Friday, November 11, 2011

სტენდალის წითელი სინდრომი

თუ გული გიჩქარდებათ, თაბრუს ხვევა და ჰალუცინაციები გაწუხებთ, ალაგ-ალაგ გული მიგდით და ექიმი დიაგნოზში ფსიქოსომატურ აშლილობას გიწერთ, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ - ეს სტენდალის სინდრომია.

საშიში არაფერია მხოლოდ მაშინ, თუ თქვენი ეს მდგომარეობა ხელოვნების ნიმუშების ზემოქმედებით არის გამოწვეული. ზუსტად ისე, როგორც სტენდალს დაემართა ფლორენციის, კერძოდ, უფიცის გალერიის ნახვაზე.

სინდრომზე, რომელსაც, დაახლოებით, ასი წლის შემდეგ, მისი სახელი დაერქვა, მწერალმა სულ სხვა ნაწარმოებში ისაუბრა. ნაწარმოებში, რომელიც ნეაპოლსა და ფლორენციაში მის მოგზაურობას ასახავდა. ამ წიგნს არაფერი აქვს საერთო XIX საუკუნის საფრანგეთის პლებეებთან და პატრიციებთან. არც წითელთან და არც შავთან.

სიმართლე გითხრათ, დღემდე ვერ ვხვდები, რატომ ჰქვია სტენდალის ყველაზე ცნობილ რომანს "წითელი და შავი". ეს ორი ფერის კომბინაცია ძალიან გემოვნებიანია, არისტოკრატული და მდიდარი, თუმცა, ჩემი აზრით, არაფერი აქვს საერთო პლებესთან, რომელიც სოციალური იერარქიის ზედა საფეხურზე ასვლას ცდილობს. ცდილობს ნებისმიერი მეთოდით.

მე ვიტყოდი, რომ ჟულიენი ძალიან პატიოსანი გმირია. როცა ვარდები შესაბამის გარემოში და გაქვს წინ წაწევის პრეტენზია, მიზნის მისაღწევად ნებისმიერ მეთოდს მიმართავ. განსაკუთრებით მაშინ, თუ გავითვალისწინებთ მეცხრამეტე საუკუნის ფრანგულ ელიტას, ინტრიგებს, ჭორებს, ლაბირინთებს, მკვლელობებს.. აი, ჟულიენმა, გადაწყვიტა, მარტივი გზით მიეღწია წარმატებისკენ: ხუჭუჭა, ახალგაზრდა, მომხიბვლელმა ყმაწვილმა იმდენი შეძლო, რომ ორი სერიოზული სოციალური სტატუსის მქონე ქალბატონის (მაშინდელ ტერმინოლოგიას თუ მოვიშველიებთ) შეცდენა მოახერხა.

სტენდალის მხოლოდ "წითელი და შავი" მაქვს წაკითხული ("პარმის სავანე" ძალიან მაინტერესებს და, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე მისი ჩაგდება). ვერ ვიტყვი, რომ არის ორიგინალური შინაარსის მქონე, შევაფასებდი, როგორც ბულვარულ რომანს, ტიპური სამკუთხედებით, თუმცა ერთი, რაც არ ძველდება და რისთვისაც ეს ნაწარმოები დაიწერა, საერთოდ, არის მეთოდები, იოლი გზა, რომლითაც ადამიანები გარკვეულ საზოგადოებაში ცდილობენ შეღწევას.

წერის მანერით და მოვლენების განვითარების  თვალსაზრისით, "წითელი და შავი" "მადამ ბოვარს" ჩამოჰგავს, რაც თანამედროვე სამყაროსათვის ცოტა დამღლელი და მომაბეზრებელია. წერის ეს მანერა იმ ეპოქისთვის იყო დამახასიათებელი, თუმცა, ამავე პეროიდში (ოდნავ მოგვიანებით) მოღვაწეობდა ემილ ზოლა. მწერალი, რომელმაც, ახალ ჟანრთან ერთად, წერის სხვა სტილიც შემოიტანა. მის ნაწარმოებში დასმული პრობლემატიკა არის ძალიან მწვავე და ცოცხალი, რაც მნიშვნელოვანია.

მინდა, რომ პროექტის ფარგლებში, რომელსაც "კვირის პალიტრა" ახორციელებს, ემილ ზოლაც შევიდეს. თუ გაინტერესებთ ნატურალიზმის ფუძემდებლის შემოქმედება, მაშინ   აუცლებლად შეავსეთ ეს ბმული. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ დღეს, თქვენ მიერ შერჩეულ 50 აუცილებლად წასაკითხ წიგნთა სიაში, სტენდალის "წითელი და შავის" რიგი დადგა.



3 comments:

Kato said...

ეს წიგნი ბავშვობაში კი არადა, სკოლის პერიოდში მაქვს წაკითხული, მაშინ ვერ მივხვდი რატო ერქვა "წითელი და შავი", ან შეიძლება მივხვდი და ახლა აღარ მახსოვს, რაც თითქმის გამორიცხულია :დ, ჰოდა დღეს, წიგნი რო დამხვდა სამსახურში (ორშაბათობით არ ვმუშაობ და შესაბამისად ჩემთვის სამშაბათს გამოდის პალიტრა :დ) იგივე აღვნიშნე - აღარც კი მახსოვს რატო ჰქვია ეს სახელი მეთქი... ამომწურავი პასუხი ვერავისგან მივიღე, ჰოდა, სავარაუდოდ კიდევ ერთხელ წავიკითხავ :) ოდესმე :) ჯერ სხვები მყავს რიგში :)

პ.ს. მთელი ოჯახით გკითხულობთ <3

vasasi said...

მთელი ოჯახით?
ვაიმე, ვაიმე, ვაიმე..

შემრცხვა.. :)

უფრო სწორად, მინდოდა, მადლობა მეთქვა.. :))

glamtaia said...

ახლა ვკითხულობ . . . როცა მოვრჩები მერე ვილაქლაქებ :)) ისე ეს ჟულიენი უკვე ნერვებს მიშლის . . .

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger