Friday, February 10, 2012

ფრთხილად, პრესსამსახური!

ეს ამბავი, ალბათ, ასე იყო: ერთმა ჭკვიანმა, გაიძვერა და ნასტავლმა კაცმა, რომელსაც ბევრი უსიამოვნო კითხვისთვის თავის არიდება სხვისი განაწყენების გარეშე სურდა, დიპლომატიური ნაბიჯი გადადგა და პრესსამსახური გამოიგონა.

ეს სინამდვილეში. ფორმალურად კი, პრესსამსახურს სულ სხვა დანიშნულება აქვს: მისი მოვალეობაა, დაეხმაროს ჟურნალისტებს ინტერვიუს ჩაწერასა და შესაბამისი რესპდენტის მოძებნაში, გაუღიმოს, იყოს თავაზიანი და არ დაივიწყოს კოლეგიალობა. სხვაგან არ ვიცი, მაგრამ ჩვენთან პრესსამსახურში მომუშავეთა უმეტესობა მოდარაჯე ძაღლს მაგონებს, რომლების თავგამოდებით ცდილობენ პატრონის დაცვას და ხანდახან ისე აჭარბებს, მოყვარეშიც კი მტერს ხედავს.

პრესსამსახურებთან ურთიერთობა, ძირითადად, სახელმწიფო უწყებებში ჭირს. ყველაში არა, საბედნიეროდ. თუმცა რამდენიმე ლეგენდარული დაწესებულებაა, რომლის ბინადარნიც ასევე ლეგენდებად ქცეულან. იშვიათ შემთხვევებში, როცა კონტაქტზე გამოდიან, ტოვებენ შთაბეჭდილებას, თითქოს წინასწარ დაწერილი ტექსტი აქვთ დაზუთხული. თან ისე უმწეოდ გამოიყურებიან, შუბლზე ძარღვი უნდა გქონდეს გაწყვეტილი, ოდნავ გადახვეული, თუნდაც, აღმშენებლობასთან დაკავშირებული კითხვა დაუსვა. 
პრესსამსახურის დაცვით, რესპოდენტებიც ისე არიან განებივრებულები, რომ თავიდან აცილების მიზნით, პირდაპირ ჟუჟუნასთან გამისამართებენ და შენ უკვე იცი, რომ ჟუჟუნა ან ტელეფონს არ უპასუხებს, ან თვეობით გადაგიწევს საკითხზე კომენტარს ან პირდაპირ გადაგაგდებს.

აი, სულ მიკვირს, რატომ არ ფიქრობენ ეს ადამიანები, რომ გავა პერიოდი და პრესსამსახურებიდან შეიძლება, ისევ აქტიურ ჟურნალისტიკაში აღმოჩდნენ. იმ ადამიანების გვერდით, ვისაც დახმარებაზე უარს ეუბნებოდნენ, უხეშად პასუხობდნენ, ტელეფონს უკიდებდნენ და ა.შ. 

ჟურნალისტები ხშირად წუწუნებენ, რომ პრესსამსახურები თავის მოვალეობას არ ასრულებენ, მაგრამ სინამდვილეში პირიქითაა. ისინი ზედმიწევნით სწორად ასრულებენ თავის საქმეს - რესპოდენტთან უშვებენ იმას, ვინც საკუთარი პიარისთვის სჭირდებათ, ასმევინებენ იმ კითხვებს, რაც უნდათ, რომ დაისვას, აკონტროლებენ გარშემო პერიმეტრს და თუ უცხო სხეული, უცნაური და არასასურველი გამომეტყველებით დაინახეს, მზად არიან, ცოცხლად შეჭამონ (ამ დროს, როცა ინტერესის ობიექტი ჰორიზონტზე არ ჩანს, ყველა ჟურნალისტი საკუთარ თავზე უყვართ და ზეფამილარულები არიან).

პრინციპში, მე მესმის მათი: თუ შესაბამისი პირის სულიერ უსაფრთხოებას არ უზრუნველჰყოფენ (ფიზიკურზე დაცვა ზრუნავს), საქმე ცუდად წაუვათ. თუმცა, ამავდროულად, არ მესმის ჟურნალისტების, რომლებსაც ინფორმაციის მიღებისა და გამოქვეყნების მანია სჭირთ, უცებ კი პრესსამსახურებში აღმოჩნდებიან და წინა ცხოვრებასა და ღირებულებებს ერთიანად უსვამენ ხაზს. 


ამავე თემაზე: 


1 comments:

გიო Li said...

პრესს რაა??? :))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger