Monday, January 23, 2012

იაპონელი პო

პო ამერიკელია.
იაპონელებს არ სჭირდებათ პო, მათ ხომ იმდენი კარგი მწერალი ჰყავთ, თამამად შეუძლიათ, თავაწეულებმა იარონ.

მაგალითად, შეშლილი იუკიო მისიმა, რომელიც ჩემ თვალში ლეგენდაა, ქინძაბურო ოე, რომლის ნაწარმოებებიც ფსიქოლოგიური სიღრმით გამოირჩევა, "დაგვიანებული ახალგაზრდობა" კი ძალიან მაგონებს "ციცინათელების სასაფლაოს". როკენროლის მოყვარული ჰარუკი მურაკამი, იაპონური ტრადიციების მოყვარული იასუნარი კავაბატა და, რა თქმა უნდა, რიუნოსკე აკუტაგავა - იაპონელი ედგარ ალან პო.არ მეგულება ლიტერატურის მოყვარული, ვისაც მისი, თუნდაც, ერთი მოთხრობა არ წაუკითხავს.

ამბობენ, თუ გენიოსი ხარ, შეშლილი უნდა იყოო. აკუტაგავა შეშლილი იყო. მთელი ცხოვრება აწუხებდა დედისგან გენეტიკურად მიღებული ფსიქოლოგიური პრობლემები. ბავშვობიდან მოყოლებული იტანჯებოდა უძილობით და ჰალუცინაციებით, ამასთან, ძალიან ნიჭიერი იყო: ადვილად სწავლობდა უცხო ენებს და საკმაოდ ადრე მოიხვეჭა პოპულარობა.

მისი ნაწარმოებების უმეტესობა ფსიქოლოგიურია. ყოველთვის მაქვს შეგრძნება, რომ თავის თავზე წერს, რადგან, მისი ბიოგრაფია რომც არ იცოდე, გამორიცხულია, მოთხრობის მიხედვით არ მიხვდე, რა აწუხებდა. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ნებისმიერი სახის წერილი, ავტორის სულის სარკეა და კარგად აჩვენებს მასში მიმდინარე არამატერიალურ პროცესებს, თუმცა ხშირად მგონია,რომ აკუტაგავა თავის თავზე წერდა და იმდენად ეგოისტი იყო, რომ ნაწარმოებშიც არ უშვებდა შანსს, რომ სხვისთვის ეთქვა, თუ რაოდენ უბედურია.

35 წლის ასაკში, აკუტაგავამ თავი მოიკლა. მართალია, ჩვენგან განსხვავებით, იაპონელებისათვის თვითმკვლელობა ცოდვად კი არა, სხვებზე ერთგვარ ამაღლებად მიიჩნევა და არაერთ გენიოსს მიუმართავს ამ ხერხისთვის, მაგრამ იგივე, იუკიო მისიმასგან განსხვავებით, აკუტაგავას ზეაღმატებული იდეები არ აწუხებდა. მისი თვითმკვლელობა არ იყო ისეთივე პომპეზური, როგორიც მისიმასი. პირიქით, სეკუკუს ნაცვლად, ვერონალის გადაჭარბებული დოზა აირჩია და მშვიდად გაერიდა სამყაროს. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მისიმა გაცილებით მამაცი აღმოჩნდა: ყველა ვერ გაბედავს სეკუკუს.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, აკუტაგავამ "ცხოვრება იდიოტისა" დაწერა. მოთხრობა ბიოგრაფიული ელემენტებითაა გაჯერებული და, შეიძლება ითქვას, ერთგვარ აღიარებით ჩვენებას წარმოადგენს.

თუ ეს მოთხრობა გაინტერესებთ, აუცილებლად უნდა იყიდოთ დღევანდელი, 23 იანვრის "კვირის პალიტრა", ვინაიდან, სულ რაღაც რვა ლარად, თქვენ აკუტაგავას შესანიშნავი მოთხრობების ყიდვის საშუალბა გაქვთ. შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემა გრძელდება. აირჩიეთ თქვენი წიგნი.

P.S. სხვათაშორის, არავის გეგონოთ, რომ ოსკაროსანი ფილმი "ბენჯამინ ბატონის იდუმალი საქმე"  ორიგინალურ სცენარზეა აგებული. თუ არ გჯერათ, აკუტაგავას "წყლის კაცების ქვეყანაში" წაიკითხეთ.

Wednesday, January 18, 2012

მივიღე გამოხმაურება

იყო და არა იყო რა, ვიყავი მე. ერთხელ, როცა ერთ მოვლენაზე, ყველა დასავლეთივით აღშფოთდა, შეშფოთდა და დაგმო, მე მოვიქეცი ცოტა უცნაურად და დავწერე ეს პოსტი. პოსტი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დიდი და არაერთგვაროვანი.

პირადად მე, მიმაჩნია, რომ ბევრის სათქმელი ვთქვი, რადგან კარს უკან, ჩუმად, მოფარებით, უამრავი ბრავო და აპლოდისმენტი მივიღე. არ ვამბობ, რომ გამბედავი ვარ, რადგან მთლად ასეც არ არის საქმე. უბრალოდ, ის რაღაც კონდიციამდე მივიდა და როცა ასე ხდება, უთქმელს არაფერს ვიტოვებ.

ზემოთ მოყვანილ პოსტზე (რომელიც, იმედი მაქვს, წაიკითხეთ) გამომეხმაურა მეუფე კალისტრატეს პირადი სტიქაროსანი. გამოხმაურება საჯარო სივრცეშიც არსებობს და შეგიძლიათ, იხილოთ აქ ბოლო ორი კომენტარი.

მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო: ჩემ მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ვიყავი მაქსიმალურად გულწრფელი. ეს პოსტი არ ყოფილა იმისთვის, რომ ვიღაცის თვალში ქულა დამეწერა ან დამეკლო. მე გამოვხატე ჩემი აზრი, განწყობა და ემოცია კონკრეტულ ფაქტზე კონკრეტულ ვითარებაში.




Sunday, January 8, 2012

ფული, ცოლი, მლიქვნელობა და ლამაზი მეგობარი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბიჭი. სახელად ერქვა ჟორჟი და მთელი ცხოვრება სიმდიდრეზე, სახელსა და ბევრ ფულზე ოცნებობდა. ბედმა ამ ბიჭს ეს ღირსებები არ მიანიჭა, სამაგიეროდ, მათ მოსაპოვებლად მისცა კარგი გარეგნობა, შესაბამისი ენა და გონება. ბიჭი მოზარდობის ასაკშივე მიხვდა, როგორ უნდა გამოეყენებინა არსებული ღირსებები არარსებულის მოსაპოვებლად და მოქმედებას შეუდგა.

დაახლოებით, ეს შინაარსია გი დე მოპასანის "ლამაზ მეგობარში". წიგნი 1885 წელს გამოქვეყნდა და სიფუმფულეების გვერდით, რომელსაც საზოგადოება მანამდე იყო შეჩვეული, ზოლას, ფლობერისა და სტენდალის შემოქმედებასთან ერთად, გი დე მოპასანმაც რაღაცებს თავისი სახელი დაარქვა.

ძალიან ძნელია, დაწერო წიგნი, რომელიც დროს გაუძლებს, რომლის თემაც არ გაცვდება და ყველა ეპოქაში ერთნაირად იქნება აქტუალური. მიუხედავად იმისა, რომ მოპასანი ან ფლობერი მნიშვნელოვან პრობლემებს ეხმაურებიან, ჩემი აზრით, შემდგომი პერიოდის მწერლებმა სათქმელი, ამ მიმართულებით, უკეთესად თქვეს და მათმა ნაწარმოებებმა თავისი დრო მოჭამა. ისევე, როგორც მერი შელის "ფრანკენშტაინმა", რომელიც თავისი დროის უდიდესი შოკი იყო, ახლა იმავე რეაქციას ვეღარ გამოიწვევს. მოკლედ, რომ არ განვმეორდე, ადრეც დავწერე. :)

მე მაინც მიმაჩნია, რომ ახლის შესაფასებლად, ძველი უნდა გქონდეს წაკითხული/ნანახი/მოსმენილი.. იმიტომ, რომ შედარებების პროცესში ბევრ საინტერესო აღმოჩენას პოულობ: ხვდები წმინდა წყლის პლაგიატს, მიბაძვას, ძველის გადმოტანას და ეს არამხოლოდ მწერლობაში ხდება.

მოდი, ვთქვათ, რომ მოპასანის "ლამაზი მეგობრის" წაკითხვა ყველა ვარიანტში ღირს, რადგან ის მსოფლიო ლიტერატურული კლასიკის ერთ-ერთი წარმომადგენელია და მისი გაცნობა მარტო იმიტომ ღირს, რომ ჩვენთვის დავასკვნათ, როგორ ხშირად ცდებიან ამ სიის შემდგენელები.

დღეს, "კვირის პალიტრასთან" ერთად, 50 წიგნის ფარგლებში, მოპასანის "ლამაზი მეგობარი" გამოვიდა. 16 იანვრამდე მისი ფასი 8 ლარი იქნება.

დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა პრეზიდენტს


ასე, მეორე კურსზე ვიქნებოდი, როცა ერთი ძველი საკურსო დოკუმენტური ფილმი ვნახეთ. ნაშრომი შევარდნაძის პერიოდში იყო მომზადებული. ერთ-ერთ კადრში, ამბიონზე მდგომი სასულიერო პირი ქადაგების დასასრულს, საზოგადოებას ქვეყნის, ოჯახის, მოყვასის, მტრებისა და პრეზიდენტისათვის ლოცვისაკენ მოუწოდებდა. უცებ, მთელი გზნებით დაამატა: ვისაც პრეზიდენტი არ უყვარს, არ დავინახო აქო!.

მოგვიანებით გავიგე, რომ ბაბუ პრეზიდენტის ესოდენ მოყვარული მეუფე კალისტრატე ყოფილა, რომელსაც, სასულიეროსთან ერთად, საერო ჩინ-მენდლებიც აქვს და, რომელმაც შევარდნაძის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ სიტყვა „პრეზიდენტი“ მასზე განსაკუთრებულად მოქმედებს.

ქუთაის-გაენათელი ეპისკოპოსის კეთილგანწყობა უბრალო კეთილგანწყობას დიდი ხანია სცდება და ფანატიზმში გადადის: აბა, რომელი კეთილგანწყობა დაგაწერინებს ლექსებს პრეზიდენტისადმი, სადაც ჩვენი მთავარსარდალი ისეთი ღვთაებრივი ეპითეტებით არის შემკული, მეც კი შემრცხვა და გავწითლდი!.

ალბათ, ყველამ ნახეთ შობის ლიტურგიის კადრები გელათიდან, სადაც ჩვენი პრეზიდენტი შობას შეხვდა. ნახავდით მადლიერ მეუფე კალისტრატესაც, რომელიც პრეზიდენტს წაქცეული ქალაქის ფეხზე დაყენებისა (?) და ძველი ფუნქციის დაბრუნებისათვის მიშას მადლობას სწირავდა, ნახავდით, როგორ უქებდა, უცნაური ენის ბორძიკით (არ მინდა ვიფიქრო, რომ გვარიანად ნასვამი გახლდათ) ახალ ღვინოს პრეზიდენტს და როგორ ჩამოუსხა ღვთაებრივი ნაჟურის ერთი ჭიქა სიტყვებით: დალიეთ, თქვენი დღეგრძელობისა იყოსო. მოისმენდით მის მიერ სააკაშვილის დავით აღმაშენებელთან შედარებას და აბა ამის შემდეგ რაღა გასაკვირია ის ჭორები, რომლებიც ამბობენ, რომ ის ერთადერთი მეფე, რომელსაც ამ ქვეყნისთვის მართლა რაღაც გაუკეთებია, აღარ წევს იქ, სადაც იწვა?!

„მე მადლობას ვწირავ ქვეყნადშობილ მაცხოვარს, რომ ჩემს ქვეყანას, ამ მძიმე ისტორიული პერიოდის ჟამს, გამოუჩინა პიროვნება, რომელიც აშენებს და იცავს ქვეყანას. მან გააკეთა ყველაფერი, მის გარეშე არაფერი კეთდება, მე ამაში დარწმუნებული ვარ. და როგორც არწივი ისე დაჰყურებს სრულიად საქართველოს. დღევანდელსაც და მომავალსაც. ამიტომ მე მინდა დავლოცო ჩვენი პრეზიდენტი, ვუსურვო მას დღეგრძელობა და ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე, ჩვენი ერისთვის.“

დიახ, მეგობრებო. ეს მეუფე კალისტრატეს საშობაო ქადაგებიდან გახლავთ და, მე რომ არ ვიცოდე, რა ხდება შვიდ იანვარს, ალბათ, ქრისტეშობის მაგივრად, მიშას შობა მეგონებოდა.

ყოველთვის მიკვირდა ადამიანების, რომლებიც ირგვლივ, გაჩერებული მშენებლობებისა და გატანილი ინვესტიციების ფონზე, სასწაულ აღმშენებლობას ხედავენ და მათხოვრების მაგივრად, კარგად ჩაცმული, დიპლომატიანი საქმოსნები ეჩვენებათ, თუმცა ვფიქრობ, ჩვენს პრეზიდენტსა და მეუფე კალისტრატეს შორის არსებობს რაღაც სულიერი კავშირი:  ამ ქვეყნის მდგომარეობაზე ორივეს ერთი, რეალობას რადიკალურად აცდენილი წარმოდგენა აქვს. პრინციპში, გასაგებია: სააკაშვილი პრეზიდენტია რომელსაც უნდა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იყოს და ილუზიას იქმნის/უქმნის, კალისტრატე კი სასულიერო პირია და, მოგეხსენებათ, ღვთის კაცებს შორის რჩეულების, ზებუნებრივი ხედვის ნიჭი აქვთ.

P.S. სხვათაშორის, არაერთი ქუთაისელისგან გამიგია, რამდენჯერაც მიშა რიკოთს გაივლის, მეუფე კალისტრატე იმდენჯერ რეკს გელათის ზარსო.


Saturday, January 7, 2012

სახინკლე თუ ტუალეტი?

მოდა ისეთი რაღაცაა, სულ რომ წინააღმდეგი იყო, მაინც უნდა აჰყვე. შეიძლება არ გიხდებოდეს, სხვაგვარი ტანსაცმლის დეფიციტის გამო, იძულებული ხარ, სქელ ფეხებზე მოტკეცილი შარვალი, მოკლე კაბა, ან სულაც, ელასტიკი ჩაიცვა, სხვის თვალში რეგრესული რომ არ გამოჩნდე, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთის არსი გესმის, იძულებული ხარ, ლანძღო კაპიტალიზმი და სოციალიზმს ეთაყვანო, ხალხმა ჩემზე ცუდი არაფერი იფიქროსო, და ცხრებივით მივყვებით ეკლესიისკენ მიმავალი მრევლის უზარმაზარ ნაკადს. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ უკანასკნელში, თავისთავად, ცუდი არაფერია. 



Thursday, January 5, 2012

ზედმეტად მოულოდნელი პოსტი


ბოლო რამდენიმე თვეა, თვითგამორკვევის პროცესი მაქვს. რაც მისი შესაძლებლობები და გამოყენების ხერხები აღმოვაჩინე, ჩემს ტვინს სხვანაირად დავუწყე ყურება. არ მინდა, რომ ამდენი წლის შემდეგ მიგნებული გასაღები ვერ გამოვიყენო. ამიტომ, დრო მჭირდება. დრო, რომ რაღაცები დავალაგო.

ჩაკეტვის პერიოდი დამიდგა. არც ადამიანებთან ურთიერთობა მინდა, არც რამის კეთების სურვილი მაქვს. ოჯახის წევრებთანაც გავუცხოვდი. ისე ძალიან, რომ სახლში რაღაცები ხდება და მე ყველაზე ბოლო ვიგებ.

მინდა სადმე, კუთხეში ვიჯდე: ბევრი წიგნით, ლოგიკური ამოცანებით. ვიჯდე და ტვინში ვილაგებდე რაღაცებს.
არ ვიცი, ამისთვის რამდენი დრო მჭირდება, მაგრამ ვხვდები, რომ ეს უკვე აუცილებელი გახდა. იმისათვის, რომ არ დავკარგო ურთიერთობები და შანსები.

ჰო, ვერც ინტერნეტს ვიტან. აქ რომ შემოვდივარ, მგონია, ერთი დიდი ქაოსია და თხუთმეტ წუთში ისე მეღლება გონება, გეგონება კარგი დისკუსია გამოვიარე. :)

ახლა ორფან ფამუქის "შავ წიგნს" ვამთავრებ. მართალია, იქ მოყვანილი იდენტობის პრობლემებზე გარდატეხის ასაკში ვინერვიულე და მერე, რაღაცნაირად, დავკვალიანდი, მაგრამ მომენტებში მაგრად ჩამიკაკუნებს ხოლმე.. :)

ალბათ, კარგი იქნებოდა, რომ მქონდეს დრო და ფინანსები, რომ ერთი თვით სადმე, მიყრუებულ სოფელში გადავსახლდე. უინტერნეტოდ, უტელევიზოროდ, უსინათლოდ, უტელეფონოდ..

დილით ავდგებოდი, სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავდი, მერე ვიბოდიალებდი, ფიზიკურადაც ვიშრომებდი (არ ვიცი, თოხნა და ბარვა რამდენად გამომივა, მაგრამ სხვა რამეს გავაკეთებდი თუ ამას ვერა), მერე დაღლილი მოვიდოდი, რომელიმე წიგნში რამდენიმე თავს წავიკითხავდი და ჩემს ტვინს გავესაუბრებოდი.. :)

ერთი თვის მერე დავბრუნდებოდი და....
და, დავბრუნდებოდი.. :)

რა სამწუხაროა, რომ საკუთარი თავისთვის ამდენი ფუფუნების მიცემა არ შემიძლია.

როგორ გგონიათ, რა ჰქვია ამას და მეშველება რამე?!
 
Powered by Blogger