Monday, May 16, 2011

ჰომეროსი (ს), "ოდისეა" და შავი იუმორი

მე შავი იუმორი მიყვარს. ვერასოდეს ვიკავებ თავს ცნობილი, გარდაცვლილი პერსონის დაცინვისაგან. ვერც მაშინ ვჩერდები, როცა ცნობილ ადამიანებს ფიზიკური ნაკლი აქვთ და ამაზე დაუსრულებლად შემიძლია ქილიკი.

ფიქრობთ, რომ ცუდი ტიპი ვარ? თქვენს გადარწმუნებას არც შევეცდები. უბრალოდ, ვიცი, რომ ეს ჩემი მხრიდან პროტესტია. პროტესტი ადამიანების მიმართ, რომლებმაც რამეს მიაღწიეს (თუნდაც ჩემს ასაკში), მე კი ვზივარ, ვწერ, ვკითხულობ, ვიცინი (სიცილს შუასაუკუნეების რომაულ ეკლესიაში ცოდვად რომ მიიჩნევდნენ, იცოდით?), დავცინი და ა.შ.

ცნობილი ადამიანების გარდა, ბიჭების დაცინვაც მიყვარს. ეს უკანასკნელი ისე კარგად გამომდის, რომ მათი უმეტესობა ჩემთან შეხვედრასაც ერიდება (ქუჩაში ან მეორე მხარეს გადადიან, ან იმ ავტობუსში ხტებიან, რომელიც სულაც არ სჭირდებათ). ვერ ვიტყვი, რომ ეს მკიდია, არა, განა მაგაზეა.. მაგრამ სადღაც მაინც მაგაზეა.

ბიჭები რატომ ვახსენე და რადგან ცნობილ ადამიანებზე ვღადაობ, განსაკუთრებით, გარდაცვლილებზე, სამმაგი ღადაობის საშუალება მეძლევა პროექტ "50 წიგნის" ფარგლებში. დღეს ჰომეროსის "ოდისეა" გამოდის, რომელიც 23 მაისამდე 8 ლარი ეღირება, წიგნების არჩევა კიდევ მიმდინარეობს და ამ ბმულს მიჰყევით, მეგობრებო. სამმაგად კი იმიტომ ვღადაობ, რომ ჰომეროსი კაცი იყო (ბიჭი როგორ ვაკადრო ამხელა პოემების მომღერალ კაცს?!), ცნობილი და ბრმა!

ჩემი ცოდვა დაადგეს ჩემი სკოლის აწ გარდაცვლილ დირექტორს (ისტორიას მასწავლიდა), მეხუთე კლასში "ოდისეის" მოყოლა რომ აუტყდა. ნიმფები, გემით მოგზაურობა, სახლში მომლოდინე ცოლი, მშვენიერი ელენა და მეც მეტი რა მინდოდა?! გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, ბიბლიოთეკაში გავიქეცი და სულ ხერხემლის ცახცახით გამოვიტანე "ოდისეა" (სახლში თაროები რომ დამეთვალიერებინა, ეგებ კიდეც მეპოვა, მაგრამ თაროების დათვალიერება და იქიდან წიგნების მოწოდება მამაჩემის პრეროგატივა იყო და ამ რიტუალზე ჭკუას ვკეტავდი). პატრონი რომ არ მყავდა, ეგ უკვე იცით სხვა პოსტებიდან, რადგან ბავშვობაში ისეთი წიგნები მაქვს წაკითხული, ახლაც რომ არ უნდა მქონდეს და ვინმეს რომ დავენახე კი უნდა გამოეგლიჯა ხელიდან, მაგრამ არავის დავუნახივარ.

იმედი გამიცრუვდა, იმიტომ, რომ ზღაპარი სულ არ გამოდგა, თან გუმანით მივხვდი, რომ დიდური წასაკითხი გახლდათ და ისეთ რაღაცებზე ლაპარაკობდნენ, რაც ჩემთვის არ იყო გასაგები და ამაზე ცალკე ვგიჟდებოდი..

მოკლედ, ჰომეროსზე გავბრაზდი იმიტომ, რომ იმედი გამიცრუა. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა ბავშვობაში წაკითხულ წიგნს არ მივბრუნებივარ, ამიტომ მოქმედი გმირების შესახებ საუბარს თავს დავანებებ (მაინც ამერევა). სჯობს, ჰომეროსს მივხედოთ.

მე რეინკარნაციის მჯერა. შესაბამისად, მგონია, რომ ჰომეროსის რეინკარნირება ჭაბუა ამირეჯიბში მოხდა. ამ უკანასკნელის არ იყოს, ჰომეროსსაც აბრალებენ, რომ "ოდისეა" და "ილიადა" სხვამ დაწერა, ის კი დადიოდა ქალაქ-სახელმწიფოებში ჯოხის კაკუნით, თეთრი ტოგათი და მიიმღეროდა ბალადებს.

კიდევ, ვიცი, რომ სპარტანელი იყო და, საინტერესოა, რა მექანიზმით გადაურჩა სიკვდილს (სპარტელები მხოლოდ ჯანმრთელ ბავშვებს ზრდიდნენ, ავადმყოფებს ხრამში აგდებდნენ)? ალბათ, ზევსმა, ან ჰერამ გამოსტაცა მსაჯულებს, რომლებიც მერე ჰიტლერში რეინკარნირდნენ, ან გზაში დაბადა დედამისმა, ან ისეთი კარგი სმენა ჰქონდა, რომ არაფერი ეტყობოდა.. უფრო სარწმუნოა, რომ სხვა ქალაქ-სახელმწიფოში გადაიყვანეს.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ისევე, როგორც ქრისტეს, ჰომეროსსაც არასოდეს დაუწერია თავისი პოემები. გამომდინარე იქიდან, რომ უბრალო წარმოშობის და თან ბრმა იყო, სავარაუდოა, რომ წერა-კითხვა არ იცოდა (ასეთივე ვარაუდი არსებობს იესოს შესახებ). შესაბამისად, მისი თხზულებები სხვების ჩაწერილია და, ალბათ, "ვეფხისტყაოსნისა" არ იყოს, ვინ რა, როგორ და როდის მიუმატა, კაცმა არ იცის.

მე, ზოგადად, მიმაჩნია, რომ "ვეფხისტყაოსანს" სკოლაში არ უნდა გვასწავლიდნენ. მე, მაგალითად, სწორედ მანდ შემაძულეს ეს წიგნი. არც "ოდისეა" უნდა წამეკითხა 10 წლისას, მაგრამ ახლა ნამდვილად ვაპირებ, რომ ჩემს თავს მოვერიო და ეს ორივე წიგნი გულდასმით წავიკითხო. ხომ შეიძლება მეც ისეთი არაჩვეულებრივი რაღაცები აღმოვაჩინო, როგორც სხვებმა?!

მაპატიეთ, შავი იუმორი არ გამომივიდა, ზოგადად, არც იუმორი გამომივიდა, რადგან გამიტაცა ამბების მოყოლამ ჰომეროსზე. ისე, მის შესახებ კიდევ ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ ახლა არ მახსენდება, ამიტომ დავდუმდები.

დაცინვას რაც შეეხება: მიუხედავად იმისა, რომ ბრუციანიც იყო, ჯონ ლენონზე არასოდეს მიღადავია.

 
Powered by Blogger