Thursday, January 6, 2011

წლის ბლოგერი

ეს ყველაფერი არის გართობა და ნურავინ ნურავის ჩაუსაფრდებით სადარბაზოსთან აგურით შეიარაღებულნი.

ანინამ დაიწყო ტეგ თამაში და მეც მომინდა, დამეწერა (ნუ, ადრე თუ გვიან ვიღაც დამთაგავდა, ამიტომ დაგასწარით ყველას).

პოზირებას რომ თავი დავანებოთ (რაც გამოიხატება შემდეგში: აუ, მე ბლოგებს არ ვკითხულობ, ოჰ, ეს პატარა ბავშვები და დამწყები ბლოგერები, ფუ, ამათ წერა არ იციან და ა.შ.), რომელიც ფრიად მკიდია, ბლოგებზე სიახლეებს ნაკლებად ვეცნობი. ერთი მიზეზი ისაა, რომ ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მაქვს, მეორეც, ბლოგოსფეროს შიდასამზარეულოსა და ბლოგერებს შორის მიმდინარე ურთიერთგაგება-სიყვარულ-დაპირისპირებებში ფრიად გაუთვიცნობიერებელი ვარ. პირადი თვალსაზრისით ბლოგებს იშვიათად ვკითხულობ. ალბათ, უინტერესობის (უფრო კი, უდროობის) ბრალია, რომ ახალი ბლოგების შესახებ, ფაქტობრივად, არაფერი ვიცი. მაგრამ თუ შემთხვევით წავაწყდი და მომეწონა, მივყვები (ერთობ ჩახლართული აბზაცი).

  • როგორი უნდა იყოს კარგი ბლოგერი?
     
1. არ უნდა წერდეს "ვეფხისტყაოსან" პოსტებს და არ უნდა ედებოდეს ყველაფერს: პოსტი უნდა იყოს ერთ კონკრეტულ საკითხზე;

2. არ უნდა იყენებდეს ჩახლართულ წინადადებებს (უპირატესობას ვანიჭებ გონებამახვილურ პოსტებს);

4. ჩემთვის ყველაზე მთავარი: იუმორის კარგი გრძნობა უნდა ჰქონდეს.

თითქმის, ორი წელია აქ რაღაცებს ვჯღაბნი (პერიოდულად, ვკითხულობ). ამ ორი წლის მანძილზე, იყო ბლოგები, რომლების აქტიური მკითხველი ვიყავი და მერე დავიკიდე, ზოგს, ახლაც ისევე ვეცნობი, ზოგი დავამატე და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, თუ გაინტერესებთ სისტემატურად რომელ ბლოგებს ვსტუმრობ, შეგიძლიათ აქვე, გარებიძაშვილებში იხილოთ.

ცოტა არ იყოს, ბევრი ვიფიქრე და რადგან მიმდინარე წელს ვირტუალურ სამყაროში არაადამიანურობის ტენდენციის გაგრძელებას ვაპირებ, ასეთსავე ბლოგებს დავასახელებ (ადამიანური ერთი ბლოგი ვიცი მარტო, რომელიც სულიერ კომფორტს მიქმნის და მარტო ჩემია):

3. www.hexsus.com - მახსოვს, შარშან პოსტი დავწერე ნანუკას შოუზე. მწარედ გამაკრიტიკეს და ყურები ჩამოვყარე. მერე აქ წავაწყდი მსგავსი ტიპის პოსტს და გულზე მომეშვა..:)  წერს მწარედ ოღონდ, ჩემგან განსხვავებით, დიპლომატური და ცივსისხლიანია (მე ასე ვფიქრობ). ძირითადად, საზოგადოებრივ თემებსა და მედიასთან აქვს საქმე (ალაგ-ალაგ ქალურ, სენტიმენტალურ, თუმცა კარგად დაფარულ პოსტებსაც შეხვდებით).

2. ბაზილიოს ბლოგი - აღარ წერს არაფერს. მიუხედავად იმისა, რომ უზომოდ გრძელი პოსტები აქვს, სიახლეებს ყოველთვის ვეცნობი. წერს მარტივი და გასაგები ენით, აქვს კარგი იუმორი. ზოგადად, კითხვის დროს იშვიათად მეცინება, მაგრამ ბაზილიოსთან წამიკითხავს პოსტები, რომლებზეც გადავხარხარდი. იმდენად მომწონს, რომ ბლოგი თავიდან ბოლომდე მაქვს წაკითხული;

1. www.lasharela.com - პირველად რომ ვიპოვე, ლექსი ეწერა და, რა თქმა უნდა, თვალდახუჭული გამოვვარდი. მოგვიანებით რაღაც ვნახე ჯაზზე, მერე კიდევ რაღაც და ასე.. კარგი იუმორი აქვს. ალაგ-ალაგ ისეთ ადამიანურ სიტუაციებსაც ურთავს, რომელშიც ყველა ჩვენგანი ყოფილა, ხანდახან გრძელ პოსტებსაც წერს, მაგრამ კარგად იკითხება და მომაბეზრებელი არ არის. წერს ლექსებსაც, რომლებსაც ხტუნვა-ხტუნვით ვუვლი გვერდს, მაგრამ თუ ვერ გადავახტი, უმეტესობას სტაკატოებით ვკითხულობ. წინას მსგავსად, ეს ბლოგიც თავიდან ბოლომდე მაქვს წაკითხული (გაგიკვირდებათ (მეც ძალიან მიკვირს) და, ლექსებითურთ)..

როგორც ვიცი, ამ ბლოგერებმა უნდა დაწერონ თავისი სამი ბლოგი, რომელსაც სულ ეცნობიან. აქვე: თუ სადმე მოვხვდი, მტრედი გამომიგზავნეთ.


P.S. პოსტს რომ ვწერდი, მივხვდი, რომ ბლოგი, რომელზეც სულმოუთქმელად ველოდები ახალი პოსტის გამოჩენას, არ მაქვს.
 
Powered by Blogger