Monday, February 27, 2012

სიკვდილი

კომპლექსი, რომელიც ღრმა ბავშვობიდან მტანჯავს, სიკვდილის კომპლექსია.
პირველად ხუთი წლის ვიყავი, როცა სიკვდილს გადავაწყდი (ბებია გარდამეცვალა). მას შემდეგ სულ მეშინია.

მეშინია არა ჩემი, არამედ, საყვარელი ადამიანების სიკვდილის. შემიძლია, ისტერიულად ვურეკო ოჯახის წევრებს, დავაყურადო სუნთქვისას, გამუდმებით დაძაბული ვიყო, რომ რამე ისე არ..

ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სიკვდილი, რაც კი შემხვედრია, ჩემი ჯგუფელის გარადაცვალება იყო. რამდენიმე წლის წინ მოხდა, მაგრამ დღემდე ისე განვიცდი, როგორც მაშინ, როცა დამირეკეს და მითხრეს.

რამდენიმე დღის წინ, როცა კიდევ ერთი სიკვდილი შემხვდა, ვიფიქრე, რომ ადამიანი ისე უნდა კვდებოდეს, სხვებში ტკივილს არ ტოვებდეს.

მაშინ, როცა სიკვდილის შემდეგ სხეული რჩება, რომელიც იცი, რომ შენს საყვარელ ადამიანს, მეგობარს, ნათესავს ან ვინმეს ეკუთვნოდა, რომელიც უცნაურ მასად ქცეულა და მერე რამდენიმე დღის მანძილზე მისი ყურება გიწევს, ეს დამატებით სტრესს იწვევს. ამიტომ, წარმოიდგინეთ, რა მაგარი იქნებოდა, ადამიანი კვდებოდეს ისე, რომ კვალს არ ტოვებდეს. ან ტოვებდეს, მაგრამ უმტკივნეულოს, ისეთს, რომ ზედმეტ სტრესს აგაცილებდეს თავიდან.

ისე, ზაფხულში სიკვდილი საშინელებაა. ჯერ ერთი, სიცხეა, მეორეც, დასვენების პერიოდია, შემოდგომაზე სიკვდილიც არ არის სასიამოვნო, განახლებული მუშაობის პერიოდია და ხალხს ხელს შეუშლი. ზამთარში ცივა და შენს პანაშვიდზე მოსვლა ყველას დაეზარება, გაზაფხულზე კი რა დროს სიკვდილია, როცა სისხლი დუღილს იწყებს?

ეჰ, არასდროს უნდა კვდებოდეს ადამიანი..



Wednesday, February 22, 2012

ომის ჟურნალისტი მარი კოლვინი


მის შესახებ, პირველად სტუდენტობისას გავიგე. საზღვარგარეთის ჟურნალისტიკის სწავლისას, სლაიდზე ქერა, ცალთვალა ქალი გამოჩნდა, რომელსაც საერთოდ არ ჰქონდა ქერა ქალებისათვის დამახასიათებელი გამომეტყველება. რაღაცნაირი იყო.

აღმოჩნდა, რომ უცნაური ქერა ქალი, ამერიკელი ჟურნალისტი - მარი კოლვინი, ომის რეპორტიორი გახლდათ და ცალი თვალიც პროფესიული მოვალოების შესრულების დროს, 2001 წელს, შრი ლანკას ომში დაკარგა.


ვუყურებდი სლაიდს, ჩემს შესაძლებლობებს და სიმამაცეს ვზომავდი და მშურდა. ვიცოდი, რომ ეგოისტობის მიუხედავად, ვერ შევძლებდი შუა ცეცხლში აღმოჩენას, ეს ქალი კი, აშკარად ადრენალინს იღებდა საომარი სიტუაციების გაშუქებისას, ჰქონდა საინტერესო რეპორტაჟები, ყველა აღნიშნავს, მის გვერდით მუშაობა, უდიდეს გამოცდილებასთან ერთად, პატივიც იყო..

ცოტა ხნის წინ, კოლვინი ადგა და სირიაში წავიდა. ერთ დღის წინ რეპორტაჟი მისცა დაბომბილი ჰომსიდან, რომელშიც სირიული არმიის დაბომბვის შედეგად, 100-ზე მეტი მოქალაქე მოკვდა. ძირითადად, ქალები და ბავშვები. აღშფოთებული ჰყვებოდა 2 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე, რომელსაც სირიაში მიმდინარე მოვლენების ემბლემად მიიჩნევდა.

"რა მოხდება და ნუთუ არავინ გამოჩნდება, რომ შეაჩეროს ეს მკვლელობები ჰომსში, რომელიც ყოველ დღე ხდება?"

ეს მისი ბოლო რეპორტაჟი იყო. რამდენიმე საათის წინ, მარი კოლვინი, ფრანგ ფოტოგრაფ,  რემი ოშლიკთან ერთად, სირიის ქალაქ ჰომსში, იმ შენობაზე მიტანილი იერიშის შედეგად დაიღუპა, რომელშიც მედიაცენტრი იყო განთავსებული.

მათი სახელი პროფესიული მოვალეობის დროს დაღუპული ჟურნალისტების გრძელ სიას შეურეთდა. გული დამწყდა. იმიტომ, რომ თავისი ცალი თვალით, კალვინი ბრენდი იყო.

ჟურნალისტები ყოველთვის თავად ირჩევენ სამუშაო ადგილს, სფეროს, ინტერესის ობიექტებს.. კალვინმა ომი აირჩია და პასუხიც მიიღო. ვკითხულობ მის შესახებ თბილ სიტყვებს, მოგონებებს, გამოხმაურებებს და ჯონ ლენონის მწარე, მაგრამ მართალი სიტყვები მახსენდება, ყველას უყვარხარ, როცა ექვსი ფუტით მიწის ქვემოთ ხარო.

ვკითხულობ რაღაცებს და პარალელებს ვავლებ. აი, ზოგი იჭრება, ზოგი თვალს ჰკარგავს, ზოგი კიდურს, ზოგი ტექნიკას, მაგრამ ხმას არ იღებენ და პროფესიულ საქმიანობას აგრძელებენ. ამ დროს, სხვებს ერთი რეზინის ტყვია, შედარებით, უსაფრთხო ადგილას მოხვდება და ქვეყანას ყრიან, ეს რა მაკადრესო.

2010 წლის ნოემბერში, ლონდონის ერთ-ერთ ეკლესიაში, კოლვინი  მომხსენებელი იყო საღამოზე, რომელიც იმ წელს, მსოფლიო მასშტაბით, ომში დაღუპულ ჟურნალისტებს ეძღვნებოდა. მარიმ ბევრი რაღაც თქვა, მაგრამ ერთ საინტერესო ფრაზას გამოვარჩევდი:

"ჩვენი მისიაა რომ გადმოვცეთ ომის საშინელება ზუსტად და ზიანის მიუყენებლად. ჩვენ ყოველთვის უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, ღირს თუ არა ამბავი გარისკვად, უნდა განვსაზღვროთ, რა არის სიმამაცე და რა ყოყოჩობა?"

გული მწყდება, ამ ქალის სიკვდილზე და, ცოტა კიდევაც მშურს მისი სიმამაცის. არ ვიცი, რამდენიმე წელში რა ჭკუაზე დავდგები, მაგრამ ახლა მგონია, რომ ვერ გავრისკავ და სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობისათვის საშიშ ადგილებში, მიმდინარე მოვლენების გასაშუქებლად ვერ წავალ.

P.S. გამონაკლისი ავღანეთია.


Monday, February 20, 2012

გაგრძელება

ჰოდა, იმას გეუბნებოდით.
უფრო სწორად, მინდოდა, მეთქვა, როგორ გავიდა დრო, რომ 50 წიგნის ნახევარზე მეტი უკვე ყველამ შევაგროვეთ.
ერთია შეგორვება, მეორე წაკითხვა, მესამე კი გადაკითხვა. თუმცა ბიბლიოფილები დამეთანხმებიან, რომ არაფერი სჯობს, როცა თაროები ახალი წიგნებით ივსება. ასეთ დროს, ნაცვლად იმისა, რომ ძველი, თუმცა საინტერესო წიგნები ჩამოაქვეითო, ვალდებული ხარ, წიგნების მორიგი კარადაც იყიდო (მე რომ ვერაფრით დავწერე ჯვარი). ახალ კარადას ახალი წიგნები ძალიან უხდება, თუმცა მე არ მაქვს კარადა.

არადა, ძალიან მინდა.
მას შემდეგ, რაც საკუთარი შემოსავალი გამიჩნდა, ბავშვობის ოცნებების ასრულება დავიწყე. მათ შორის, 70% წიგნებზე მოდის. მივდივარ მაღაზიაში, რაღაც წიგნზე მეკეტება ტვინი და ვყიდულობ.. <3

უკვე იმდენი დამიგროვდა/მაჩუქეს, რომ სახლში სამი პრესტიჟული თარო შევავსე და გული მწყდება, რომ ბავშვობის საყვარელ და საამაყო წიგნებს (საამაყოს იმიტომ, რომ იშვიათი წიგნებიც გვაქვს ოჯახში და მე ყოველთვის ძალიან ბედნიერი ვარ, როცა იშვიათ წიგნს ვფლობ) ნელ-ნელა ვაჩოჩებ რომელიღაცა საძინებელში განთავსებულ პაატარა თაროზე. წყნარად, ისე, როგორც მოხუცებს.

მინდა, მქონდეს დიდი ოთახი, სადაც ოთხივე კედელი თაროებით იქნება სავსე, სადაც როგორც მოხუც, ისე ახალგაზრდა წიგნებს დავაწყობ და ძააალიან ბედნიერი ვიქნები, რომ ყველაფერი ერთად მაქვს. ისევე, როგორც გიჟივით მიხარია, რომ ქინდლი გადატენილი მაქვს კანფეტებით. <3



ასეთი წიგნის თარო და ოთახი, რა კარგი იქნებოდა.. <3

უცებ, სათაურს ავხედე. გაგრძელება წერია. სულ სხვა რაღაცის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ სხვა შემომეწერა. მოკლედ, მინდოდა ამ პოსტში დამეწერა, რომ დღეს, 50 წიგნის ფარგლებში, უილიამ თეკერეის "ამაოების ბაზრის" მეორე ტომი გამოვიდა.

Monday, February 13, 2012

საყვარელო ტელეარხებო

მე ძალიან კარგად მესმის კვირა დღის ფენომენი ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა. უქმე დღეს იმდენად არაფერი ხდება, რომ მსოფლიოში ცნობილი ადამიანის სიკვდილი, საინფორმაციო ეთერს მხსნელად მოევლინება ხოლმე.

არ ჩავიდგამ თქვენს ცოდვაში ფეხს და არ დაგწამებთ, რომ ყოველ კვირას ვინმეს სიკვდილს ნატრობთ. თქვენ ეს არც გჭირდებათ. მკვლელობები და გამომძიებელთა გამჭრიახობის ჩვენება ხომ თქვენი ყოველდღიური ეთერის ძირითადი თემებია. უბრალოდ, უიტნი ჰიუსტონის სამწუხარო ამბების გაშუქებამ ისეთი მნიშვნელოვანი თემები მომაგონა, როგორიცაა ობამა-სააკაშვილის შეხვედრისას მარჯვენა-მარცხენა ფეხის ფენომენი, ვლადიმერ პუტინის წელსზემოთ შიშველი სხეული, ან, თუნდაც ივანიშვილის პინგვინსა და მერცხლის ამბავი - ანუ თემები, რომლებიც არ ძველდება. ან, თუ ძველდება, მხოლოდდამხოლოდ, კონიაკივით.

სწორედ ამიტომ, თქვენივე საინფორმაციოს წყობიდან გამომდინარე, ერთ პატარა რჩევას მოგცემდით:

როცა მსოფლიო დონის ამბავს რამდენიმე დღის განმავლობაში ვაშუქებთ, გარდა ახალი დეტალებისა, მომხდარის ანალიზითაც უნდა გავაჯეროთ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენმა კორესპონდენტებმა მოახერხეს და ჩაწერეს სასტუმროს დამლაგებელი, უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალების ამბავს, ცოტა ზედაპირულად შეგიფასებდით.

სიუჟეტებში არ იყო ექსკლუზიური ინტერვიუ პათანატომთან. არც გარდაცვლილის მსხვილი ხედი გიჩვენებიათ ნეკროფილი ქართველებისათვის, არც შოკში ჩავარდნილ ობოლთან მისულხართ, პირში არ ჩაგითხრიათ მიკროფონი და არ გიკითხავთ, თუ რას გრძნობს ახლა.

ამიტომ მაშინ, როდესაც ისეთ უბერებელ თემას, როგორიც ჰიუსტონის გარდაცვალებაა, რამდენჯერმე ვუბრუნდებით, მეტი კონკრეტიკა, სიმძაფრე და სკანდალური კადრებია საჭირო.

თუმცა, სკანდალის დიდოსტატებს ჩემგან რა გესწავლებათ?!

Friday, February 10, 2012

ფრთხილად, პრესსამსახური!

ეს ამბავი, ალბათ, ასე იყო: ერთმა ჭკვიანმა, გაიძვერა და ნასტავლმა კაცმა, რომელსაც ბევრი უსიამოვნო კითხვისთვის თავის არიდება სხვისი განაწყენების გარეშე სურდა, დიპლომატიური ნაბიჯი გადადგა და პრესსამსახური გამოიგონა.

ეს სინამდვილეში. ფორმალურად კი, პრესსამსახურს სულ სხვა დანიშნულება აქვს: მისი მოვალეობაა, დაეხმაროს ჟურნალისტებს ინტერვიუს ჩაწერასა და შესაბამისი რესპდენტის მოძებნაში, გაუღიმოს, იყოს თავაზიანი და არ დაივიწყოს კოლეგიალობა. სხვაგან არ ვიცი, მაგრამ ჩვენთან პრესსამსახურში მომუშავეთა უმეტესობა მოდარაჯე ძაღლს მაგონებს, რომლების თავგამოდებით ცდილობენ პატრონის დაცვას და ხანდახან ისე აჭარბებს, მოყვარეშიც კი მტერს ხედავს.

პრესსამსახურებთან ურთიერთობა, ძირითადად, სახელმწიფო უწყებებში ჭირს. ყველაში არა, საბედნიეროდ. თუმცა რამდენიმე ლეგენდარული დაწესებულებაა, რომლის ბინადარნიც ასევე ლეგენდებად ქცეულან. იშვიათ შემთხვევებში, როცა კონტაქტზე გამოდიან, ტოვებენ შთაბეჭდილებას, თითქოს წინასწარ დაწერილი ტექსტი აქვთ დაზუთხული. თან ისე უმწეოდ გამოიყურებიან, შუბლზე ძარღვი უნდა გქონდეს გაწყვეტილი, ოდნავ გადახვეული, თუნდაც, აღმშენებლობასთან დაკავშირებული კითხვა დაუსვა. 
პრესსამსახურის დაცვით, რესპოდენტებიც ისე არიან განებივრებულები, რომ თავიდან აცილების მიზნით, პირდაპირ ჟუჟუნასთან გამისამართებენ და შენ უკვე იცი, რომ ჟუჟუნა ან ტელეფონს არ უპასუხებს, ან თვეობით გადაგიწევს საკითხზე კომენტარს ან პირდაპირ გადაგაგდებს.

აი, სულ მიკვირს, რატომ არ ფიქრობენ ეს ადამიანები, რომ გავა პერიოდი და პრესსამსახურებიდან შეიძლება, ისევ აქტიურ ჟურნალისტიკაში აღმოჩდნენ. იმ ადამიანების გვერდით, ვისაც დახმარებაზე უარს ეუბნებოდნენ, უხეშად პასუხობდნენ, ტელეფონს უკიდებდნენ და ა.შ. 

ჟურნალისტები ხშირად წუწუნებენ, რომ პრესსამსახურები თავის მოვალეობას არ ასრულებენ, მაგრამ სინამდვილეში პირიქითაა. ისინი ზედმიწევნით სწორად ასრულებენ თავის საქმეს - რესპოდენტთან უშვებენ იმას, ვინც საკუთარი პიარისთვის სჭირდებათ, ასმევინებენ იმ კითხვებს, რაც უნდათ, რომ დაისვას, აკონტროლებენ გარშემო პერიმეტრს და თუ უცხო სხეული, უცნაური და არასასურველი გამომეტყველებით დაინახეს, მზად არიან, ცოცხლად შეჭამონ (ამ დროს, როცა ინტერესის ობიექტი ჰორიზონტზე არ ჩანს, ყველა ჟურნალისტი საკუთარ თავზე უყვართ და ზეფამილარულები არიან).

პრინციპში, მე მესმის მათი: თუ შესაბამისი პირის სულიერ უსაფრთხოებას არ უზრუნველჰყოფენ (ფიზიკურზე დაცვა ზრუნავს), საქმე ცუდად წაუვათ. თუმცა, ამავდროულად, არ მესმის ჟურნალისტების, რომლებსაც ინფორმაციის მიღებისა და გამოქვეყნების მანია სჭირთ, უცებ კი პრესსამსახურებში აღმოჩნდებიან და წინა ცხოვრებასა და ღირებულებებს ერთიანად უსვამენ ხაზს. 


ამავე თემაზე: 


Monday, February 6, 2012

იქ, ბრაზილიაში

ბრაზილიაში წავიდოდი.

რიოში.

აეროპორტიდანვე, პლაჟთან ახლოს, კორპუსში ვიქირავებდი მზიან და ნათელ ბინას: თეთრი ავეჯით, ღია სტაფილოსფერი კედლებით, დიდი ფანჯრებითა და ჰაეროვანი ფარდებით;

დილით ერთ ჭიქა რძისა და ბანანის კოქტეილს დავლევდი, მსუბუქი, ბრაზილიური საპნის ოპერის, კონტექსტიდან ამოვარდნილ, 563534534-ე სერიას ვნახავდი;

მერე კოპაკაბანაზე ვიტანტალებდი, ცისფერ და სუფთა ოკეანეში ჩავიხრჩობოდი;

წამოსვლისას, ქუჩაში გამყიდველისგან ნაყიდ ანანასსა და ბანანს შევჭამდი, მზით და ხალისით ავივსებოდი;

მერე გავივლიდი რიოს ქუჩებში, ადგილობრივი მოსახლეობის სახეზე წინაპრების ნაკვთების მოძებნას დავიწყებდი და გამიხარდებოდა, ათიდან ერთში თუ აღმოვაჩენდი ინდიელის გარეგნობას;

საღამოს რამე გემრიელ კლუბში წავიდოდი და თავზე დავიმხობდი;

დილით გაზგამოცლილ მინერალურ წყალს დავლევდი და ბანანისა და რძის კოქტეილს მივაყოლებდი;

ტურისტული მარშრუტით წავიდოდი ჯუნგლებში, დავიხუთებოდი ნესტით და სიბნელით, გადავურჩებოდი პითონებს და ვნახავდი ულამაზეს გამოქვაბულებს;

ერთ დღეს ღარიბთა კვარტალშიც გავივლიდი. ფეხბურთს ვითამაშებდი ბავშვებთან, მუხლებს გადავიტყავებდი. მერე რომელიმე კეთილი ქალი, რომლის გამოხედვაშიც გადაშენებულ ინდიელს აღმოვაჩენდი,  ღვეზელზე დამპატიჟებდა;

ჩამოვჯდებოდი, კარზე ინდიელების ნაქსოვი ჭილობი იქნებოდა ჩამოფარებული, ძველ ტელევიზორში პოლიტიკური ტოქ--შოუს ნაწყვეტს ვნახავდი და მორიდებით გადავიღებდი კიდევ ერთ, უგემრიელეს ღვეზელს;

მადლობას ღიმილით გადავუხდიდი - ენაზე, რომელიც მთელს მსოფლიოში ერთნაირად ესმით;

სახლში დავბრუნდებოდი სითბოთი, მზით და რიოს ღარიბი კვარტლით სავსე, ბოლოჯერ გავივლიდი კოპაკაბანაზე, სახლში დაბრუნებული კი ბარგის ჩალაგებას უხალისოდ შევუდგებოდი;

ტრაპიდან უკან მოვიხედავდი, მაგრამ ჩემს ბრაზილიას ვეღარ დავინახავდი;

მერე ჩამოვიდოდი ძალიან ბედნიერი. აი, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი.

ნეტა, ოდესმე თუ შევძლებ ჩემი ყველაზე თამამი ოცნებების ასრულებას?!


როგორ ბაზრობენ ამაოებას

ჩემი სირცხვილი უნდა ვთქვა: კარგა ხანს, თეკერეი და ფოლკნერი ერთმანეთში მერეოდა. რა თქმა უნდა, მათი შემოქმედება ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდება. მე ერთმანეთში მათი გვარები მერეოდა. საკმაოდ ადრეულ ასაკში წაკითხული "ხმაური და მძვინვარების" შემდეგ კი, ფოლკნერს დღემდე თავაზიანი ღიმილით ვუვლი გვერდს. აი, შარშან კი გავბედე და "ამაოების ბაზარს" დავავლე ხელი.

ალბათ, ჩემი ბლოგისა და პოსტების ამ სერიის აქტიურმა მკითხველმა კარგად იცის, რომ ემილ ზოლას რომანებზე ვგიჟდები. ვერ ვიტყვი, რომ "ამაოების ბაზარმა" "ხაფანგზე" ნაკლები დამმართა.

ეს არის წიგნი მეცხრამეტე საუკუნის ინგლისის საზოგადოებაზე და, მინდა ვთქვა, რომ არამხოლოდ ინგლისის, რუსეთის, საფრანგეთის და სხვა, მაშინ განვითარებული ქვეყნების საზოგადოებები გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს.

აკვანში დანიშვნა, ღალატი, გათხოვებაზე ფიქრი და ოცნება, დაბალი ფენის წარმომადგენელი ახალგაზრდა ქალის წარმატებული მცდელობა, იმ ერთადერთი იარაღის წყალობით, რომელიც მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს გააჩნიათ, შეიქმნას უზრუნველი მომავალი. შტერი და მიამიტი მდიდარი გოგო, საქმრო, რომელიც საცოლის საუკეთესო მეგობართან აბამს რომანს, მამა, რომელიც შვილს საცოლეზე უარის თქმას მხოლოდ იმიტომ აიძულებს, რომ მამამისი გაკოტრდა, ხოლო როცა შვილი არ დაუჯერებს, მკვდარსაც კი არ პატიობს დანაშაულს.

გქონიათ შემთხვევა, როცა ნაწარმოების მთავარი გმირის სიშტერის გამო, მისი კარგად გატყეპვა მოგდომებიათ? აი, მთელი ნაწარმოების კითხვისას, მხოლოდ ეგ ერთადერთი სურვილი მიტრიალებდა თავში ემილიას გამო. ასეთი შტერი როცა ხარ, მართლა ყველაფერს იმსახურებ. <3

მოკლედ, ადამიანური ურთიერთობების გარდა, რომელიც ზერელედ მიმოვიხილე, წიგნში საინტერესო ისტორიული ეპოქაც არის მიმოხილული. გარდა ამისა, "ამაოების ბაზარი", ერთგვარად, ქალაქური ტიპის რომანადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. აქ აღწერილია მეცხრამეტე საუკუნის ლონდონის ყოველდღიურობა, კლუბები, ხალხის ინტერესები, დამოკიდებულება და, რა თქმა უნდა, ინდოეთის ფაქტორი, რაც, ცოტა ეგზოტიკურია და, ალბათ, იმითაა გამოწვეული, რომ ავტორი კალკუტაში გახლავთ დაბადებული.

მოკლედ, ვისაც არ წაგიკითხავთ და არც წიგნი მოგეპოვებათ, მინდა გაცნობოთ, რომ დღეს კვირის პალიტრასთან ერთად, უკვე კლასიკად ქცეული სერიის ფარგლებში, უილიამ თეკერეის "ამაოების ბაზრის" პირველი ტომი გამოვიდა.
 
Powered by Blogger