Wednesday, February 22, 2012

ომის ჟურნალისტი მარი კოლვინი


მის შესახებ, პირველად სტუდენტობისას გავიგე. საზღვარგარეთის ჟურნალისტიკის სწავლისას, სლაიდზე ქერა, ცალთვალა ქალი გამოჩნდა, რომელსაც საერთოდ არ ჰქონდა ქერა ქალებისათვის დამახასიათებელი გამომეტყველება. რაღაცნაირი იყო.

აღმოჩნდა, რომ უცნაური ქერა ქალი, ამერიკელი ჟურნალისტი - მარი კოლვინი, ომის რეპორტიორი გახლდათ და ცალი თვალიც პროფესიული მოვალოების შესრულების დროს, 2001 წელს, შრი ლანკას ომში დაკარგა.


ვუყურებდი სლაიდს, ჩემს შესაძლებლობებს და სიმამაცეს ვზომავდი და მშურდა. ვიცოდი, რომ ეგოისტობის მიუხედავად, ვერ შევძლებდი შუა ცეცხლში აღმოჩენას, ეს ქალი კი, აშკარად ადრენალინს იღებდა საომარი სიტუაციების გაშუქებისას, ჰქონდა საინტერესო რეპორტაჟები, ყველა აღნიშნავს, მის გვერდით მუშაობა, უდიდეს გამოცდილებასთან ერთად, პატივიც იყო..

ცოტა ხნის წინ, კოლვინი ადგა და სირიაში წავიდა. ერთ დღის წინ რეპორტაჟი მისცა დაბომბილი ჰომსიდან, რომელშიც სირიული არმიის დაბომბვის შედეგად, 100-ზე მეტი მოქალაქე მოკვდა. ძირითადად, ქალები და ბავშვები. აღშფოთებული ჰყვებოდა 2 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე, რომელსაც სირიაში მიმდინარე მოვლენების ემბლემად მიიჩნევდა.

"რა მოხდება და ნუთუ არავინ გამოჩნდება, რომ შეაჩეროს ეს მკვლელობები ჰომსში, რომელიც ყოველ დღე ხდება?"

ეს მისი ბოლო რეპორტაჟი იყო. რამდენიმე საათის წინ, მარი კოლვინი, ფრანგ ფოტოგრაფ,  რემი ოშლიკთან ერთად, სირიის ქალაქ ჰომსში, იმ შენობაზე მიტანილი იერიშის შედეგად დაიღუპა, რომელშიც მედიაცენტრი იყო განთავსებული.

მათი სახელი პროფესიული მოვალეობის დროს დაღუპული ჟურნალისტების გრძელ სიას შეურეთდა. გული დამწყდა. იმიტომ, რომ თავისი ცალი თვალით, კალვინი ბრენდი იყო.

ჟურნალისტები ყოველთვის თავად ირჩევენ სამუშაო ადგილს, სფეროს, ინტერესის ობიექტებს.. კალვინმა ომი აირჩია და პასუხიც მიიღო. ვკითხულობ მის შესახებ თბილ სიტყვებს, მოგონებებს, გამოხმაურებებს და ჯონ ლენონის მწარე, მაგრამ მართალი სიტყვები მახსენდება, ყველას უყვარხარ, როცა ექვსი ფუტით მიწის ქვემოთ ხარო.

ვკითხულობ რაღაცებს და პარალელებს ვავლებ. აი, ზოგი იჭრება, ზოგი თვალს ჰკარგავს, ზოგი კიდურს, ზოგი ტექნიკას, მაგრამ ხმას არ იღებენ და პროფესიულ საქმიანობას აგრძელებენ. ამ დროს, სხვებს ერთი რეზინის ტყვია, შედარებით, უსაფრთხო ადგილას მოხვდება და ქვეყანას ყრიან, ეს რა მაკადრესო.

2010 წლის ნოემბერში, ლონდონის ერთ-ერთ ეკლესიაში, კოლვინი  მომხსენებელი იყო საღამოზე, რომელიც იმ წელს, მსოფლიო მასშტაბით, ომში დაღუპულ ჟურნალისტებს ეძღვნებოდა. მარიმ ბევრი რაღაც თქვა, მაგრამ ერთ საინტერესო ფრაზას გამოვარჩევდი:

"ჩვენი მისიაა რომ გადმოვცეთ ომის საშინელება ზუსტად და ზიანის მიუყენებლად. ჩვენ ყოველთვის უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, ღირს თუ არა ამბავი გარისკვად, უნდა განვსაზღვროთ, რა არის სიმამაცე და რა ყოყოჩობა?"

გული მწყდება, ამ ქალის სიკვდილზე და, ცოტა კიდევაც მშურს მისი სიმამაცის. არ ვიცი, რამდენიმე წელში რა ჭკუაზე დავდგები, მაგრამ ახლა მგონია, რომ ვერ გავრისკავ და სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობისათვის საშიშ ადგილებში, მიმდინარე მოვლენების გასაშუქებლად ვერ წავალ.

P.S. გამონაკლისი ავღანეთია.


8 comments:

მოლი ბლუმი said...

მაგარი ქალი ყოფილა :( ეტყობა კიდეც სახეზე :(

Anonymous said...

რეზინის ტყვიებიანი აბზაცი რომ არა, კარგი პოსტი იქნებოდა.

Zurriuss.Ge said...

ამ ადამიანზე გაცნობის დღიდან გავჭედე. პოსტიც მინდოდა, დამეწერა, მაგრამ ვერა და ვერ დავასრულე. ახლა აუცილებლად მივუძღვნი :(

vasasi said...

Anonymous: რეზინის ტყვიების გარეშე არ შეიძლებოდა. იმიტომ, რომ მართლა ეგრეა.

Katiée.Ge said...

რეზინის ტყვიები მეც აბსოლუტურად უადგილოდ მეჩვენა, თუ სპეციალურად, დისკუსიის გამოსაწვევად არ იყო ჩასმული.

ომს თავის კანონი აქვს, მშვიდობას თავისი. ის, რასაც ომიანობის დროს ავიტანთ და წინასწარ ვიქნებით შეგუებული, მშვიდობიანობის დროს ბუნებრივია ვერ მოვითმენთ.

რინგზე ერთმანეთს ცემენ და ეს ბუნებრივია, მაგრამ ქუჩაში იმავე საქციელის გამო პასუხისმგებლობაა.

vasasi said...

ჰეი, თქვენ არ გესმით შემდეგი რამ:

1. ეს პოსტი რეზინის ტყვიებს არ ეხება;
2. სახელმწიფოს მიქარვა ზემოთ ნახსენებ პუნქტთან მიმართებით, სხვა პრობლემაა რომელზეც თავის დროზეც არ დამიწერია, მაგრამ თუ საჭიროდ მივიჩნევ, აუცილებლად დავწერ;
3. აქ იგულისხმებიან არა მოქალაქეები, არამედ, ჟურნალისტები. როცა ჟურნალისტი ხარ და მიდიხარ იქ, სადაც შეიძლება მსგავსი ექსცესი მოხდეს, თუ გეშინია, ნუ წახვალ, ხოლო თუ მაინც წახვალ და ერთი-ორი ტყვია მოგხვდება, საკუთარ თავს შენ გვერდით მდგარი რიგითი მოქალაქისგან ნუ გამოყოფ.

P.S. ეს პოსტი მარი კოლინს ეხება და რადგან რეზინის ტყვიების მეტი, ვერაფერი დაინახეთ, ფაქტი საინტერესო რაღაცაზე მეტყველებს, რაც შემდგომში, ინდიკატორად გამომადგება.

მადლობა გამოხმაურებებისათვის.

Anonymous said...

იგივე ანონიმი.
ნუ ბრაზდებით, სხვა დანარჩენი ბრწყინვალე იყო.
და რაც კატიემ თქვა ზუსტად ის ვიგულისხმე. რეზინის ტყვიებზე კი სწორედაც რომ უნდა იყვირო და გააბუქო კიდეც, თან ისე რომ ვისაც არ მოხვედრია იმათაც კი ეტკინოთ.

vasasi said...

არ ვბრაზდები.

მე ვფიქრობ, გმირობა და ისტერიკები ერთმანეთთან შესაბამისობაში არ მოდის.

რაც შეეხება გაბუქებას, ეგ ჩემგან შორს დგას და სხვებს დავუთმობ ასპარეზს. :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger