Wednesday, March 7, 2012

ჩემი საყვარელი გერმანელი

ჩვენი გზები პირველად მაშინ გადაიკვეთა, როცა ყველაფერს ვკითხულობდი. ყველაფერს, განურჩევლად სათაურისა და ავტორისა. ხშირად, ამ უკანასკნელთა შესახებ, ინფორმაცია საერთოდ არ მქონდა. ასე აღმოვაჩინე აკუტაგავა, მანი, ზოლა, ოე, ბიჩერ სტოუ, დრაიზერი...
ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს (ზფხული იყო), გაქუცული წიგნი გადავშალე. გადავშალე და დავიწყე.
წიგნს "და არ უთქვამს არც ერთი სიტყვა" ერქვა და პირველი ორი თავის წაკითხვისთანავე გადამიყვანა ჭკუიდან. რა დასამალია და, ჰაინრიხ ბიოლთან პირველად შევხვდი წერის სტილს, რომელსაც მოგვიანებით რამდენჯერმე წავაწყდი, რომელსაც არ ვიცი, რა ჰქვია და სადაც ორი მთავარი გმირი, ამბავს მორიგეობით, პირველ პირში ჰყვება.

აღნიშნული წიგნი ომის შემდგომ გერმანიას ასახავს და რადგან ბიოლი  კიოლნიდან გახლავთ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მისი აღმატებულება ჰიტლერის კომპლექსი და ისიც, რომ ეს კომპლექსი ჩემს საყვარელ მწერალსაც სტანჯავდა.

წიგნში, აღნიშნული რომანის გარდა, რამდენიმე მოთხრობაც იყო. მისი დასრულებისთანავე მივხვდი, რომ ჰაინრიხ ბიოლმა, ჩემი უსაყვარლესი მწერლების მცირეოდენ ნუსხაში, ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია დაიკავა (მაშინ ორჰან ფამუქის შესახებ არაფერი ვიცოდი).

მერე, ისევე, როგორც ემილ ზოლას შემთხვევაში, მისი წიგნების ქექვა დავიწყე და "უკაცო სახლსაც" მივაგენი...

მიყვარს მწერლები, რომელთა შემოქმედებაც ზუსტად აკმაყოფილებს ჰემინგუეის არაჩვეულებრივ განმარტებას ლიტერატურაზე: "ნამდვილი ლიტერატურა აისბერგს ჰგავს, ზედაპირზე მხოლოდ მისი ერთი მესამედი ჩანსო". რაც კი წამიკითხავს, შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ამ განსაზღვრებასთან ყველაზე ახლოს, ჰაინრიხ ბიოლი დგას. მის, ერთი შეხედვით, უპრეტენზიო რომანებში, ძალიან დიდი სიღრმე ჩანს.

"კლოუნის თვალთახედვით" ბიოლის ერთადერთი რომანია, რომელიც ასე, ორი წლის წინ მაქვს დაწყებული და დასაწყისშივე მიტოვებული. უდროობის გამო, საჯაროში შერბენას ვერ ვახერხებდი და მივატოვე, თუმცა მოხარული ვარ, რომ 50 წიგნის ფარგლებში, სწორედ ეს წიგნი გამოვიდა და ახლა ჩემი საკუთრებაა. მოვრჩები თუ არა ორჰან ფამუქის "თოვლს" (თაყვანისცემის სამთვიანი რიტუალი დავასრულე), მაშინვე ვებრდღვნები. :)

P.S. სულ ვფიქრობდი, რომ როცა ჩემი საყვარელი მწერალი გამოვიდოდა, ყველაფერს ჩავდებდი პოსტში, მაგრამ ახლა, წერისას მივხვდი, რომ ვერ შევძლებ. მე იმდენად ეგოისტი ვარ, რომ მწერლებისადმი სიყვარულიც კი მინდა, ჩემთან დავიტოვო და არავის გავუზიარო. თუმცა, ვინ იცის, იქნებ, გაბანალურების შიშით, გრძნობების გადმოცემის უნარი არ მაქვს?!




5 comments:

პერწკლი said...

აუ <3 მე უკაცო სახლი მიყვარს...

Kato said...

მე მხოლოდ "უკაცო სახლი" მაქვს წაკითხული, მომეწონა ძალიან <3
და რამდენიმე დღეში ამას ჩავუჯდები. მერე იმას, შენ, რომ ჭკუიდან გადაგიყვანა. :)

kejeradze said...

"უკაცო სახლი" ჩემი ფავორიტია ბიოლის შემოქმედებიდან (რასაც ვიცნობ). "ჩემი ნაღვლიანი სახეც" მომეწონა და უკვე რამდენიმე წუთია "კლოუნის თვალთახედვაზეც" შემიძლია იგივე ვთქვა :)

Anonymous said...

ძალიან მომეწონა კლოუნის თვალთახედვა. მომეწონა კი არა, შემიყვარდა ბიოლი. ახლა მინდა უკაცო სახლი წავიკითხო, ბიოლის სხვა არაფერი მაქვს წაკითხული, მაგრამ მასტოპებს იმის შიში, რომ კლოუნიავით ძალიან არ მომეწონოს :შ შეიძლება უცნაური არგუმენტია, მაგრამ მაინც :)

vasasi said...

"უკაცო სახლი", ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერი ნაწარმოებია ბიოლისა. მაგას კიდევ "და არ უთქვამს არც ერთი სიტყვა" მიაყოლე და ფანი გახდები. :))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger