Saturday, December 24, 2011

მშვიდობის იარაღი?

მიყვარს ამერიკული ლიტერატურა. ოღონდ, არა  თანამედროვე. იქ ჩვენს დროში ისეთი ტიპის რომანი ხდება ბესტსელერი, მხოლოდ ორიგინალში თუ წაიკითხავ და ისიც მარტო იმიტომ, რომ სიტყვათა მარაგი შეივსო.

გახსოვთ კოელიო? ეგეც ამერიკელია, სამხრეთ ამერიკელი. ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მწერალი თანამედროვეობაში. მისი ბუმიც იყო, დაახლოებით, რვა-ათი წლის წინ და ჯერ კიდევ მაშინ დამწყდა გული, რადგან მისი სამი წიგნიდან, რაც წავიკითხე ერთადერთი, "ალქიმიკოსი" მივამსგავსე რაღაცას.

კოელიოს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ, დარწმუნებული ვარ, ყველას გაქვთ წაკითხული და ყველამ იცით თემატიკა, რაზეც წერს. ასეთებია ამერიკული ბესტსელერები. ზუსტად ვიცი, რატომ იტაცებენ მათ თაროებიდან. თანამედროვე მსოფლიო ხომ ძალიან დაძაბულ, ნერვიულ და სწრაფ რიტმში ცხოვრობს? დაღლილ ამერიკელს კი სახლში მისვლისას რამე სიფუმფულის წაკითხვა ან ნახვს სურს. მოდი, ვაღიაროთ, რომ დაღლილობის ჟამს ჩვენც სიამოვნებით ვუყურებთ ჰოლივუდურ ფილმებს ბედნიერი დასასრულით და ყვითელ რაღაცებსაც ვეცნობით.

თუ არ ვცდები, ადრეც აღვნიშნე, რომ ლიტერატურა, ისევე როგორც კინემატოგრაფია, თავის თანამედროვე ყოფის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. მე მიყვარს დრაიზერის, ტვენის, ო'ჰენრის, ლონდონის ნაწარმოებები. როცა ვკითხულობ, ვხედავ, როგორ შენდება შტატები, რა პრობლემები აწუხებთ რიგით ადამიანებს, როგორ შოულობენ ფულს, როგორ ხდება დაჭაობებული ადგილი მეგაპოლისი, მშიერი - მილიარდერი..მოკლედ რომ ვთქვათ, ვხედავ ამერიკულ ოცნებას, რომელიც, სხვა დანარჩენისგან განსხვავებით, ხდება.

ნაწარმოები აისბერგივით არის, ზედაპირზე მისი მხოლოდ ერთი მესამედი ჩანსო, თქვა ჰემინგუეიმ. ვეთანხმები და მგონია, რომ ნებისმიერი წიგნი მათემატიკურ გამოცანას ჰგავს და ამოხსნა ესაჭიროება. თუ ვერ ამოხსნი, არც მოგეწონება. მიმაჩნია, რომ ცუდი ნაწარმოები არ არსებობს და რადგან ვიღაცამ მისი დაწერა გადაწყვიტა, ე.ი. რაღაცის თქმა უნდოდა.

ჩემი პირველი შეხება ჰემინგუეისთან სწორედ "მშვიდობით, იარაღოთი" დაიწყო. დიდი გარდატეხა მოახდინა ჩემს ლიტერატურულ გემოვნებასა და ცხოვრების შეხედულებაზე. მერე იყო "კილიმანჯაროს თოვლიანი მთა", "მოხუცი და ზღვა" და "ჰარი მორგანი".. ნაწარმოები, რომელმაც, ტვინში აბსოლუტურად სხვა რაღაცები გამიხსნა.. :)

სიმართლე რომ ვთქვა, ახლა ჰემინგუეიზე იმდენი რამის დაწერა მინდა და ისე ერთბაშად, რომ სათქმელსაც ვერ ვუყრი თავს. მისი თუნდაც ერთი პატარა მოთხრობა, იმდენად მრავლისმომცველია, რომ მგონია, მათემატიკური შიფრი, რომელსაც ის შეიცავს, ბოლომდე ვერც ერთში ამოვხსენი.

დღესმ 50 წიგნის ფარგლებში, ჰემინგუეის "მშვიდობით, იარაღო!" გამოვიდა და გთხოვთ, ვინც ჯერ არ იცნობთ ამ ამერიკელს, აუცილებლად შეიძინეთ.

3 comments:

გიო Li said...

არადა მახსოვს, რომ კომენტარი დავწერე.. თუმცა რა დავწერე არ მახსოვს.. :)

Anonymous said...

რა ღირს?

vasasi said...

ანონიმო, ახლა უკვე 13 ლარი ეღირება.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger