Tuesday, March 29, 2011

გენეტიკური ჰომოფობია

როდესაც ვამბობ, რომ პოეზია არ მიყვარს, ადამიანთა ნაწილი გაკვირვებით იჩეჩავს მხრებს, მეორე ნაწილი სინანულით იქნევს თავს, ესთეტიკის არაფერი გაეგებაო, მესამე ნაწილი კი ახსნა-განმარტებას მიწყებს, თუ რატომ უნდა მომწონდეს ლექსები.

საოცარია, მაგრამ ჩემთვის არავის დაუსვამს მარტივი კითხვა: რატომ არ მიყვარს ლექსები?. სინამდვილეში, მეტროფობი სულაც არ ვარ. კარგ ლექსს პირველივე ხაზიდან ვგრძნობ და ვკითხულობ. იდიოტური კი ჩემი თავიც არ მიყვარს, არათუ ვიღაცის პოეტური/პროზაული ნაშრომი.

ზოგადად, ჩემი პოეზიისადმი არალოიალური დამოკიდებულების მიზეზი ისაა, რომ ლექსების უმეტესობა ხელოვნურია. ხელოვნური კი არაფერი ვარგა, რადგან მას მომავალი არ აქვს.

რატომ მოხდა სექსუალური რევოლუცია დასავლეთში? ჩემი აზრით, მრავალი საუკუნის შემდეგ ადამიანები უსიტყვოდ შეთანხმდნენ, რომ ცხოვრების წესის, სექსუალური ორიენტაციისა თუ რელიგიური მრწამსის მიხედვით ერთმანეთის გამორჩევას ზედმეტი დრო, ენერგია და ბედნიერების გამომწვევი ჰორმონები მიჰქონდა.

და ეს იყო ყველაზე გონივრული და ჰუმანური შეთანხმება კაცობრიობის ისტორიაში.

რატომ არ მოხდება მსგავსი რამ საქართველოში?
  • იმიტომ, რომ ქალიშვილობის ინსტიტუტის მაგინებლები, საქმე საქმეზე რომ მიდგება, არაქალიშვილს ცოლად არასოდეს მოიყვანენ;

  • იმიტომ, რომ მორიგი "ტუსოვკის" დასრულების შემდეგ, ტეკილა ბუმითა და კლუბური მუსიკით გაბრუებული ქართული ელიტა, დილის ექვს საათზე, ნივრიანი ხაშის საჭმელად, კოლექტიურად დადის დუქანში და ამას გულმოდგინედ მალავს;

  • იმიტომ, რომ ერთი შეხედვით პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები პირველი ჰომოფობები არიან;

  • იმიტომ, რომ ტრადიციების დამახინჯება, მათი შენარჩუნება და ეროვნულობის გამოხატვის უპირველესი ნიშანი ჰგონიათ;

  • იმიტომ, რომ ის, ვინც თავის გემოზე გაატრაკებს, თითით საჩვენებელი ხდება, რადგან ამ ქვეყანაში უამრავი კეთილისმსურველი არსებობს, რომლებიც სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ და ღმერთმა უწყის,ეს უპირველესი მორალისტები, ჩუმად რას აკეთებენ;

  • იმიტომ, რომ ადამიანებმა არ იციან სად დახარჯონ მოძალებული ჰორმონები და, ქვეცნობიერად, გაზაფხულობით აქციებს მართავენ;

  • იმიტომ, რომ სექსუალური განათლება გარყვნილებად მიიჩნევა;

  • იმიტომ, რომ ჰომოსექსუალის დანახვისას, საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები თვალებზე ხელს იფარებენ, მეორე წუთს კი ამბობენ, რომ ყველა ადამიანს აქვს არჩევანის უფლება და მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ;

  • და სანამ გაქანებულ ეკონომიკურ კრიზისში ხელოვნური რაღაცებით უაზროდ გავირთულებთ ცხოვრებას, მანამ საქართველოში სექსუალური რევოლუცია არ მოხდება, თუმცა გვინდა კი სექსუალური რევოლუცია? საკითხავი აი, ეს არის.

ბონუსად იხილეთ ვიდეო:


მორიგი მამიდური ვიდეოპოსტი


 
Powered by Blogger