Friday, March 2, 2012

სოცმედიამუშაკები და ნიკა გილაური

- როგორ ხარ? მე მგონია, რომ იმ შეხვედრაზე არ უნდა წახვიდე, - მწერს ჩემი ერთი მეგობარი ჩატში.
თავიდან აზრზე ვერ მოვდივარ, მერე მახსენდება.

გილაურთან შეხვედრის იდეამ ოფიციალური გარემოთი და კითხვა-პასუხის რეჟიმით დამაბა. კითხვები კი ნამდვილად მაწუხებდა (ისევე, როგორც გოგა ხაჩიძესთან მაწუხებს) და, დამატებითი ინფორმაციის მიღების სურვილით, მრგვალ მაგიდასთან აღმოვჩნდი.

შეხვედრა იყო საინტერესო იმდენად, რამდენადაც, დაისვა აქტუალური კითხვები კანონპროექტზე ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, საქართველოში დაბრუნებულ ადამიანებზე, მათ შორის, ე.წ. თურქ მესხებზე, შშმპ-ებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის ქონაზე/არქონაზე, ახალ ჰესებზე, კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობაზე, მარიხუანას ლეგალიზაციაზე, მედიაზე ნაგავს+დენსა და კიდევ რაღაცებზე.

ვერ ვიტყვი, რომ ამომწურავი პასუხები დაარიგა (იმაზე მეტი ვერ გავიგე, რასაც სხვები ლაპარაკობენ ამა თუ იმ თემაზე), მაგრამ, თავისთავად, კარგია ფაქტი, რომ ასეთი კითხვები დაისვა.

რამდენჯერმე მომეჩვენა, რომ პრემიერი ჩიხში შევიდა, განსაკუთრებით მაგარი მომენტი მაშინ იყო, როცა თქვა, მედია საქართველოში თავისუფალიაო და კოლექტიურად გადავიხარხარეთ.

მინდა ვთქვა, რომ აქ არ იყო არაფერი განსაკუთრებული. იყო ერთი ჩვეულებრივი შეხვედრა. და კიდევ ის, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ცუდი არ არის.

ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი მინისტრისა და ბლოგერების შეხვედრის გამო, საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი, რომელსაც, გარკვეულწილად, ვეთანხმები. თუმცა პრემიერთან ვიზიტი აბსოლუტურად სხვა ასპექტია და ვიტყვი რატომაც:

საქმე შეხვედრაში კი არა, შეხვედრის ფორმაშია. დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი გოგა ხაჩიძეს (მიუხედავად იმისა, რომ კონტაქტურია და, სამინისტროებს შორის,საუკეთესო პრესსამსახური ჰყავს, ვერ ვიტყვი, რომ კითხვების ნაკლებობა შემაწუხებდა), მაგრამ არა სადღაც პიკნიკზე, არამედ, სამინისტროში, ოფიციალურ გარემოში. იმიტომ, რომ პიკნიკებს და შოკოლადების დარიგებას სხვა განზომილება შემოაქვს და, პირადად მე, მინდა, ამ განზომილებისგან თავი მაქსიმალურად შორს დავიჭირო.

საბოლოო ჯამში, შეხვედრით კმაყოფილი ვარ. აქ არ იყო არაფერი ზედმეტი, არ იყო გამაღიზიანებელი ფამილარობა (რაზეც, ზოგადად, ვჭედავ). ალბათ, ასეთი ტიპის ფორმატით, სხვა მინისტრებთან შეხვედრებზე უარს არ ვიტყოდი.

P.S. შეხვედრაზე ნიკა გილაურმა ერთი საინტერესო ფრაზა თქვა, რომელიც, რატომღაც, ზედმიწევნით დამამახსოვრდა:

"სახელმწიფომ კარგად იცის გადასახადების ამოღება. ეს არის ჩვენი ბიზნესი".

15 comments:

fiqro said...

მე ვარ გამოუსწორებელი ოპტიმისტი თუ მეჩვენება რომ რაღაც ძვრები ხდება? სოცმედიაში, საზოგადოებაში და ჟურნალისტიკაში? ძალაინ პაწაწუნა, მაგრამ მაინც.

Katiée.Ge said...

ბლოგოსფერო თუ ხარხარებს
ე.ი. ბლოგოსფერო თავისუფალია
ნუ, მეტნაკლებად მაინც :))

Katiée.Ge said...

ფიქრო,
გეჩვენება :)

vasasi said...

ძვრები არა ისა, ფიქრო.. :D

ნან said...

ეს შეხვედრები მთავრობის ინიციატივაა არა? რატომ გხვდებითო, რას ამბობენ? :)

vasasi said...

აინტერესებთ - ესაა არგუმენტი. :)

knuti said...

ვასასი, კითხვები ხაჩოძესთანაც იგივენაირად დაისვა. რატომ ანიჭებ ასეთ დიდ მნიშვნელობას თბილისში დაისმებოდა თუ ბორჯომ–ხარაგაულის ტყე–პარკში? (რომელიც იდეაში უფრო შეეფერებოდა გარემოს დაცვაზე სასაუბროდ, ვიდრე თბილისი, კანცელარია) :) ასეთად არ გიცნობ.

vasasi said...

ამის შესახებ მე უკვე ვთქვი პოსტში, კნუტ.

fiqro said...

ჩამოვყარე ყურები :( და მაინც ადექვატური გამოხმაურებები რომ მხვდება, მიხარია ხოლმე. აი, როგორც ეს პოსტი.

Kato said...

მეტი კონკრეტიკა რომ იყოს პოსტში კარგი იქნებოდა ;) და თითონ არაფერი გკითხათ? ;)

geoaria said...

:(

vasasi said...

Kato: მეტ კონკრეტიკაში რა იგულისხმება? სიტყვა-სიტყვით არ მახსოვს. ეს იყო სულ, საინტერესო არაფერი.

გვკითხა, ბლოგერი პროფესიაა თუ არაო.

სიყვარულოვნა said...

ბოლო ფრაზა : )

fiqro said...

გილაურთან შეხვედრა წინგადადგმული ნაბიჯია ბლოგერებისათვის, ყველა პოსტს გავეცანი და კარგად ილაპარაკა და ამომწურავი პასუხი მივიღე მხოლოდ ერთგან შემხვდა, მატროსოვივით არავინ გადაფარებია ხაჩიძისაგან განსხვავებით. თანდათან ვიხვეწებით :დ უფრო სწორად, იხვეწებიან, მე მოვლენებს ვაკვირდები, როგორც ყოველთვის. ასე თუ ისე სოცმედია მუშაობს და ჩნდება პოლიტიკური კრიტიკა და ირონია, რაც დადებითია ჩემის აზრით, თორემ გილაურზე სულ ის მახსენდება ახალზელანდიაში ტაკუნებიანი კაცის ცეკვას რომ შეუყურებდა :))

სოფი שרה Golden said...

ამიტომ ჰყვავის ბიზნესი საქართველოში.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger