Friday, May 20, 2011

შიგ გორში თუ გარეთ? ნაწილი II

ნაწილი პირველი იხილეთ აქ.
როცა (არ ვიცი, რამდენოლოგიის) პირველი ნაწილი დავწერე, კმაყოფილმა დავსვი წერტილი. მეგონა, ოქროს საწმისის თუ არა, მიახლოებულ საიდუმლოს მაინც ავხადე ფარდა. სამწუხაროდ, თურმე ვცდებოდი.

სანამ უშუალოდ პოსტის კითხვას შეუდგებოდეთ, მათ, ვისაც ცხოვრებაში არ უნახავს გორი და, სამწუხაროდ, თავისი ქვეყნის (მსოფლიოზე აღარ მაქვს საუბარი) გეოგრაფიაშიც ვერ ერკვევა,  ვთხოვ, ამ რუკას გაეცნონ.

ახლა კი მინდა (ნამდვილად არ ვიცი რამდენოლოგიის), მეორე ნაწილი მივუძღვნა პასუხს კითხვებზე, რომლებიც საზოგადოებას ყველაზე მეტად აწუხებს და მაშინ ამოხეთქავს, როცა ვამბობ, რომ გორელი ვარ:  

  • გორში ვაშლი არის?/აბა შენ ვაშლი გექნება..
როგორც წესი, ამ კითხვის დამსმელები ფიქრობენ, რომ გორი ერთი გადაჭიმული ვაშლის ბაღია. სამწუხაროდ, იმედი უნდა გაგიცრუოთ:  დარწმუნებული ვარ, ყველამ იცით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ ასფალტზე ხეები არ ხარობს. რა თქმა უნდა, ვაშლი გორშიც ისევეა როგორც თბილისში, ბათუმში, ახალციხესა და გარდაბანში. ის იყიდება    მაღაზიებსა და ბაზრებში და როცა ვყიდულობ, ბუნებრივია, ვაშლი მაქვს. სამწუხაროდ, მხოლოდ მანამ, სანამ შევჭამ.

  • სტალინის ძეგლი/მუზეუმი კიდევ გაქვთ?
სტალინის ძეგლი აღარ, მუზეუმი ისევ გვაქვს. ისევ ამაყად დგას ქალაქის ცენტრში და ისევ უამრავი ტურისტი ჩამოდის მის დასათვალიერებლად. ვერ გეტყვით, რომ ეს ფაქტი არ მსიამოვნებს.
  • პატარა გორი დიდია?
..ასე მღეროდნენ ოდესღაც.
  • გორელი ხარ? აბა სტალინი კი გეყვარება...
ეს, როგორც წესი, ცინიკური ნათქვამია. სამწუხაროდ, ყველა გორელი შუბლზე დამღით იბადება. დამღით, რომ იქ სტალინი დაიბადა, სწავლობდა.. ფიქრობენ, რომ ვიღაც თუ გორელია, მას აუცილებლად უნდა უყვარდეს სტალინი, უნდა ამბობდეს მის სადღეგრძელოებს. უფრო ნიჭიერები ფიქრობენ, რომ გორში ყველა სახლის კარს გარედან სტალინის ფოტო ჰკიდია. ამ კითხვისა თუ რეპლიკის შემდეგ, ხშირად მიჩნდება შეგრძნება, რომ სტალინით თქვენ უფრო ხართ დაინტერესებული, ვიდრე რიგითი გორელები, რომლებსაც თავი მილიარდი პრობლემით აქვთ გამოტენილი და სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ სტალინიც და ისიც, იდგებოდა თუ არა ის ყბადაღებული და, ვითომ, გორელების შიშით ექსტრემალურ ვითარებაში: ღამის სამ საათზე აღებული ძეგლი. პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ სტალინზე, დიახაც, მე მეამაყება, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი დიქტატორი ჩემს ქალაქში დაიბადა (ზოგადად, სტალინს მე ქართველის გადმოსახედიდან არ ვუყურებ) და მე რომ ავსტრიაში, ბრაუნაუში მეცხოვრა, ორმაგად ამაყი ვიქნებოდი, რომ იმ ქალაქიდან ვარ, სადაც ჰიტლერი დაიბადა.
  • როცა ვამბობ: გორში მივდივარ, ტუჩებს პრუწავენ და, რა ბედნიერი ხააარ, მეც მინდა სოფელშიიი..
გორი სოფელი არ არის.


ზემოჩამოთვლილიდან, ფავორიტი კითხვა მაინც ვაშლს ეხება. როცა ვამბობ, რომ გორში ვაშლი არ არის, ტუჩებს პრუწავენ და რიტორიკულ კითხვას სვამენ:

- გორი და უვაშლობა? სად გაგონილა?
კითხვაზე, ხართ თუ არა გორში ნამყოფი, პასუხი უარყოფითია. უკეთეს შემთხვევაში, ამრეზით, აი, ძააან რაღაცნაირად ამბობენ, რომ ორჯერ შემთხვევით მოხვდნენ. თუმცა სულაც არ ნებდებიან და აგრძელებენ:
- მოიცა, გორს რომ გზად გავდივართ, იქ ვაშლს რომ ვყიდულობთ, ეგ გორი არ არის? აბა რა არის?

სინამდვილეში, როცა დასავლეთისკენ მიდიხართ, ტრასა გორზე არ გადის. თუ გავლაზეა ლაპარაკი, ეგრე, ბათუმში რომ  მივდივარ, მე სამტრედიასაც გავდივარ გზად და მაღაზიებში ხან რას ვყიდულობ, ხან რას. მაგრამ ჩემთვის ჩუმად ვზივარ, კუთხეში და რაღაცებზე არც ვმსჯელობ და არც დასკვნები გამომაქვს.

წერტილის დასმა ძალიან მიჭირს, რადგან დარწმუნებული ვარ, მესამე, მეოთხე მეხუთე (და ა.შ.) ნაწილების დაწერა მაინც მომიწევს, მაგრამ თუ რომელიმე თქვენგანს გეოგრაფიით მაინც დავაინტერესებ ან იმას მაინც გავაგებინებ, რომ გორი ჯანდაბა არ არის, ჩემი ბედნიერებისათვის ეგეც საკმარისი იქნება.
 
Powered by Blogger