ბრაზილიაში წავიდოდი.
რიოში.
აეროპორტიდანვე, პლაჟთან ახლოს, კორპუსში ვიქირავებდი მზიან და ნათელ ბინას: თეთრი ავეჯით, ღია სტაფილოსფერი კედლებით, დიდი ფანჯრებითა და ჰაეროვანი ფარდებით;
დილით ერთ ჭიქა რძისა და ბანანის კოქტეილს დავლევდი, მსუბუქი, ბრაზილიური საპნის ოპერის, კონტექსტიდან ამოვარდნილ, 563534534-ე სერიას ვნახავდი;
მერე კოპაკაბანაზე ვიტანტალებდი, ცისფერ და სუფთა ოკეანეში ჩავიხრჩობოდი;
წამოსვლისას, ქუჩაში გამყიდველისგან ნაყიდ ანანასსა და ბანანს შევჭამდი, მზით და ხალისით ავივსებოდი;
მერე გავივლიდი რიოს ქუჩებში, ადგილობრივი მოსახლეობის სახეზე წინაპრების ნაკვთების მოძებნას დავიწყებდი და გამიხარდებოდა, ათიდან ერთში თუ აღმოვაჩენდი ინდიელის გარეგნობას;
საღამოს რამე გემრიელ კლუბში წავიდოდი და თავზე დავიმხობდი;
დილით გაზგამოცლილ მინერალურ წყალს დავლევდი და ბანანისა და რძის კოქტეილს მივაყოლებდი;
ტურისტული მარშრუტით წავიდოდი ჯუნგლებში, დავიხუთებოდი ნესტით და სიბნელით, გადავურჩებოდი პითონებს და ვნახავდი ულამაზეს გამოქვაბულებს;
ერთ დღეს ღარიბთა კვარტალშიც გავივლიდი. ფეხბურთს ვითამაშებდი ბავშვებთან, მუხლებს გადავიტყავებდი. მერე რომელიმე კეთილი ქალი, რომლის გამოხედვაშიც გადაშენებულ ინდიელს აღმოვაჩენდი, ღვეზელზე დამპატიჟებდა;
ჩამოვჯდებოდი, კარზე ინდიელების ნაქსოვი ჭილობი იქნებოდა ჩამოფარებული, ძველ ტელევიზორში პოლიტიკური ტოქ--შოუს ნაწყვეტს ვნახავდი და მორიდებით გადავიღებდი კიდევ ერთ, უგემრიელეს ღვეზელს;
მადლობას ღიმილით გადავუხდიდი - ენაზე, რომელიც მთელს მსოფლიოში ერთნაირად ესმით;
სახლში დავბრუნდებოდი სითბოთი, მზით და რიოს ღარიბი კვარტლით სავსე, ბოლოჯერ გავივლიდი კოპაკაბანაზე, სახლში დაბრუნებული კი ბარგის ჩალაგებას უხალისოდ შევუდგებოდი;
ტრაპიდან უკან მოვიხედავდი, მაგრამ ჩემს ბრაზილიას ვეღარ დავინახავდი;
მერე ჩამოვიდოდი ძალიან ბედნიერი. აი, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი.
ნეტა, ოდესმე თუ შევძლებ ჩემი ყველაზე თამამი ოცნებების ასრულებას?!

2 comments:
ხომ იცი რომ თუ მოინდომებ და მხოლოდ არ იოცნებებ შესძლებ :პ
gaiseirnebdi kopakabanaze tu jibgirebs gadaurchebodi :D
Post a Comment
სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.