Sunday, December 11, 2011

ჩემო საყვარელო კოლეგებო


მეგონა, რომ ქართულ ჟურნალისტიკაზე წერა ამ პოსტით დავამთავრე. მაგრამ თურმე, ამით არაფერი შემიცვლია. ჩემი ეს პოსტი ნახა და წაიკითხა იმ ხალხმა, რომლებიც ჩვეულებრივ, ბლოგებს კითხულობენ.

ძვირფასო კოლეგებო, არ ვიცი, რა ხიბლი აქვს ასეთი ფერადქუდიან მიკროფონს, რომ ვერ ელევით (მე ასეთი არასოდეს მჭერია ხელში, მაგრამ თქვენი შემხედვარე, მათდამი ისტერიული შიშით ვარ შეპყრობილი), მაგრამ ყოველთვის ვფიქრობ, რომ საკუთარი პრინციპების დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცაა, რითიც შეიძლება ადამიანმა საკუთარ მომავალზე იზრუნოს.

ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მომხიბვლელი ცისფერი ეკრანები სულაც არ არის ისეთი მომხიბვლელი, როგორიც მაყურებლის მხრიდან ჩანს. რეალურად, თითოეული სიუჟეტი დიდი წვალებისა და შრომის შედეგია. რა თქმა უნდა, ვიზიარებ, რომ სარედაქციო პოლიტიკა მორჩილებას მოითხოვს, მაგრამ არსებობს ზღვარი, ზღვარი, რომლის გადალახვას სარედაქციო პოლიტიკის დამწერნი თქვენგან სულაც არ მოითხოვენ.

ძვირფასო კოლეგებო, მინდა შეგახსენოთ, რომ ყველაფერი წარმავალია, თქვენც, ჩვენც, წლებიც, დროც, მმართველობის პერიოდებიც და, ასე განსაჯეთ, სარედაქციო პოლიტიკაც კი. მე კი, არამგონია, თქვენც არსებული ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აპირებდეთ კარეირის დასრულებას.

გიფიქრიათ, როგორ შეძლებთ გააგრძელოთ ჟურნალიტად მუშაობა მას შემდეგ, რაც დითირამბების მღერა აღარ მოგიწევთ? ნუთუ იმ ადამიანებივით დაიწყებთ სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლას და მიუკერძოებლობის შესახებ ინსტრუქციების წერას მომავალი ჟურნალისტებისათვის, რომლებიც შევარდნაძის დროის ტელევიზიასთან ასოცირდებიან? ვერ შეძლებთ, მეგობრებო, თქვენ უკვე იმდენნი ხართ, არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია დააფინანსებს თქვენს დამოუკიდებელ მედიასტრუქტურებს.

ძვირფასო კოლეგებო, თუ დაფიქრებულხართ ოდესმე, გიღირთ კი რამდენიმენულიანი პრემია, ლონდონში მოგზაურობა ან მილანში შოპინგი საკუთარი თავის, როგორც ჟურნალისტის თქვენივე ხელით განადგურების სანაცვლოდ? რეალურად ხომ, ბევრ თქვენგანს კარგი რაღაცების კეთება შეუძლია, კარგის და მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანის!.

ნუთუ ვერ იაზრებთ, რომ იმას, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ (ახალი ამბების ჩათვლით, სხვათაშორის, თან დაუფარავად და ამაყად რომ აცხადებთ), დანაშაული ჰქვია. ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ტელევიზიებში მოქმედი ჟურნალისტების უმეტესობა ზუსტად ისეთია, როგორ სიუჟეტებსაც აკეთებს, მაგრამ ვისაც შეგიძლიათ, რატომ არ ცდილობთ, შექმნათ ალტერნატივა? გეფიქრათ საკუთარი თავის და არამხოლოდ პროფესიული, არამედ, მოქალაქეობრივი ღირსების გადარჩენაზეც?

მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბევრი თქვენგანი ისე ღრმად არის მდინარეში შესული, გამოტოპვა უკვე გვიანაა.

 P.S. ისე, რომ იცოდეთ, ანდრეი შევჩენკო რუსი კი არა, უკრაინელია და ეს ორი ქვეყანა არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან; ნაირა გელაშვილი მწერალია, რომელმაც ქართულ მწერლობაში თავისი სიტყვა თქვა (შორს ვარ აზრისგან, რომ მისი რამე გაქვთ წაკითხული), კახა კალაძე კი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც საქართველოს სახელი მსოფლიოს დიდ ნაწილს გააცნო.

P.P.S. პირადად მე, როგორც მოქალაქე (რა თქმა უნდა, ზედმეტია საუბარი როგორც ჟურნალისტზე), სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთი პოლიტიკური მხარის პოზიციას ვიზიარებ. მაგრამ იმან, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილის მოძრაობის შესახებ გაკეთებულ სიუჟეტებში ვნახე, ჩემს თვალში უწყინარი ბეღურებისა და საცოდავი პინგვინის ამბავი დაჩრდილა.

3 comments:

ketusi said...

მართლა სამწუხარო მდგომარეობაა,ნეტა როდის მიხვდებიან,რომ ჭაობში იძირებიან

Kate said...

თანაც საშინელ ჭაობში.

გიო Li said...

გეთანხმები 100%-ით და წავედი, კაკულიას გაზეთი უნდა წავიკითხო.. :)
აბა ნაცარხების ინფო-ნარჩენებითუკვე აყროლდა ოთახი.. ეხლა კურიერში რაც ვნახე მწარედ გამეცინა.. ეს ჟურნალისტები ან ყრუები არიან, ან ბრმები, ან ტრაკში აქვთ თავები.. :)) (ბოდიში თამო გამოთქმაზე, მაგრამ ეს ბუნებრივი რეაქციაა.. :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger