Tuesday, November 29, 2011

When all guitars gently weep

იყო ჰიპური მოძრაობა, სხვადასხვა სახის როკი, როკენროლი და ნარკოტიკები.. მოხდა  სექსუალური რევოლუცია, იყვნენ მეამბოხეები და სულით მეამბოხეები, თუმცა პირველად იყო 40-იანები. პერიოდი, რომელმაც მსოფლიოს სამი გენიოსი აჩუქა.

..50-იანების მუსიკაში ახალი მოდა დამკვიდრდა. წავიდა დრო, როცა ვიღაცა სცენაზე დამაგრებულ მიკროფონთან მეორე ვიღაცის სახელს გამოაცხადებდა, ის ვიღაცა კი არაფრისმთქმელი გამომეტყველებითა და ფიცარივით მდგომი ჩაარაკრაკებდა დაზეპირებულ სიმღერას და მორჩა. 50-იანების მუსიკაში ახალი მოდა დამკვიდრდა. მის ფუძემდებელს კი ელვის პრესლი ერქვა.

ეს იყო პერიოდი, როცა პატარა ბიჭების საოცნებო საგანი გიტარა იყო და ვისაც ეს საგანი ჰქონდა, ღმერთად მიიჩნეოდა. მას პირველი გიტარა დედამ უყიდა და მაშინ, როცა დღე და ღამეს ასწორებდა და ლითონის სიმებზე დაკვირსგან თითებდასისხლიანებული დადიოდა, როცა სხვები აგდებით უყურებდნენ, დედა მხარში ედგა და ამხნევებდა. მას შეიძლება არც სჯეროდა შვილის, მაგრამ იცოდა, რომ მხარდაჭერა 15 წლის ბიჭისთვის, მნიშვნელოვანი იყო.

მერე სკოლაში გაიცნო მასზე ერთი წლით უფროსი ბიჭი, რომელსაც მასავით გიტარა ჰქონდა და რომელმაც, მოგვიანებით, კიდევ ერთი ბიჭი გააცნო.
წრე შეიკრა.

მერე იყო ექვსწლიანი წვალება: ჰამბურგი, ხმისჩამწერ სტუდიებში კარდაკარ სიარული, ფუჭი დაპირებები და, უცებ მანია, რომელმაც მუსიკალურ სამყაროში გადატრიალება  მოახდინა და, რომელსაც, ბითლომანია ერქვა.

იმ პერიოდში "ბითლზთან" მომუშავე ადამიანები, კრიტიკოსებიც და სხვა დანარჩენიც აღიარებს, რომ რომ ორი გენიალური ადამიანის ნიჭით მონუსხულები ვერ ამჩნევდნენ მესამეს, რომელსაც არასოდეს მოუთხოვია დივიდენდები და, რომელიც, თითქმის სიცოცხლის ბოლომდე, პირველი ორის ჩრდილში დარჩა.

სინამდვილეში, ჯორჯ ჰარისონი მუსიკოსია, რომელიც იმდენად თავისთავადია, რომ ბითლზის შემდეგ მისი შემოქმედება აბსოლუტურად სხვაა. მოგვიანებით, ალბათ, ბევრი დარჩა სახტად, რომ სიმღერები, როგორებიცაა "Something", "Here comes The sun", "My sweet lord", "Bangla Desh", "While my guitar gently weeps", იმ მორცხვმა ბიჭმა დაწერა, რომელიც უემოციოდ, თავჩაღუნული და გულმოდგინედ უკრავდა გიტარას იმ ორის ხუმრობებისა და ფანების წივილ-კივილის ფონზე...

მუსიკოსი ჰარისონი არაფრით ჰგავს ლენონს ან მაკარტნის. მისი შემოქმედება ორივეზე ღრმა და ინტელექტუალურია. მას ვერ შეადარებ იმპულსურ, მეამბოხე ლენონს, ხშირ შემთხვევებში უაზრო აკვიატებები რომ აიყოლიებდა, საქმე კი ბოლომდე არ მიჰყავდა, ვერც დაკვირვებულსა და მოზომილ მაკარტნის, რომელიც 50 წლის შემდეგაც კი იგივე მუსიკას წერს, რასაც ბითლზში და რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ პოლი იყო წევრი, რომელიც რამდენიმე წელი ძალით აცოცხლებდა გარდაცვლილ ჯგუფს...

ალბათ, ჯორჯის მიმართ იმიტომ არასოდეს ჰქონია ჯონს წაკბენები, რომ იმ უმცროს ძმად მიიჩნეოდა, რომლის წარმატებებითაც ის და პოლი ამაყობდნენ.

1980 წელი. ჯონსი სიკვდილზე კომენტარი გინდათ? "სიცოცხლის მოპარვა ყველაზე დიდი დანაშაულია," - თქვა და დაამთავრა.

90-იანების ბოლოდან მოყოლებული ჯერ ყელის, შემდეგ ტვინის სიმსივნე.. მაშინ მე ათი წლის ვიყავი. მახსოვს ბულვარული პრესის კომენტარები და ნიუსები, რომ ჰარისონი მკურნალობას იწყებს, რომ ჰარისონი უკეთაა, რომ ყოფილი ბითლზის მდგომარეობა გაუარესდა, რომ მისი განკურნების იმედი აღარავის აქვს და ბოლოს:  რომ აქაურმა და მიღმიურმა სამყარომ ბითლზის წევრები თანაბრად გაიყვეს..

2001 წლის 29 ნოემბერს, დღის ორის ოც წუთზე, ყველა გიტარა ჩუმად აქვითინდა.....



14 comments:

ბაჩო said...

ამეტირასავით ;(

Kato said...

რა კარგი იყო... რა შუაშია და დღეს წიგნი ვიყიდე ბითლზზე, ჯერ არ დამიწყია, ნეტა როგორია? ყველა ვარიანტში მომეწონება <3
ჰოდა ეს პოსტიც ძალიან გამეხარდა <3 <3 <3 :*

vasasi said...

კატო, ამ კვირას წავიკითხე. ძალიან კარგი წიგნია. რაც მთავარია, დეივისი ერთადერთი ადამიანია, ვისაც უშუალოდ მიეცა საშუალება ბიჭებთან ემუშავა და მათ გასაუბრებოდა. არა იმიტომ, რომ სხვებზე უკეთესი იყო, უბრალოდ, პირველმა მოტვინა.. :D

ასე, რომ გარდა იმისა, რომ კარგი საკითხავია, მნიშვნელოვანი წიგნიცაა.. :)

მადლობა, რომ მოგეწონა პოსწი.. :))

babi said...

romel wignze aris saubari?? 1-2 mec maqvs.. axlaxans vnaxe kidev erti magram fass rogorc ki davxede taroze momixda kvlav datoveba da chemi gulic darcha...rac sheexxeba posts dzalian momewona...

Anonymous said...

არ ვიცნობ ბითლზებს ალბათ ერთი ორი სიმღერა მექნება მოსმენილი ისიც ზუსტად არ ვიცი მაგათია თუ არა არა ერთი ვიცი რომ მართლა მაგათია მათი ისტორია კი საერთოდ აზრზე არა ვარ მხოლოდ ის ვიცი რომ გადატრიალება მოახდინეს და მათი ხსენებისას ყველა მრავლისმეტყველ ღრმადგანსწავლულობას გამოხატავს ასე რატომ მოხდა არ ვიცი იქნებ შორს იყვნენ ჩემგან ისინი და მეგობრები არც ის ვიცი ჩავწვდები თუ არა ოდესმე ზღვრული სივრცის სევდიან ამბავს ~

vasasi said...

babi: "ახალ თაობასთან" ერთად გამოვიდა, ჰანტერ დეივისის წიგნია. 8 ლარი ღირს, მაქსიმუმ, 13. არ არის ძვირი.. :)

Anonymoys: ბითლზში არაფერი არაა განსაკუთრებული. მათი მუსიკა მარტივია და ყველასთვის გასაგები. ბითლომანიას ვერავინ ხსნის. რეალურად, თუ ვიმსჯელებთ, პირველი ბოიბენდი იყო.. :) არ ვიცი, რამდენად იცნობ 70-იანების მუსიკას, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერი ბითლზიდან დაიწყო. ისიც მართალია, რომ ამ ჯგუფის ყველა წევრი გენიოსი იყო (დრამერ არ ვგულისხმობ, მაგრამ ეგეც კარგი ბიჭია)..

როგორი მოვლენა იყო იცი ბითლზი.. აი..
თანამედროვე სამყაროში ლეიდი გაგას შეიძლება შევადაროთ, მაგრამ გაგა იმის მეასედიც არ არის, რაც მაშინ ბითლზი იყო..

ეს ჯგუფი ყოველთვის დარჩება ეტალონად მუსიკაში, რომელმაც ყველაფერი ყურებაზე დააყენა და მუსიკის შემდგომ განვითარებას დაუდო საფუძველი. ისევე, როგორც მოგვიანებით ჯექსონმა ქორეოგრაფია აქცია სცენაზე გამომსვლელთა აუილებელ ატრიბუტად.

Ana said...

ჯორჯ ჰარისონი ყოველთვის იყო ჩემი უსაყვარლესი წევრი. არ ვიცი რატომ, ალბათ მაინც ჯონი და პოლის უაზროდ დიდი რაოდენობის ფანები მაღიზიანებდნენ : ) და მერე რაც დრო გადიოდა ვხვდებოდი რომ ჰარისონი მაინც როგორც შენთქვი ყველაზე ღრმა და ინტელექტუალურ მუსიკას წერდა : )
და დიდი მადლობა ამ პოსტისთვის : )

qirurgi007 said...

Dark Horse- როგორც მერე საკუთარ თავს უწოდებდა... ადამიანი, რომელმაც ევროპული კულტურა აზიარა აღმოსავლურს და ორივე ერთად საკუთარ არსებაში გააერთიანა... მადლობა, ასეთი კარგი პოსტისთვის!

tamara said...

ჰარისონი - ჯგუფის ტვინი, ნამდვილი გენიოსი...
"while my guitar gently weeps" - უმაღლესი კლასის სიმღერა, როგორც ერთმა ბიტლომანმა დამიდასტურა და ჩემი აზრით, საუკეთესო, რაც კი ბლუზის სტილში მომისმენია.
რინგო კი სულ მეცოდებასავით :) ყველაზე ნაკლებ სიმპათიური იყო და ყველაზე მოკრძალებულიც, მაგრამ მაგარი ცოლი ჰყავსო, ლორდმა თქვა ამას წინათ:) დაეჯერება! :)

Anonymous said...

"While my guitar gently weeps"

ამის ქართული თარგმანი არის სადმე?
~

vasasi said...

ანონიმო, http://www.lyrics007.com/The%20Beatles%20Lyrics/While%20My%20Guitar%20Gently%20Weeps%20Lyrics.html

აქ არის ინგლისურად და თარგმნე.. :)

Anonymous said...

:) ვერ ვთარგმნი..
რა ღირს მაგის თარგმნა ? სამბადი?

vasasi said...

შენ გამართული ტექსტი გინდა თუ შინაარსი გაინტერესებს? :) ტექსტს ვერ დაგილაგებ, მაგრამ შინაარსი შემიძლია, გითხრა.. მეტ-ნაკლებად სიტყვა-სიტყვით. :)

porcupinemike said...

ჯორჯ ჰარისონი მეტია, ვიდრე ბითლზი ჯორჯ ჰარისონიანად !

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger