO LI said...

like.. :)) ლიკე.. :)) лике.. :))

tabunia said...

გამარჯობა, ვასასი :)
როგორც ვხვდები, ბლოგოსფეროში მართლა იშვიათი გამონაკლისი ვარ, ვისაც ეს წიგნი არ მოეწონა...
პოსტი კი ძალიან კარგია. მომეწონა :ლაიქ:

vasasi said...

tabunia: გამარჯობა. :)

და მადლობა..

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger